“პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი” – იენს სტოლტენბერგი

23
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და რუსეთი ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.