Home Blog Page 1807

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსული მედიის ცნობით, 30 ივლისის ღამეს მოსკოვს რამდენიმე უკრაინული დრონი დაესხა თავს. შედეგად, აფეთქება მოხდა „IQ-კვარტალის“ შენობაში განთავსებულ ბიზნეს ცენტრში „მოსკოვი-სითი“. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმაში სამი დრონი მონაწილეობდა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს რაიონის თავზე განადგურდა. დანარჩენი ორი კი, ელექტრონული ომის საშუალებებით ჩამოაგდეს და ისინი მოსკოვის ტერიტორიაზე დაეცა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ქალაქში „მოსკოვი-სითის“ ორი ცათამბჯენის ფასადები მსუბუქად დაზიანდა.

„მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაზიანდა შემინული ფასადი. ასევე, პირველ და მეოთხე სართულებზე ჩაიმსხვრა „ოკო 2-ის“ შენობის მინები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

შედეგად, კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში ფრენები აიკრძალა და დახურული იყო ვნუკოვოს აეროპორტი. რუსული მედიის ცნობით, ჯამში 20-ზე მეტი რეისი გადაიდო

,,უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში” -ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ ვუხდი  გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ  შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის  ერთგულება.

“ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილევ, პრეზიდენტო, პროფესორებო,  თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეცნიერებო და სტუდენტებო, ნება მომეცით, საუბარი დავიწყო იმით, თუ რამდენად მადლობელი ვარ მისი აღმატებულება,  პრეზიდენტი სი ძინპინისადმი, მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჩენგდუში საზაფხულო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე რომ მოგვიწვია.  ძალიან მადლობელი ვართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ამიერიდან  ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.

უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურის  გახსნის აღსანიშნავად. უნდა განვაცხადო, რომ განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი.

გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს.

XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი” არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც – ჩინეთში.

ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი.

ეს კავშირი უკვე დამყარდა და მოხარული ვარ, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ. სწორედ ეს მზარდი ინტერესი ქმნის ძლიერ საფუძველს ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გაცვლის ხელშეწყობისთვის.

ამ კონტექსტში, მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ასრულებენ კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ და აქტიურად უწყობენ ხელს ჩინური კულტურისა და ენის გავრცელებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განვითარება.

უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.

ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის.

კიდევ ერთხელ ვუხდი  გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ  შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ქანდაკება იქნება შთაგონება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და წაახალისებს  ქართული ლიტერატურის, პოეზიისა და ჩვენი უნიკალური ენის უზარმაზარი სამყაროს შესწავლას.

დაე, ეს ქანდაკება იდგეს მყარად როგორც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო, და იყოს მოტივაცია, რომელიც მიგვიყვანს უფრო ნათელი და ურთიერთდაკავშირებული მომავლისკენ. დიდი მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგიმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა.

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა კულტურული პერფორმანსები წარადგინეს.

,, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების”- ცაგარეიშვილი

ვერ გავწირავთ ამ საზოგადოებას და ხალხს იმისთვის, რომ ისევ ხეებთან დააყენონ ადამიანები, ისევ ციხეებში გააუპატიურონ, ისევ მორგებში მიაჯაჭვონ გარდაცვლილ პატიმრებთან ხელბორკილებით, ისევ ახიონ ბიზნესები და შემდეგ თავიანთი გურუ ციხიდან გაათავისუფლონ, რომ მერე ეს ყველაფერი დაატრიალოს. ყველაფრის თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების. ეს ამბავი არ მოხდება, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ტრენდი შემოიტანა პარტიის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდები შეკრიბა, რომლებსაც მერე გამოუცხადეს, რომ სათავეში ძველ სახეებს ჩაუყენებდნენ.

„ტრენდი შემოიტანეს ახალი, მოდით, პარტია გავაახალგაზრდავოთო, შეკრიბეს ახალგაზრდები დმანისში, ლამაზი ტბის ნაპირზე და მეორე დღეს გამოუცხადეს, სათავეში ჩაგიყენებთ ჭიაბერაშვილს. რა კარგი შეტყობინებაა, ხომ, ამ ახალგაზრდებისთვის?! ანუ, შეკრებენ ახალგაზრდებს და ეუბნებიან, სათავეში ჩაგიყენებთ ადეიშვილს, მერე კიდევ შეკრებენ და ეტყვიან, სათავეში ჩაგიყენებთ მერაბიშვილს, მერე კეზერაშვილს, მერე ახალაიას და ა.შ. არ ვიცი, მეგის ქარდავა ციხეშია და ალბათ ისიც უნდათ, შეიამხანაგონ. ეს არის შეტყობინება და პარტიული ორგანიზაციის მშენებლობა? რაც უნდათ, ის აკეთონ, მათი არჩევანია, მაგრამ ეს არის ნულოვანი შედეგი. ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია მაგ პარტიად წოდებულ ორგანიზაციაში, მე რომ ავაზაკების თავყრილობას ვეძახი, ადამიანებს დაავიწყდათ, ვინ იყო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა, ახალაია, კოდუა, კიდევ მეორე ქარდავა და ასე უსასრულოდ, რასაც არცერთი თაბახის ფურცელი არ ეყოფა. შესაბამისად, შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

30 ივლისის ამინდი საქართველოში

ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.ქ. თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეა

საეკლესიო ცნობების მიხედვით, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა.

ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს იოლად გაუმკლავდებით ყოველგვარ საოჯახო საკითხებს, იქნება ეს თქვენი სივრცის მოწესრიგება,  დაზიანებული ნივთის შეკეთება თუ სხვა.

კურო

კარგი იქნება იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე, ჩაიცვით ელეგანტურად, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, გალაღდით, დატკბით სუფთა ჰაერით.

