აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედა და ბიძა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

41
spot_img

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომაზე მტკიცებულებების გადასინჯვა მოხდა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების ფორმის – პატიმრობის, გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. მოკლული არასრულწლოვნის დედის – ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა, 5-დან 100 ათას ლარამდე ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ, აღმკვეთის არასაპატიმრო ფორმით შეცვლა მოითხოვა, ნატიგ მაგარამოვის ადვოკატმა კი 3-დან 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ორივე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულებს ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.