Home Blog Page 1852

მკითხველის „საბას“ ერთი თვე

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველის „საბას“ შესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებული „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი – 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.

ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:

ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია  წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.

მკითხველის „საბას“ ფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის.

ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.

სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.

პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:

ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ ლიდერობს.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული  თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

  • უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში;
  • არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;
  • არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;
  • არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R

“ანკარა და ნიქოზია სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში”

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია TRT თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რეჯეფ ერდოღანი: „ანკარა და ნიქოზია სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში“, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტის კვიპროსული ვიზიტია მიმოხილული – იგი 12 ივნისს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს ეწვია.

გთავაზობთ მასალას:

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ) სრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, გუშინ, თურქეთში 28 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ჩასულ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ერსინ თათართან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქული მხარე კვიპროსის საკითხში ყოველთვის კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას იცავდა.

„კვიპროსელი თურქები არასოდეს ყოფილან უმცირესობა და არც არასდროს იქნებიან. ვინც ამ ფაქტებს უგულებელყოფს (ბერძნული მხარე) აგრძელებენ ოცნებებს, რომ იყვნენ კუნძულის ერთადერთი მმართველი. მათ, ვისაც ამის სჯერა, ვურჩევ თვალი გაუსწორონ ფაქტებს. ვერავინ გაუძლებს კიდევ 50 წლის დაკარგვას. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება უნდა მოხდეს, ამის გაკეთების ერთადერთი გზა არის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარება. როგორც გარანტორი ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის ვანიჭებდით პრიორიტეტს დიალოგს. კუნძულზე ჩვენი ძმების მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ჩვენს მშვიდობას. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველგვარ მხარდაჭერას ჩკთრ-ს მიმართ“. – განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, საბერძნეთთან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ამ ზღვებში მშვიდობის გარდა გამოსავალი არ არის. თუ არიან მშვიდობის პრევენციის მსურველები, სხვა პროექტის განხორციელება მოგვიწევს. ჩვენ არ გვინდა რაიმე დაბრკოლება ჩვენს გზაზე. დაე, ეგეოსის ზღვამ თავისი გზავნილი გაუგზავნოს მსოფლიოს, როგორც მშვიდობის ზღვა.“

პრესკონფერენციაზე ერსინ თათარმა კი განაცხადა, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის ბერძნულ მხარესთან სუვერენიტეტის საფუძველზე რა, კვიპროსელი თურქი ხალხი ყოველთვის ჰარმონიაშია თავის დედასამშობლოსთან, თურქეთის რესპუბლიკასთან.

—————-

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საზღვარგარეთის ვიზიტების ფარგლებში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შემდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა.

პრეზიდენტ ერდოღანს ჰაიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალეფ ჰალეფოვი, აზერბაიჯანის ელჩი ანკარაში რეშად მემედოვი, თურქეთის ელჩი ბაქოში ჯაჰით ბაღჯი და საელჩოს თანამშრომლები დახვდნენ.

პრეზიდენტ ერდოღანის დელეგაციაში გახლავთ მეუღლე ემინე ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის პრესსპიკერი ომერ ჩელიქი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და სხვები.

ბაქოში ჩასული ერდოღანი, გიულისტანის სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო.

წყარო

„თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“ – რომან გოცირიძე უმრავლესობას

ვენეციის კომისიის დასკვნა თქვენთვის ძალიან მძიმედ გადასატანი იქნებოდა, ვინაიდან გეგონათ, რომ მორიგ იურიდიულ პასუხს მიიღებდით. ფაქტობრივად, გამოვიდა როგორც ქართულ ანდაზაშია, „თაგვმა თხარა, თხარა და ვენეციის კომისია გამოთხარაო“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

გოცირიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს.

