“გაცილებით უფრო მწვავე საკითხია შრომის უსაფრთხოება, ამდენი მაღაროელი არ უნდა იღუპებოდეს” – გია ნოდია

213
spot_img

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება:

“ჭიათურაში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით პერიოდულად მხვდება დამამუნათებელი პოსტები: რატომაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ამ გაფიცვას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ანუ გაფიცულებს აქტიურად მხარს არ უჭერენ.

არის მეორენაირი კრიტიკაც, უკვე გაფიცულების მიმართ: თუ ისინი ამბობენ, რომ „პოლიტიკა არ აინტერესებთ“, რაც პრაქტიკულად მმართველი ძალის მხარდაჭერას ნიშნავს, რატომ უნდა ელოდონ, რომ მათი ბედი სხვას (განსაკუთრებით, ხელისუფლების კრიტიკოსებს) დააინტერესებთ?

ვაღიარებ, რომ მეორე პოზიცია ჩემთვის, სულ მცირე, უფრო გასაგებია. სულაც არ მგონია, რომ სხვა ხელისუფლების ხელში გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას მეტი შანსი ექნებოდა: მათ დავა კერძო ბიზნესთან აქვთ და არა მგონია, ხელისუფლება მასში უნდა ჩაერიოს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დამუნათება არ მუშაობს და გაფიცულთა გულშემატკივრები ამას უნდა მიხვდნენ: საზოგადოებას მორალი კი არ უნდა უკითხონ, არამედ კონკრეტული არგუმენტებით აგვიხსნან, რატომ უნდა ვიყოთ გაფიცულთა მხარეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ყველა გაფიცვა სამართლიანია, თუ მხოლოდ ზოგიერთი? უკეთესი ხელფასი ყველას გვინდა: მე რომ პროფესორი ვარ, მეც გავიფიცო? მაგალითად, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორებიც გაფიცულან და სტუდენტებს აღარ ასწავლიან. მათაც სოლიდარობა უნდა გამოვუცხადო? (თუმცა ჩემზეც და, განსაკუთრებით, ჭიათურელ მაღაროელებზე გაცილებით უკეთ ცხოვრობენ).

ეჭვი მაქვს, რომ აქტიურ გულშემატკივართა უმრავლესობას კონკრეტული მაღაროელების ბედი კი არ ამოძრავებს, არამედ იდეოლოგიური მრწამსი: ისინი თვლიან, რომ კაპიტალიზმი ცუდია, მაგრამ ამაში სხვების დარწმუნება უჭირთ, ამიტომ მორალურად „გვაწვებიან“: “რატომ არ ხართ საწყალი ხალხის მხარეს”? მაგრამ ვითომ, ემპათიის დეფიციტშია პრობლემა?

რაც შეეხება კონკრეტულად მაღაროელებს, გამიხარდება, თუ უფრო მაღალი ხელფასები ექნებათ – მაგრამ ეს სურვილი მხოლოდ მათ მიმართ არ მაქვს. გაცილებით უფრო მწვავე საკითხია შრომის უსაფრთხოება: ამდენი მაღაროელი არ უნდა იღუპებოდეს; ისევე, როგორც ამდენი ადამიანი არ უნდა ეწირებოდეს ავტოავარიებს და არ უნდა „იპარებოდეს“ ნარკოტიკის მოხმარებისგან. თუ გაფიცვა შრომის უსაფრთხოების პრობლემას უშველის, კი ბატონო, მხარდასაჭერია, მაგრამ ჯერ ვინმემ ამიხსნას, როგორ უშველის,”- წერს გია ნოდია.