Home Blog Page 1842

“ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს” – გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წლის არჩევნებით დაიწყება გასამართლების პროცესი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მაშინ როდესაც ჰააგის და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა გაამართლეს ქართული სახელმწიფო და ჯარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელი მოაწერა, რომ „ისკანდერები“ გამოიყენეს, ანუ ომის დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ჯარმა და საქართველომ დაიწყო ომი. ბუნებრივია, რომ მანამ, სანამ ასეთი ომისა და ღალატის პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველთვის იქნება კრიზისები და პრობლემის შექმნის მცდელობა მაინც. ამიტომაცაა ჩვენი პოზიცია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წლის არჩევნებით დაიწყება ამ გასამართლების პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

“არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები” – კახა კალაძე ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ.  არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი  არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს  ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე  და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე  მარიკა ვერულაშვილის კავშირზე.

მისი განცხადებით,  პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას  ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის.

„ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას.  მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ,  რადგან ეკონომიკის  განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს  სხვადასხვა  მიმართულებით.  ეს მხოლოდ და  მხოლოდ მისასალმებელია. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშნებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი  პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა,“- განაცხადა თბილისის მერმა.

“9 თვის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სს დევნა 48 პირზე დაიწყო, განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა”

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს – 2023 წლის 9 თვის მონაცემებით „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა, – აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბაკურ აბულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უმკაცრესია.

„ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნიკა მელია, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას” – თინა ბოკუჩავა

ნიკა მელია, როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები. როგორ იქნება ეს, უპირველესად, ამომრჩეველს ვკითხავთ“.

თინა ბოკუჩავას თქმით, შესაძლებელია, ისინი ფორმალურად გაერთიანდნენ კოალიციურ რეჟიმში.

„არ მინდა, სხვა პოლიტიკური პარტიების გეგმებზე სპეკულაციური განცხადება გავაკეთო. შესაძლებელია, ისინი ფორმალურად კოალიციურ რეჟიმში გაერთიანდნენ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არსებობს და არ გვსურს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმები დაიკარგოს. ამიტომ გამსხვილება უფრო კარგი იქნება. ალბათ, ამ გაერთიანებამ ნათელი მოჰფინა იმ მრავალთვიან პროცესს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. როგორც ჩანს, პარტიის დატოვების შემდეგ ღიად განიხილავს გარკვეულ პოლიტიკურ გაერთიანებას. ამან შეიძლება, ცხადყოს ფაქტი, რომ ეს ადამიანი გარკვეული პოლიტიკური ობციების შერჩევის პროცესში იყო, მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. პრეტენზია ალტერნატივაზე ბევრს ჰქონდა წარსულშიც, თუმცა შემდეგ მათი საარჩევნო შედეგები გვინახავს. ჩემი მიზანი ვინმეს დაკნინება არ არის, რადგან ეს დიდ ოპოზიციურ მიზნებს ეწინააღმდეგება, თუმცა ვისურვებდი, ადამიანები ახლო წარსულის მაგალითებზე იღებდნენ გაკვეთილებს იმ წარმატებისთვის, როცა ოპოზიციამ ხალხთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9763 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9645 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა.

“ჩვენმა ეკონომიკამ, საბანკო-საფინანსო სისტემამ გაუძლო არსებულ გარე შოკებს და საკმაოდ მაღალი მედეგობა აჩვენა”- ნათია თურნავა

ჩვენმა ეკონომიკამ და საბანკო-საფინანსო სისტემამ, რომლის ზედამხედველობასა და სტაბილურობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, გაუძლო არსებულ გარე შოკებს და აჩვენა საკმაოდ მაღალი მედეგობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი რისკი გარე შოკებსა და წინასწარ გაუთვალისწინებელ ფაქტორებშია, რაც შესაძლოა, დიდი წნეხი აღმოჩნდეს ნებისმიერი ეკონომიკისთვის, მათ შორის პატარა ღია ტიპის ეკონომიკისთვის.

„არავის გაუკვირდება, რომ სხვადასხვა პოტენციური რისკების შეფასებისას გარე რისკებს და შოკებს ვაყენებთ პირველ ადგილზე, რადგან ზედიზედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შოკი გადავიტანეთ. პირველი ეს იყო კოვიდპანდემია, რომლიდან აღდგენაც პრაქტიკულად, ახლახან დასრულდა. ხოლო მეორე დიდი შოკი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რუსეთ უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითრებული ესკალაცია. ორივე ამ ტრაგედიამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს რეგიონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შოკების ფონზე, საფინანსო სისტემამ გაუძლო და აჩვენა მაღალი დონის მედეგობა. ეს გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ მსგავს შოკებს მომავალშიც გავუძლებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

“ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა” – თეონა აქუბარდია

დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა – აღნიშნულ პროცესზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა, – ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასება.

