Home Blog Page 1857

“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდ „ქართუს” მიერ აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი აბასთუმანში  ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.

კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვინც ამ საკურორტო ქალაქში ინვესტიცია განახორციელა.

„შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების  გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! – ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება – რა ვიდეოსიუჟეტი გავიდა „როსსია-1“-ის ეთერში საქართველოს შესახებ

რუსეთის ფედერალური ტელეკომპანიის „როსსია-1“-ის (Россия-1) პროგრამა „ვესტი ნედელით“ (Вести недели) ეთერში გადაიცა 9-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ ყველაზე საყვარელი და სასურველი, მთავარი სტუმარი – რუსი ტურისტი, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ გაჩნდა არამარტო ფულის გამომუშავების, არამედ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ყველაზე პოზიტიური კი ისაა, რომ უკვე სამთავრობო დონეზე იხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტები – თბილისში, ბათუმში და ქუთაისში“. რას გვთავაზობენ სტუმართმოყვარე ქართველები?, – ამბობს ვიდეოსიუჟეტის შესავალში „ვესტი ნედელის“ წამყვანი დიმიტრი კისელიოვი და სიტყვას გადასცემს ალექსანდრე ბუზალაძეს, „როსია-1“-ის ტელეკორესპონდენტს საქართველოში.

თავის მხრივ, ჟურნალისტი რუსეთის ტელემაყურებელს აცნობს ბათუმელი ავთანდილ სირაბიძის ოჯახის მიერ მოწეულ მარწყვის და რიგი სუბტროპიკული ხილის მოსავალს, ეზოში დარგულ ყვავილებს, ადგილობრივი კლიმატის წყალობით. „ავთანდილის ვაჟი იოსები ჩემს პატივსაცემად სუფრას შლის, სხვათა შორის, უკრაინულ ღორის ქონსაც (сало) ჭრის და უნებლიედ უკრაინაზეც ვლაპარაკობთ: „რა თქმა უნდა, რიგითი უკრაინელებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი – იმიტომ, რომ მათ საკუთარ ხალხს უღალატეს და ხორცსაკეპში გაგზავნეს“. გამოდის, რომ ამერიკელები რუსეთს უკრაინელების ხელით ეომებიან, ახლა ცდილობენ, რომ ომში მსგავსი სახით საქართველოც ჩაითრიონ“. საუბარი ასევე ეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტსაც, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განხილვიდან მოიხსნა: მასპინძლის თქმით, „უცხოელი აგენტები არა მარტო საქართველოს ანგრევენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას“.

ბათუმის რესტორნებში და პლაჟებზე რუს ტურისტებს მოუთმენლად ელოდებიან. ამავე დროს, თვითონ ქართველებსაც სურთ რუსეთში წასვლა და რუსული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რომელიც ახლა, უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგად, სრულიად შესაძლებელი გახდა – ეს აზრი დომინირებს ბათუმის ბულვარზე და პლაჟზე მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

ტელესიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებს. ის პირები, რომლებსაც კორესპონდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ესაუბრება, იწონებენ მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გაფართოებას და აკრიტიკებენ იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. „ყველა მოხარულია და მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაჯანსაღებას. „თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის ექნება“, – ამბობენ ბათუმელები.

„როსია-1“-ის კორესპონდენტი რეპორტაჟს თბილისიდან აგრძელებს და ესაუბრება გიორგი ქარდავას, რომლის თქმით, [პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით] ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარდამტეხი მომენტი მოხდა“. საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსი შოთა მარტინენკო კი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ანტირუსული მცდელობის მიუხედავად, ქართველებისა და რუსების მეგობრობა არ დაიკარგება. „ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ დასავლეთს, უკრაინის მსგავსად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვა სურს“, – ამბობს შოთა მარტინენკო და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში „უკრაინული მაიდანი“ მოაწყონ.
რეპორტაჟის დროს ალექსანდრე ბუზალაძე იმყოფება აგრეთვე „ქართული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ (Alt-Info) სტუდიაშიც, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კონსერვატიული ფასეულობების პოპულარიზებას ახორციელებს“. Alt-Info აჩვენებს ორსაათიან გადაცემას უკრაინის შესახებ: ეკრანზე ვხედავთ კიევის არმიის კონტრშეტევის შედეგებს – განადგურებულ გერმანულ ტანკებს, ცნობილ „ლეოპარდებს“.

