Home Blog Page 1846

“ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს”- პაატა მანჯგალაძე

კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? – ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს,- ასე ეხმაურება  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე,  გავრცელებულ ჩანაწერს,  რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მანჯგალაძის განცხადებით, ამით ხელისუფლების ლუსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა.

„აბაშიძეზე ამბობენ, რომ გამოცდილი დიპლომატია, რას ახმარს მის დიპლომატიას – საქართველოს ინტერესის გატარებას, თუ რუსეთის ინტერესს? კვერცხის სროლას ეძახის ბარბაროსობას და არ გახსენებია ცხინვალი და გასწორებული თამარაშენი.

რუს პროპაგანდისტებს კვერცხის სროლის გამო უხდის ბოდიშს, ბოდიში მოიხადოს 8-9-10 აგვისტოს დაღუპული გმირი ბიჭების მშობლების წინაშე. კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? ღარიბაშვილის წარმომადგენელია და მის ინტერესს გამოხატავდა, როცა პრემიერი ისეთი გვყავს, “რასაც გინდა დაუძახებ”, არ მიკვირს აბაშიძის დამოკიდებულება. ეს არის ღირსების საკითხი, თვითონ უნდა გადადგეს. რისთვის იხდიდა ბოდიშს- ელარჯის გაწელვა რომ ბოლომდე არ დააცადეს? ეს არის ლუსტრაცია იმ რუსული საქმის, რასაც “ქართული ოცნება” ემსახურება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა.

ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში ვიზიტით ომის დაწყების შემდეგ.

„ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ ქვენ გადასცემთ შეტყობინებას, შემიძლია, უკვე ხვალ ჩამოვიდე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე – „მისი აზრით, რატომ არ მიიწვია ის ვოლოდიმირ ზელენსკიმ“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ეს არ არის პირადი, და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც სამთავრობო წრეებს შორის მოცემულ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, მე ვგრძნობ ამის შედეგებს, თუმცა მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ასეთი შემთხვევა გაჩნდება ყირიმის პლატფორმაზე

” ჩვენ ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად”- პაველ ჰერჩინსკი

გასულ წელს ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიეცათ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ისინი ასევე შეთანხმდნენ 12 პრიორიტეტზე, 12 საკითხზე, სადაც საქართველომ უნდა გაზარდოს რეფორმები, ეს არის სამუშაო პროცესი, ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკი აცხადებს, ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს დიდი პროგრესი ექნება 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე.

„მსურს, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ პროგრესს. ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად დიდი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტზე. ამავე დროს ჩვენ გვჭირდება, პოზიტიური და კონსტრუქციული ამბები მოდიოდეს საქართველოდან. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე 27 წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა და, ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად 12 პრიორიტეტის შესრულების საფუძველზე, ასევე საქართველოს საერთო აღქმის საფუძველზე“, – განაცხადა ელჩმა.

„დავით გარეჯის საქმეზე“ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ

„დავით გარეჯის საქმეზე“ სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება – დღეს სახელმწიფო ბრალდება მოწმეებს დაკითხავს. კერძოდ, სასამართლოს მისცემს ჩვენებას თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფი თედო გოგუაძე. სახელმწიფო ბრალმდებელის მიხეილ სადრაძის განცხადებით, თედო გოგუაძე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს და ბრალდებას გაამყარებს.

თედო გოგუაძე 2014-2015 წლებში მუშაობდა კრიზისების მართვის საბჭოში, მაშინ როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილებოდა. სადრაძის განცხადებით, გოგუაძე დაადასტურებს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ და მალავდნენ მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ მასალებს.

ერთ-ერთი ბრალდებული ივერი მელაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

„რა ბრალეულობაც არის წარმოდგენილი, თავიდან ბოლომდე არის აბსოლუტურად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. ამის არგუმენტებიც გვაქვს, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა“, – აცხადებს ივერი მელაშვილი.

