Home Blog Page 1845

“რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს” – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს.

ამის შესახებ განცხადება დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა.

„ვისურვებდით უკეთესი სიტუაცია გვქონოდა ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ხდება შავ ზღვაში. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა დანილოვმა.

კიევის ცნობით, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული სამხედრო გემი „ნოვოჩერკასკი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხომალდმა დაზიანება მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის”

„ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და კანონი 2008 წლის სექტემბერში მიიღეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა დანიშნა.

„ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი „რუსთავი 2“-ის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა. უფრო მეტიც, გოგავამ განმარტა, 8 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების წარმოებისას იმიტომ ვჩქარობდით, რომ პირველი ფაზის დასრულება საომარ მოქმედებებში რუსული ჯარის შესაძლო ჩართვამდე მოგვესწროო.

ისიც გვახსოვს, როგორ დააანონსეს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენა ჯერ მამუკა ყურაშვილმა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ისიც გვახსოვს, 8 აგვისტოს როგორ საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ლომაია და სხვები არა იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსული ჯარისგან იცავდა თავს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებით იკავებდა ქართული ჯარი კონფლიქტის ზონაში დასახლებებს და როგორი წარმატებით მიმდინარეობდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენის ოპერაცია.

რა გასაკვირია, რომ „ნაციონალებმა“ 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვისთანავე მათ მიერ კონტროლირებადი ყველა ტელევიზიიდან – მათ შორის „რუსთავი 2“-დან, „იმედიდან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სრულად გააქრეს 2008 წლის არქივები. იმ დღეების ეთერების უწყვეტი კადრები ახლა რომ გვქონოდა, ჩვენც და იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც 2008 წელს მცირეწლოვანნი იყვნენ ან სულაც დაბადებული არ იყვნენ, სრული სიმძაფრით დაგვიდგებოდა თვალწინ იმ უმძიმესი ღალატის ქრონიკა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა.

ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც „ნაციონალებმა“ საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერეს ხელი. ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს ღალატს წინ უძღოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, სააკაშვილის მიერ დევნილებისთვის 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება, რუსეთის მიმართ უხეში რიტორიკის მუდმივი გამოყენება და უამრავი პროვოკაცია, რომელმაც, საბოლოოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა.

„გარდა ამისა, 2006 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოაწყო არაერთი სამხედრო პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე პროვოკაცია უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელდა. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ 2008 წლის დანაშაული არ იყო სპონტანური და დაუგეგმავი, არამედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მისი პატრონების მიერ კარგად გათვლილი სცენარი, რომელმაც საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ბუნებრივია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომში რუსეთი გაიმარჯვებდა. თუმცა, მათი გეგმა არც იყო წინააღმდეგობის გაწევაზე გათვლილი. მაშინ „ნაციონალებმა“ შეასრულეს დაკვეთა, რომელიც არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ გარკვეულ გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამ გლობალურ სცენარში საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცის მისიისთვის გაწირა, რაც სამშობლოს ღალატი იყო.

საინტერესოა, რომ „ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ასევე, პარტიულ თანამდებობებზე აწინაურებენ ადამიანებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების დაწყება აქვთ აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2008 წელს ჩადენილი ღალატი მათ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ უქმნის. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ნაციონალებს, პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა უმძიმეს დანაშაულებთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი.

ჰააგაში და სტრასბურგში სასამართლო პროცესების დასრულებამდე ყველა თავს ვიკავებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისა და ღალატის შეხსენებისგან, რათა მათი დანაშაულის ხაზგასმას სახელმწიფოს ინტერესები არ დაეზიანებინა. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჰააგას და სტრასბურგს საერთოდ არ უმსჯელიათ ომის დაწყების საკითხზე და დაადგინეს, რომ ქართულ ჯარს 2008 წელს არც ომის დანაშაული ჩაუდენია და არც ადამიანის უფლებები დაურღვევია.