„როსია-1“-ის ჟურნალისტი ესაუბრება თბილისელ მხატვარს, 75 წლის ხატმწერ ანატოლი რიაბოშენკოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს: „რუსეთი პურია, ქრისტეს სხეული, საქართველო კი – ღვინო, ქრისტეს სისხლი. ეს ყველაფერი მთლიანობაა, რომელთა დაშორება საშინელების მომტანია“, – ამბობს ანატოლი რიაბოშენკო, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხების ერთად ყოფნის მომხრეა და მათი დაშორება ვერ წარმოუდგენია. იგი მოლბერტზე ხატს წერს სახელწოდებით „მოულოდნელი სიხარული“, რომელზეც ღვთის მშობელი მარიამია გამოსახული და რომელიც, საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების კვალობაზე, ორივე ქვეყნის მფარველი იქნება.

წყარო

“მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ”

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილეება იქნება მიღებული.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ

86 წლის ასაკში სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერლუსკონი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 1994 წელს დაიკავა და მას შემდეგ 2011 წლამდე ოთხ მთავრობას ხელმძღვანელობდა.

“ევროპელი პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი”- ილია დარჩიაშვილი

გავაგრძელებთ ევროპულ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების  პოტენციალი.

„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება. ამას გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფერო და ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა – უცხოური პრესა

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“, რედაქციით ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთში რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება რეგიონში დემოკრატიისთვის ძალიან უარყოფითი მოვლენაა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ანალიტიკოსების აზრით, თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება. 69 წლის თურქი ლიდერი უკვე 20 წელია ხელისუფლებაშია, ხოლო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგი ხელისუფლებაში დარჩება სულ მცირე 2028 წლის მაისის ჩათვლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა რეჯეფ ერდოღანს მესამე ვადით არჩევა. კვირის დასაწყისში კი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
„ზოგადად, რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, თურქეთში ერდოღანის მორიგი გამარჯვება ძალიან უარყოფითი მოვლენაა“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მიჰყვება, ევროპული მემარჯვენე, ავტორიტარული, პოპულისტური რეჟიმების გზას და ქვეყანაში ცდილობს არჩევნებიანი, ავტორიტარული რეჟიმის აშენებას, შესაბამისად, მათი მხრიდან ერდოღანის მხარდაჭერა, რომელიც ასეთი რეჟიმების წინამორბედად და მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია.

ამ მხარდაჭერის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, სანქციების არიდება. ვფიქრობ, თურქეთის და საქართველოს ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება“ – აღნიშნა ბაკურაძემ.

ანალიტიკოსების აზრით, ანკარა ახლო მომავალში, პოზიციას არც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ შეიცვლის, ანუ ისევ გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას და საზღვაო მიმოსვლას, დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე.

„თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ღიად აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლობა და იგივე, 2009 წელს თუ გავიხსენებთ, თურქული გემის კაპიტნის საქმეს და თურქეთის რეაქციას, შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთის ხელისუფლება თვალს კი არ ხუჭავს, არამედ, პრინციპულად მხარს უჭერს ამ ტიპის ურთიერთობებს თურქეთსა და აფხაზეთს შორის გავიხსენოთ, რომ 2009 წელს, საქართველოს სანაპირო დაცვამ, ტრაბზონის პორტიდან ოკუპირებული სოხუმის პორტისკენ მიმავალი, 3000 ტონა საწვავით დატვირთული თურქული გემი დააკავა და გემის კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც თურქეთის მკაცრი დემარში და კაპიტნის გათავისუფლება მოჰყვა. მაგრამ, რაიმე სახის ოფიციალურ აღიარებაზე უახლოეს მომავალში საუბარი არ იქნება და ამას არაერთი მიზეზი აქვს, იგივე სატრანზიტო და ენერგო დერეფნებით დაწყებული და ქურთული საკითხით დამთავრებული . თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითიც გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისგან თავს არ იკავებს“ – ამბობს სანდრო ბაკურაძე.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების არნახული გააქტიურების ფონზეც კი, თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წლის მონაცემებით, თურქეთის წილი მთლიან იმპორტში, თითქმის – 18% იყო. თურქეთიდან 2 მილიარდ 370 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით, თითქმის, 30 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს, საქართველოდან თურქეთში 435 მლნ დოლარის ექსპორტი გავიდა, ზრდა 35%, თურქეთის წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 8% იყო.
მიმდინარე წელს 15 წელი სრულდება, რაც საქართველოს და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. 2007 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მილიარდ 907 მილიონით არის გაზრდილი, თუმცა, საქართველო თურქეთიდან თითქმის 6-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. უარყოფითი სავაჭრო სალდო კი წლიდან წლამდე იზრდება.

„თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა“ – აღნიშნა ანკარაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

თურქეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელიც უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ასევე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ბოლო დროს, ხშირად მოჰყავს მაგალითად თურქეთი, რომელიც დასავლეთთან არაპროგნოზირებადი, ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა.

„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს… თურქეთს, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი“ – ეს არგუმენტი მოიყვანა, მაისის დასაწყისში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა, დასავლეთის დემარშის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველო ორმხრივი ავიამიმოსვლა აღადგინეს.

„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის „ხალხის ძალის“ პროპაგანდისტულმა არხმა „პოსტ ტვ“-იმ რეჯეფ ერდოღანს გამარჯვება სპეციალური განცხადებით მიულოცა, სადაც აღნიშნავს, მისმა გამარჯვებამ “ნათლად აჩვენა, რომ მომავალი სწორედ საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს აქვთ, პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ. სწორედ ეს პოლიტიკა აირჩიეს დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებმა“.

ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველოს მმართველი ძალის გადაწყვეტილება – იყოს რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლებასავით „ხისტი“ და „აგრესიული“ (გარეთ) და „ავტორიტარული“ და „პოპულისტური“ (შიგნით), შედეგს ვერ მოიტანს.

„თურქეთს აქვს ჩვენთან რაღაც საკითხები, რომელზეც შეუძლია გვევაჭროს, საქართველოს ხელისუფლებას კი სავაჭრო არაფერი არ დარჩა, ყველაფრით ივაჭრა უკვე, რითაც შეიძლებოდა. ერთადერთი რაც სავაჭრო დარჩა, არის ის, იქნება თუ არა საქართველო რუსულ ორბიტაზე. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, დასავლურ ცნობიერებაში უკვე გადალაგდა რაღაცეები და მათ თქვეს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენგან ბენეფიტები არ უნდა, ჩვენ ამ ბენეფიტებს არ მივცემთ, მიუხედავად იმის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული ჩავდეთ. საქართველოს ხელისუფლებას ამ წუთას არაფერი ისეთი აღარ დარჩა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს დასავლეთისთვის ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც შეიქმნება რუსეთის დამარცხების შემდეგ. ისეთი ვითარება, რომელშიც საქართველოს ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა, შეიძლება უკვე გაფლანგული იყოს – იმიტომ, რომ ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას სხვა ბევრი სახელმწიფო შეიძენს“, – ამბობს დავით ძიძიშვილი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

წყარო

“პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია” – ლევან ხაბეიშვილი

მე პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ითქვა საერთო სტრატეგიასა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებაზე და არა ის, თითქოს პარტიამ ვინმეს კოალიცია ან რამე მსგავსი შესთავაზა.

