ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ – მედია

37
spot_img

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ბეთლემში კათოლიკე მორწმუნეები შობას არ აღნიშნავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა ბეთლემის ქრისტიანული თემის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ისრალისა და „ჰამასის“ ომის გამო, ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა, 24 დეკემბრის ღამეს შობას არ აღნიშნავენ.

როგორც ბეთლემში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი აცხადებს, ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

მათივე ცნობით, ბეთლემში არ გაიმართება ნაძვის ხის განათების ცერემონიალიც.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ტურისტების შემცირებული რაოდენობა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქალაქის ეკონომიკას. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ბეთლემი 1,5 მილიონმა ტურისტმა დაათვალიერა. თუმცა, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ტურისტები ბეთლემში თითქმის აღარ ჩადიან. ყოველდღიურად ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი ბეთლემში 1,5 მილიონი დოლარს შეადგენდა.