Home Blog Page 1827

“არავის მივცემთ საშუალებას, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე LGBT ფესტივალი ჩატარდეს” – ვატო შაქარიშვილი

საქართველოში, თბილისში LGBT პრაიდი არასდროს ჩატარდება, – ამის შესახებ მოძრაობის, “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში დაგეგმილ LGBT კვირეულს გამოეხმაურა.

როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, კვირეულის ჩატარება 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი, რის საწინააღმდეგოდაც „საზოგადოება მტკიცე და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს“.

„საქართველო არასდროს შეეგუება ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის მთელი ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის საყვარელი სარეკრეაციო დასასვენებელი ადგილი, იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. ჩვენ საშუალებას არ მივცემთ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. პრაიდ-ფესტივალი ჩატარდეს ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ“, -განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შაქარიშვილი კერძო მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ და LGBT ფესტივალი აღკვეთონ.

„მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი და სად აპირებენ ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და კომპანია „თბილი ოუფენ ეარს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. „თბილისის ოუფენ ეარს“ წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღია LGBTპროპაგანდისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ის უფლებას აძლევს ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს ეს აღვირახსნილობა გამართონ იმ მიწაზე, რომელსაც ფლობს „თბილისი იპოდრომ სერვისი“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

ვატო შაქარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ ჩაშლიან ფესტივალს საკუთარ მიწაზე, ადგილზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ LGBT ფესტივალის ჩატარების პრეცედენტი საჯარო სივრცეში არასდროს მოხდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისგან პასუხი შესაბამისი და ადეკვატური იქნება“, -აღნიშნა შაქარიშვილმა.

“17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია” – ილჰამ ალიევი

საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყნებთა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო უერთდება გაერო-ს განცხადებას, რომელიც გმობს პოლიციის მხრიდან სროლას და მოუწოდებს საფრანგეთს, „სერიოზულად გადახედოს რასიზმისა და დისკრიმინაციის ღრმა პრობლემებს სამართალდამცავ ორგანოებში“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო.

„ბოდიშის მოხდა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ემანუელ მაკრონის წინამორბედებმა კოლონიზაციის პირობებში ამყოფეს, გამოიყენეს მონებად, მოკლეს, აწამეს და დაამცირეს, არ იქნება მხოლოდ საფრანგეთის ისტორიული დანაშაულის აღიარება. ეს დაეხმარება მას ღრმა პოლიტიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების დაძლევაში, რომელშიც ალჟირელი მოზარდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდა. საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. ეს არის ცინიკური და ამაზრზენი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – თქვა ილჰამ ალიევმა.

ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

“შვებულება არ გექნებათ – როცა ვიტყვით, მაშინ მოხვალთ და იმუშავებთ” – მდინარაძე ოპოზიციას

შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს, მხოლოდ მმართველ გუნდს კი კვორუმის შეკრება გაუჭირდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კარგია იმის დაფიქსირება, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება – იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. დღეს რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა.

“ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა” – ალეკო ელისაშვილი

ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება.

„ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა. კაცი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ წაიკითხავ, ეს არ უნდა გააკეთო, რადგან დიპლომატიურ ენაზე ელჩის გამოწვევის შემდეგ, ომი იწყება და ეს რაში სჭირდება არ ვიცი. რაში სჭირდება? – როგორც ჩანს, არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება. ზელენსკი კი ვერ ხედავს, რომ სააკაშვილის იქით არის საქართველო, რომელიც მას მხარს უჭერს. სხვათა შორის, ამას კრიტიკა უკრაინის შიგნითაც მოჰყვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პოლიციამ კახეთში მამის მკველობის ფაქტზე 20 წლის შვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიღნაღში მამის მკვლელობისთვის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სასიკვდილო დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას – 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები ამორალურია” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის განცხადებები არის ამორალური. ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტები არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რეაქციას, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში, ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ ისინი არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები. საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას სხვა ახსნა არ შეიძლება, ჰქონდეს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ქართველები ამ სიტყვის სათანადო გაგებით, არამედ არიან უცხოელი აგენტები. ამიტომ შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, ასეთი განცხადებები გააკეთონ. ეს არის ამორალური და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

“ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი”

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ დნმ-ის ანალიზი ობდებოდეს“.

“სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17-ე პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის გახსნილი და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდები ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი კვლევებისთვის, რაც საქმეს უკან ხევს“, – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ, ან გაუფრთხილებლობით.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს მხრიდანაც შეცდომა იყო, რადგან თავის დროზე სააკაშვილი საჩუქრად არ გადაუგზავნეს”

თავიდანვე ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო არ ღირდა პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაეშვათ და პოლიტიკური ვითარებიდან მოეშორებინათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაში მათ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი არ ეთანხმებოდა.