„მე როდესაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალაა, დიახ, ეს ასეა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია. ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდეს საერთო სტრატეგია და გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და არა ისე, თითქოს კოალიცია შევთავაზეთ ან მსგავსი. იმ ინტერვიუში ხაზგასმით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, გაძლიერდნენ პროდასავლური პარტიები, რომ მომავალში შევქმნათ კოალიცია. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს. რუსული რეჟიმია დასამარცხებელი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“ბახმუტის შიგნითაც იბრუნებენ პოზიციებს ჩვენები!” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ამ 12 ივნისს, ურდოსტანის დამოუკიდებლობის დღეზე ყველამ ერთად #bუკაdეილიnიუსი თან ერთად, პუტლერს, მის რეჟიმს, სრულიად ურდოსტანს და მათ მყვარებლებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ საქართველოში ვუსურვოთ რააა? ფეთქებააა…

ჩვენებმა კი შეუსრულეს: ზაპოროჟეს ტოკმაკში და ბერდიანსკში ისეთი დააბაბანა გუშინ, შეენძრა ბუნკერში მიწა პუტლერს; ზაპოროჟიეში ერთი მნიშვნელოვანი ხიდი იყო იაკიმივკაში. მაგაზე გადიოდა ყირიმიდან მომავალი შეიარაღებით დატვირთული ეშელონები. ბუუუუმ – აღარ არის ხიდიიი; თვითონ ყირიმში ჯანკოის მიდამოებში, კიროვსკოეში რკინიგზა თავის სატვირთო ვაგონებით – ბუუუუმ და მოერღვა ურდოს ლოჯისტიკაა ყირიმსა და მელიტოპოლს შორის, ვენაცვალე ჩვენს პარტიზანებს;

ახლა შეტევა – მოკლედ, ძალიან ბევრ დასახლებულ პუნქტზე იწერება ტვიტერზე და ტელეგრამებზე, რომ გაათავისუფლეს ჩვენებმა; თუ დავხედავთ რუკას, გამოვა, რომ ურდოს პირველი ზღუდე მორღვეულია და აღებულია; ოფიციალურად ანა მალერმა დაადასტურა, რომ ნესკუჩნოე, ბლაჰოდატნე და მაკაროვკა გათავისუფლებულია, თუმცა, ასევე ვიზუალური დადასტურებით, უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ გათავისუფლებულია ლობკოვოე, ლევადნოე, უროჟაინე, ლუჰოვე, რუხ ზონაშია ჟერებიანკა, პიატიხატკა, სტარომაიორსკი, ზავიტნე ბაჟანია, სტარომლინოვკა და კრემენჩუკი! დიდი შერღვევააა სიღრმეში! ყველაზე სერიოზული ურდოსი ვაენკორებიც კი მაგრად მოთქვამენ, ძალიან სერიოზულ პოზიციებს ვკარგავთო! ეს ყველაფერი წვიმების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენების მომზადებული ბრიგადების უდიდესი ნაწილი საერთოდ არ ჩართულა ჯერ ბრძოლაში! მარტო ამ 5 დღეში 1 ბახმუტის ტერიტორია, ანუ 40 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ჩვენებმა!

ბახმუტის ფლანგებზეც გვაქვს კარგი წინსვლა – ბერხოვკის წყალსაცავიდან კიდევ 250 მეტრით დახიეს უკან ურდოსები, ხოლო სამხრეთით კაი 1300 მეტრითაც. ბახმუტის შიგნითაც იბრუნებენ პოზიციებს ჩვენები! ბრიტანულმა დაზვერვამ დაიანგარიშა: ბახმუტის ყოველ 48 სანიტმეტრზე 1 ურდოსია მკტარი ისიც ვაგნერელბი სულ!

