გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტიას სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა უნდა იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენოს საქართველოს, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ სააკაშვილის შემთხვევაშიც.
„ზოგადად, აკერმანებთან, როგორც ჩანს, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არ გამოგვდის. ერთი აკერმანი იყო და საქართველოში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა და მეორე, ამ შემთხვევაში კომპანია „აკერმანია“ და პრაქტიკულად, საქართველოს დასანქცირების მცდელობებში იქნა მხილებული FARA-ს კანონის მეშვეობით. ძალიან სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ცრუ ინფორმაციები გავრცელდეს, ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად მტრული რეზოლუციები მიიღოს და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი გადაფარა იმან, რომ ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მიმართ სანქციები გავრცელდეს, რომელიც, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს არის ღალატი საქართველოს წინააღმდეგ, სხვას ამას, ვერაფერს დავარქმევ.
რაც შეეხება თანხას, რომელიც ამ ყველაფერშია დახარჯული (ოფიციალურად, მილიონზე ოდნავ მეტზეა ლაპარაკი), შეუძლებელია ამ თანხით ამდენი აქტივობის დაფინანსება მოხერხდეს. ჯერ მარტო რამდენიმე ათეული წერილი დაიბეჭდა საერთაშორისო პრესაში, CNN-ზე ინტერვიუ და სიუჟეტი იყო, „როიტერსში“ მასალები გამოქვეყნდა და ა.შ. ამ ყველაფერს გაცილებით მეტი ფული სჭირდება. ორი რამ არის რაც ამ მილიონზე ცოტა მეტის უკან დგას – პირველი: სავარაუდოდ, გაცილებით დიდი თანხაა გადახდილი და მეორე: ეს არის თემა, რომელსაც არც ორი და არც ოცი მილიონი არ ეყოფოდა, გაცილებით დიდი მოთამაშეების ინტერესები რომ არ იდგეს ამის უკან.
„აკერმანი“ ამ შემთხვევაში, არის ერთი პატარა ნაწილი, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ არის გაჩაღებული გლობალური ომის პარტიის მიერ. გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება. მათ ვერ აუტანიათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ არის მათი პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად არაერთი მარცხისა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს და არ გამოუვიდათ მცდელობა, რომ რევოლუცია მოეწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სტატიაა გამოქვეყნებული, თუ რეზოლუციაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული, ესეც ვერ ახდენს სასურველ შედეგს და საქართველო ძალიან მტკიცედ მიუყვება ომის არდაშვების გზას, მაინც ეს მცდელობები არ ჩერდება, არ იკლებს და სულ უფრო და უფრო ბრუნებს იღებს. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ ამ კამპანიების უკან დგას ძალიან დიდი ძალა და ამ ძალას ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას.
სააკაშვილი ძალიან პატარა ჭანჭიკია ამ გლობალური ომის პარტიის ხელში, რომლის გამოყვანა უნდათ იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენონ ქვეყანას, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ, მართლა რომ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ამ ნაბიჯს არ გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.