Home Blog Page 1831

“მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს – არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს”- კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის არსებული სანქციები შეახსენა.

მისი თქმით, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და იგი 50 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია.

„დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.

„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – 2024 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.

„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი მგზავრი შეძლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილება, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერია ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა მოსკოვზე, რათა უბიძგოს რუსეთს, შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ეს ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად.

გერმანიაში ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. როგორც გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი წერს, მხარეებმა ღიად, დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე.

“ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია”

ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023″-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც ვითარდება, რათა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.

„რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.

და ბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც როგორც ჩვენ გავარკვიეთ , არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს.

კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები, რის მაგალითიც დღევანდელი ფორუმია.

კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ისთერნ ფრომოუშენსი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ:

28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN).

29 ივლისი | მარკუს მილერი  (MARCUS MILLER European Tour 2023).

30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს  (BROOKLYN FUNK ESSENTIALS).

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა, მაზდა.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიაა.

პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“. წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს.

მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა – ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო – ალმა არიან.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა  www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

R

“გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა”- პრემიერი

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩემთვის პატივი და სიამოვნებაა, ვიმყოფებოდე აქ და გულითადად ვულოცავდე მონარქის დაბადების დღეს მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ ისტორიულ დღეს.

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და ჩემი მთავრობის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა 1919 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც სერ ჯონ ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მეგობრობას. ამდენად, მხოლოდ სიმბოლური არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. ამ პლატფორმამ შესაძლებლობა მოგვცა, გავაგრძელოთ წინაპართა ტრადიცია და საერთო ინტერესების ირგვლივ გავმართოთ სისტემატური დისკუსიები.

საქართველოში ახლახან იმყოფებოდა მდივანი ჯეიმს ქლევერლი და ამ ვიზიტით დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს მიერ რეგიონისადმი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისადმი ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ჩართულობისათვის და, ჯეროვანი მმართველობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას 2019 წელს მოეწერა ხელი. ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენად იქცა ჩვენს ურთიერთობებში. ამ დოკუმენტით განმტკიცდა ჩვენი პარტნიორობა და შეიქმნა მტკიცე იურიდიული ჩარჩო თანამშრომლობისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ფართო შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

გაერთიანებული სამეფო ყოველთვის გვაძლევდა შესანიშნავ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საუკუნოვანმა ტრადიციებმა კიდევ უფრო გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები ინდივიდის თავისუფლების დათმობის გარეშე. თქვენმა დიდმა კულტურამ და ტრადიციებმა, ისევე როგორც თქვენმა მტკიცე პოზიციამ თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით განაპირობა ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა.

დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ და კარგად ვიცით მეგობრების გვერდში დგომის ფასი. დიდად ვიმედოვნებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ურყევად გააგრძელებს ჩვენს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საქართველო ყოველთვის იცავდა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წყობას და ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო ფუნდამენტურ ნორმებსა და ადამიანის უფლებებს, რადგან ესაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის გარანტი.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სფეროში თავდაცვა და უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილია და მოიცავს ტრადიციულსა და არატრადიციულ მიმართულებებს. დიდად მადლობელი ვართ მისი უდიდებულესობის მთავრობის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.

იმავდროულად, თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის საკვანძო კომპონენტებია, რადგან წამყვან როლს თამაშობს ხანგრძლივი კავშირების დამყარებაში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს და ახალ სამიზნე ორიენტირებს დავსახავთ ჩვენი პარტნიორობის გზაზე, რათა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობისა და ჩვენი ერების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ გულისხმიერად და გულწრფელად ვულოცავ მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს! დაე, მისი მმართველობა დალოცვილი ყოფილიყოს მშვიდობით, კეთილდღეობითა და სიხარულით! ღმერთმა დალოცოს მეფე!”, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.

საზეიმო მიღებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

“მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს” – ირაკლი ღარიბაშვილი

მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023″-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა.

„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო! მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ძვირფას ელჩებს, ჩვენს პატივცემულ სტუმარს თურქეთის რესპუბლიკიდან. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას. მოგეხსენებათ კარგად, რომ კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ზოგადად კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ისევე როგორც საჯარო და კერძო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი, საგანი გახდა ბოლო პერიოდში.

ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ კარგად, ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კიბერუსაფრთხოების როლზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, კიბერუსაფრთხოების როლს რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა, თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას, ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

“გაცილებით უფრო მწვავე საკითხია შრომის უსაფრთხოება, ამდენი მაღაროელი არ უნდა იღუპებოდეს” – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება:

“ჭიათურაში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით პერიოდულად მხვდება დამამუნათებელი პოსტები: რატომაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ამ გაფიცვას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ანუ გაფიცულებს აქტიურად მხარს არ უჭერენ.