„მათ თქვეს, რომ სულ სხვა მდგომარეობაშია უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი დასკვნა ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია ისევე, როგორც მოლდოვასთან დაკავშირებით. კონტექსტის გათვალისწინებით ეს კანონი გადააგდეთო – აი , ეს პასუხი მიიღეთ ვენეციის კომისიიდან. თუკი არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში მეტ-ნაკლებად მაინც აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური ტერმინი, თუ ცნება, ვენეციის კომისიამ დადო სამართლებრივი დოკუმენტი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო იურიდიულად ამ დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის მიერ ოლიგარქიულ მმართველობად შეფასდა. პარლამენტის სხდომაზე, როდესაც „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონს ვიხილავდით და კანონზე ვეტოს დაძლევას აპირებთ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ, რა მმართველობაა საქართველოშიო. ამით იმის თქმა უნდოდათ, რომ ჩვენ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და პრეზიდენტს რა უფლება აქვს მინიჭებული გამოიყენოს თავისი უფლებები და წარმოადგინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიო. რა მმართველობა გვაქვს და გვაქვს არაფორმალური,ოლიგარქიული მმართველობა, ვუპასუხე გუშინ. არ დამიჯერეს, აი, ახლა დაუჯერეთ ვენეციის კომისიას. ფაქტობრივად, ვერდიქტი დადო ამ კომისიამ და ამ მმართველობას ისტორიაში უკვე სამართლებრივად ვუწოდებთ უსამართლო და ერთ კაცზე ჩამოკიდებულ მმართველობას თავისი საშინელი შედეგებით, რაც მივიღეთ ეკონომიკაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

„სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“ – The Economist

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებამ საერთაშორისო მასმედიაში პუბლიკაციების ბუმი გამოიწვია და თითქმის ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. ბუნებრივია, ამ მართლაც მსოფლიოში ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსის სიცოცხლის დასასრულმა ბევრს გაახსენა მისი ცხოვრების შუქ-ჩრდილები, აღმასვლები და დაცემები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამჯერ ყოფნის დროს გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები და წარმატებები… პირადი ურთიერთობები და უამრავი სხვა რამ.

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სილვიო ბერლუსკონი – იტალიის დიდი მაცდუნებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრება სათავგადასავლო კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, რომლის დროსაც საოცარი მოულოდნელობები შეიძლება მოხდეს. თვითონ განსაჯეთ: მან, ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა, შეძლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მოისურვა და არაფრისგან ისეთი პარტია შექმნა, რომელიც ერთ წელიწადში ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაიქცა, თვითონ კი იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი ხნით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

არადა, სილვიო ბერლუსკონის ბიზნესში ყველაფერი პირველი სამშენებლო პროექტით და კავკასიელი ქალების ამბით დაიწყო, რომელიც კინაღამ კრახით დასრულდა: საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც მის მიერ მომზადებული სამშენებლო პროექტი ნახა, არ მოეწონა და განაცხადა, ვიღაც გვამასხარავებსო. მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა იურისტმა მთელი თავისი ხიბლი გამოიყენა და ვიცე-პრეზიდენტის მდივანი დაარწმუნა – როგორც კი შენი ბოსი მილანში ჩასვლას დაგეგმავს, აუცილებლად შემატყობინეო. მართლაც, სილვიომ მოახერხა და მილანში ყოფნისას ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა და ერთ-ერთ ბარში მიიპატიჟა. ამჯერად მან სილვიო ახლოს გაიცნო, უფრო მეტიც – კარგად შემთვრალმა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა კავკასიელი ქალების შესახებ ბევრი რამ უამბო. მოკლედ, ახალგაზრდა ბიზნესმენის პროექტი გადარჩა…

ამ დროიდან სილვიო ბერლუსკონი ბედის ნებიერ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ. მას უდიდესი ენერგია ჰქონდა, შეეძლო დაერწმუნებინა ყველა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მას შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კანონები, რომლებიც თითქოსდა მისთვის ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო. არ ერიდებოდა პირდაპირ თქმას. სილვიო ბერლუსკონის უსაზღვროდ იყო საკუთარ თავში დაჯერებული. როგორც მან ერთხელ თავის ამერიკელ ბიოგრაფს უთხრა, „ვიცოდი, რა და როგორ უნდა შემექმნა და ჩემს მიერ შექმნილისთვის როგორ უნდა მეხელმძღვანელა… მე ვიცოდი, როგორ უნდა შემეყვარებინა თავი ადამიანებისათვის“.

სილვიო მართლაც ასე აკეთებდა: 1993 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ იგი იტალიის პრემიერ-მინისტრი პირველად გახდებოდა, ახალგაზრდა იტალიელებს შორის ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილვიო ბერლუსკონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბევრმა იგი იესო ქრისტეს შეადარა. მართალია, თავდაპირველად იტალიის ამომრჩეველმა მის პარტიას თითქოსდა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სულ მალე, პარტიის აქტივისტების წყალობით, ბევრი მას მიემხრო და თანაც ისე ენერგიულად, რომ დემოკრატიული საზოგადოებებში ასეთი რამ იშვიათი იყო. სილვიო ბერლუსკონის პიროვნების კულტმა პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა მისი წინასაარჩევნო სიმღერას ასეთი სათაური ჰქონდა: „დიდება უფალს, რომ სილვიო მოგვივლინა“.

