“ოპოზიციის ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან” – ქარდაგიშვილი

23
spot_img

ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია“ საქართველოსთვის“ წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობი განცხადებებიც.

„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მისი პატიმრობის მდგომარეობას წყვეტს შესაბამისი უწყება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული. რაც შეეხება მათი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან. ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, უფრო ამას ემსახურება. პოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, ეს არის მათი მიზანი.

ყველა ფიქრობს, რომ ამომრჩევლის რომელიმე სეგმენტზე „დაჯდეს“. აქამდე, სამწუხაროდ, ოპოზიციის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის გამზიარებელი. ეს სპეკულაცია მათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაატარეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური დღის წესრიგი დაენერგათ და რევოლუცია მოეხდინათ. დღეს დაინახეს, რომ ეს ყველაფერი თავიანთი რუსული ლოზუნგებით, უკვე წყალში გადაყრილი დრო აღმოჩნდა, ამიტომ არჩევნების წინ ახლა ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ რადიკალურად არიან გამიჯნულები „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საზოგადოების რაღაც სეგმენტს მოაწონონ თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ბევრისგან ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობ განცხადებებს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.