მისივე თქმით, ეს იყო ხარკი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან მოითხოვა, რაც ბოლო ფაქტობრივი ანექსია არ იქნება.

„2020-2021 წელს განხორციელდა სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწადნახევარია ვცდილობ ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მივმართე მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში” – Die Welt

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად გრძნობს და განვითარების ბუმს განიცდის“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ველტის“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“ (ავტორი – ედუარდ შტაინერი).

ვლადიმერ პუტინმა წარმატებით განახორციელა რუსული ეკონომიკის დაქვემდებარება სამხედრო მოთხოვნებისადმი და პარალელურად, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასაც მიაღწია. რუსული ეკონომიკა იმდენად იზრდება, რომ ტემპებით მსოფლიო დონესაც აჭარბებს.

ექსპერტები ამ მოვლენას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადების გაფართოებას უკავშირებენ. 2023 წელს სამხედრო ხარჯები გადიდდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში – 70%-ით მეტი. ეკონომიკური ბუმი ასევე უკავშირდება იმასაც, რომ კრემლმა ფულის საბეჭდი დაზგა აამოქმედა, ხოლო რუსები, თავიანთი მხრიდან, აქტიურად იღებენ კრედიტებს. რაში ხარჯავენ ფულს? – ძირითადად საცხოვრებელი ბინების შესაძენად.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფრონტზე კონტრაქტით მსახურობენ, მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მოხმარების მოცულობას აფართოებს. მიმდინარეობს ეკონომიკის რესტრუქტურიზება. ინვესტიციები ძირითადად იდება იმ დარგებში, რომლებსაც დასავლური კომპანიები ტოვებენ. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს და საჭირო პროდუქციას მესამე ქვეყნების ტერიტორიული ტრანზიტის მეშვეობით იღებს. კრემლმა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია შეცვალა და ახლა ევროპის ნაცვლად, ძირითადად აზიაზეა ორიენტირებული.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება.

“ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია.

აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მთავრობის მეთაურმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

“სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდება”

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

„რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი კვლევები და პროექტები თანმიმდევრულად განხორციელდება.

„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური კვლევებია ჩასატარებელი, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ. მაგალითად, ავიღოთ ტრამვაი. გვესმის, რომ ტრამვაი გასაკეთებელია, მაგრამ ამას ხომ სჭირდება დეტალური ანალიზი და პროექტი? რა თქმა უნდა, კვლევები და პროექტიც თანმიმდევრულია – რაღაცას აკეთებ, შემდეგ მეორე ნაბიჯია გადასადგმელი. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი წაართვა თბილისელებს. არ ვიცი იმაზე დიდი მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს, როდესაც შენს ქალაქს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ართმევ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება”

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

გენერალური პროკურორის თქმით, უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება.

ირაკლი შოთაძემ დაასახელა ის მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მათ შორისაა – სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ყაჩაღობა, გამოძალვა, სქესობრივი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაულები, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ტრანსნაციონალური დანაშაულები და სხვა.

„ანგარიშში ასახულია სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა ძირითად მიმართულებები“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერმა წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციულად, თბილისელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დედაქალაქის მერია და პირადად მე, ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, ინფრასტრუქტურის შექმნით და წამახალისებელი ღონისძიებებით. ამ ყველაფერში თქვენი როლი განსაკუთრებულია. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას, ხართ სტიმული ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთად ყველაფერი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტული ცხოვრებით და ერთად მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სპორტსმენებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

„არნახულია ის წარმატება, რომელიც ქართულ სპორტს აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს შემთხვევით არ მოდის, ცხადია. რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა, თანადგომა ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნით, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ვერ იქნებოდა წარმატებაც. მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებულები იყავით, რომ მომდევნო წლების განმავლობაშიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

„193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფარიკაობა, ჭადრაკი, ჭიდაობა, რაგბი, ძალოსნობა, სამბო, კუდო, ათლეტიზმი, სპორტული ცეკვები, კანოე-კაიაკი, სროლა, კარატე, კონტაქტური კარატე, კალათბურთი, მკლავჭიდი/პარამკლავჭიდი, უშუ, ძიუდო, პანკრატიონი, მას-რესლინგი, ბატუტი, ხუთჭიდი, ჯიუ-ჯიცუ, პარაძიუდო, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და უსინათლოთა სამჭიდი, ეტლით ფარიკაობა.

გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ეროვნულ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ფეხბურთის გუნდი „კვარტალი“, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი ფრენბურთის გუნდი „თბილისი“, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი დარბაზის ჰოკეის გუნდი „ლურჯი ქორები“, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ხელბურთის გუნდი „მართვე“.

გაცემული ჯილდოების ჯამური მოცულობა 883 000 ლარია.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის საკრებულოს, სპორტის მიმართულებით მოქმედი სხვადასხვა უწყებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.