„დავით გარეჯის საქმეზე“ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პრემიერმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა აჯა ლაბიბიდამ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია”.
“ევროპალია”  2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით.
ფესტივალი ორ გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით  –  „საქართველო – შეხვედრების ადგილი” და  ,,მოდერნიზმი საქართველოში – ფანტასტიკური ავანგარდი”. ფესტივალზე თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების მონაწილეობით.
გარდა სამუზეუმო გამოფენებისა, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას წარმოადგენენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების საავტორო გამოფენებზეც.
საგანგებოდ აღსანიშნავია ქართული მუსიკალური ხელოვნების წარმოსაჩენად დაგეგმილი ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, ფოლკლორული ანსამბლები და ასევე „კამერული გუნდი”.
გარდა ტრადიციული მუსიკისა, ევროპის საზოგადოება გაეცნობა ქართულ პროფესიულ მუსიკალურ საკომპოზიტორო ხელოვნებასაც.
ფესტივალი უმასპინძლებს სასიქადულო ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე მწერლის შემოქმედება.
თეატრალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას წარადგენენ ქართული პროფესიული თეატრები.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართული კინო, მსოფლიო ფენომენი, რომლის მიმართაც ინტერესი იყო და დღესაც მზარდია ევროპაში.

“პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი გვაფიქრებინებს, რომ დეკემბერში საქართველო მიიღებს სტატუსს”

„არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე ასოცირებულ ტრიოში შემავალი ქვეყნები (უკრაინა, მოლდოვა). მეორე რეალობაა, თუ რაოდენ აქტუალურია საქართველო და რამდენად საქართველოს საჭიროებს ევროპა“, – ამის შესახებ გადაცემაში „პოლტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ევროპაში და ევროპიდან გაჟღერებული პოზიტიური გზავნილები საქართველოს მისამართით, იძლევა იმის იმედს, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს მიიღებს.

„პირველ რიგში, აუცილებლად აღსანიშნია ბატონი პრემიერ-მინისტრის გააქტიურება, რაც ამ ბოლო ხანებში ჩანს (აზიური და ევროპული მიმართულებით) იმიტომ, რომ საინტერესოა ერთი რამ – პრემიერის საგარეო პოლიტიკა ხასიათდება არა მხოლოდ ერთ ვექტორზე დამოკიდებულებით, რაც ძალიან კარგია. აზიური თვალსაზრისით ის იყენებს სხვადასხვა ეკონომიკურ პლატფორმებს, რომელ პლატფორმებზეც საქართველო პოზიტიურად არის წარმოჩენილი, რაც თავისთავად მოიტანს ძალიან კარგ შედეგებს გარკვეული დროის შემდეგ.

აქ არის მეორე მომენტიც, რაც პრემიერ-მინისტრის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობაში და ევროპის თვალსაზრისით დაგეგმილ საგარეო ვიზიტებში გამოიყენება – ამ პერსპექტივის იმ რეალობად ქცევა, რისი მოლოდინიც გვაქვს და რომელიც შეეხება სტატუსს, რაც სამწუხაროდ, შარშან პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად არ მოგვანიჭეს.

მაშინ საუბრობდნენ ე.წ. გეოპოლიტიკაზე და საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჩემი აზრით ეს უფრო მიზეზი იყო. სინამდვილეში, სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა დღევანდელი შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრების სახით წარმოგვიდგინა (შეხვდა არაერთი სტრუქტურის ხელმძღვანელს), ის პოზიტიური გზავნილები, რომლებიც გაკეთდა საქართველოს მისამართით – იძლევა იმის პირობას, გაცილებით ახლოს არის დეკემბრის გადაწყვეტილებასთან ის, რომ საქართველო მიიღებს აუცილებლად სტატუსს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც მოიტანა. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე ასოცირებულ ტრიოში შემავალი ქვეყნები (უკრაინა, მოლდოვა). მეორე რეალობაა, თუ რაოდენ აქტუალურია საქართველო და რამდენად საქართველოს საჭიროებს ევროპა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ ვითარებას, როდესაც მთლიანი რკალი შემორღვეულია (რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ). ერთადერთი, დემოკრატიული ფანჯარა, რომელიც არის ყველაზე მდგრადი და ღირსეული პარტნიორი დასავლური სტრუქტურებისთვის, ეს საქართველოა. ეს ვიზიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, გამომდინარე იმ პოზიტიური გზავნილებიდან, რაც ევროსტრუქტურების ხელმძღვანელობამ გააკეთა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

“ფრონტზე ახლა მიდის ურდოს საარტილერიო წერტილების განადგურება” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშინ ღამე ისევ დაბომბეს ოდესა და კრივოი როგი. ჩვენებმა 3 ფრთოსანი რაკეტა, 20 შაჰედი და 1 რუსული ორლანის დრონი ჩამოაგდეს; კრივოი როგში 2 საწარმოს მოხვდა რაკეტები, მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ 1 ადამიანია დაშავებული;

ნიდერლანდები, შვედეთი, დანია და ისლანდია 110 მილიონი დოლარის დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს უკრაინისთვის; ნიდერლანდებმა 4 ახალი სარადარო სისტემა გადასცეს უკვე უკრაინას! მიდის აქტიური მუშაობა უკრაინის ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!

