Home Blog Page 1853

“პუტინი ტრიუმფატორია, ზელენსკი კი – დათრგუნული“ – რას წერს „ენ-ბი-სი ნიუსი“

ამერიკული ტელეარხის „ენ-ბი-სი ნიუსის“ (NBCnews) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ომი დღეს ვლადიმერ პუტინისათვის იმედის მომცემია, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის კი – იმედის გამაცრუებელი: პუტინი ტრიუმფატორია, ზელენსკი კი – დათრგუნული“ (ავტორი – იულია ტალმაზანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2023 წელი იწურება. მტრული მხარეები შედეგებს აჯამებენ: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. შარშანდელი ტრიუმფატორი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს კუთხეში მიმწყვდეულივით გამოიყურება, ვლადიმერ პუტინი კი იმ სპორტსმენს ჰგავს, რომელიც წარმატების მიღწევის შემდეგ, წრეზე საპატიო გარბენს აკეთებს.

ერთი წლის წინ უკრაინელ ლიდერს აშშ-ის კონგრესი ოვაციით შეხვდა და მრავალმილიარდიანი დახმარება გამოუყო „კრემლის არმიასთან საბრძოლველად“, რუსი პრეზიდენტი კი პირიქით, საჯაროდ გამოსვლებს ერიდებოდა. მისი არმია უკან იხევდა, თვითონ კი თავისივე ძალოვან სტრუქტურებში გამოვლენილი უკმაყოფილების ჩაქრობას ცდილობდა.

მაგრამ გასულ კვირაში მათ თითქოსდა ადგილები გაცვალეს: თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინს ძლევამოსილი ლიდერის გამომეტყველება ჰქონდა და თავდაჯერებული ადამიანის რწმენას ასხივებდა, ვოლოდიმირ ზელენსკი კი, ნაჩქარევად გამართულ წლიურ პრეს-კონფერენციაზე უკიდურესად იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ ადამიანს ჰგავდა.

პროფესორი მარკ გალეოთი, ბრიტანელი პოლიტოლოგი და ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი ანალიტიკური კომპანიის Mayak Intelligence-ს ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინის თავდაჯერებულებას სრულიად ბუნებრივად თვლის. რუსეთის ლიდერი, ომის დაწყებიდან ამჟამად ისეთი ძლიერია როგორც არასოდეს. მას აქვს ყველა საფუძველი, რომ მიღწეულით იამაყოს“, – ამბობს მარკ გალეოთი, რომელსაც თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ბრიტანულ და ამერიკულ პრესაში ბევრი რამ აქვს დაწერილი.

ამასობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მიმდინარე წლის ბოლოს მან დასავლელი პარტნიორებისადმი თავისი საყვარელი ტაქტიკა გამოიყენა და მათ შეახსენა – „ზნეობრივად ვალდებულები ხართ უკრაინას დაეხმაროთო“.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა – ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა დაგეგმა (ისრაელისადმი და ტაივანისადმი დახმარებასთან ერთად, მაგრამ კანონპროექტისათვის კონგრესს „მწვანე შუქი არ აუნთია“.  საბოლოოდ კი, უკრაინის ლიდერი გასულ კვირას ამერიკიდან გაწბილებული დაბრუნდა: მან ვერ მიიღო მტკიცე გარანტიები, რომ თეთრი სახლი მას დახმარებას გაუწევს.

მარკ გალეოთის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლაპარაკი, რომ დასავლეთი უკრაინას „ღალატობს“ და დაპირებებს არ ასრულებს“, იმ „მორალური შანტაჟის“ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს,  რომელსაც კიევისათვის ორი წლის განმავლობაში კარგი ნაყოფი მოჰქონდა, თუმცა დღეს უკვე არის იმის რისკი, რომ ასეთი მოქმედება მას შედეგს აღარ მოუტანს, „მექანიზმი მუშაობას წყვეტს“.

