Home Blog Page 1851

პატრიარქის სიტყვები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის, ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა

„მას შემდეგ, რაც ილია II პატრიარქი გახდა, ძალიან მალე საპატრიარქო მიზიდულობის ცენტრი გახდა ახალგაზრდებისთვისაც და თავშესაფარი დისიდენტებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც  საბჭოთა ხელისუფლება დევნიდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა სტუ-ს ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წელთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

სოზარ სუბარმა ისაუბრა უწმინდესის იმ დამსახურებებზე, რომელიც ილია II-ის პატრიარქად მოღვაწეობის 46 წელს უკავშირდება.

„პირველად, გაბრიელ ქიქოძის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, რომ მეცნიერება და სარწმუნოება უნდა გაერთიანებულიყო. მოიზიდა მეცნიერები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანდნენ. სწორედ მაშინ ამოქმედდა სასულიერო სემინარია, ხოლო, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, დაარსდა სასულიერო აკადემია (მისი ერთ-ერთი სტუდენტი ვარ). ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიიზიდა აკადემიამ მაშინ და ის დღემდე რჩება ფუნდამენტური განათლების მისაღებ ერთ-ერთ ცენტრად. შემდეგ შეიქმნა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, დაარსდა ათობით სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის – გალობის, ხატწერის შემსწავლელი სკოლები, ხოლო ქართული მინანქრის შესწავლა, რომელიც დაკარგული იყო, აღდგა და თავისი სახელი დაიმკვიდრა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა გაიხსენა ისიც, რომ ხშირად საზოგადოებას არ გაუთვალისწინებია პატრიარქის შეგონებანი და შედეგიც სავალალო დამდგარა.

„ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ უწმინდესის რჩევები, წინასწარმეტყველური სიტყვები არ გაგვიზიარებია, არ დაგვიჯერებია და ამას მივუყვანივართ ცუდ შედეგებამდე. ასე იყო 2008 წელს, როცა პატრიარქი რამდენიმე თვით ადრე გვაფრთხილებდა, რომ ყველაფერი მიდიოდა ომისკენ. სამწუხაროდ, მაშინ ეს გაფრთხილება ყურად არ ვიღეთ და ძალიან მძიმე შედეგი დადგა. თუმცა, უწმინდესმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი მეომრების ცხედრები, რომელთა დამარხვა ვერ ხდებოდა, მისი პირადი ავტორიტეტითა და პირადი თხოვნით გადმოგვესვენებინა და  მშობლიური მიწისთვის მიგვებარებინა.

1989 წლის აპრილში (მაშინ მე დავით გარეჯაში ვმსახურობდი), მოაღწია ამბებმა, რაც თბილისში ხდებოდა. 9 აპრილის ჩამოვედი თბილისში და იქ როცა პატრიარქმა მოგვიწოდა გადაგვენაცვლებინა ქაშვეთისკენ, რადგან არსებობდა სისხლის დაღვრის საფრთხე, ხალხმა ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა. უწმინდესი კი, როგორც ჭეშმარიტ მწყემსს შეშვენის, ხალხთან ერთად დარჩა.

ეს არის ჭეშმარიტი მწყემსის მაგალითი, როცა ის თავის ხალხთან ერთადაა. მისი სიტყვები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის. ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ჩვენც მოგვცა მაგალითი, თუ რას უნდა ვემსახუროთ, რა არის ის ღირებულება, რისთვისაც სიცოცხლეც ღირს და თუ საჭიროა, თავის გაწირვაც. მინდა მივულოცო უწმინდესს იუბილე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება ჩვენ მისი მწყემსობა და მისი ლოცვა“, – დასძინა სოზარ სუბარმა.

places.georgia.travel – ახალი პორტალი ტურისტებისთვი

ტურისტულ ინდუსტრიასა და სერვისებთან დაკავშირებით სპეციალურ პორტალზე places.georgia.travel ერთიანი მონაცემთა ბაზა მზადდება.

პლატფორმა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მიიღონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, სერვისებსა და ტურისტულ პროდუქტებზე.

პორტალზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, კერძო სუბიექტის მიერ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც პროცესს უფრო მოქნილს გახდის.

დღეიდან ჩვენი მოქალაქეები, უცხოელი სტუმრები ქრისტიანული საგანძურის დარბაზში იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი -პრემიერი

მინდა, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანობის საგანძურის დარბაზი, დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიც არის ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებით, ცოდნით და უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

„ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების, ტრადიციების უწყვეტობას და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად, თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ თითოეულ ხელოვნების ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს, საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და ხშირად თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება. საგანძურის კვლევა და დაცვა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში, ემიგრაციის ურთულეს პირობებში, უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის დედა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 90-ე წლის იუბილეს. საყოველთაოდ ცნობილია მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს, ბატონ დავით ორთქმანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება რეფორმების გატარების აუცილებლობას-ილია დარჩიაშვილი

“საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც რეალურად ემსახურება ევროპულ ინტეგრაციას.

„სამოქმედო გეგმა იქმნება იმისთვის, რომ შესრულდეს და გაგრძელდეს რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც გვქონდა და გვაქვს დღეს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში ჩვენ მიერ გაკეთებული თითოეული ჩანაწერი ემსახურება იმას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პირდაპირპროპორციულია საქართველოში შესაბამისი თანმიმდევრული რეფორმების გატარებასთან. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას. ევროკომისიამ კონკრეტული დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს და ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აღიარებაა რეფორმების, რომლებიც ჩვენ მიერ გატარდა. კოლეგებთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად მათგან დადებითი გზავნილები მაქვს. კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვისაც ცალსახად გასაგები და აღქმადია ის რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ.

რეფორმები არ არის ერთდღიანი, ერთწლიანი ან ორწლიანი პროცესი, ეს გრძელდება. როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მომავალშიც გააგრძელებს ამ გზას. როგორც მანამდე თანმიმდევრულად ვახორციელებდით ყველა რეფორმას, მას შემდეგ, რაც შევჯერდებით ევროკომისიასთან, შემდეგი ფაზაც შესაბამისად იქნება გახსნილი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ფიზიკურად და რეალურად ემსახურება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

გახარიას პარტიისგან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც ამ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია-სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის გახარიას პარტიას ვერ მივიჩნევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რის შენიღბვასაც ცდილობენ.

„გახარიას პარტიის მხრიდან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც გახარიას პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია. ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან თანამშრომლობს. ასე დაიწყო გახარიას პარტიას მოღვაწეობა, ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება და ამიტომ სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

“ფარსია, როცა ახალ სახეებზე საუბრობ, მაგრამ საზოგადოებას რეალურად ძველ სახეებს სთავაზობ”

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკაში ძველი პარტიებისა და ძველი მენტალიტეტის დასრულების შესახებ „ფარსს“ უწოდებს.

სარჯველაძის თქმით, „ფარსია, როცა ახალ სახეებზე საუბრობ, მაგრამ საზოგადოებას რეალურად ძველ სახეებს სთავაზობ”.

სარჯველაძის შეფასებით, ხაზარაძე ცდილობს საკუთარ მოღვაწეობას რაღაც აქტუალობა შესძინოს.

„ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში ადგილის ძიების გაუთავებელი მცდელობები ახასიათებთ. ცდილობენ ის ბაზისი, რასაც ამომრჩეველი ყურადღებას უნდა აქცევდეს, ფიქტიური ინსტრუმენტებით ჩაანაცვლონ. ყველა კარგად ხვდება, რომ ფარსია, როცა საუბარია ახალ სახეებზე, მაგრამ რეალურად შეთავაზებულია ძველი სახეები. აქვთ მცდელობა იმისა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ და ადგილი იპოვონ პოლიტიკაში, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ იპოვეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. სწორედ, აღნიშნული ელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს მთავრობის სხდომაზე.

ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება.

„ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობა რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედებას გეგმავს

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის.