„არათუ „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობაც“ არ გვეთანხმებოდა და მის ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანას ითხოვდა. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის გამო არ ღირს, ეს საქართველოსაც ეხება და უკრაინასაც. უბრალოდ, ჩვენი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ, გვიღირდა თუ არა ამ წუთას ბოროტებასთან მებრძოლი გმირი ქვეყნის და ხალხის გადაკიდება სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნის გამო? ზელენსკის ადგილზე ასეთი განცხადება შეიძლება, არ გამეკეთებინა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ეხმარება, როცა არაფრისმომცემ ქმედებებში ხარჯავს ენერგიას, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში იყოს და „ქართულ ოცნებას“ მართლა რეალური პრობლემები შეუქმნას. კასპში რომ წავიდნენ და იქ გაილახნენ, რა მოემატა „ნაცმოძრაობას“? გუშინ „ვივამედთან“ აქციის ჩატარების გამო მიშა გარეთ არის? – პირიქით, მუხტი ჩაცხრა, რადგან ხალხმა დაინახა, რომ იკრიბებიან და იშლებიან. ამ უაზრობას მათი პარლამენტში ყოფნა სჯობს, რომ კითხვები დასვან. არასწორია ორივე. ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის გამო საქართველოს მხრიდანაც შეცდომა იყო, რადგან თავის დროზე არ გადაუგზავნეს საჩუქრად სააკაშვილი და ზელენსკის მხრიდანაც არის შეცდომა, მაგრამ ამ შეცდომით ვინ უფრო მეტად ზიანდება? ჩვენს ინტერესშია, პროცესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ფრონტის ხაზზე კვლავ გვაქვს წინსვლა პიატხატკიდან ჟერებიანკის მიმართულებით” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ აფეთქება და პროვოკაცია არ მომხდარა და რადიაციის დონე ზაპოროჟიეში და მის ირგვლივ ნორმაშია;

გუშინ ურდომ ისკანდერის რაკეტით იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქში პერვომაისკოეში დაღუპული უკრაინელი მებრძოლის გასვენებაში შეკრებილ ქალებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე. შედეგად მძიმე მდგომარეობაში არიან 9 თვის და 1 წლის ბავშვები, აგრეთვე დაშავებულია 40-მდე ადამიანი;

– უკრაინელებმა გუშინ საღამოს ჰაიმარსებით დაბომბებს დონეცკის რეგოინში მაკეევკის შეიარღების მსხვილი საწყობი/ბაზა და ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტი დონეცკში;

– ვანკუვერში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად რუსეთი აღიარებულია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ხოლო ვაგნერი – ტერორისტულ ორგანიზაციად;

– ურდოში მიღებულია გადაწყვეტილება ბიუჯეტის 10%-ით შეკვეცაზე. სეკვესტრი არ შეეხება მხოლოდ ძალოვნებს, პენსიებს და ჯერჯერობით ჯანდაცვასაც;

– ამასობაში რუბლმა დოლართან მიმართებაში 90-ს, ხოლო ევროსთან – 98-ს გადააცილა;

– კამჩატკაზე საწვრთნელი ფრენის დრონს ჩამოვარდა გამანადგურებელი მიგ-31;

– ნიდერლანდები უკრაინას გამოუყოფს დამატებით 120 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარების სკოლების, კლინიკების და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე;

– ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ;

– პრეზიდენტი ზელენსკი შეიძლება ეწვიოს ბულგარეთს უახლოეს პერიოდში;

– ფრონტის ხაზზე კვლავ გვაქვს წინსვლა პიატხატკიდან ჟერებიანკის მიმართულებით, აგრეთვე რაბოტინოს მიმართულებაზე;

ბახმუტის სამხრეთით კლეშჩეევკისთვის მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, გენერალი სირსკი აცხადებს, რომ კონტრიერიშის დროს გაათავისუფლებენ ბახმუტს.