სასამართლო პროცესები დასრულდა და სამართლებრივი რისკები აღარ არსებობს, ჩვენ კი მაინც დუმილის სტრატეგია შევინარჩუნეთ, რაც არასწორია. ახლა, როდესაც ნაცმოძრაობისთვის 2008 წლის დანაშაულის შეხსენებას საქართველოსთვის არავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია, მათ დანაშაულზე ხელის დაფარება ყოვლად გაუმართლებელია. სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც პატრიოტიზმის ნაკლებობამ მომავალში სამშობლოს ღალატი და მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაადენინოს.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი – „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან პაციენტები აღნიშნულ მედიკამენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.

უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.

კომპანია „როშესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის საშუალოდ 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისში მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი მოკლეს.  სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, 2024 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს. 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების და თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. წარმოდგენილი ღონისძიების საქართველოში გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის როგორც გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას მსოფლიოს მასშტაბით.

2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასთან და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების  გაღრმავების და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის  შესანიშნავ საფუძველს.

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა საკუთარი იდეების საჯაროდ გახმოვანებისთვის. თუ გაგიმართლათ, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ განხორციელებაში გვერდით დაგიდგებათ. ვარსკვლავების განლაგება ახალი ურთიერთობების დამყარებასა და სხვადასხვა შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – სჯობს იმ საქმეებს მიხედოთ, რომლებიც ახალი წლის წინ თავზე საყრელად გაქვთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გასაძლიერებლად და ეს საქმიან ურთიერთობებსაც ეხება. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელიც ერთი შეხედვით, უინტერესო და არაპერსპექტიული ჩანს. მოგვიანებით შეიძლება აზრი შეგეცვალოთ. პროფესიული საქმიანობა უარყოფითი აზრებიდან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ამიტომ ეცადეთ, მთლიანად მუშაობაში გადაეშვათ.

ტყუპები

ეცადეთ, პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან მათთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ. შესაძლოა, თქვენით მოხიბლული პერსონისგან მაცდური შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ, ყველას მიმართ მეგობრული განწყობა გამოიჩინოთ, თუმცა ამ დღეს ყველა მიღებული ინფორმაცია უნდა შეამოწმოთ, რათა მძიმე შეცდომა არ გამოგეპაროთ.

კირჩხიბი

დაფიქრდით იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანია, გეზედმეტებათ – შეიძლება, ეს იყოს ურთიერთობა, რომელიც ენერგიას გაცლით ან სამუშაო, რომელსაც არც კმაყოფილება მოაქვს და არც ფული. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლაც უახლოეს დღეებში შეგიძლიათ. შესაძლოა, საკუთარ თავშივე აღმოაჩინოთ თვისებები, რომლებიც ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში ხელს გიშლით და მათი შეცვლა სცადოთ.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობასა და სამსახურთან დაკავშირებული საკითხებია. შეგიძლიათ დაასრულოთ საქმიანობა, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებთ. ენერგიის ნაკლებობას უჩივით, ამიტომ მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ყველაზე აუცილებელია. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე სიარულისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულისთვის პირველ ადგილზე რომანტიკული კავშირები და ბავშვებთან ურთიერთობა იქნება. ვიღაც – ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, ვიღაც პირიქით – მიხვდება, რომ ერთად ცხოვრება აუცილებელია, ვიღაც კი, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შვილებთან საერთო ენას გამონახავს. დღის მეორე ნახევარი ეცადეთ იმ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

სასწორი

დღის დასაწყისი შეიძლება შფოთიანი ჩანდეს, მაგრამ სერიოზული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა. შეეცადეთ, არ იჩქაროთ და არ აჰყვეთ ირგვლივ ატეხილ უაზრო აურზაურს. მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე; ეს საკმარისი იქნება წარმატების მისაღწევად. ბევრ სასწორს სასიამოვნო ცვლილებები ელის. ადამიანს, რომელიც რთულ დრო მხარში გედგათ და არ მიგატოვათ, ახლა დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მორიელი