„ვფიქრობ, ამას გვაჩვენებს არა მარტო მისი იმედგაცრუბა აშშ-ში ყოფნით, არამედ სახეზეა შიდაპოლიტიკური სისუსტეების ყველა ნიშანი“, – ამბობს პროფესორი, – იგი ხომ საკუთარ თავს იმ სასწაულმოქმედად ასაღებს, რომელიც მძიმე მომენტში გამოჩნდება და ყველა პრობლემას მომენტალურად აგვარებს“.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველ კვირეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოიჩინა დაუღალავი მცდელობებით, რათა მსოფლიო უკრაინისადმი კეთილად ყოფილიყო განწყობილი, რათა ყველას კიევისადმი დახმარება გაეწია. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ვარსკვლავური დიდება და ძალა ქრება – ორწლიანი განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ უკრაინაში ყველგან – ხელისუფლებაშიც, მოსახლეობაშიც და არმიაშიც – დაღლილობის სიმპტომები შეიმჩნევა.

გასულ წელს უკრაინის შეიარაღებულმა ზალებმა ბევრი გააკვირვა – არმიამ არამარტო შეძლო რუსების შეცერება, არამედ დაიბრუნა კიდეც მოსკოვის ჯარისაგან ოკუპირებული მიწა-წყლის ნაწილი. ამ წარმატებამ განამტკიცა იმედი, რომ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევა კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანდა და უკრაინის ტერიტორიის მთლიანი გათავისუფლება მოხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინის არმიამ რუსული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა ვერ მოახერხა და ჩაიშალა. რასაკვირველია, ასეთმა რეალობამ თავისი ნეგატიური გავლენა მოახდინა მოკავშირეებზე – ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში გაჩნდა ეჭვი, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდებოდა და ის დიდი დახმარება, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი, ქარს გატანებული აღმოჩნდებოდა.

გარდა ამისა, უკრაინის არმიის მიერ განცდილმა წარუმატებლობამ პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს შიდა პრობლემებიც გაუჩინა: ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისსავე  გენერალს ვალერი ზალუჟნის შორის გარკვეული დაპირისპირება წარმოიქმნა: გენერალმა განაცხადა, რომ კონტრშეტევამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ომის პოზიციურ ბრძოლაში გადაიზარდაო, ვოლოდიმირ ზელენსკი კი მას არ დაეთანხმა და ხაზი გაუსვა – კონტრშეტევა გრძელდებაო.

„რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინმა დაინახა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მხარდაჭერის იმპულსი შესუსტდა და მან დაუყონებლივ ისარგებლა მომენტით – ყველას დასანახავად აჩვენა ისეთი განწყობა, რომელიც მისი ძალებისადმი რწმენას განამტკიცებს“, – ამბობს მარკ გალეოთი.

ორიოდე დღის წინ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ჯარი „ინიციატივას ფლობს“ და რომ რუსულმა არმიამ ისეთი გამოცდილება დააგროვა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამ დროს კი უკრაინამ უდიდესი დანაკარგები განიცადა და თავისი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურა“. ვლადიმერ პუტინმა, შამპანური ღვინით სავსე ბოკალით ხელში, რუსეთის არმიის გენერლებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბოლომდე იომოს და თავისი მიზნები განახორციელოს.

„ვერ ვუარყოფთ იმას, რომ ბოლო თვეები უკრაინისათვის მართლაც მძიმე გამოდგა, რუსეთისათვის კი – პირიქით – კრემლი, რომელმაც „ვაგნეროველთა ამბოზი“ გადაიტანა, დღეს უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე ამ ზაფხულს“, – ამბობს მაიკლ კლარკი, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, – რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი ჯერ-ჯერობით მხარდაჭერას კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ სიმპტომები მის დასუსტებას ადასტურებს – შარშან ამ დროს უკრაინის პრეზიდენტისადმი მხარდაჭერის ინდექსი 84% იყო, ახლა კი რეიტინგი 60%-ზე ცოტა მეტია“.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ 2023 წელი უკრაინისთვის „მძიმე გამოდგა“, თუმცა კატეგორიულად უარყო მტკიცება, რომ ქვეყანა დამარცხებისაკენ მიექანება. მან გაიმეორა ტრადიციული ლოზუნგი „რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების“ თაობაზე.