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ყველამ იცის, რომ სააკაშვილს არც აწამებენ და არც კლავენ” – ლევან ლორთქიფანიძე

ყველა პატიოსანმა და ელემენტარული ლოგიკის მქონე ადამიანმა იცის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს არც აწამებენ და არც კლავენ-საქმე გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციასთან, პროვოკაციულ თვითდაზიანებასთან და მეგალომანიით დაავადებული ადამიანის ახირებასთან, რომელსაც ციხეში ყოფნა არ სურს! ამ ყალბი მიზეზისა და ყოფილ ავტორიტარ მმართველთან პოლიტიკური მოკავშირეობის გამო საქართველოს ელჩის გამოძევება კიევიდან არის სრულიად უღირსი საქციელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც პოლიტოლოგი წერს, სამართლიანად აღინიშნა საქართველოს საელჩოს გმირული საქციელის თაობაზე. როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მისიები გარბოდნენ უკრაინის დედაქალაქიდან, ჩვენები კი იქ დარჩნენ.

ლორთქიფანიძის თქმით, უკრაინიდან ელჩის უსამართლოდ გამოძევება ნიშნავს რუსული უფსკრულის წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოსთვის ხელის კვრას.

“ყველა პატიოსანმა და ელემენტარული ლოგიკის მქონე ადამიანმა იცის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს არც აწამებენ და არც კლავენ.

ფაქტია, ის არ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს და არ იკვებება ნორმალურად (ერთხელ ქ-ნმა გიულიმ ისიც კი თქვა, ძირითადად, ვაშლის “ალაძიკებს” ვაჭმევო… ასეთი საჭმელი მეც კი არ გამიგია).

შეუძლებელია პატიმარს კლავდე, აწამებდე და თან მას წელიწადნახევარში 2000-ზე მეტი შეხვედრის უფლებას აძლევდე. შეუძლებელია პატიმარს კლავდე, აწამებდე და მასთან დღეში ორჯერ დედამისს უშვებდე. ვინმეს წამება და მოკვლა თუ გინდა, მაღალი რანგის ექიმების გარემოცვაში, კარგ საავადმყოფოში რატომ დააწვენ?!

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებაში ანგელოზები არ არიან, ბევრს სცოდავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციასთან, პროვოკაციულ თვითდაზიანებასთან და მეგალომანიით დაავადებული ადამიანის ახირებასთან, რომელსაც ციხეში ყოფნა არ სურს!

ამ ყალბი მიზეზისა და ყოფილ ავტორიტარ მმართველთან პოლიტიკური მოკავშირეობის გამო საქართველოს ელჩის გამოძევება კიევიდან არის სრულიად უღირსი საქციელი.

აბსოლუტურად სამართლიანად აღინიშნა საქართველოს საელჩოს გმირული საქციელის თაობაზე. მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ კიევს რამდენიმე საათში აიღებდნენ; როდესაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მისიები გარბოდნენ უკრაინის დედაქალაქიდან, ჩვენები იქ დარჩნენ!

ამასთანავე, უკრაინის ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის დღეს საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მისი იზოლაციონისტი, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი მთავრობისგან არ შედგება.

დღეს რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს (სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული საოკუპაციო ზონებში უმძიმესი არეულობების მუქარით დასრულებული), რათა საქართველო ევროკავშირის გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილად არ მოინიშნოს. იგი „მათრახითაც” და “თაფლაკვერითაც” ცდილობს, რომ საქართველოს სუსტ, სერიოზული საყრდენების არ მქონე ხელისუფლებას ხელი ააღებინოს კანდიდატის სტატუსისთვის შრომაზე.

ასეთ დროს უკრაინიდან ელჩის უსამართლოდ გამოძევება ნიშნავს რუსული უფსკრულის წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოსთვის ხელის კვრას. ეს ანგარება და სიბრიყვეა!

რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც უპირობოდ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსული იმპერიალიზმის მარცხს. უბრალოდ, ამ გულშემატკივრობის ხათრით უნამუსობას კეთილშობილება არ უნდა ვუწოდოთ!”, – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 497-ე დღე

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკას, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„ლიმანის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა, ავიაციის მხარდაჭერით, ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით ჩვენი ჯარების მათი პოზიციებიდან განდევნა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს.

„დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან ახლოს, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევის შეკავებას. მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს კადრებს, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსი სამხედროების ნაღმტყორცნებიდან განადგურების მომენტია ასახული.

“ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება”, – აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში.

მანამდე, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ.

მისი თქმით, ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა.

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის შეთანხმებების შესრულება და ახლებზე შეთანხმდნენ. ასევე, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

„პრიგოჟინის ქმედებების შემდეგ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე მანევრირების ადგილი არ აქვს. პირიქით, ჩვენთვის იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე განიხილეს მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.

„უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს“, – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე.

„სამწუხაროდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასთვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინციდენტისგან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სდაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს – და შეუძლებელია არ დაინახოს – რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.