Home Blog Page 1858

ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 10- მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე მერიის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, მათ შორის სიტუაციას ეცნობა მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი.

ქარმა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა. სამაშველო ჯგუფები სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ.

გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გომბორის უღელტეხილი ნაწილობრივ ჩაიკეტა

უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.

კახეთის საგზაო სამმართველოში განმარტავენ, რომ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, ამიტომ ავტომობილებით გადაადგილების დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

უღელტეხილზე გართულებულია ხილვადობაც, თუმცა ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

შუამთის მონაკვეთთან საპატრულო პოლიციაა მორიგეობს და ავტომობილების გადაადგილებას აკონტროლებს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ – მედია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა ბეთლემის ქრისტიანული თემის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ისრალისა და „ჰამასის“ ომის გამო, ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა, 24 დეკემბრის ღამეს შობას არ აღნიშნავენ.

როგორც ბეთლემში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი აცხადებს, ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

მათივე ცნობით, ბეთლემში არ გაიმართება ნაძვის ხის განათების ცერემონიალიც.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ტურისტების შემცირებული რაოდენობა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქალაქის ეკონომიკას. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ბეთლემი 1,5 მილიონმა ტურისტმა დაათვალიერა. თუმცა, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ტურისტები ბეთლემში თითქმის აღარ ჩადიან. ყოველდღიურად ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი ბეთლემში 1,5 მილიონი დოლარს შეადგენდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ დნიპროს თავზე რუსების რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში სამი რუსული ბომბდამშენის, „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.

როგორც კიევში აცხადებენ, სამხედროებმა თვითმფრინავები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩამოაგდეს.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსული ბომბდამშენები ხერსონის ოლქში გაანადგურეს. მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს.

მოსკოვში „სუ-34“-ების ჩამოგდების შესახებ უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდოდ თვითმფრინავები სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტით“ ჩამოაგდეს.

ქარის გამო ბაქო-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავი თბილისში ვერ დაფრინდა

ძლიერი ქარის გამო თბილისში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაფრინდა, რომელიც ბაქოდან მოფრინავდა. ინფორმაციას Flightradar24 ავრცელებს.

თვითმფრინავი ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტიდან 15.53-ზე აფრინდა და თბილისში 16.50 -ზე უნდა დაფრენილიყო, მაგრამ უამინდობის გამო საქართველოს საჰაერო სივრციდან ისევ აზერბაიჯანში დაბრუნდა.

თბილისი აეროპორტში ასევე ვერ დაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან მოფრინავდა.

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში კიდევ რამდენიმე რეისი გადაიდო.

უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ასევე ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებშიც.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისთვის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის წინაშე, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თანამშრომლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დაჯილდოების ცერემონიაზე შალვა პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა.

„2024 წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. წელს, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი იყო ქვეყნის განვითარების ეპიცენტრში. ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა, რაც გულისხმობს ყოველი თქვენგანის დატვირთვას. 65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600- ზე მეტი კანონი მივიღეთ, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. სხვადასხვა კომიტეტმა 400-ზე მეტი სხდომა ჩაატარა, 17 000-ზე მეტი წერილი შემოვიდა პარლამენტში და ამ ყველა რიცხვის უკან დგახართ თითოეული თქვენგანი, პარლამენტის თანამშრომლები, ვინც უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას, ყველა მისი განზომილებით. საბოლოო ჯამში, ეს ყველა საქმე გვირგვინდება იმ წარმატებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე აღწევს. თქვენი დამსახურებაა, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იმუშაოს, ტექნიკურიდან შინაარსობრივი საკითხების ჩათვლით. იყოს იმდენად აწყობილი, რომ შესაბამისი ხარისხის შედეგები დადოს და აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დონალდ ტრამპს ემუქრება “დომინოს ეფექტი”-ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ეჭვ ქვეშ დგება. კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა რომ ამ შტატში დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. სასამართლომ გამოიყენა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც კრძალავს, ვინც დაიფიცა კონსტიტუციის დაცვა, მაგრამ მონაწილეობდა აჯანყებაში, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა აიძულა ხალხი კაპიტოლიუმის შტურმისკენ 2021 წლის 6 იანვარს.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის ადვოკატები აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუმცა, დადგენილია სამართლებრივი პრეცედენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვა შტატების სასამართლოების მიერ.

