Home Blog Page 1838

“სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, ისე ბიზნესისათვისაც” – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „როგორც ქალაქ თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა“.

ეკონომისტის თქმით, სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით.

„როდესაც 2021 წლის ბოლოს სემეკის მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, თბილისსა და რეგიონებში ელქტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზრდა, მისი საფასურის მატება დიდწილად იმ პერიოდში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგი იყო. თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. ტარიფები გაიზარდა იურიდიული პირებისთვის საშუალოდ 11 თეთრით.

სემეკის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან იყო უხვი სპეკულაციები ტარიფის გაზრდა სთან დაკავშირებით, აქცენტები კი ზამთრის პერიოდზე იყო გადატანილი.

ნიშანდობლივია, რომ დღეს სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ფაქტიურად, დავუბრუნდა გაძვირებამდე ტარიფს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტარიფი 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრის ნაცვლად 15.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 22.053 თეთრის ნაცვლად 19.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 26.537 ნაცვლად 23.537 თეთრს.

მიმაჩნია, რომ სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიიდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით.

სემეკის გადაწყვეტილება კი შესაძლებელი გახდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებით, რამაც თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის შეუქცევად გამყარებასაც შეუწყო ხელი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა, წყალმომარაგების კომპანიას კი ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა.

ახმეტაში სტიქიას 79 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.

79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

“ნუ უსმენთ ოპოზიციას, „ზომბ ენჯეოებს“ ან უცხოურებს, რომელთაც არ აქვთ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოში”-დევი ლი

ნუ უსმენთ ოპოზიციას, „ზომბ ენჯეოებს“ ან უცხოურებს, რომელთაც არ აქვთ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოში. მათი მიზანია რეჟიმის შეცვლა, მათი გეგმა – საზოგადოების კონფლიქტი, რევოლუცია და ომი. ისინი არიან სახიფათო, კორუმპირებული კლოუნები, – წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი დევიდ ლი.

როგორც ლი აღნიშნავს, ასეთი გლობალისტები არ მუშაობენ დემოკრატიისთვის, მათ უნდათ ქაოსი და ელიტური კონტროლი ეკონომიკაზე.

„თითქმის 20 წელია ვარ ინვესტორი საქართველოში. ამ დროს, შევამჩნიე, რომ ბევრი უცხოელი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს აქ, ყოველთვის ამბობს კრიტიკას საქართველოზე. მაგალითად, ლაპარაკობს, რომ მთავრობა კორუმპირებულია, ქართველები კარგად არ მუშაობენ, ან ქვეყანა არ არის კარგი ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის.
ჩემი გამოცდილება, როგორც „მაგთიკომის“ დირექტორის და „ამჩამ“-ის პრეზიდენტის არის პირიქით. ამის გამო, 2017 წელს მე და ჩემმა კოლეგებმა ავაშენეთ ევროპის ბიზნეს-ასოციაცია. ჩემი ინვესტიცია საქართველოში კარგად მუშაობს. მგონია რომ მომავალი 20 წელი იქნება უკეთესი ვიდრე გასული 20 წელი. წელიწადში 10%-იანი ზრდა არის რეალური გეგმა რამდენიმე სექტორში. ამის გამო, თუ გინდა იყავით ინვესტორი საქართველოში, ნუ უსმენთ ოპოზიციას, „ზომბ ენჯეოებს“ ან უცხოურებს, რომელსაც არ აქვთ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოში. მათი მიზანი არის რეჟიმის შეცვლა, მათი გეგმა არის საზოგადოების კონფლიქტი, რევოლუცია და ომი. ისინი არიან სახიფათო, კორუმპირებული კლოუნები. ასეთი ადამიანები მუშაობენ ყველგან მსოფლიოში და იღებენ ფულს ღია საზოგადოების გუნდიდან. ასეთი გლობალისტები არ მუშაობენ დემოკრატიისთვის. მათ უნდათ ქაოსი და ელიტური კონტროლი ეკონომიკაზე. ნუ უსმენთ Open Society Foundations ან მისი #zombieNGOs.“ – წერს დევიდ ლი Facebook-ზე.

https://www.facebook.com/David7000lee/posts/pfbid0dMMwXGSY8EjkYm1FTFQdWAKDZPdTCahbve68QG6Vx9MhtA5o5BhNzj7xNRFuttxJl

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა – ფოტოები

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათ ცნობით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

„ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

გორში საცხოვრებელ ბინაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

გორში საცხოვრებელ ბინაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა და ბიძა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომაზე მტკიცებულებების გადასინჯვა მოხდა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების ფორმის – პატიმრობის, გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. მოკლული არასრულწლოვნის დედის – ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა, 5-დან 100 ათას ლარამდე ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ, აღმკვეთის არასაპატიმრო ფორმით შეცვლა მოითხოვა, ნატიგ მაგარამოვის ადვოკატმა კი 3-დან 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ორივე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულებს ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი -საფრანგეთის ელჩი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი“, – წერს შერაზ გასრი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.

“ბიჭვინთის საკითხზე მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო, მხოლოდ განცხადებები არ კმარა” – ანა დოლიძე

პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რუსეთს ისედაც შეეძლო ბიჭვინთის ტერიტორიის სარგებლობა, თუმცა მან ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება გადაწყვიტა.

„ცხადია, რუსეთს შეეძლო, უბრალოდ ესარგებლა ბიჭვინთის ტერიტორიით, რასაც ისედაც აკეთებს აფხაზეთზე. ანუ ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონოდა. აქ ისმის კითხვა: რატომ გადაწყდა ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება? პასუხი მარტივია – იმისთვის, რომ გრძელვადიანად განმტკიცდეს მისი საკუთრება. საერთაშორისო სამართლებრივად ამას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც აფხაზეთი სახელმწიფო არაა და ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ დადებს.

თუმცა საერთაშორისო სამართალი იცნობს მექანიზმს, რითაც სახელმწიფოები აპროტესტებენ ასეთ უკანონობებს: persistent objector- ანუ მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო. მხოლოდ განცხადებები არ კმარა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ამ განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბიჭვინთის აგარაკი 49 წლიანი იჯარით რუსეთს გადაეცა.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც  ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში  საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.  შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის  მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023  წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება ქ. თბილისის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის აბონენტებზე.

გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“  წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.

წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია.  მათ შორის,  სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში  317,897,722 ლარის, ხოლო  ქ. რუსთავში – 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

ტყუილია, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს -მიხეილ სარჯველაძე

ის, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს, აბსოლუტური ტყუილია, რომლის ტირაჟირებასაც ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლება არ ტყუის, ხელისუფლებას პოზიცია მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აქვს გაცხადებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეურიგებელია ოკუპაციასთან, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს.

„ნებისმიერი აქტთან, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, ვართ შეურიგებელი და აბსოლუტურად კრიტიკული. საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, ისაა, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება -გურამ მაჭარაშვილი

ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება, – ეს განცხადება მედიასთან ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის თემაზე დასმული კითხვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის მტკიცებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში “დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება მაქსიმუმზეა”.

“განცხადებებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის საგარეო პოლიტიკური ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კავშირშია, რასაც შესაბამისი შედეგი მყისიერად მოაქვს ხოლმე.

თუ ვინმე გვეტყვის, ამის გარდა და კიდევ სამხედრო კონფლიქტის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

27 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა- დეტალები

რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, კერძოდ, ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც ამ წუთებში უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.

გარდა ამისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებაზე.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა მეორეხარისხოვანი საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.