ტყუპები

გააანალიზეთ და დაკავდით პრობლემების მოგვარებით. დაგეგმეთ და განახორციელეთ მოკლევადიანი პროექტები, იზრუნეთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე.

კირჩხიბი

დღეს შეძლებთ უფრო ხალისიანი და მყუდრო გახადოთ თქვენი გარემო, პირადი სივრცე, გაისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

ერიდეთ ახალ ნაცნობობას, განმარტოებას და საიდუმლო ურთიერთობებს, სწორედ დღეს შეიძლება, გაგიჩნდეთ მნიშვნელოვანი იდეები, ახალი თემები შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში და ამან გიბიძგოთ სიახლეებისკენ.

ქალწული

კარგი და შედეგიანი იქნება კომერციული საქმიანობა. ნათესავებთან ურთიერთობა, ბავშვებთან ერთად გასეირნება, წიგნის წაკითხვა, ან საინტერესო ფილმის ყურება.

სასწორი

ნუ იქნებით კონფლიქტური, იყავით მეტად თავდაჯერებული და არ აჰყვეთ ვნებებს, ცდუნებებს, კარგად დაფიქრდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

მორიელი

კარგი იქნება, ჩაუღრმავდეთ თქვენს სულიერ და ცხოვრებისეულ საკითხებს, ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ საკუთარი შეცდომები და მიხვდეთ, რა არის საჭირო თქვენი განვითარებისთვის.

მშვილდოსანი

მოიფიქრეთ გრძელვადიანი ფინანსური პროექტები, რომელიც სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

თხის რქა

ეცადეთ გაისეირნოთ, კარგი იქნება ბუნებაში, ქალაქგარეთ, მთიან ადგილას დასვენება. თუ გასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, მეტი კონტაქტი გქონდეთ მიწასთან და სიმწვანესთან.

მერწყული

ოჯახში მოსალოდნელია სიახლეები, გარკვეული საკითხების განხილვა საოჯახო ატმოსფეროში. გადააადგილეთ ავეჯი, გადაახალისეთ და გააფერადეთ გაზაფხულის ფერებით საცხოვრებელი გარემო.

თევზები

იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ. მოიპატიჟეთ სტუმრები და ისაუბრეთ საინტერესო ცხოვრებისეულ საკითხებზე, რელიგიაზე, ხელოვნებაზე.

,,სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა”- დარჩიაშვილი

შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, – ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილის თქმით, სტრასბურგის გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და ყორღანაშვილსაც დაიცავდა.

„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?“, – წერს დარჩიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ გუშინ დაიწყო.

 

 

 

როინ შავაძის საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

როინ შავაძის საქმე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

სხდომას 8 ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფასებას, დაცვის მხარე კი მათ 10-15,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

,,შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა”- პაატა მანჯგალაძე

„შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია,“ – ამის შესახებ „სტრატეგია ამღაშენებლის“ ერთიერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის.

„როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

,,გახარიას ახალი ბრძანება აქვს მიღებული და ამ ბრძანებას ასრულებს”- ქართველიშვილი

ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომელიც მედიაში გავრცელებულ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია „ქართულ ოცნებას“, რუსეთთან საქართველოს პირისპირ მარტო დატოვებაში ადანაშაულებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას ახალი ბრძანება აქვს მიღებული და ამ ბრძანებას ასრულებს.

„ველორბოლიდან მახსოვს, ამა თუ იმ ეტაპზე გამოვლენილ ლიდერს „ყვითელ მაისურს“ აცმევენ, რათა შემდგომ ეტაპებზე ყველამ გაარჩიოს თავისი ძირითადი კონკურენტი და სწორება მასზე ჰქონდეს. მაგრამ, როდესაც ამ მაისურს რაიმე დამსახურების გარეშე გაცმევენ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლუზერს – ეს უკვე გაუგებარია. როგორც ჩანს, აგენტოკრატების რეზიდენტურამ გახარიაზე და მის გუნდის წევრებზე გააკეთა ფსონი.

ბრძანება „FAS!“ შესასრულებლად მეორე დღეა სწორედ მათ ერგოთ. ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით.

როგორ უნდა გაუჭირდეს რეზიდენტურას, რომ დღეს თავის „ჯოკერად“ პირნათლად წაგებულ ბანქოს პარტიაში აგურის “шестёрка” გამოიყენოს. „ალამუთის ციხის“ გუშინდელი უიღბლო დამცველები, რეზიდენტმა დღეს „დიდი ჩინური კედლის“ ასაღებად გაუშვა. მე ამ ლუზერებს ერთი უბრალო ტესტის გავლას შევთავაზებ პეკინის „აღებამდე“ მოდით, გორი „დაიბრუნეთ“.

თქვენივე გუნდის ყოფილმა წევრმა და „ქართული ოცნების“ სახელით გორში „გამაჟორიტარულმა“ დეპუტატმა დატოვა საპარლამენტო მანდატი. აბა თუ რომელიმე თქვენგანი, თუნდაც გახარიას „ჩინური“ ვერსია, გაბედავს და თავისივე ყოფილი კოლეგის ჩასანაცვლებლად ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯერ გორი „დაიბრუნეთ“ და პეკინით მერე შეგვაშინეთ“, – წერს ქართველიშვილი.

მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა.

წეროვანის, წილკნისა და ნაოზას წარმომადგენლებმა – ზაზა როსტიაშვილმა, რამაზ ანდრიაშვილმა და ლაშა თადიაშვილმა – განცხადებები ცოტა ხნის წინ დაწერეს.

მათი ნაწილი შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით, მექსიკის გავლით წავიდა, ნაწილი კი ოფიციალური ვიზით გაემგზავრა და ახლა იქ თავშესაფარს ითხოვს.

მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა – ჯანმო

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება.

გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.