აუფ, ვაგნერზე ამბავი გორდება! შოიგუ მეჯოგემ ბრძანება გამოსცა, ყველა ჩევეკა ჩემთანო, ანუ თავდაცვის სამინისტროსთან გააფრომებს კონტრაქტს და შემოვა საერთო შეადგენლობაშიო! კუხარკა პრიგოჟინმა ყველაზე მაღალი წერტილი გამოქანებისკენ მოუწოდა მეჯოგეს! მოკლედ, კუხარკა და მეჯოგე უახლოვდებიან კულმინაციას, როცა ჯარები და ვაგნერცები მართლა დაცხებენ ერთმანეთს! ვის გაწირავს პუტლერი, ჩემთვის პირადად, ერთი კანჭია! რაც მეტს ჩახოცავენ ერთმანეთს მით უკეთესი!

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლომ დაიწყო გამოძიება კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით! ნაძირალა რუსებმა გაეროს წარმომადგენლები არ შეუშვეს ოკუპირებულ ნაწილში ხალხის დასახმარებლად! თვითონ კიდევ მაგ მართლა ტერორისტებმა ხერსონში საევაკუაციო პუნქტი და ნავები დაბომბებს. 3 კაცია დაღუპული და 20-ზე მეტი დაჭრილი! რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა! პუტლერი არის ნომერ პირველი ტერორისტი! ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე არ მიდიან!

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიჰაილო პოდოლიაკის განცხადებით, ახლა პუტლერთან მოლაპარაკება არის უაზრო, სახიფათო და მომაკვდინებელი უკრაინისთვის და ევროპისთვის. არ არსებობს არავითარი ინდონეზიური, აფრიკული და ბრაზილიური ფუნდამენტები! ძალიან დიდი ამბები მოდის! მოლაპარაკებები არ იქნება! უკრაინის სამხრეთი და ყირიმი მალე გათავისუფლდება!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, უნდა გაიხარო 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

15 წლის გოგონა, რომელიც კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

“ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია.

ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაცია მოახდინოს.

„ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს – მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.

„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა კობახიძემ.

“2023 წელს ხელისუფლებების „აყირავების“ მცდელობაში აშშ-ს ბრალდება არაერთმა ქვეყანამ წაუყენა” – დავით ქართველიშვილი

2023 წელს ხელისუფლებების „აყირავების“ მცდელობაში აშშ-ის ბრალდება არაერთმა ქვეყანამ წაუყენა: თურქეთი (პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი, „მეორე ფრონტი“), ისრაელი (სასამართლოს რეფორმირების ირგვლივ აქციები), მექსიკა („შპიონაჟი“). პარალელურად, „აყირავების“ პროექტები გააქტიურდა საქართველოშიც, სადაც აშშ-ის მაღალი ხარისხის ჩართულობა დაფიქსირდა მარტში მიმდინარე აქციების ორგანიზება-მიმდინარეობასა და შემდგომ პერიოდში რა დროსაც ღონისძიებები გატარდა ხელისუფლების სამივე შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, სხვადასხვა სახელმწიფოდან მისთვის არასასურველი ხელისუფლების მოშორებას, ამ ქვეყნებს შორის კი, სამწუხაროდ, საქართველოც აღმოჩნდა, რაშიც მარტში მომხდარი ფაქტები გვარწმუნებს.

„2023 წელს ხელისუფლებების „აყირავების“ მცდელობაში აშშ-ის ბრალდება არაერთმა ქვეყანამ წაუყენა: თურქეთი (პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი, „მეორე ფრონტი“), ისრაელი (სასამართლოს რეფორმირების ირგვლივ აქციები), მექსიკა („შპიონაჟი“). პარალელურად, „აყირავების“ პროექტები გააქტიურდა საქართველოშიც, სადაც აშშ-ის მაღალი ხარისხის ჩართულობა დაფიქსირდა მარტში მიმდინარე აქციების ორგანიზება-მიმდინარეობასა და შემდგომ პერიოდში რა დროსაც ღონისძიებები გატარდა ხელისუფლების სამივე შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) წინააღმდეგ. ამ თემას ჩვენ გავყოფთ რამდენიმე ნაწილად და დავუთმობთ რამდენიმე დღეს განსახილველად. დესტრუქციული ქმედებების ანალიზისას მათში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის როლისა და ადგილის განსაზღვრის მიზნით ჯერჯერობით განვიხილოთ ძირითადი გამოვლენილი ტენდენციები: ამერიკული მხარისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ ყოფნა, ამიტომ იყენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად;