The New York Times-ის ცნობით, სარჩელი დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ 16 შტატშია შეტანილი. მათ შორისაა ალასკა, არიზონა, ვისკონსინი, მიჩიგანი, ნიუ-იორკი, ტეხასი, ნევადა, ნიუ ჯერსი, ორეგონი, ნიუ-მექსიკო, სამხრეთ კაროლინა, ვერმონტი, ვირჯინია, ვაიომინგი და სხვა.

შეერთებულ შტატებში ირიბი საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შტატი იწვევს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც კენჭს აძლევს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. ყველა შტატის საარჩევნო ხმები იჯამება და ყველაზე მეტი ხმების მქონე კანდიდატი ხდება საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული. სხვადასხვა შტატს ჰყავს ამომრჩეველთა განსხვავებული რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანია დიდ შტატებში საარჩევნო კოლეგიის ხმების მოპოვება.

ამ თვალსაზრისით, კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შტატი ხმას აძლევს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს და აქვს მხოლოდ 9 საარჩევნო კოლეგიის ხმა. ტრამპი მაინც ვერ მიიღებდა ამ ხმებს, თუნდაც არ ყოფილიყო კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ იმ შტატებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ კოლორადოს მაგალითს მიბაძონ, არის ისეთი დიდი შტატები, როგორიცაა, მაგალითად, ნიუ-იორკი. ეს უკვე 29 საარჩევნო კოლეგიის ხმაა.

ვინაიდან აშშ-ს აქვს პრეცედენტული სამართლის სისტემა, შესაძლებელია კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს “დომინოს ეფექტი” – სხვა შტატების სასამართლოებმა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს სცენარი უარყოფითად აისახება რესპუბლიკური პარტიის იმიჯზე. სიტუაცია ასე გამოიყურება: რიგ შტატებში პარტიას არ შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან მან მონაწილეობა მიიღო გადატრიალების მცდელობაში.

ტრამპის შტაბი ცდილობს გამოიყენოს არსებული ვითარება, რათა ყველაფერი „პოლიტიკურ დევნად“ წარმოაჩინოს. თუმცა, შეერთებულ შტატებში ძალაუფლების დანაწილების პრინციპი მოქმედებს. შეუძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკურ დევნაში დადანაშაულება. გადაწყვეტილება კოლორადოს შტატის სასამართლომ მიიღო. ამიტომ, ტრამპმა უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში იურიდიულად და არ დააბრალოს ყველაფერი თავის მთავარ კონკურენტს არჩევნებში.

გარდა ამისა, ამერიკელები ხმას აძლევენ ძლიერებს, გამარჯვებულებს. დამარცხებული, „ლუზერი“ ისეთ კონკურენტულ საზოგადოებაში, როგორიც ამერიკულია, არ სარგებლობს პატივისცემით. ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, მაგრამ თუ კიდევ რამდენიმე შტატის სასამართლო მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას, როგორიც კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო, მაშინ დონალდ ტრამპს „ლუზერად“ აღიქვამენ და ეს იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული.

ავთანდილ წულაძე -პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

 

საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მერთი და მოზელის დეპარტამენტის სამ კომუნაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ „დანაშაულებრივი ტერორისტული ჯგუფის შექმნა ერთი ან რამდენიმე დანაშაულის მომზადების მიზნით“, რაც მესამე პირთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა.

გამოძიებას ანტიტერორისტული პროკურატურა აწარმოებს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საახალწლოდ არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.

სააგენტო მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის შეძენის შემთხვევაში, რას უნდა მიაქციონ ყურადღება.

 

„საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსა

თზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.

ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე);

ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები“, – აცხადებენ სააგენტოში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში  გასართობი აქტივობები გაიმართა, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.  დღის ბოლოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.

გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა 2 ახალი საბაგირო და 3 სასრიალო ტრასა.

 

 

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით, 09:26 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან დაფიქსირდა.