Home Blog Page 1850

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, ილონ მასკი, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ერთ-ერთ კიბუცს ეწვია, რომელსაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.

კიბუცში ილონ მასკმა მოისმინა ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ბრიფინგები „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ვიზიტამდე ილონ მასკი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

“S&P-ის მიმოხილვა ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია” – ნათია თურნავა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული მაჩვენებელი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.

S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.

ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს.

საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო და რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.

„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს საშუალოდ 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.

ამასთან, შეფასება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.

„მისასალმებელია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსი, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასებაში საქართველოს უცვლელად შეუნარჩუნდა ქულა, ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში კი გაუმჯობესდა. S&P-ის მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა კვლავ მაღალია. რა თქმა უნდა, ასევე ვაცნობიერებთ მიმოხილვაში მოყვანილ ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია. ამ მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

“რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს”

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, რუსეთი გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს.

სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს როლზეც და თქვა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთო-ს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ შანსი მცირეა.

ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მეორე ცივი ომი არ უნდა ეწოდოს, რადგან ფუნდამენტური განსხვავება იყო კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების სურვილი, გაენადგურებინათ საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და გამოეყენებინათ უკრაინა რუსეთთან ღია კონფრონტაციისთვის.

ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო? -გოგა ხაინდრავა სალომე ზურბიშვილს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს “ასოცირებული ტრიოდან” – უკრაინას და მოლდოვას! – სალომე ზურაბიშვილი.

ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო? მანქანით, სირბილით, თუ ასკიკნკილით, როგორც ეს სახალხო დამცველის მ.შ. – მა გვირჩია? ჰოდა, თუ დავეწევით, მერე რა გვეშველება?“, – წერს ხაინდრავა.

ევროინტეგრაციის კომისიამ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც მან კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქმედო გეგმის შესაბამისად ისინი გააგრძელებენ კოორდინაციას ევროკომისიასთან.

„დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის რიგით 70-ე კომისიის სხდომა. როგორც ცნობილია, ევროინტეგრაციის კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ კომისიის შემადგენლობაში არიან იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას იღებენ.

ევროინტეგრაციის კომისია, როგორც იცით, არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი. ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად შევძლოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც დგას დღის წესრიგში ევროკავშირთან. შესაბამისად, დღეს იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან და ჩვენ უკვე ამ დღის წესრიგის და ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად გავაგრძელებთ კოორდინაციას ევროკომისიასთან. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თარიღები და პერიოდები, რომლის დროსაც ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი დისკუსიის პლატფორმებზე მუშაობა, იმისთვის, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, იმისთვის, რომ შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმების მიმართებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ამ პლატფორმებში მუშაობის შედეგად განხორციელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით, დღემდე გვაქვს მზაობა და ინტერესი იმის, რომ ეს რეფორმები მაქსიმალურად ინკლუზიურობით განხორციელდეს, რადგან ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ჩვენ ამ დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კომუნიკაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი, მნიშვნელოვანი პროცესი, რადგანაც ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება, ეს არის გრძელვადიანი ძალისხმევა ხელისუფლების იმისთვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად, როგორც ინსტიტუციურად, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და ეს არის ჩვენი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციასთან მიმართებითაც.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ასე ვთქვათ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე, ეს დოკუმენტი არის ძალიან მასშტაბური და სიღრმისეული, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც, ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და ამ რეფორმის უკან დგას ძალიან ბევრი კომპლექსური პროცესები. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას და ბევრი სიღრმისეული, კომპლექსური რეფორმები. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან აქტიურ დინამიკას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება” – გია ვოლსკი

მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მუშაობაში ჩართვა იმას გულისხმობს, რომ არგუმენტი და შენი ხედვა უნდა წარმოადგინო და გაამჟღავნო ის, საერთოდ გინდა თუ არა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის ფორმატში პოზიციებს იძლიერებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვისაც სტრატეგიულ გეგმად სპეკულაციები აქვს არჩეული, მისთვის ასეთი მუშაობა ძალიან ძნელი იქნება.

„იმედია, პროცესში მონაწილეობას ყველა მიიღებს და პროცესი მაინც განვითარდება. ოპოზიცია მუშაობას არ აპირებს, რადგან ხელიდან არგუმენტი გამოეცლება. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ყოფილა ის, ვინც ასოცირების ხელშეკრულებას ან გეგმას მოაწერა ხელი. ისინი ამბობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასარიდებლად გამტარია, თუმცა ეს ასე აღმოჩნდა. უამრავ სიცრუეს ამბობენ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მათი გეგმაა დესტაბილიზაცია და ამ გეგმას მიჰყვებიან. თუ მიზანს სტატუსის თემით ვერ მოაღწიეს, ახლა უკვე საარჩევნო თემას გამოიყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფო მმართველობის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9697 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0103 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთლიანად ოპოზიციას აზიანებს” – რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზიანებს, არამედ მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეს პროცესები კომიკურ ფორმაში გადაიზარდა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის ძალიან აზიანებს ოპოზიციას. დანარჩენი მხარე ჩემი ინტერესების სფერო არ არის. სწორედ იმიტომაც დავტოვე ეს პარტია, რა პროცესებიც იქ ხდებოდა და, სამწუხაროდ, გრძელდება. რაც ხდება, ამას მარტივად ჰქვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგვემა გრძელდება, რომელიც ერთ პერიოდში რაღაც ფორმას, ტანჯვის ფორმას თუ იღებდა, რასაც ახლა ვაკვირდებით, უკვე კომიკურში გადაიზარდა. ასე გაგრძელება აზიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ოპოზიციამ კითხვები კი არ უნდა დასვას, შემოთავაზება მიიღოს და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ.

როგორც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩაერთონ, რომელიც რეფორმებთან მიმართებით არის შექმნილი.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი აქტივობების დღის წესრიგს, თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პოზიციონირება, თუ როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციის შესრულებას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში იგულისხმება 2024 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და გავხსნით დისკუსიას. რაც შეეხება ინკლუზიურობას, კითხვები კი არ უნდა დასვას ოპოზიციამ, უნდა მიიღოს შემოთავაზება, რომელიც არაერთხელ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია რეფორმებთან მიმართებით. თუკი ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან, ინკლუზიურობა დაცული იქნება“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა -რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილზე

მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს გამოხატავს მთელ იმ ტრაგედიას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და იმ ტრაგედიას, რომელიც დაიმსახურა ამ პარტიამ თავისი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას.

„როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა. ძალიან კარგია და ეს ყველაფერი აისახება იმ შედეგებზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააქრობს ქართული პოლიტიკიდან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

“ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას” – „ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“.

„მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებულიყო პარტიაში, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასი“ ღაზაში ზავის გაგრძელების პირობებს ასახელებს

„ჰამასი“ ღაზაში ზავის გაგრძელების პირობებს ასახელებს. ლიბანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, უსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ ღაზაში ზავი ყოველი 10 ახალი პატიმრის გათავისუფლებისთვის ერთი დღით გახანგრძლივდება.

„ჩვენ ვეცდებით ზავის გახანგრძლივებას და გადაწყვეტილება, გაგრძელდეს თუ არა ზავი, პატიმართა არსებული რაოდენობის მიხედვით იქნება მიღებული“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

უსამა ჰამდანის თქმით, პატიმართა რაოდენობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.