არის მეორენაირი კრიტიკაც, უკვე გაფიცულების მიმართ: თუ ისინი ამბობენ, რომ „პოლიტიკა არ აინტერესებთ“, რაც პრაქტიკულად მმართველი ძალის მხარდაჭერას ნიშნავს, რატომ უნდა ელოდონ, რომ მათი ბედი სხვას (განსაკუთრებით, ხელისუფლების კრიტიკოსებს) დააინტერესებთ?

ვაღიარებ, რომ მეორე პოზიცია ჩემთვის, სულ მცირე, უფრო გასაგებია. სულაც არ მგონია, რომ სხვა ხელისუფლების ხელში გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას მეტი შანსი ექნებოდა: მათ დავა კერძო ბიზნესთან აქვთ და არა მგონია, ხელისუფლება მასში უნდა ჩაერიოს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დამუნათება არ მუშაობს და გაფიცულთა გულშემატკივრები ამას უნდა მიხვდნენ: საზოგადოებას მორალი კი არ უნდა უკითხონ, არამედ კონკრეტული არგუმენტებით აგვიხსნან, რატომ უნდა ვიყოთ გაფიცულთა მხარეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ყველა გაფიცვა სამართლიანია, თუ მხოლოდ ზოგიერთი? უკეთესი ხელფასი ყველას გვინდა: მე რომ პროფესორი ვარ, მეც გავიფიცო? მაგალითად, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორებიც გაფიცულან და სტუდენტებს აღარ ასწავლიან. მათაც სოლიდარობა უნდა გამოვუცხადო? (თუმცა ჩემზეც და, განსაკუთრებით, ჭიათურელ მაღაროელებზე გაცილებით უკეთ ცხოვრობენ).

ეჭვი მაქვს, რომ აქტიურ გულშემატკივართა უმრავლესობას კონკრეტული მაღაროელების ბედი კი არ ამოძრავებს, არამედ იდეოლოგიური მრწამსი: ისინი თვლიან, რომ კაპიტალიზმი ცუდია, მაგრამ ამაში სხვების დარწმუნება უჭირთ, ამიტომ მორალურად „გვაწვებიან“: “რატომ არ ხართ საწყალი ხალხის მხარეს”? მაგრამ ვითომ, ემპათიის დეფიციტშია პრობლემა?

რაც შეეხება კონკრეტულად მაღაროელებს, გამიხარდება, თუ უფრო მაღალი ხელფასები ექნებათ – მაგრამ ეს სურვილი მხოლოდ მათ მიმართ არ მაქვს. გაცილებით უფრო მწვავე საკითხია შრომის უსაფრთხოება: ამდენი მაღაროელი არ უნდა იღუპებოდეს; ისევე, როგორც ამდენი ადამიანი არ უნდა ეწირებოდეს ავტოავარიებს და არ უნდა „იპარებოდეს“ ნარკოტიკის მოხმარებისგან. თუ გაფიცვა შრომის უსაფრთხოების პრობლემას უშველის, კი ბატონო, მხარდასაჭერია, მაგრამ ჯერ ვინმემ ამიხსნას, როგორ უშველის,”- წერს გია ნოდია.

“თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს”-დავით ჭიჭინაძე

სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყანა ძარცვონ.

„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს. ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ეს ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ. თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე-ივანიშვილის „ოცნებაში” კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება!

ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს

შსს-მ ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავეს.

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა დაწყებული, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყების თანამშრომლებმა 8-ვე პირი ერთ კლუბში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ჩვენებმა კრემინას მიმართულებაზე ურდოს შეტევა ადგილზე დაადუღეს” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშინდელი სტატუსი უკვე დაწერილი მქონდა, რომ კიდევ 1 კა-52 ვერტმფრენი “კრაკადილის” ჩამოგდება დაადასტურეს ჩვენებმა! ასეთი ამბები არასდროს ძველდება. ძირს რუსული “კრაკადილები”.

ჩვენებმა კრემინას მიმართულებაზე ურდოს შეტევა ადგილზე დაადუღეს. გვიტევდნენ იამპოლოვკის, ტორსკოეს და ბელოჰოროვკის მიმართულებებით, მაგრამ განადგურდნენ რამდენჯერაც შემოგვიტიეს იმდენჯერ. ბრძოლები კიდევ გრძელდება;

ასევე მარიინკას უტევენ მერამდე თვეა თავგადაკლულად, მაგრამ ბიშტი მაგათ მარინკა კი არა;

ბახმუტის ფლანგებზე ყოველდღიურად 200-300 მეტრით მივიწევთ წინ. ფაქტია, რომ ურდოს ოპერატიულ ალყაში მოქცევა სულ უფრო რეალური ხდება;

ზაპოროჟიეში პიატიხატკაზე სცადეს რამდენიმეჯერ კონტრიერიშის განხორციელება. ოჰ რა მშვენიერი სანახავია ვიდეოები, როგორ გიზგიზებს ურდოს ტანკები. უჰელდარი-2 ცხვება ვატყობ. პიატიხატკი-ჟერებიანკის და ლუჰოვე-ჟერებიანკის ტრასები მოფენილია ურდოს მძიმე ტექნიკით და მკტარი ურდოსებით.

