Home Blog Page 1861

“სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებას ვერ ვხედავ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

სააკაშვილი უკვე ციხეშია და საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მისი გადაყვანა მოხდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი „ნაც-ქოცურ“ კოორდინატებში.

„მიხეილ სააკაშვილი ყველა ვარიანტში ციხეში ზის. ის, რომ ეს ტექნიკურად ორი ოთახისგან შედგება და არა ერთისგან, სიტუაციას საერთოდ არ ცვლის. რაც მთავარია, ამის გამო არავინ წუხს და პრობლემა არ არის, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“. ხელისუფლებისთვის თუ არ არის პრობლემა, გახარიას რატომ დააინტერესა? – ეს არის ჩვეულებრივი პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი „ნაც-ქოცურ“ კოორდინატებში, რომ ახლა ცოტა „ნაცებისკენ“ გადავიხარე და მოდით, „ქოცებისკენ“ გადმოვიდეთო. ასეთი რამ ყველა პარტიას სჭირს, როცა არ აქვს მკაფიო პოზიცია გარკვეულ საკითხებზე. მათი მესმის, მაგრამ ჩვენ მოგვბაძონ და პოზიცია ჩამოაყალიბონ, მაშინ არ შეეშინდებათ არც „ნაცებთან“ და არც „ქოცებთან“ დაახლოების“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში” – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძე ვარაუდობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყება.

„მე ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, არ იქნება 2024 წელს, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, მით უმეტეს გვეკუთვნის 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას და ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესი, მაგრამ ეს პროცესები მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და იგივე დაპირება შეგვიძლია, გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება, ეს არის ცალკე საკითხი, მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს. არაფერი შეცვლილა პრაქტიკაში. გაწევრიანებას რაც შეეხება, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, DCFTA-ს გაფორმების, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში, დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. რატომ? ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, მით უმეტეს, ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად წინ ყველა თვალსაზრისით – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის. ყველა მიმართულებით ვართ ბევრად წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ასეთ პირობებში, მართალია, მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მათზე ბევრად ადრე შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა კობახიძემ.

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

„31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.

აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის,რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ,მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით,სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

„მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს” – უცხოური პრესა

აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის – „ქუინსის ინსტიტუტის“ ჟურნალ „რესპონსიბლ სთეითქრაფთში“ (Responsible Statecraft) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს“ (ავტორები – ანატოლ ლივენი და ალექს ლიტლი). „ფინეთს დამოუკიდებლობა რომ შეენარჩუნებინა, ტერიტორიის მსხვერპლად შეწირვა მოუწია, სამაგიეროდ, სტალინთან ომის შემდეგ ქვეყანა აყვავდა და სიამაყე დაიბრუნა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რამდენადაც უკრაინის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობა და დახმარება თანდათან სუსტდება, ხოლო ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო, კიევს შედარებით ნაკლებს ყურადღებას უთმობს, უკრაინას უკიდურესად ჭირდება „კვანძის გახსნა“ შექმნილ სიტუაციაში. გაისმის ხმები, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები თითქოსდა უკრაინელ კოლეგებთან ბჭობენ – გადადგან თუ არა ნაბიჯი რუსეთთან სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

იბადება კითხვა: როგორი იქნება (უნდა იყოს) კიევსა და მოსკოვს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება? მრავალი ისტორიული მაგალითიდან თვალშისაცემია ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოდელად იქცეს.

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი, რომელსაც ფინეთში „ზამთრის ომს“ უწოდებენ, 1939 წლის ნოემბრიდან 1940 წლის მარტამდე მიმდინარეობდა (მეორე მსოფლიო ომის ჩარჩოებში განახლდა 1941 წლის ივნისში, დასრულდა 1944 წლის სექტემბერში). თუ „ზამთრის ომის“ დაწყება-დასრულების პროცესს დაკვირვებით გავეცნობით და მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შევადარებთ, მიმართებით გარკვეულ პარალელებს შევამჩნევთ.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა კრემლის ულტიმატუმი უარყო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის მოთხოვნით, ხოლო მოსკოვმა 1939 წელს ხელი მოაწერა მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს, იოსებ სტალინის ჯარები ფინეთში შეიჭრნენ, კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და მარიონეტული პროსაბჭოურ-[პრორუსული] მთავრობის შექმნის მიზნით და იმავდროულად, ლენინგრადისადმი საფრთხის აცილებისთვისაც, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის მეორე მნიშვნელოვან ქალაქს და ბალტიის ზღვაზე ერთადერთ საბჭოთა ნავსადგურს წარმოადგენდა.

ისევე როგორც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე, 1939 წელსაც რუსი საბჭოთა გენერლები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჰელსინკი საბჭოთა ჯარების ზეწოლით სამ დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ჯარი ფინეთის ჯარს რაოდენობის მხრივ სამჯერ ჭარბობდა, ფინეთმა მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს და მიაღწია იმას, რომ კრემლის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა.

რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, ფინეთი, სამხედრო თვალსაზრისით, დამარცხდა და იძულებული გახდა მოსკოვისათვის თავისი ტერიტორიის 11% დაეთმო, მაგრამ, მეორე მხრივ, ფინელებმა მაინც მოიპოვეს მორალური გამარჯვება. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ სწორედ ფინელთა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ ფინეთის მიერთება ან მარიონეტულ სახელმწიფოდ გადაქცევა მოსკოვს უფრო მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ამიტომაც 1944 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, ფინეთმა მტაცებელ მეზობელს პატარა მიწის ნაჭერი კიდევ „გადაუგდო“ და თავი ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა. ამრიგად, ფინეთმა როგორც რუსეთის იმპერიის ყოფილმა ნაწილმა, თავიდან აიცილა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნება, ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰელსინკი თანმიმდევრულად ატარებდა ე.წ. „პაასიკივი-კეკონენის დოქტრინას“, რომელიც ემსახურებოდა დამოუკიდებელი ფინეთის არსებობას ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებით. იმავდროულად ფინური ნაციონალიზმი ქვეყნის შიგნით არ გამქრალა და მნიშვნელოვან იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირი ფინეთთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს იცავდა, ღრმავდებოდა ეკონომიკური ურთიერთობა, ვაჭრობა, რაც ხელს უწყობდა ცივი ომის პერიოდში ფინეთის ეკონომიკის აყვავებასა და დასავლური დემოკრატიის წარმატებით განვითარებას. „ცივი ომის’ დასრულების შემდეგ, 1995 წელს, ფინეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ახლახან კი ნატოშიც.

მართალია, ცივი ომის დროინდელ დასავლელ გეოპოლიტიკოსებს შორის ტერმინი „ფინეთიზაცია“ ნეგატიურად აღიქმებოდა (კომპრომისისა და „სიმშვიდის“ სინონიმად), საბოლოო ჯამში ასეთმა პოლიტიკამ დიპლომატიური ტრიუმფის სახე მიიღო. ფინეთში უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო დემოკრატიის დონე – 100% (შედარება: „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, აშშ-ში დემოკრატიის დონე მხოლოდ 83%-ს შეადგენს). ფინელები მრავალი წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად ითვლებიან.

პირდაპირ ვთქვათ: კიევს შეუძლია მიბაძოს ჰელსინკს და ფინეთის მაგალითით ისარგებლოს. დიახ, ტერიტორიის დათმობა, თუნდაც ძალიან მტკივნეული, მაინც ღირს ისეთი მომავლის უზრუნველსაყოფად, როცა ქვეყნის უდიდესი, ძირითადი ნაწილი ეკონომიკურად აყვავდება და პოლიტიკურად განვითარდება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინული ნაციონალიზმი შენარჩუნდება და უკრაინელთა შემართება დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, იოსებ სტალინის მსგავსად, რომ კრემლის მიზნების რეალიზება ილუზიურია, უკრაინა არასოდეს არ გახდება რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. ეს იქნება უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვება – არამარტო რუსეთის დღევანდელ მიზნებზე, არამედ მთლიანად, ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში, როცა კიევზე მოსკოვი ბატონობდა.