„აშკარად იგრძნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გადაიღალა. მას კიევში შიდა ოპოზიცია სერიოზულად უპირისპირდება“, – აღნიშნავს მაიკლ კლარკი, – სხვათა შორის, ზუსტად იგივე დაემართა უინსტონ ჩერჩილსაც 1943 წელს: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადაღლილი და გამაღიზიანებელი ჩანდა, იგი კარგავდა პოპულარობას, რაც საბოლოო ჯამში, 1945 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კონსერვატორები და მათი ლიდერი დამარცხებამდე მიიყვანა. მაგრამ, რასაკვირველია, უინსტონ ჩერჩილის როგორც სამხედრო ლიდერის დამსახურებისთვის, პოლიტიკურ მარცხს ჩრდილი არ მიუყენებია“.

წყარო

“ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების” გაჭრილი “კოზირი”-პაატა მანჯგალაძე

„ქართულმა ოცნებამ” რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს უკან ბიძინა ივანიშვილი, ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” დასრულებულია.

„ქართულმა ოცნებამ” რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს უკან ბიძინა ივანიშვილი, ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების” გაჭრილი „კოზირი“, ამას არავინ არ ჭამს, დასრულებულია „ქართული ოცნება”. ხალხმა ირწმუნა იმის, რომ ევროპა აქვეა და ამ გზაზე მათ ვერავინ შეაჩერებს – ვერც პოლიტსაბჭოს შიგნით ძალების გადანაწილება-გადმონაწილება და ვერც უკვე გაჭრილი „კოზირის“, ბიძინა ივანიშვილის კვლავ დაბრუნების შესაძლებლობა.

რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა – ამის პროგნოზირება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ეს არის უფრო ვარსკვლავთმრიცხველობა, რომ გამოთვალო რა ფეხზე გაიღვიძა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ის, რომ “ქართულ ოცნებაში” არის კრიზისი, ეს არის ფაქტი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ვულოცავ მის უწმინდესობას და მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას, მისი აღსაყდრებიდან დღეს 46 წელი შესრულდა” – შალვა პაპუაშვილი

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული,” – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ქართველების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი.

,,საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა. დღეს მისი უწმინდესობის ღვაწლით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 46 ეპარქიაა, 2000 მოქმედი ტაძრით და 3000 ბერ-მონაზვნით. ეს უბრალო რიცხვები არ არის, ეს ჩვენი სულიერების და ჩვენი იდენტობის საფუძველთა საფუძველია.

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას, და მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას, დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დედაეკლესიის მესაჭეობას კიდევ მრავალი წელი,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ვინ არის ძველი, ვინ ახალი, ამას ხალხი წყვეტს-პაატა მანჯგალაძე

ჩემი მხრიდან სხვა ოპოზიციურ პარტიაზე საუბარი არაკორექტული იქნება, მაგრამ ვინ არის ძველი, ახალი და რა როგორ იქნება, ამას ვნახავთ, ამას ხალხი წყვეტს, – ასე ეხმაურება  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებზე გამოჩნდება, რამდენად არის პარტია „ლელო“ ალტერნატივა.

„ბევრი გვინახავს შეფასება, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და კარგები, თუმცა ბოლოს ვხედავთ, რომ ასეთი პარტიები ბარიერსაც ვერ ლახავენ. მათ გაერთიანებას და გამსხვილებას ვურჩევ. ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ყველა ახალია, მათ შორის შალვა ნათელაშვილიც, რადგან ხელისუფლებაში არ ყოფილა და ითვლება, რომ ახალია. „ლელო“ რამდენად არის ალტერნატივა, არჩევნებზე გამოჩნდება. საარჩევნო სტრატეგიაა, როცა ხალხი არ ლაპარაკობს პოზიტიურად, საკუთარ თავზე კარგად თავად უნდა ილაპარაკო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პეკინში რეკორდულად ცივი დეკემბერი დაფიქსირდა

ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში 1951 წლიდან ყველაზე ცივი დეკემბერი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თვის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ქალაქში ხშირად ეშვებოდა -10-ზე დაბლა. ამასთან, ექსპერტები იხსენებენ, რომ 6 თვის წინ პეკინში ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა, რა დროსაც ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღემატებოდა.