„თქვით მხოლოდ ასე ისეთი ძალით,
რომელიც მხოლოდ ჭკვიანებს აქვთ:
დიდება უფალს, სილვიოს მოვლენით,
პრემიერ-მინისტრო, ჩვენ შენთან ვართ“.

იგი მფარველობდა და ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე და საერთოდ, ერთგულ და ჭკვიან ადამიანებზე: საოცარია, მაგრამ ყველას დაბადების დღე ახსოვდა და მოულოდნელად მათ საჩუქრებს და ყვავილებს უძღვნიდა ხოლმე. როგორც ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა თქვა სილვიოს პარტიიდან „ფორცა, იტალია“ („წინ, იტალია“), სილვიო მათ უბრალოდ კი არ მოსწონდათ, არამედ უყვარდათ.

რასაკვირველია, ასეთი ადამიანების გაღმერთების მიმართ ბევრს ეჭვებიც უჩნდებათ ხოლმე. გაჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ ქონების დაგროვების თაობაზე – როგორც გახდა ზღაპრულად მდიდარი სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში. გაჩნდა აზრი, რომ თითქოსდა თავდაპირველი კაპიტალი დანაშაულებრივი გზებით ჰქონდა მოპოვებული – იტალიურ მაფია „კოზა-ნოსტრასთან“ კავშირში, ფულის გათეთრების გზით. დაიწყო პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და გამოძიება, დაუსრულებელი სასამართლო პროცესები – ბრალდებები და გამართლებები, ისევ ბრალდებები და ისევ გამართლებები… საქმე იქამდე მივიდა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ, პარლამენტში თავისი პარტიის მეშვეობით, რიგი კანონებიც კი შეცვალა. თუმცა, რასაკვირველია, ამ ბრძოლაში მან დანაკარგებიც განიცადა და საბოლოოდ, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს სილვიო ბერლუსკონიმ ამომრჩევლებს უსაყვედურა, რომ მათ ვერ დააფასეს მისი ზრუნვა.

ალბათ, სილვიო ბერლუსკონისათვის ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ზოგიერთი არაკეთილმსურველი მიანიშნებდა, თითქოს მას ქალები სძულდა. მაგრამ ფაქტია, რომ ქალები ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც. ყველა თუ არა, ისინი, ვინც ახალგაზრდა და ლამაზები იყვნენ. ხმები ვრცელდებოდა, რომ სილვიო ბერლუსკონმა ანგელა მერკელს ნატოს ერთ-ერთ სამიტზე თითქოსდა „მოუქნელი სქელტრ…“ უწოდა და ამით საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა… ამასთან, სილვიო აღმერთებდა დედას.

2008 წელს სილვიო ბერლუსკონი სკანდალში გაეხვია ახალგაზრდა ქალებთან დაკავშირებით. მისმა მეორე ცოლმა, ვერონიკა ლარიომ, განაცხადა, რომ ქმარს ეყრება – მას არ შეუძლია ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელსაც ახალგაზრდა ქალებთან, თითქმის არასრულწლოვან გოგონებთან აქვს ურთიერთობა.

სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერებს, უფრო მეტად იტალიელ მამაკაცებს, ალბათ, შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ სკანდალისათვის, რომ არა ფინანსური კრიზისი დაწყება. ქვეყანა ისეთ სიტუაციაში მოექცა, რომ სილვიო ბერლუსკონის რეპუტაცია შეილახა. ამჯერად მან, რომელიც მუდამ პოზიტივს და ოპტიმიზმს ასხივებდა, ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ მათ წინ ცუდი ამბები ელოდებათ. პირიქით, იტალიელებს უთხრა, რომ კრიზისი არ შეგეხებათო. საბოლოო ჯამში, კრიზისის გაღრმავების კვალობაზე, ბევრი მისი ერთგული მხარდამჭერიც მიხვდა – ისევე როგორც ოდესღაც საპენსიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი – რომ ისინიც მოტყუებულნი დარჩნენ დიდი მაცდუნებლის მიერ.

წყარო

“პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის პოლიტიკურად დამოუკიდებლობის საკითხი, ნაკლებად დამაჯერებელია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

დღეს ბატალიები მიმართულია ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას უკავშირდება და რასაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო.

ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია, რომლის თანახმადაც მან ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკურად დამოუკიდებლობის საკითხი, ნაკლებად დამაჯერებელია.

საკითხავია, თავად როდესაც “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინ რა გარანტია ჰქონდა ვინმეს, რომ დამოუკიდებელი იქნებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? და დღეს ხომ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? ეს სავალუტო ფონდის მისიასაც ეხება.

ბუნებრივია, სსფ ვერ იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, ამ ორგანიზაციის არაერთი პროგნოზიც მცდარი ყოფილა, თუნდაც 2008 წლის გლობალურ კრიზისთან მიმართებაში, ამასთან, მათი რეკომენდაციებიც არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საგანი, თუმცა ობიექტურობისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის კუთხით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური შოკის შემდეგ პერიოდში მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

ამ ორგანიზაციას, რომ მეტად ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიული მიდგომები ახასიათებს, არ ახალი ამბავია, და ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოწმობს, როდესაც ზრდის თავდაპირველი პერსპექტივა 3-4 %-ით იყო შეფასებული.

ფუნქციონალურად პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ნამდვილად ნაკლები კავშირი აქვს სებ ის დამოუკიდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს თუნდაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე, აქედანაც ჩანს რომ ეს მაინც არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება, რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განაკვეთი ისედაც ზე-მაღალი 30-40%-ის ფარგლებში იყო. უფრო გასაგები რომ გახდეს, აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ კომერციული ბანკები აღნიშნული თანხების 40 %-ის ნაცვლად სექტემბრიდან უკვე 80%-ს ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ გამოიყენებენ და მხოლოდ დარჩენილი 20%-ის გასესხების იმედზე რჩებიან.

მთავარი კითხვაც ვფიქრობ აქ არის დასასმელი თუ რას ემსახურება ასეთი მკაცრი რეგულაციის შემოღება და რამდენად აზღვევს რისკებს. ვფიქრობ ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად არადამაჯერებელი და ნაკლებად არგუმენტირებულია, თითქოს წარმოიქმნა რისკი, რომ რუსეთის რეზიდენტებმა დეპოზიტებზე განთავსებული თანხები ისევ უკან გაიტანონ.

ბუნებრივია, ნებისმიერი ამ სახის მკაცრი რეგულაციის შემოღება, რისკებსაც რომ ამცირებდეს, საქართველოს კომერციული ბანკების მიმზიდველობას განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ შეამცირებს და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას უფრო შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის დაფინანსებას შეაფერხებს, და შესაბამისად უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე.

რაც შეეხება სებ-ის გადაწყვეტილების არგუმენტაციას თითქოს წარმოიქმნა რისკი, რომ რუსეთის რეზიდენტებმა დეპოზიტებზე განთავსებული თანხები ისევ უკან გაიტანონ ნაკლებად დამაჯერებელი მოჩანს.

ცნობილია, რომ ფული მიედინება იქ სადაც შედარებით სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა და დაცულია. რუსეთის რეზიდენტების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტები სწორედ იმიტომ განთავსდა, რომ რუსეთის საბანკო სექტორი საერთაშორისო ფინანსური სანქცირების ქვეშ მოექცა.

რეალურად არარეზიდენტო პირები ამ თანხებს მხოლოდ მაშინ გაიტანდნენ, თუ რუსეთს საერთაშორისო სანქციები ოდესმე მოეხსნებოდა. ამიტომაც ადის ამ ყველაფერს ცოტა საეჭვო სუნი. გამოდის, რომ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების მუდმივი დამძიმების და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივობის გაურკვევლობის ფონზე, ან ეროვნული ბანკს აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია და ელოდება 1 სექტემბრიდან, სანქციების მოხსნას, როცა სინამდვილეში, სანქციები სულ უფრო მკაცრდება და რუსეთიდან ფულის გადინების მაჩვენებელი მზარდია ან კიდევ უარესი, აქ ელოდებიან სიტუაციის არევას. სხვა ლოგიკური ახსნა ამ ყველაფერს უბრალოდ არა აქვს და არც ლიკვიდობის რისკი არსებობს თანხების სწრაფ გადინებაზე.

“ირაკლი კობახიძის შრომები მრავალი თაობისთვის დარჩება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად”

ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი – საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას „ფრანკლინის კლუბის“ ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისტორია არაერთ ფაქტს ინახავს, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდა ადამიანებით მანიპულირება ხდება.

„სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

После трагедии 13 июня прошло 8 лет

Сегодня, 13 июня, директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, Ззаместитель директора Джанжри Убирия, советник директора Владимир Имнадзе и представители ведомства возложили цветы к мемориалу погибшим во время стихии 13-14 июня и почтили их память.

13 июня 2015 года из-за проливного дождя река Вера вышла из русла, что стало причиной трагедии. В результате стихии погибло 21 человек, а 2 человека по сей день считаются без вести пропавшими, стихия нанесла  материальный ущерб более 200 семьям и постраюдали более 1000 человек.

Стихия уничтожила жилые дома, дороги, мосты, тоннели, несущие стены зданий, системы коммуникаций. Полностью была затоплена территория парка «Мзиури» и зоопарка. В результате стихии погибли более 600 обитателей зоопарка. Была повреждена инфраструктура города, в том числе эстакада, связующая районы Ваке-Сабуртало, дорога, которая связывала Коджори-Самадло, часть дороги Ахалдаба-Цкнети.

В работах по ликвидации стихии рядом с грузинской общественностью стояли и трудились ветераны войны и вооруженных сил.

Особо нужно отметить единство молодежи, которые показали прекрасный пример консолидации.

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისში ინოვაციების ბანაკი გაიმართა

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებით, ქუთაისში, ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკი მოეწყო. ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში მცხოვრები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე, ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევაზე, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტას, იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე, მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში (თითოში 7 მოსწავლე). გუნდის წევრები არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ინტეგრირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მოცემული დავალების მიხედვით, მონაწილეებს სრულიად ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა დაევალათ, რომელიც დღეს არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია მომავალში შეცვალოს მსოფლიო ან/და გადაჭრას არსებული პრობლემა.

ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებით. ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი”-ში მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

ქუთაისში ინოვაციების ბანაკი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პროექტის, „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობითა და საქართველოს საბანკო სექტორის ჩართულობით განხორციელდა.

 

R

“საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ“, ეს არ უნდა დაუშვა.

„ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ეს არ უნდა დავუშვათ. მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს – შენი მეგობარი, კეთილმოსურნე თუ მტერი, როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი. თეთრზე უნდა თქვა, რომ თეთრია, შავზე – შავია და ეს სხვებსაც უნდა გააგებინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას” – კახა კალაძე 13 ივნისზე

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს და ახლობლებს.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოს და დედაქალაქის ისტორიაში. გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა – ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, განადგურებული კონკრეტული ადგილები.

რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. ეს იყო დღე, როდესაც არ არსებობდა დიდი და პატარა. ყველა ვიყავით ერთიანი და საერთო ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას. ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თბილისის მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახაბერ გულედანი.

2015 წელს, ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დღემდე დაკარგულად ითვლება 2 პირი.

“დეოლიგარქიზაცია საერთოდ მავნებლობაა და კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს” – იაგო ხვიჩია

ჩვენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ გვჭირდება, რადგან ოლიგარქიზაციის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენს პრობლემას ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, სასამართლოს არარსებობა ჰქვია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია.

„დეოლიგარქიზაცია ისეთი ტერმინია, რომელსაც ყველა მხრიდან მოაბამ ყურს. ევროკომისიის რეკომენდაციებში ყველაზე მთავარი მუხლი დეპოლარიზაციაა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არც ერთი სხვა მუხლის შესრულებას აზრი არ აქვს. მთავარი პრობლემა ესაა და ქვეპრობლემებისთვის შექმნილია ბევრი პატარ-პატარა პუნქტი, რომლის შესრულებას არანაირი აზრი არ აქვს. დეოლიგარქიზაცია საერთოდ მავნებლობაა და პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ის პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და მისი შემცირებისკენ არ არის ნაბიჯი გადადგმული. ჩვენ დეპოლარიზაცია უნდა შევამციროთ და არა ის, რომ ვისაც ფული აქვს, მას პოლიტიკაში მოსვლა ავუკრძალოთ. ეს ცვლილებები ხელისუფლების ფულიანებს არ შეეხება და ოპოზიციის ფულიანებს შეეხებათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

დღეს, 13 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა_სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი ბინადარი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული საზოგადოების გვერდით იდგნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის ერთიანობა, რომელთაც კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს.