“მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს, გააცნობიერონ გადაცდომები, რაც ჰქონდათ წინა არჩევნების დროს”- შალვა პაპუაშვილი

26
spot_img

სპეკულაციისთვის იყენებდნენ ყოველთვის პირადობის მოწმობებს, რომლებიც გაცემული იყო 2011 წლამდე, არის ნაწილი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც უვადოდ იყო გაცემული და ამიტომ რთული გახდა მისი ბრუნვიდან ამოღება და ჩანაცვლება, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად, რომ მოხდეს გაუქმება ამ პირადობები და ყველას, ვისაც აქვს ამ პერიოდში გაცემული პირადობა, შეუძლია, უფასოდ აიღოს ახალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა ყურადღება მიაქციონ, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული.

„რაც შეეხება რაიმე გაყალბებაზე საუბარს, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, ამას გაეცეს მკაფიო პასუხი. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ კიდევ ერთხელ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოიჩინა თავი იმით, რომ ახდენს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას, ვნახეთ მათი ე.წ. ანგარიში ელექტრონულ მთვლელთან დაკავშირებით, რაც არის მანიპულაციური და სპეკულაციური, ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ როგორც ჩანს, უკვე არის მზადება, მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. კარგია და მივესალმები, რომ ცესკომ-მ უპასუხა ამომწურავად იმ სპეკულაციებს, რომელიც „სამართლიანი არჩევნებიდან“ მოდიოდა. მინდა, მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს, „USAID“ არის მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, მოვუწოდო, კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანონ, მათ შორის დონორებმა. არ შეიძლება, „ენჯეო“ უკვე მერამდენედ ასეთ მანიპულაციებში ერთვება, იყოს წახალისებული ყოველ ჯერზე. ვფიქრობ, „ენჯეოებზე“ წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საქმეს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი საერთაშორისო პასუხისმგებლობაც. დონორი არის პასუხისმგებელი, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელის ფული. მოვუწოდებ მათ, ჩახედონ, რატომ ხდება ასეთი მანიპულაციური ანგარიშების შედგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.