როგორი მდგომარეობაა დღეს?

ერთი მხრივ, უკრაინის მთავრობა მტკიცედ არის ერთგული თავისი მაქსიმალისტური მიზნებისადმი: კიევს სურს, რომ მთლიანად დაიბრუნოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია 1991 წლის საზღვრებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. მაგრამ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალური სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ კიევის გეგმების განხორციელება ძალიან საეჭვოა. შესაბამისად, ყველაზე უკეთესი, რისი იმედიც უკრაინას უნდა ჰქონდეს, ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობის დროს, ეს არის კონფლიქტის გაყინვა.

მეორე მხრივ, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება იმ პირობებში, როცა რუსეთს დიდი უპირატესობა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მხრივ, როცა დასავლური სანქციები კრემლის მიმართ ნაკლებეფექტურია, უკრაინას წინ კიდევ უფრო მეტი მტკივნეული დანაკარგები და ნგრევა ელოდება. კიევმა უნდა გაითვალისწინოს: ფინეთს რომ დროულად არ შეეჩერებინა მოსკოვთან ომი, დღევანდელ წარმატებულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ საკითხში ვაშინგტონს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია – ამერიკამ არ უნდა წააქეზოს და ხელი არ უნდა შეუწყოს ისეთი არარეალური სამხედრო მიზნების განხორციელებას, რომლებიც, დიდი ალბათობით, უკრაინას კატასტროფამდე მიიყვანს.

უკრაინამ, ბევრი თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია: ვლადიმერ პუტინს აღარ აქვს იმის იმედი, რომ უკრაინას მთლიანად დაიმორჩილებს და ვასალურ ქვეყნად გადააქცევს. კიევი სწრაფად ინტეგრირდება დასავლეთთან. კრემლის პოლიტიკის გამოისობით, უკრაინული ნაციონალიზმი კი არ სუსტდება (რაც მოსკოვს უნდოდა), არამედ უფრო ძლიერდება.

ისევე როგორც ფინეთის შემთხვევაში, ეროვნული ერთიანობა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ყველაზე მტკიცე და საიმედო ფაქტორს წარმოადგენს.

წყარო

“მგონია, სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა”

სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სუპერ პაკ-ს რაც შეეხება, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოსულია 20 პროცენტს ქვემოთ, სადღაც 15% არიან. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი. ხაბე, კეზერას, სააკაშვილის სუპერ პაკ-ი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაზე, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

„მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს” – ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ძალაუფლება დაიბრუნონ არჩევნებით ან ქუჩით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

„დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ზოგადად, ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იმავე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მათ სხვა გზა, სხვა არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. როგორც წინა შემთხვევაში, ვერცერთხელ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ მომავალშიც. არავითარი რესურსი არ აქვთ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და რევოლუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, მექანიზმი არსებობს, მუშაობს და უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება”

ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არის ძალიან აქტიური, თანამშრომლობაზე, კონსულტაციებზე, მონიტორინგზე ორიენტირებული. ის აქტიურად შეუდგა საქმიანობას, რასაც ანგარიშიც ადასტურებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში.

„საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში, ასევე შიდა კვლევებშიც ჩანს, რომ საზოგადოება ხედავს ამ ძალისხმევას. კორუფციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, არავის შეუძლია, თქვას, რომ ეს ბრძოლა დასრულდა. ამას სჭირდება მუდმივი ძალისხმევა. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული მიმართულებით აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა სამსახურს პარლამენტის მხრიდან ძლიერი საკანონმდებლო მხარდაჭერა აქვს. მინდა, ჩვენს კოლეგებს წარმატებები ვუსურვო. ეს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების აღქმებს, არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას, საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკურ ზრდასაც უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან მედიის წარმომადგენელმა თალაკვაძეს მიმართა, „ვენეციის კომისიას ბევრი კითხვა აქვს. ამბობენ, რომ საკმარისი არ არის, რა ფორმითაც არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, უნდა აირჩეს მრავალპარტიულად. კითხვის ნიშნები აქვთ იმაზე, რომ პრემიერი ნიშნავს მის ხელმძღვანელს და ბერკეტი აქვს, გაათავისუფლოს მისი ხელმძღავანელი“, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია, მზად ხართ თუ არა, ამ მიმართულებით გაატაროთ რეფორმები, რაზეც თალაკვაძემ აღნიშნა:

„უტრირებულია ასეთი ინტერპრეტაცია, რომ მრავალი კითხვა არის. არ არის მრავალი კითხვა, არის ერთი რეკომენდაცია, რომელიც ხელმძღვანელის დანიშვნას უკავშირდება. ამ კუთხით საქართველოს აქვს იგივე პრაქტიკა, რაც აპრობირებულია ევროკავშირის მასშტაბით. არის სხვადასხვა მოდელი, მაგრამ დღევანდელ ანგარიშშიც გამოჩნდა, რისი გაკეთება შეუძლია და რას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ეს არის ამ სამსახურის საქმიანი პასუხი კრიტიკაზე თუ რეკომენდაციებზე. რა თქმა უნდა, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს, რომელია უკეთესი მოდელი, მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, როგორმე ხელისუფლებაზე მიიღონ ბერკეტები დაუმსახურებლად, დაბლოკონ პროცესი და ამით ხელი შეუშალონ ხელისუფლებას საქმიანობაში. ეს გამოჩნდა არჩევნების დროსაც, ეს გამოჩნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში, ევრორეკომენდაციების შესრულებაში, როცა კანდიდატის სტატუსს ბლოკავდნენ. ახლაც იგივე მიდგომა აქვთ საქმესთან. არჩევნებს როდესაც აგებენ, უნდათ, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის გავლით როგორმე მოიპოვონ გავლენები ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, ოპოზიცია თანამშრომლობაზე რომ ყოფილიყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, არც ეს რეკომენდაცია იქნებოდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ შერჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე, საქმიანობა არის გამჭვირვალე და დღევანდელმა ანგარიშმა ეს დაადასტურა. ჩვენ უკვე შევქმენით ეს სამსახური, მექანიზმი არსებობს, ის მუშაობს, ასე რომ, უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა კობახიძემ.

“პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და რუსეთი ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩემი სიმპტომების 80% არსად წასულა, თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხმაურება და გიორგი გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს „ადამიანურობისგან დაცლილს“ უწოდებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი სიმპტომების „80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამ მოთხოვნის სურვილია მას კომუნიკაციის შესაძლებლობა წაერთვას, თუმცა რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე ატაროს, სადაც „კიდევ უფრო თავისუფლად შეძლებს საუბარს“.

„გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო“ სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.

ამ „—–„ (დაარქვით რაც გსურთ), მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.

მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება). შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ.

რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი“, – წერს სააკაშვილი.

პაატა მანჯგალაძე – „ხალხის ძალას“ სტატუსის მიღების პროცესში არანაირი როლი არ აქვს”

„ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, იბრალებს, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა“.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„უპირველეს ყოვლისა, არანაირი „ხალხის ძალა“ არ არსებობს, ხალხის ძალას ჩვენ ვხედავთ აქ, როდესაც რაიონებში ვხვდებით ადამიანებს და მათ ზუსტად იციან, რომ კანდიდატის სტატუსთან არანაირ კავშირში არ არის „ქართული ოცნება“. კანდიდატის სტატუსი მიიღო ამ ხალხმა, ვისაც ჩვენ ვხვდებით და ვნახავთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევასრულებთ 9 პირობას და ზუსტად 3-4 თვეში საქართველო დაიწყებს დაჩქარებული წესით მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, იბრალებს, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი. ცნობილი პრინციპია, რომ რის წინააღმდეგაც იბრძვი, ის უნდა დაგაბრალონ.

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ევროპაში ინტეგრაციას ხელს უშლის, ხოლო ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ საქართველომ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირითა და ევროპით მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირის გარეშე მშვიდობა არ არსებობს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.