ცივი ამინდი დაფიქსირდა იაპონიის ჩრდილოეთსა და კორეის ნახევარკუნძულზე.

საჰაერო ძალებმა სუ-30-ის ტიპის რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის საჰაერო ძალებმა სუ-30-ის ტიპის რუსული ბომბდამშენიც ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუ-34-ის და სუ-30-ისტიპის  ბომბდამშენები ჩამოაგდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა მარიუპოლის მიმართულებით ჩამოაგდეს სუ-34, ამავდროულად ზუსტდებოდა ცნობები შავ ზღვაში სუ-30-ის ჩამოგდების შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას”- თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო მოსამსახურეების ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს. აღსანიშნავია, რომ პარტიული მესიჯბოქსი ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა, თუ კვების ხარისხი.

სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ. ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები. ისინი კარგად ხედავენ განსახვავებას, ხარისხისა და მიწოდების თვალსაზრისით. „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე არსებობდა, როგორც სამხედროების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მიწოდების დროულობის თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო.

საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროებისთვის ნათელია, ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ, გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი. აღნიშნული ჯგუფების მიერ საზოგადოების დეზინფორმირების საწინააღმდეგოდ, თავდაცვის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

საზეიმო წირვამდე გაიმართა ორღანის კურთხევა და საზეიმო კონცერტი.

„ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.

მათივე ცნობით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში აბესალომ ასლანიძემ. სააგენტოს კოორდინატორმა დღესასწაული მიულოცა, ასევე, ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი გენადი მალაყმაძე უძღვებოდა.

ქრისტეშობა იზეიმა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურმა მრევლმაც.

“უფლის ხორციელად შობას ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო მსახურებით შეხვდნენ, რომელსაც მღვდელი იაცეკ სიემიენიაკი უძღვებოდა. ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მათივე ცნობით, მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

დასავლეთი ჩვენთან ვალშია, საჭიროა პუტინთან ლაპარაკი და სამშვიდობო შეთანხმება – ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი უნდა მომზადდეს.

„ახლა ჩვენ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი ასობით, ათი ათასობით, ავდიივკისთვის, ჩასივ იარისთვის? და რატომ? რას მივიღებთ ამისგან – რუსეთი და უკრაინა? რას მივიღებთ, ორი რაიონული ცენტრისთვის ათასობით მოკლულით ორივე მხრიდან? რას მივაღწიეთ ისტორიულად? ჩვენ მოვეწონეთ ბიძებს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კომიტეტებიდან, რომლებიც დგანან ჩვენს გარშემო და ტაშს უკრავენ, როდესაც უყურებენ ორი მაიმუნი დანებით როგორ ახტება ერთმანეთს? და რაში გვჭირდება ეს?“ – განაცხადა არესტოვჩმა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტთან, იულია ლატინინასთან ინტერვიუში.

არესტოვიჩის თქმით, საჭიროა პუტინთან ლაპარაკი და მშვიდობის დამყარება, შემდეგ კი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა.

„პუტინს უნდა ვუთხრათ; მოდით დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება“, მაგრამ ჩვენ ამას ეშმაკური გზით გავაკეთებთ: ერთობლივ სარჩელს აღვძრავთ დასავლეთის წინააღმდეგ. უკრაინა და რუსეთი ერთად. დასავლეთი ჩვენთან ვალშია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და ბოლო პერიოდში გაკეთებული სკანდალური პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა.

შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ.

„შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს!

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!“,- წერს ზურაბიშვილი სოცოალურ ქსელში.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid0VzgBAW8fdUPuwZKwWHWYzJgrvoPoxGhAKEMBEWQ3uo9ERJzXcoDKifG2M4zQzaoUl?ref=embed_post