„მთავრობის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – ,,ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”. დოკუმენტის შემუშავების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას; თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება. ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა. აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს. ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

KidNest-ი საბავშვო ბაღების სამართავი სისტემა, რომელიც ბაღების ადმინისტრაციას მშობლებთან აკავშირებს, სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალისტია

კომპანია KidNest-ი სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც პრე-აქსელერატორის გუნდთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესი ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპებმა, პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, პროგრამები მნიშვნელოვნად დახვეწეს.

მობილური აპლიკაცია KidNest-ი  2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა.

მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა, ერთი მხრივ, აღმზრდელების სამუშაოს ამარტივებს – საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის ყოველდღიური თუ პერიოდული აქტივობების, ასევე მათი საჭიროებების შესახებ,  მეორე მხრივ კი, KidNest-ის  საშუალებით მშობლები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საბავშვო ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების, გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ, ადმინისტრაციას კი აპლიკაცია აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ მწყობრ ინფორმაციას აწვდის.

KidNest-ს  მარტივად სამართავი სისტემა აქვს. პირველ რიგში, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია პლატფორმაზე არეგისტრირებს აღსაზრდელს და მშობელს სარეგისტრაციო ლინკს უგზავნის. ამგვარად აპლიკაციის შემქმნელებმა ბავშვთა უსაფრთხოებაზეც იზრუნეს – ამ ლინკის საშუალებით ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობელს, ან მშობლის მიერ დარეგისტრირებულ სანდო პირს ეძლევა. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მშობელს სისტემაში ყველა ის ინფორმაცია შეჰყავს, რაც მას ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინა, ამგვარად, აპლიკაციის საშუალებით მშობელი საბავშვო ბაღთან ონლაინ ხელშეკრულებას აფორმებს. სისტემაში შეყვანილი მონაცემების საშუალებით, ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს სწრაფად მოიძიოს მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასევე, აპლიკაციის ჩათში დაეკონტაქტოს მას. ჩათი და ქლაუდ-სისტემა KidNest-ის ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებიც ბავშვის შესახებ ინფორმაციას ერთიან სივრცეში უყრის თავს.

აპლიკაცია ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიქმნა და უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში გაიტესტა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სატესტო ვერსიას საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოჰყვა, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე მშობლების მხრიდან.

„სისტემა სამ დიდ საბავშვო ბაღში გავტესტეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ორივე მხარემ საკმაოდ მარტივად აუღო ალღო ჩვენს პლატფორმას და საბოლოოდ ყველა მიხვდა, რამდენი დროის, ენერგიისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა შეიძლება KidNest-ის  საშუალებით და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს კომუნიკაცია საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის. ამავდროულად, სატესტო რეჟიმმა ცხადად დაგვანახა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა პრე-აქსელერატორი, რომელმაც საშუალება მოგვცა, შევხვედროდით მაღალი დონის ექსპერტებს, სპიკერებს, გაგვეცნო მათთვის ჩვენი სტარტაპი და უნიკალური ფიდბექი მიგვეღო. სასწავლო პროცესის განმავლობაში შევცვალეთ ბიზნესგეგმა, დავუმატეთ კომპონენტები, დავხვეწეთ  სტრატეგია. საბოლოოდ, მოვამზადეთ ძალიან კარგი ფიჩი, რის საფუძველზეც „ქიდნესტი“იმ 9 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში 3 დღით ტალინში გაემგზავრება. ეს არის სრულიად უნიკალური პროცესი და გამოცდილება, რომელიც მივიღეთ და რომელიც პრე-აქსელერატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – ამბობს ქიდნესტის თანადამფუძნებელი, ქეთანა სტურუა.

„ქოდნესტი“ სხვა სტარტაპებთან ერთად ტალინში იანვარში გაემგზავრება, სადაც  3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუტკამპი და საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი. .

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს, დაარსების დღიდან  თიბისის პროგრამა სტარტაპერი უჭერს მხარს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი ჩაერთო და, მთლიანობაში, გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

R