Home Blog Page 1805

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „ომი პოლიტიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში რა ხდება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის“.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის ზალუჟნის, მთელი არმია მართოს. ამავე წყაროს ცნობით, ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამუშაოებს, რადგან ზალუჟნი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.

ზელენსკის ოფისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან კონფლიქტს უარყოფენ.

„ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: „კარგი“, რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, „ცუდი“, რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და, რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ანონიმურმა რესპონდენტმა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მას ხშირად უშლის ხელს. როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, ზალუჟნის ამ საუბრების შესახებ პრეზიდენტის ოფისი ინფორმირებული იყო.

ცნობისთვის, უკანასკნელ კვირებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე.

“ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში” – გია აბაშიძე

„ქართული ოცნების“ გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიორგი გახარია რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში. კერძოდ, აბაშიძეს მაგალითად მოჰყავს გახარიას განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის.

„ქართული ოცნების“ გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან. ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში, თითქოს ამით ელექტორატი მოემატება. ამ დროს პირიქით ხდება და ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი გახარია მყარად ჩამოყალიბდა პოლიტიკურ აუტსაიდერად“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა კანონი უკრაინის ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაცია ბულგარეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბულგარეთის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა. ამასთან, ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები.

რუმენ რადევის თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.

„ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, – განაცხადა რადევმა.

ნოემბერში კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ფასების კლება დაფიქსირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კატეგორიაზე (-3.7 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (-2.0 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.5 პროცენტი), თევზეულზე (-0.8 პროცენტი), პურსა და პურპროდუქტებზე (-0.8 პროცენტი).

მათივე განმარტებით, ფასები ასევე შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელსა და საჭმლის მოსამზადებელ მოწყობილობაზე, მაცივრებზე, საყინულეებზე, სარეცხის მანქანებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელსა, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-1.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები.

ფასების ცვლილებამ გავლენა იქონია ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე.

„2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი), თევზეული (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.0 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2023 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება.

რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი”

თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი – ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემჟურნალისტებთან ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს რეკომენდაციების შესრულების ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა.

„9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაწერილია ნაბიჯები, მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ცვლილება პარტიების დაფინანსების საკითხში, რომელიც ევროკომისიასთანაც არის შეთანხმებული. მგონი, ყველა შეთანხმდა, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პრეროგატივაა ამ რეკომენდაციების შესრულება, მუშაობა და ევროკომისიასთან კოორდინირება. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია მოწვეულია, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში. თუ ვინმეს სურს დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით, ზუსტად ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ 9 რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს ამ ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

“შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ, ხან ლონდონიდან, კეზერაშვილისგან იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს”-შალვა პაპუაშვილი

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში, იქიდან კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს. შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართული, მათ შორის თავშესაფარი რომ აქვს მიღებული ზოოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორიშიც არის.

„იცით, რომ ყალბი სქემებია მოწყობილი ზოგიერთ პარტიასთან. ოპოზიციური პარტიის უმეტესობას აქვს პირდაპირ მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როცა უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი საქართველოს ინტერესს არ ატარაბენ, ისინი ატარებენ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესებს. ამიტომ მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როდესაც ჩვენს ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს არის უცხოური რაიმე ორგანიზაციის მხრიდან შემოსული თანხა, თუ ეროვნებით ქართველი დავით კეზერაშვილისგან, რომელიც უცხოეთშია და ამ შემთხვევაში როგორც უცხოეთიდან მოქმედი ადამიანი, ისე შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ, პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

„რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რაიმეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ არც აფუჭებს, ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია, ვნახოთ აბა, დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის უმარტივესი საკითხი, მათ შორის მათთვისაც. მე ვთქვი კიდეც ჩვენს შეხვედრაზე, მათ შორის ჩემთან რომ იყო შეხვედრა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, ყველა თანხმდება, არავინ წინააღმდეგი არ იყო და უცებ კამერების წინ იწყებენ პოზიორობას და კრიტიკას. მომავალ კვირას სხდომათა დარბაზში გაირკვევა, ისინი ევროპელები არიან მხოლოდ სიტყვით, თუ ცოტა საქმესაც გაურევენ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ცვლილებებია კიდევ მოსალოდნელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს: „კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილ 59 გვერდის შესრულებას. ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი და იქ არის სხვა სფეროები, მათ შორის კონკურენციის საკითხები, საჯარო შესყიდვების საკითხები და ა.შ. სადაც საქართველოს  ხელისუფლება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მა პროცესს. სამოქმედო გეგმას ჩახედოს ყველამ, ეს საკითხი წერია ზუსტად იქ, ევროკომისიასთან შეთანხმებულია, ვადებიც მითითებულია  და ამ ვადების მიხედვით მოხდება“.

“როცა აღმოაჩინეს, რომ ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება გაუჭირდება, პროტესტების ტალღა წამოვიდა” – დავით მათიკაშვილი

როცა აღმოაჩინეს, რომ ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება გაუჭირდება, პროტესტების ტალღა წამოვიდა – ჩვენ იმ ცვლილებებს ვახორციელებთ, რომელიც პარტნიორების მიერ არის რეკომენდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის პოზიცია ამ საკითხზე აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ევროპული რეკომენდაციების მიმართ.