ამ ეტაპისთვის შტატების მიერ გამოყენებული „მოდუს ოპერანდი“ ანალოგიურია იმისა, რაც მათ 2014 წლის „მაიდანის“ რევოლუციის შემდეგ გამოიყენეს უკრაინაზე ფართომასშტაბური კონტროლის დასამყარებლად;

„აქტორები“, რომლებიც ჩართული იყვნენ 2014 წლის და შემდგომ მოვლენებში, ამჟამად მოსული არიან აშშ-ის სათავეში (ჯო ბაიდენი, ვიქტორია ნულანდი, ჯეიკ სალივანი) და, დიდი ალბათობით, ფორსირებენ რევოლუციურ პროცესებს იმ ქვეყნებში, რომლებითაც დაინტერესებულნი არიან;

საქართველოში განვითარებული პროცესი („რუსული კანონი“) დაფიქსირდა ისრაელში, სადაც პროტესტი დაიწყო „საერთო სასამართლოების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, თუმცა რეალურად მიმართული იყო ნეთანიაჰუს მთავრობის „ასაყირავებლად“, რომელიც, ჩვენი მთავრობის მსგავსად, მიუღებელია ბაიდენისთვის;

ვითარება აჩვენებს, რომ აშშ აშანტაჟებს და ზეწოლას ახდენს (მათ შორის ფინანსებისა და სანქცირების ინსტრუმენტების გამოყენებით) სხვადასხვა უწყებებზე, ხელს უწყობს იქ საკუთარი გავლენის აგენტების ინტეგრაციას;

ამ ეტაპისთვის აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად იქმნება დაპირისპირება როგორც ასაკობრივ (ახალგაზრდების დაპირისპირება „პენსიონერებთან“), ასევე შიდა ინსტიტუციურ საფეხურებზე, რაც ქმნის სამომავლოდ ვითარების გამწვავების რისკებს;

იმის თვალსაჩინო მაგალითს, რომ საკუთარ მიზნებს ამა თუ იმ ქვეყანაში აღარც ნიღბავენ „დემოკრატიის განვითარების“ მანტიით, გვაძლევს 9 თვის წინ ნიკარაგუაში განვითარებული მოვლენები, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა „აგრემანის“ გადაწყვეტილებაზე, ქვეყანაში აშშ-ის ახალი ელჩის, უგო როდრიგესის მისაღებად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სენატის საკომიტეტო მოსმენებზე ელჩობის კანდიდატი პირდაპირ საუბრობდა ნიკარაგუაში ხელისუფლების „აყირავებაზე“ და ამ საქმეში საყრდენ ძალად პირდაპირ ასახელებდა ორ ორგანიზაციას: USAID და Freedom House.

ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის ძირითადი სტრატეგია, „გათიშე და იბატონე“, არახალია და მის ფარგლებში ბაიდენის „თეთრი სახლი“ იყენებს „მათრახისა და თაფლაკვერის“ ტაქტიკას. კერძოდ, გავლენის აგენტურა მასობრივად ინტეგრირდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ხოლო შემდგომ ამ უწყებების ერთმანეთთან აპირისპირებენ. მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების არმიღების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ე.წ. ფერადი რევოლუციების ტექნოლოგია, რაც 2023 წელს დატესტეს ისრაელსა („სასამართლო რეფორმა“) და საქართველოში („რუსული კანონი“).

ამ ეტაპისთვის უკვე გამოვლენილია ორი სავარაუდო აქტორი, რომლებიც, დიდი ალბათობით, კურირებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს: ვიქტორია ნულანდი (სახდეპი) და ტომ პალმერი (ლიბერტარიანული ფრთა, Atlas Network-ის ქსელის ხელმძღვანელი). ამ მომენტიდან ჩვენს „სერიალში“, ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. „დარჩით ჩვენთან, არ გადართოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.