კობა კობალაძე და ტუბა ოზუტოკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ

56
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) ხელმძღვანელი, ტუბა ოზუტოკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას, განვითარების დინამიკას, ესაუბრნენ ვეტერან ფერმერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, გასულ წელს, TIKA-მ, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისათვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელი. ინვენტარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, მეფუტკრეობაში ჩართულ ვეტერანებს დაურიგდათ.

კობა კობალაძემ, საუბარში, ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ვეტერანების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოხატული თანადგომა და განაცხადა, რომ პროექტი აღსანიშნავია იმითაც, რომ თურქული მხარის მხარდაჭერით, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერების საქმიანობა გაფართოვდა, რითაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება; სწორედ ეს წარმოადგენს ამ პროექტის ძირითად მიზანს.

მან, თანადგომისა და მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ტუბა ოზუტოკს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად,მსგავსი პროექტები, საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

ტუბა ოზუტოკმა, თავის მხრივ, პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მადლიერება გამოხატა კობა კობალაძისა და ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ წევრთა მიმართ;

მან აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ეფექტიანად ხორციელდება, რაც, საფუძველს ქმნის იმისა, რომ წლის ბოლოსთვის, თურქული და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევა, ვეტერანი ფერმერებისთვის, კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. მან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ვეტერანებს, მომავალში, კიდევ უფრო მეტი თანადგომა აღუთქვა.

ცნობისთვის, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.