Home Blog Page 1819

“გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა” – დავით ჭიჭინაძე

გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა , – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, 2024 წლის არჩევნევის შემდეგ, შესაძლოა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

„კიბატონო, გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა, რადგან ესენი არიან შუამავლები ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის – ქვეყნის კი არა, ივანიშვილის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, „ნაციონალებმა“ რომ ვერასოდეს გაიმარჯვონ. არჩევნების შემდეგ კი, სავარაუდოდ, სააკაშვილსაც გაათავისუფლებს.

სააკაშვილის გაშვება კი, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის იქნება ერთ-ერთი ვაჭრობის თემა.

ასე გამოიყურება ივანიშვილის მიერ მართული კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფორმულა, რომლის სახე ახლა ვაშაძე-ხაბეიშვილია და რაც სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის“ , – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ახალმა მსოფლიო პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოს ახალი ფუნქცია შემატა” – თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ის, რომ საქართველომ განვითარების დასავლური კურსი აირჩია, არ ნიშნავს იმას, რომ უარი ითქვას სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე.

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, დღეს დასავლეთი საქართველოში ებრძვის არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც – ჩინეთს. ახალ გიგანტ სახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობაა. სწორედ ამიტომ იბრძვიან დღეს დასავლეთიდან, რომ საქართველო არ გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, არ დაკარგოს მართვის სადავეები ჩვენს ქვეყანაზე, რაც ფაქტობრივად დაისაკუთრა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი ავირჩიეთ, არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. პირიქით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ვალდებულებიც კი ვართ დავაბალანსოთ ყველა ვექტორთან პარტნიორობა და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველოს გაძლიერება.

ახალმა მსოფლიო პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოს ახალი ფუნქცია შემატა – შუა დერეფნის დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო რეალურად არის გეოპოლიტიკური კარიბჭე. ასეთი სასურველი პირობები ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰქონია. ახლა გვჭირდება ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ამ შანსის სრულად გამოყენება, რასაც აკეთებს კიდეც დღევანდელი ხელისუფლება.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება – POLITICO

2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში ამჟამინდელი 705-ის ნაცვლად 720 ევროპარლამენტარი იქნება წარმოდგენილი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ორით მეტი ევროპარლამენტარი ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროპული საბჭოსა და თავად ევროპარლამენტის მიერ.

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში სავარაუდოდ რაკეტა აფეთქდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან.

სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს მოყოლილი.

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთი-აფრიკის სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“რუსეთი ასევე მონაწილეობს აფრიკის ქვეყნების დავალიანების ტვირთის შემსუბუქების მცდელობებში. ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ ჩამოწერილი დავალიანების საერთო ჯამი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ “აფრიკული ქვეყნების ბოლოდროინდელი მოთხოვნებით” რუსეთი მათ კიდევ 90 მილიონ დოლარს გამოიყოფს.

“კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი” – თინა ბოკუჩავა

კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

“მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქე აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ რუსიფიკაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება ყოველთვის.

მისი (კობახიძის) განცხადება არის ქვეყნის ღალატი და მორიგ ჯერზე საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, რასაც თავისუფალ სამყაროში არავინ აკეთებს პუტინის რუსეთის გარდა. ისინი ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე 2008 წლის შემდეგ რატომ არ დაწესდა შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ “მაშინ იყო სულ სხვა (სავიზო) რეჟიმი, განსხვავებით დღევანდლისგან”.

” ასეთი სავიზო რეჟიმი არსად არ მოქმედებს. ის, რასაც “რუსული ოცნება” აკეთებს, არის ღია კარის პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, სასათბურე ეკონომიკური პირობებით, სადაც რუსეთის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს,ათ შორის სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეების ტოტალური გაღარიბების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შედეგი,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 10 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია რვა პირი,  ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს  საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

„სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება, საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა  ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ  სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით; ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა.

გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომლებიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად;

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.

ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ, „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.

გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ, მარცხენა მხრისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.

ამდენად, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს.

აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები განახორციელა.

ასფალტის ახალი საფარი 2000 კვ.მ-ზე დაიგო. საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 152 000 ლარი გამოიყო.

დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს ახლა უკვე გადაადგილება არც ფეხით და არც საავტომობილო გზით დისკომფორტს აღარ შეუქმნის.

 

გასული წლიდან დღემდე, რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა 120 მისამართზე მოწესრიგდა.

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და პრიორიტეტების მიხედვით მისამართებზე ასფალტის საფარს აახლებს.

“რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგისთვის, მაგრამ უკრაინა არ არის თანახმა”-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგისთვის, მაგრამ უკრაინა არ არის თანახმა.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ „რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინელებზე“.

პესკოვის თქმით, რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხის მოგვარებისთვის, ხოლო კიევის ხელისუფლება, თუნდაც რთულ ვითარებაში მყოფი, უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს.

„რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას, რასაც ვერ ვიტყვი უკრაინელებზე. უკრაინელები ინარჩუნებენ ურყევ პოზიციას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიიღებს რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ძალების მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6433 ლარი ეღირება, ევრო – 2.9060 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3958 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6491 ლარი ღირდა, ევრო – 2.9516 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4348 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 ივლისს ამოქმედდება.

“აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი” – კელი დეგნანი

თბილისში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. 

„ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არაფერია ორაზროვანი. არავინ თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოდან არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ჩვენმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს რამის გაკეთებაზე თანხმობას. ეს ნიშნავს მხოლოდ სატელეფონო ზარზე პასუხს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით: არავინ თბილისში მდებარე საელჩოში არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“, – განაცხადა დეგნანმა.

კობა კობალაძე და ტუბა ოზუტოკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) ხელმძღვანელი, ტუბა ოზუტოკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას, განვითარების დინამიკას, ესაუბრნენ ვეტერან ფერმერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, გასულ წელს, TIKA-მ, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისათვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელი. ინვენტარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, მეფუტკრეობაში ჩართულ ვეტერანებს დაურიგდათ.

კობა კობალაძემ, საუბარში, ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ვეტერანების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოხატული თანადგომა და განაცხადა, რომ პროექტი აღსანიშნავია იმითაც, რომ თურქული მხარის მხარდაჭერით, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერების საქმიანობა გაფართოვდა, რითაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება; სწორედ ეს წარმოადგენს ამ პროექტის ძირითად მიზანს.

მან, თანადგომისა და მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ტუბა ოზუტოკს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად,მსგავსი პროექტები, საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

ტუბა ოზუტოკმა, თავის მხრივ, პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მადლიერება გამოხატა კობა კობალაძისა და ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ წევრთა მიმართ;

მან აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ეფექტიანად ხორციელდება, რაც, საფუძველს ქმნის იმისა, რომ წლის ბოლოსთვის, თურქული და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევა, ვეტერანი ფერმერებისთვის, კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. მან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ვეტერანებს, მომავალში, კიდევ უფრო მეტი თანადგომა აღუთქვა.

ცნობისთვის, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.