Home Blog Page 1804

“რუსეთში ღვინის შემომტან ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია” – მედია

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.

ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს – მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც – ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, და ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.

“რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ”

რუსეთთან არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს კომუნიკაციის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში.

მისივე თქმით, ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი.

„ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები, რაზეც არის კონცენტრირებული ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 12 – პუნქტიანი გეგმა არ სჭირდებოდა და კანდიდატის სტატუსს მის გარეშეც იმსახურებდა, 12-ვე პუნქტი მაინც ივნისის ბოლომდე შესრულდება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული, ივნისის ბოლომდე შესრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული 12 – პუნქტიანი გეგმა არ გვჭირდებოდა და სტატუსს ამის გარეშეც ვიმსახურებდით. ამას აჩვენებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მანამდე მიღებულ ქვეყნებზე ბევრად წინ არის. ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება. ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენ ევროპელ პარტნიორებზე იქნება და მოკიდებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ სტატუსს მიიღებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, ხელს შეუშლის თუ არა „ქართული ოცნების“ „ძალადობრივი განცხადებები“ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მთავრობა დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს და პასუხად ძალადობას არ უნდა იღებდნენ. მისი თქმით, ძალადობას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. საერთოდ, რომელ ძალადობრივ ფაქტზე საუბრობთ? რომელ ძალადობრივ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“? რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობას არ უნდა ვიღებდეთ. არ უნდა წახალისდეს ძალადობა. ამის მაგალითია ისიც, რომ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და ოპოზიციას ამ ადამიანის გმირად შერაცხვის მცდელობა აქვს. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

“მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება”

მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თანამდებობას, წინ უნდა გავიხედოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლითაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“ რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რაც შეეხება სააკაშვილის 600-ჯერ გარდაცვალებას, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი” – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება სააკაშვილის 600-დღიან ფარსს, მის 600-ჯერ გარდაცვალებას, დადასტურდა, რომ ეს არის მართლაც ფარსი და არავითარ სასწაულთან არ გვქონია საქმე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი დანაშაული, რომელზეც მას სასჯელი უკვე მისჯილი აქვს, სააკაშვილმა საზოგადოების თვალწინ ჩაიდინა.

„ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და ეს იყო გირგვლიანი საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაული შესახებ საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. არის კიდევ 2 თუ 3 საქმე, რაზეც გამოძიება არის დაწყებული და აქაც იცის ყველამ, რასთან გვაქვს შეხება, როდესაც ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, როდესაც ჯერ უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს სასტიკი მეთოდებით, მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“. ამაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გადაფარვა რაღაც პიარული ნაბიჯებით არის შეუძლებელი.

დეტალებში არც მინდა შევიდე. მთავარი და საინტერესო ჩემთვის არის რა – რომ არის კონკრეტული სასჯელები შეფარდებული და ყველა ეს სასჯელი ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს და არის კონკრეტულ საქმეებზე დაწყებული გამოძიება, რაზეც ასევე საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია. დანარჩენი არის უკვე დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.

„უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კონტრშეტევა რთული იქნება, მტერი პოზიციებს მარტივად არ თმობს“

„უკრაინა კონტრშეტევაში რთული დუელისთვის ემზადება, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული ძალებისთვის წინსვლა „რთულია“, რადგან რუსეთი თავს მთელი ძალებით იცავს.

„მტერი ადვილად არ დათმობს პოზიციებს და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს რთული დუელი იქნება. კონტრშეტევის წარმატება არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ დაკავებული ქალაქებითა და გავლილი კილომეტრებით, სამხედრო ოპერაციების ეფექტურობის გასაზომად ბევრად მეტი კრიტერიუმი არსებობს.

მიმდინარე ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა და სამხედროები ასრულებენ ამ ამოცანებს, მოძრაობენ ისე, როგორც უნდა გადაადგილდნენ. ყველაზე დიდი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა მალიარმა.

“ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ ეს არ გვჭირდება”

ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.

„ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემური კოალიცია გამორიცხულია, რადგან ორივე არიან წარსული და წარსულის წარსული. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, თუ ვინმეს გაერთიანება იმიტომ უნდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს გზას მივყვებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

“ოპოზიციას მოვუწოდებ გაერთიანდით, ბარიერს მაინც გადალახავთ” – ირაკლი ზარქუა

ყველა ერთიანი თესლიდან აღმოცენებულები არიან – ოპოზიციას მოვუწოდებ გაერთიანდით, ბარიერს მაინც გადალახავთ, იყვნენ აქ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ზარქუას თქმით, წინასაარჩევნოდ პატარა პარტიების ლუსტრაცია ხდება.

„მე მომხრე ვარ, გაერთიანდნენ და სავარაუდოდ ვერ აცდებიან. არ მინდა, ჩემი “ხაბე” მარტო დარჩეს იმ ბრძოლაში და ახლა ეს “ჭიჭე” ვაშაძე გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ ვიცით, რომ ყველას ერთნაირი ხელწერა აქვთ?! ყველა ერთიანი თესლიდან აღმოცენებულები არიან. ატყუებენ თავის ამომრჩეველს? ვითომ “ნაცმოძრაობას” ემიჯნებიან? გახარია რომ მჭერმეტყველებს და მორალს კითხულობს, ახლა გახდა თურმე დემოკრატი და თურმე “ნაცები” არ მოსწონს, ისევე როგორც ხაზარაძეს. “ჭიჭე” ვაშაძე კი საერთოდ დუმს. ლუსტრაცია ხდება წინასაარჩევნოდ ყველა ამ პატარა პარტიის. მოვუწოდებ მათ, გაერთიანდით, ხალხი მაინც არ განსხვავებთ, ბარიერს მაინც გადალახავთ. იყვნენ აქ პარლამენტში, ცოტა ხანი გავერთობით,”- განაცხადა ზარქუამ.

„დინამო არენას“ მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 21, 24 და 27 ივნისს, 14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად  აიკრძალება.  გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ.

აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი  ბათუმის ქუჩის  ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან.

“ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონება დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა”-ზურაბ ქადაგიძე

ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის შესახებ.

ქადაგიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ, კობალაძემ თავის დასაცავად რუსეთის თემით დაიწყო აპელირება.

„აი ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა. ახლა, როცა გაიჭედა და სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს “ნაგლი” და რუსეთიო გაიძახის… რუსეთი კი არა, შევარცხვინე ის ხელისუფლება, თუ შენ კაპიკ კაპიკ არ მოგატანინონ უკან ქართველი ავტორ/შემსრულებლების მოპარული ჰონორარები…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

“რომელ ოპოზიციას გულისხმობთ, დაშლილებში რომ არის და ნაწილ-ნაწილ გაერთიანება სურს?”

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მისივე თქმით, ამას თავად ევროკავშირის ლიდერები ამბობენ.

რაც შეეხება ოპოზიციის საკითხისადმი დამოკიდებულებას, მაჭარაშვილი აცხადებს:

„თქვენ რომელ ოპოზიციას გულისხმობთ, დაშლილებში რომ არის და ნაწილ-ნაწილ გაერთიანება უნდათ? – ჩვენ ასეთი დაშლილი მანქანით ბრიუსელამდე ვერ ჩავალთ. ხალხი დაშლილებში არსებულ მანქანას ქვეყნის ევროინტეგრაციას ვერ ანდობს. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს და თავად ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამის დასტურია თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც პირველ ადგილზე ვართ. ამას ვერავინ დამალავს. საქართველოს ის კითხვარები ჩაბარებული აქვს, რის გამოც ევროკავშირისგან შემოდგომაზე უნდა დაეწეროს ნიშანი. სამწუხაროდ, მოლოდინი 50/50-ზეა, რადგან ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.