შეხვედრებით და ურთიერთობებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, ბევრი გადაადგილება და სოციალურ ქსელებში მიმოწერა გელით. ზოგი მორიელი სწავლის შეწყვეტას და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს. ბევრს ექნება განცდა, რომ გარშემო ყველაფერი იცვლება და თავის საცხოვრებელ ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვის. თუ ხვდებით, რომ შეცდით და გული უსამართლოდ ატკინეთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ და გააცნობიეროთ, რომ ადამიანებთან ჰარმონიული და ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარებისთვის ზოგჯერ თუნდაც უმნიშვნელო კომპრომისიც საკმარისია. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ,ოჯახის ბიუჯეტს გადახედოთ და საახალწლო ხარჯი ჩამოწეროთ, იქნებ ჯობს, რომ დღესასწაულის წინ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ?

თხის რქა

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობის თემა იქნება – ეს შეიძლება როგორც საქმიან თანამშრომლობას, ასევე პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ემოციები მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. ამ დღეს უმჯბესია ინდივიდუალურად, სხვა ადამიანების დახმარების გარეშე იმუშაოთ.

მერწყული

დღის პირველი ნახევარში ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საუბარს – სწორი სიტყვების პოვნაც გაგიჭირდებათ და შეიძლება, ემოციებიც ვერ მოთოკოთ. თუმცა ხელსაყრელი დროა საბუთების მოსაწესრიგებლად ან შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარი კი შეგიძლიათ როგორც საქმიან, ისე პირად შეხვედრებს დაუთმოთ – საერთო ენას მათთანაც გამონახავთ, ვინც აქამდე არ გისმენდათ.

თევზები

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს დღე კარგად ჩაივლის. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობასაც ადვილად დაამყარებთ. მოსალოდნელია მაცდური შეთავაზება, რომელიც საინტერესო პერსპექტივას გააჩენს, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

,,ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია”- ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, მმართველი გუნდი ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგებს, რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია.

როგორც ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთოს და როგორ აკეთოს. არ იცის ან არ უნდა ჩამოყალიბება. ხშირად ვლაპარაკობ არჩევნებზე, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, იმიტომ რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული.

ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს. ესაა პრობლემა. ხელისუფლების პრობლემა ერთია, ოპოზიციის პრობლემა მეორე. 30 წლის განმავლობაში ასეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ფსკერზე ვართ.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება არის ფსკერზე. ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის, ოპოზიციისადმი ნდობაც არ არის. საქართველოში ვერ დამისახელებთ პიროვნებას, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, პატრიარქს არ ვგულისხმობ“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა- ინფორმაციას AP news ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კომიტეტის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებისთვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა.

,,ჩვენ შევძლებთ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ”- ბურჭულაძე

ჩვენ შევძლებთ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

„იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია.

„ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში.

,,რუსული ჯარების მიერ ამ მარინკას აღების მეთოდი იგივე იყო, რაც ბახმუტში”- ზალუჟნი

ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიცავთ ჩვენი მიწის თითოეულ ნაწილს, მაგრამ როდესაც მტრის ჭურვები იწყებენ ამ ადგილის გადათხრას, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარები კვლავ იმყოფებიან ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა ჯარებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზი ამ დასახლებულ პუნქტს გარეთ, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ მარინკამ თითქმის ორი წელი გაუძლო და რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების მეთოდი იგივე იყო, რაც ბახმუტში.

„ნადგურდება ქუჩები, ჩვენს ჯარისკაცებს კრძალავენ. იმაში, რომ ჩვენ ახლა დავბრუნდით მარინკას გარეუბანში და ზოგან უკვე დავტოვეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება. ომია და სამწუხაროდ, ასეა“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე.

„საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი“- ბურჭულაძე

ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „ქრონიკა 17:00-ზე“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება: „საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამი წელია ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში: „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოჯისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად“.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატოსთას, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს.