პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

77
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ადვოკატთა სახლის” გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ასოციაცია, რომელიც უკვე 5 ათას წევრზე მეტს აერთიანებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად, დამოუკიდებელი, ხარისხიანი და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ასათიანს მივესალმები და ჩვენს მოწვეულ სტუმრებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენს პატივცემულ ადვოკატებს მივესალმები განსაკუთრებული პატივისცემით, მოსამართლეებს, პროკურორებს, ძვირფას მეგობრებს. ჩემთვის სასიხარულოა, მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ღონისძიებაში. მე გილოცავთ გულითადად ადვოკატთა სახლის გახსნას.

თქვენი ასოციაცია, ბატონო დავით, რომელიც უკვე 5 ათას წევრზე მეტს აერთიანებს, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად, დამოუკიდებელი, ხარისხიანი და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. თქვენ ღირსეულად აგრძელებთ დამოუკიდებელი ადვოკატურის იმ ტრადიციებს, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩაეყარა. ადვოკატების ყოველდღიური შრომით, თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში  დემოკრატიისა და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებაში. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მოვლენა.

„ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს დღევანდელობაში. პირველ რიგში, ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება, მჯერა, ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის მაღალ დონეზე, შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გადადგმული ე.წ. „მართლმსაჯულების უბნის” კონცეფციის რეალობად ქცევისკენ. მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქალაქო და რაიონული პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთ არეალში განთავსება წაახალისებს იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის სავიზიტო ბარათად იქცევა.  ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ ახალი სათავო ოფისის შენობით, რომლის დიზაინმაც უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატა. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ამ ახალი სახლის გახსნას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარია სლაზაკიმ და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტმა კლაუდიო ვისკომ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადვოკატთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამის გავლის შემდეგ, ასოციაციას კიდევ ასამდე ახალი წევრი შეემატა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ისე სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია, ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტი. შენობაში ასევე მოეწყო სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეები და კაფეტერია.

ახალი ოფისის მშენებლობას 2021 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი. ამავე წელს, შენობის არქიტექტურამ და კონცეფციამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და  Global Architecture & Design Award-ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.