ურდოს ასეთი გააფთრება აიხსნება ერთი ცნობით: პუტლერს გაცემული აქვს ბრძანება, რომ ნატოს სამიტამდე (11-12 ივლისი ვილნიუსი) ფრონტი არ უნდა გაირღვეს, რომ ალიანსის ლიდერების არ ჰქონდეთ განცდა, რომ უკრაინა დიდ წარმატებას აღწევს. ამ ავადმყოფს ძალიან კი უნდა, რომ გენერალი ზალუჟნი და გენერალი ბუდანოვი გამოეთიშონ, მაგრამ მისი გულის გასახეთქად, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე ახორციელებს თავის საქმიანობას და გეგმების რეალიზების შესახებ მუდმივ კონტაქტზე კოლეგებთან. მაგალითად, გენერალი ზალუჟნი და გენერალი მარკ მილი, რაც ჩვენ ვიცით, კვირაში 1 მაინც საუბრობენ ტელეფონით.

აკი დაიჭექა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, რომ მომავალ წელს, 18 ივნისს ჩემს დაბადების დღეს ყირიმში აღვნიშნავო და რამშტაინის ფორმატის მინისტრები ყველა!!! დაპატიჟებულიაო.

ახლა დახმარებები: დღეს იწყება უკრაინის რეკონსტრუქციაზე 2-დღიანი კონფერენცია. სახ.მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ახალ დახმარების პაკეტს აანონსებს. პენტაგონის ბუღალტრები გლიჯავენ. გასული წლის დახმარებები გადავჩოთქეთ, 6.2 მილიარდით მეტი გამოგვიცხადებიაო და შესაბამისად სექტემბრამდე ამ თანხის დახმარების გამოყოფა შეგვიძლიაო. მთლად ბუღალტრებში არ მგონია საქმე იყოს, მაგრამ იკოს ასე კარგი განწყობისთვის;
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ვონ დერ ლეიენის ოფისმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ლონდონში 4 წლიან 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს გამოაცხადებს;

ამ ციფრების ფონზე მოკრძალებულად ჩანს, მაგრამ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო გადასცემს 14 ჯავშანმანქანა მ113-ს და ბუქსირებად 105 მმ-იან საარტილერიო ჰაუბიცებს;

გერმანია აპირებს შეისყიდოს 30 ათასამდე ჭურვი თვითმავალი პანცერჰაუბიც 2000 ჰაუბიცებისთვის, ჯამში 120 მილიონი ევროს ღირებულების;

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ისრაელი აპირებს “მერაკავა”-ს ტანკების მიყიდვას უკრაინის, მაგრამ…. “უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ისურვა ჩვენგან ტანკების შეძენა. საკითხი განხილვის პროცესშია. საჭიროა თავდაცვის სამინისტროს დასტური”. ზნაჩიტ ბუდეააა! კვიპროსს – მერკავები, ჩვენებს – ტ-80-ები! ესეც პურია!

ლონდონში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი პირველად შეხვდება თურქ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს. სხვა რამეებზეც იქნება საუბარი, მაგრამ ცხადია ერთ-ერთი მთავარი თემა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის ვილნიუსის სამიტამდე გადაწყვეტა იქნება;

ფრანგული “ლე მონდი” იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი სულ უფრო იხრება უკრაინაში ნატოს გაწევრიანების გადაწყვეტილებისკენ. მისი პოზიცია ახლა პოლონეთთან უფრო ახლოს არის, ვიდრე გერმანიასთან. ეს საკითხი 12 ივნისს საფრანგეთის თავდაცვის საბჭოზე განხილულა და როგორც ამბობენ, რამდენიმე მიმართულებაზე მიდიოდა მსჯელობა: უკრაინის მოწვევის დაჩქარება, ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და ა.შ.

და ბოლოს შავი ოქროს ამბები: ევროპულმა კავშირმა 90%-ით შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა. გუშინ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ყაზახ კოლეგა ტოყაევთან შეათანხმა ყაზახური ნავთობის მოცულობების შესყიდვის 6-ჯერ ზრდა. 100 ათასი ტონა ყოველ თვე ყარაჩაგანაკის საბადოდან – ასეთია ხელმოწერილი შეთანხმების პირობა!

ევროპელებს ვინ ჩივა, აგერ ჩინელებს მაისთან (670 ათასი ტონა) შედარებით ივნისში (260 ათსი ტონა) თითქმის 3-ჯერ შეუმცირებიათ რუსული ურალს-ის მარკის ნავთობის შესყიდვა. ა შტო სლუჩილსა? აღმოსავლეთი ფაქიზი რამ არის. ირანელებს უფრო იეფობაში შეუთავაზებიათ ჩინელებისთვის და წავიდა ჰეე!

ბლინკენმა მოიარა ჩინეთი, ხვალ ინდოეთის პრემიერის ნარენდრა მოდის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია დაანონსებული ვაშინგტონში! მოსკოვიას მოკავშირეობა არის გზა #რუსკივაენიკარაბლიდინახუი სკენ! ნუ შობით ეგრე!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, რას ვაპირებთ 2023-ში?! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივნისს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში დღისით წვიმა და +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +24 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით წვიმა და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +22, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.