Home Blog Page 1824

“ძალიან კარგია, რომ გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი. მთავარი რიტორიკული შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის ის, რომ ამ ამბის შემდეგ გავხდით, თუ არა არსებითად კარგი ქვეყანა და რეალურად დავუახლოვდით, თუ არა ჩვენს ნამდვილ დასავლურ იდენტობასა და ევროპისკენ დაბრუნების გზას?! – პასუხი სამწუხაროდ არის უარყოფითი. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წარსული შემთხვევები, თუმცა ამის შემდეგ ვითარება ქვეყანაში წინ არ წასულა“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ გვარამიას შეწყალება არ იძლევა ზეიმის საფუძველს.

ამასთან, მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია არაადეკვატური იყო.

„ცალკე მინდა აღვნიშნო „ნაციონალური მოძრაობის“ არაადეკვატური რეაქციაც, ზედმეტი ქებით გამოირჩნენ, როგორც ჩანს მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილსაც შეიწყალებს, რაც თუ მოხდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ ეს არის არის დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ზურაბიშვილისადმი დაყვავებაზე, ისინი თუ ასე ფიქრობენ, ეს გულუბრყვილობაა“, – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

რეგულირების სააგენტომ 563 მედიკამენტი პროაქტიულად დაარეგისტრირა – ჯანდაცვის სამინისტრო

ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.

„ჩვენ კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და, შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს ან კონკურენციის გამო რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი ეს რისკიც დაზღვეულია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტომ 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. აღნიშნული ხელს უწყობს ფარმაცევტულ კომპანიებს, წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო ამარტივებს და საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის ბმულზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“არ მაქვს პუტინთან საუბრის მიზეზი, თვითონ თუ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს” – მაკრონი

არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.

„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მაკრონი რეგულარულად ახორციელებდა სატელეფონო საუბარს პუტინთან.

ხოლო თებერვალში კრემლში აცხადებდნენ, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, დიდი ხანია, აღარ უსაუბრიათ რუსეთის პრეზიდენტთან.

“თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ” – ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, სამართლიანი განაჩენის გამოტანის იმედი არა აქვს.

,,არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ,“ – განაცხადა ბადრი ესებუამ.

სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვით უკვე წარსდგა ბრალდებისა და დაცვის მხარეები. სულ მალე სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“პრეზიდენტს არაადეკვატური ხასიათი აქვს, კომპლექსიანია” – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მასზე იმუშავეს და ჩანს, რომ, პრაქტიკულად, მასზე უცხოური გავლენა არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გვარამიას სამომავლო ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს.

„საქართველოს პრეზიდენტს არაადეკვატური ხასიათი ახასიათებს და, ზოგადად, კომპლექსიანი ადამიანია. თქვა, რომ არ დამსვეს იქ, სადაც უნდა დავმჯდარიყავიო; არ გამოვედი, სადაც უნდა გამოვსულიყავიო. მისი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ მასზე იმუშავეს და ჩანს, რომ, პრაქტიკულად, მასზე უცხოური გავლენა არსებობს. პრაქტიკულად, თავისი გადაწყვეტილებით მან პასუხისმგებლობა აიღო ნიკა გვარამიას წარსულსა და მომავალზე. მის მიმართ შეურაცხყოფაზე არ ვსაუბრობ, ეს მისი მორალის ამბავია, მაგრამ ნიკა გვარამიას მიმართ ქვეყანაში ნეგატიური ამომრჩეველი არსებობს და ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ ყოფილა გვარამიას ამომრჩეველი. მან თქვა, რომ გვარამიას სამომავლო ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს და ვნახოთ, ამ ტვირთს როგორ გაუძლებს. ეს მის მიმართ უფრო მძიმეა, ვიდრე გვარამიას მიმართ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიკა გვარამია მშვიდობის მტრედი არ იქნება და ამ ტვირთს როგორ აიღებს, ვნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6284 ლარი ეღირება, ევრო – 2.8560 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3436 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ღირდა, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3552 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 ივნისს ამოქმედდება.

„ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ”

ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ – სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის წერს, ნიკა გვარამიას მიერ მისი ხსენება სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან პირველსავე წუთებში, ძალიან დასაფასებელია.

„ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ, ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში. ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა “მთავარის” ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე, ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა!“- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო”- თამარ კორძაია

სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდება, რადგან მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, საქართველო იყო ის ქვეყანა, ვისაც ერთი პუნქტი შეუფასეს, როგორც სრულად შეუსრულებელი, ეს პუნქტი ნაწილობრივ უკვე შესრულებულია.

„გვარამია როგორ იმოქმედებს მომავალში, ეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ამაზე იფიქრებდა, მაგრამ მას ესმის, რა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. გვარამიას პოლიტიკაში ყოფნას ვისურვებდი, რადგან ოპოზიციურ სპექტრს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა კორძაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ასოციაცია, რომელიც უკვე 5 ათას წევრზე მეტს აერთიანებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად, დამოუკიდებელი, ხარისხიანი და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ასათიანს მივესალმები და ჩვენს მოწვეულ სტუმრებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენს პატივცემულ ადვოკატებს მივესალმები განსაკუთრებული პატივისცემით, მოსამართლეებს, პროკურორებს, ძვირფას მეგობრებს. ჩემთვის სასიხარულოა, მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ღონისძიებაში. მე გილოცავთ გულითადად ადვოკატთა სახლის გახსნას.

თქვენი ასოციაცია, ბატონო დავით, რომელიც უკვე 5 ათას წევრზე მეტს აერთიანებს, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად, დამოუკიდებელი, ხარისხიანი და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. თქვენ ღირსეულად აგრძელებთ დამოუკიდებელი ადვოკატურის იმ ტრადიციებს, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩაეყარა. ადვოკატების ყოველდღიური შრომით, თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში  დემოკრატიისა და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებაში. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მოვლენა.

„ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს დღევანდელობაში. პირველ რიგში, ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება, მჯერა, ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის მაღალ დონეზე, შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გადადგმული ე.წ. „მართლმსაჯულების უბნის” კონცეფციის რეალობად ქცევისკენ. მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქალაქო და რაიონული პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთ არეალში განთავსება წაახალისებს იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის სავიზიტო ბარათად იქცევა.  ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ ახალი სათავო ოფისის შენობით, რომლის დიზაინმაც უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატა. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ამ ახალი სახლის გახსნას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარია სლაზაკიმ და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტმა კლაუდიო ვისკომ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადვოკატთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამის გავლის შემდეგ, ასოციაციას კიდევ ასამდე ახალი წევრი შეემატა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ისე სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია, ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტი. შენობაში ასევე მოეწყო სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეები და კაფეტერია.

ახალი ოფისის მშენებლობას 2021 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი. ამავე წელს, შენობის არქიტექტურამ და კონცეფციამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და  Global Architecture & Design Award-ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.

“საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს”

საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით და ეს არის მისასალმებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ ანგარიშს, რომელიც გუშინ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე.

„საკმაო დრო არის, რათა პუნქტობრივად გავიაროთ შექმნილი ვითარება და ნებისმიერ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პოზიცია, ვფიქრობ, კომპეტენტური პოზიცია, და იგი გათვალისწინებული იქნება საბოლოო განხილვისას. რაც შეეხება მოსაზრებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ტრიოში საქართველო ჩამორჩენილი, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენს ოპონენტებს, ვინაიდან ყველა ინდიკატორით საქართველო მოწინავეთა რიგებში დგას არა მარტო ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში, არამედ არსებობს კიდევ კომპეტენტური ორგანიზაციები, სადაც რეიტინგები მუშავდება ცალკეული ქვეყნების და საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით, ეს არის მისასალმებელი. სამი ჩაუთვალეს მოლდავასაც, ორი ჩაუთვალეს უკრაინას და მასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვედავებით. დიახ, ზედმიწევნით ბოლომდე იქნება შესრულებული და მე გეუბნებით, რომ რეალურად ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დრო იქნება. თუ არ იქნება კონიუნქტურული გადაწყვეტილება მიღებული, ვფიქრობ, ყველა მუხლში საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე და გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არა მარტო ტრიოს ქვეყნები, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ეს არის სხვა საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ გვმართებს დეტალური მსჯელობა იმ სტუქტურებში, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ოქტომბერში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაზახელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა საქართველოსა და  ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

“როცა განათლების სისტემაზე ლაპარაკს დაიწყებს ვინმე, ნუღარ გაგიკვირდებათ კატასტროფული მდგომარეობა”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ეს უკანასკნელი შუშანიკს აკრიტიკებს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება

„თანამედროვე რუქაა, საჭურისი სულხან საბას „სიბრძნე სიცრუიდან“ – აბსოლუტური ბოღმა და ბოროტება!

არაფერი დატოვა წაუბილწავი და შეურყვნელი, ყველაფერს გაუკუღმართებული აზროვნებით ხედავს და აფასებს.

ამის ლოგიკით აბო მოღალატე გამოდის, გრიგოლ ხანძთელი კი ამპარტავანი და სამეფო საქმეების განმქიქავი…

შუშანიკს სძულდა შვილებიო, ტყუილია. შუშანიკი შვილებს არ მიიღებს ციხეში, რადგან ვარსქენის ნება აღასრულეს და მაზდეანები გახდნენ, ხოლო შუშანიკი ღმერთს მიმართავს და სთხოვს – შენი მოცემულები არიან და შენვე გაუკვალე გზაო…

ანუ, ეს სიუჟეტიც სათავისო ბოღმით გადათარგმნა და პირდაპირ ახსნა, რომ სძულდა შვილებიო.

მოკლედ, ეს არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება.

ჰოდა, როცა განათლების სისტემაზე ლაპარაკს დაიწყებს ვინმე, ნუღარ გაგიკვირდებათ კატასტროფული მდგომარეობა და აღვირახსნილი უმეცრება, რადგან ასეთი საჭურისები მრავლობენ დღეს და ასეთი აბსოლუტური ბოღმა ასაზრდოებს მომავალ თაობებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.