დღეს რამშტაინი იწყება, რომელსაც მერე ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მოჰყვება! ამ ფორმატებში განიხილება უკრაინისთვის ფ-16-ების და პატრიოტების გადაცემის საკითხები!

როგორც გითხარით, სწორედ ძლიერი სამხედრო პაკეტი იქნება მთავარი გზავნილი უკრაინისთვის ნატოს სამიტზე, თუმცა, ვაშინგტონიდან დაბრუნებულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მუშაობს ინტენსიურად უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების თაობაზე ძლიერი და მკაფიო სიგნალის ვილნიუსის სამიტზე მიცემისთვის. აშშ-ს პოზიცია გადამწყვეტი იქნება ამ თვალსაზრისით და ამიტომაც მიდის მასთან ინტენსიური მუშაობა მოკავშირეების მხრიდან;

ამასობაში ევროპარლამენტმა კახოვკის ჰესის აფეთქება შეაფასა, როგორც სამხედრო დანაშაული.
ამასობაში 205 დივიზიას ან ტელეგრამ არხი გაუტეხეს, ან ბავშვი დაჯდა, ან მთვრალი სალდათი, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს კახოვკის აფეთქებაზე. ხერსონის მიმართულებაზე შეტევა რომ თავიდან აგტვეცილებინა, იმიტომ ავაფეთქეთ, მაგრამ სიმძლავრე ვერ გავთვალეთ და კატასტროფული შედეგი მივიღეთო!!!!!
კიდევ ბევრი იქნება ეგეთი ამბები, ისევე როგორც რამზან კადიროვის მარჯვენა ხელთან ადამ დელიმხანოვთან დაკავშირებული ისტორიები. მოკლედ პრიმორსკთან ხიეს ჩვენებმა ახმატის კოლონას. ამბობენ, რომ ამ კოლონაში დელიმხანოვის ეგდო. მერე კი ატყდა ერთი ამბავი და დღის ბოლოს კადიროვმა რაღაც გადაკერებული ვიდეო გამოაძრო, აგერ არის საღ-სალამათიო, თუმცა დუმაში თქვეს, რომ დაჭრილიაო! მოკლედ, ბოლო მაინც კობზონია, მაგრამ იმ კოლონაში რომ ძალიან ბევრი კადიროველი ჩაიფერფლა ამას ურდოს ვაენკორებიც ადასტურებენ;

კრემინასთან მოხდა მაგარი ამბავი – დაყენებული ჰყავთ ასობით ურდოსიკი და ელოდებოდნენ 2 საათი, ვიდრე ურდოს გენერალი გამომსევრდებოდა და მიმართავდა სიტყვით. გენერალი საცხა გადაყუდებული იყო ეტყობა და ამასობაში ჩვენების გაუმარსებმა გაუმარჯოს უკრაინასო დააბაბანეს და ასობით ურდოსი კობზონთან გაამგზავრეს;
ასობით და პაჩკობით ბარდებიან ურდოსები “პლენში”, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რაც კონტრიერიშის დაწყებითი ფაზა ამოქმედდა;

ფრონტზე ახლა მიდის ურდოს საარტილერიო წერტილების განადგურება. 5 ერთეული მსტა გაუნადგურეს გუშინ სტარომლინოვკის მიმართულებით და 1 ცალიც ალაფად იგდეს ჩვენებმა; ამინდმა შეაფერხა ცოტათი საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ჩვენი მხრიდან არტილერია მუშაობს შეუჩერებლად;

ავდეევკაზე და მარიინკაზე ხო გახსოვთ, ურდო რო გვიტევდა და ჰადაჰა შევდივართო ურდოსიკები რო იძახდნენ? ჰოდა ახლა ჩვენებმა შეუტიეს და კაი წინსვლაც აქვთ ავდეევკის მიმართულებაზე. ისევე როგორც მეთოდურად მიიწევენ წინ ბახმუტის ფლანგებზე სამი მხრიდან – კურდიუმოვკას, ბერხივკას წყალსაცავის და კლეშჩეევკას მიმართულებებზე რამდენიმე ასეული მეტრით ყოველდღიურად მიიწევენ წინ ჩვენები!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, არ გარუსდე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა 3 მიმართულებით განახორციელა – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 477-ე დღე

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან ერთი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას Х-101/Х-555 ტიპის ფრთოსანო რაკეტებით, ასევე Shahed -136/131 დრონებით დაესხნენ თავს. რაკეტები Tu-95ms ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებით კასპიის ზღვიდან გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინელებმა გაანადგურეს, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვეს და უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, რომელიც საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით ახორციელებდა.

სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ჩვენი წინსვლა დამაჯერებელია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

“ჩვენთან ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევა მიმდინარეობს, მაგრამ ასევე რამდენიმე მიმართულებაზე მტრის შეტევაც მიმდინარეობს. ანუ დღეის მდგომარეობით შეტევაშიც ვართ, და დაცვაშიც. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებებზე. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა…

ამის გარდა, სამხრეთში ჩვენი სამხედროები მინდვრების სრულ დანაღმვას აწყდებიან. ამიტომ ძალიან რთულია წინსვლა. კი, ეს შესაძლებელია, ნელა, თუ ციფრებს შევხედავთ, მაგრამ ეს წინსვლა დამაჯერებელია”, – განაცხადა მალიარმა.

უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, კონტრშეტევითი ოპერაციები მინიმუმ 3 მიმართულებით განაგრძეს და წარმატებას მიაღწიეს, – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულების დაუზუსტებელ მონაკვეთებში 200-500 მეტრით წინ წაიწიეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით კი 300-350 მეტრით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გასული დღის განმავლობაში ბრძოლა გაგრძელდა დონეცკის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მაკარივკას გარშემო და ზაპოროჟიეს ოლქში ორიხივის სამხრეთით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტავრისკის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის ვალერი შერშენის თქმით, უკრაინული ძალები ტავრისკის მიმართულებით პრიორიტეტს ანიჭებენ რუსეთის ელექტრონული ომის სისტემებზე დარტყმას და „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ ადრე შეაფასა, რომ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობებს ფრონტის ამ ნაწილში უკრაინის თავდასხმების გართულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ახლა რეალურად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს და ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან იცავს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იარაღისა და აღჭურვილობის არსენალი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს: „როდის და როგორ გავხდებით ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ნატო-ს ქვეყნებთან მაქსიმალურ თავსებადობას მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის, რათა ვილნიუსში მაქსიმალურად გათავისუფლდეს სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

“უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ამ ევრორეკომენდაციებს. ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენს შრომას გავწევთ და ამას მოსახლეობა დაინახავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების.

მისი თქმით, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანით არის დაკავებულია, ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.

„გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე უარყოფითი იქნება თუ დადებითი, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა იმ მხრივ არ იქნება, რომ მთავარია, დავინახოთ, რომ საქართველო, ხელისუფლება იყოს პატიოსანი თავის მიდგომებში. თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, როგორც შარშან იყო უსამართლო, ესეც იქნება არამხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ უკვე ეცოდინება ევროკავშირს, რომ ამით აძლევს იარაღს საქართველოში რადიკალიზმს. ვხედავთ, რომ ჯგუფებს ამზადებენ, ხდება პროვოკაციების ტესტირება. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ამის შემადგენელი ნაწილია, ასევე, ის სემინარებიც, სადაც იარაღს ატრიალებენ და რევოლუციაზე საუბრობენ, ამის შემადგენელია. ეს არის, ასე ვთქვათ, გარკვეული გაშლილი ფრონტი, სადაც ხდება ძალადობის კულტივირება, აგრესიის დაგროვება, ჩვენება იმისთვის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღარ იყოს გაუცხოება იარაღის მიმართ და როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“ დაავლო ვიღაცამ ხელი და ესროლა ადამიანს და წვავდა, ასე დაავლოს ამ იარაღს ხელი, როცა მიაჩეჩებენ, და მოკლას ადამიანი. ამისკენ მიჰყავთ ყველაფერი. ამას სჭირდება დროული რეაგირება, რადგან მერე უკვე გვიანი იქნება. მერე. როდესაც ეს „მოლოტოვის კოქტეილით“ დაზიანებული ადამიანი მხოლოდ დაზიანებით კი არ გამოვა, უარესი შედეგი დაგდება, გვიანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. დროა, დღესვე დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსებისა და ამას ახლავე უნდა შეეშვას ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც კი ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა როგორც ბორტზე მყოფები ამბობენ, გემზე, სულ მცირე, 500-700 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ ტევადობას, რაც დაშვებული იყო ნავისთვის.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა კი ახალგაზრა მამაკაცი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაღუპულები. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს, გადარჩენილთა უმეტესობა კი სავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთის მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სამტრედიაში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

 

მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.

მოზარდი სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივნისამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, 15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.