„ამ კანონპროექტთან მიმართებით ოპოზიციის დამოკიდებულება და კრიტიკა კიდევ ერთხელ ეუბნება საზოგადოებას, თუ როგორ ექცევა და ეპყრობა ოპოზიცია ევროპულ რეკომენდაციებს. პოლიტიკური გემოვნების და სიტუაციის შესაბამისად, ხან არის მისაღები მათთვის ასეთი მიდგომები, როცა საკითხი დეოლიგარქიზაციის თემებს ეხება, ხოლო როცა ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა აღმოაჩინეს, რომ თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოქმედი სქემით გაუჭირდება ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება, პროტესტების ტალღა წამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ეს რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს და ის ცვლილებები შეგვაქვს კანონმდებლობაში, რომელიც ამ მოცემულობით არის მათი მხრიდან რეკომენდებული,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

“მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს, გააცნობიერონ გადაცდომები, რაც ჰქონდათ წინა არჩევნების დროს”- შალვა პაპუაშვილი

სპეკულაციისთვის იყენებდნენ ყოველთვის პირადობის მოწმობებს, რომლებიც გაცემული იყო 2011 წლამდე, არის ნაწილი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც უვადოდ იყო გაცემული და ამიტომ რთული გახდა მისი ბრუნვიდან ამოღება და ჩანაცვლება, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად, რომ მოხდეს გაუქმება ამ პირადობები და ყველას, ვისაც აქვს ამ პერიოდში გაცემული პირადობა, შეუძლია, უფასოდ აიღოს ახალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა ყურადღება მიაქციონ, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული.

„რაც შეეხება რაიმე გაყალბებაზე საუბარს, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, ამას გაეცეს მკაფიო პასუხი. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ კიდევ ერთხელ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოიჩინა თავი იმით, რომ ახდენს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას, ვნახეთ მათი ე.წ. ანგარიში ელექტრონულ მთვლელთან დაკავშირებით, რაც არის მანიპულაციური და სპეკულაციური, ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ როგორც ჩანს, უკვე არის მზადება, მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. კარგია და მივესალმები, რომ ცესკომ-მ უპასუხა ამომწურავად იმ სპეკულაციებს, რომელიც „სამართლიანი არჩევნებიდან“ მოდიოდა. მინდა, მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს, „USAID“ არის მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, მოვუწოდო, კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანონ, მათ შორის დონორებმა. არ შეიძლება, „ენჯეო“ უკვე მერამდენედ ასეთ მანიპულაციებში ერთვება, იყოს წახალისებული ყოველ ჯერზე. ვფიქრობ, „ენჯეოებზე“ წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საქმეს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი საერთაშორისო პასუხისმგებლობაც. დონორი არის პასუხისმგებელი, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელის ფული. მოვუწოდებ მათ, ჩახედონ, რატომ ხდება ასეთი მანიპულაციური ანგარიშების შედგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში მეშვიდე გენერლის დაღუპვას ადასტურებს

რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი. ამის შესახებ ინფორმაცია ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა.

როგორც ის აცხადებს, ზავედსკი „საბრძოლო პოსტზე დაიღუპა“.

ეს უკვე მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.

მანამდე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ წერდა რუსული და საერთაშორისო მედია. გავრცელებული ცნობებით, ზავედსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზუუმთან დაიღუპა.

5 დეკემბერს თბილისში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა

5 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია – უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია ჩექინ თრეველი.

„სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ჩექინ თრეველის გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულუფლებიან ელჩ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov-ს შორის. მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას.

ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ აბრეშუმის გზაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე ჩექინ თრეველმა უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია ჩექინ გრუპი ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომელსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

“ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში” – თიბისი კაპიტალმა AmCham-ის წევრებს პუბლიკაცია წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.

პუბლიკაციში – „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში” საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციური გავლენაა განხილული.

საქართველოსთვის ევროკავშირი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

პუბლიკაციაში განხილული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთ-ერთია ბულგარეთის მაგალითი. ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ – 2000-2006 წლებში, ევროკავშირში ექსპორტის წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს კი – 60%. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა – ოთარ ნადარაიამ, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მიმოიხილა.

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.

საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.

უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მომგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებაში უფრო მყარ ევროზე თანხმდება.

საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია.

პუბლიკაციაში, საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიცაა განხილული. მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ისრაელის წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით – 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია. ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით ისრაელის მოქალაქეების მიერ საბარათე გადახდებისა და ისრაელიდან გზავნილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გზავნილებზე ნეგატიური გავლენა არ იკვეთება და ტურიზმის შემცირებასთან ერთად, ისრაელიდან პოზიტიური მიგრაციის ეფექტიც ჩანს.

„ამერიკის სავაჭრო პალატისა და თიბისის ერთობლივი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა. 2022-ის ბოლოსაც შევაჯამეთ წელი. წელს პალატის წევრებს მეორედ შევხვდით და მაკროსექტორული შეჯამება და სამომავლო პროგნოზები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტები მიიღონ. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინი და ხედვა ჰქონდეს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, თიბისი კაპიტალმა, როგორც ქართული ბიზნესების სტრატეგიულმა მრჩეველმა, პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააანალიზა პრაქტიკაში რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. AmCham-თან ერთად, თიბისი იქნება ბიზნესების მხარდამჭერი საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცანოთ ბმულზე.

(R)

“კითხვები ახლა დაიწყება! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში?” – გიორგი გახარია

ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას და დაუსჯელობას. ამასთან, განმარტავს, რომ „ოცნების“ ამოცანაა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ… ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი – გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება…“ოცნებამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. „ოცნების“ მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 1, 2 და 3 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, მარტვილში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.

„გიორგი გახარიასთან ერთად რეგიონულ წარმომადგენლობათა აქტივს და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის სხვა ლიდერებიც შეხვდნენ: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები სალომე კობალაძე და გიორგი შარაშიძე, პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.

შეხვედრების მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გადაწყვეტაა. საუბრები შეეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის შეხვედრები მოქალაქეებთან ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.