Home Blog Page 1803

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

„მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

რუსეთის დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მიღება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე და პირიქით.

ე.წ. დოკუმენტს ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს. რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმება სახელმწიფო სათათბიროს რატიფიცირებისთვის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 31 მაისს წარუდგინა.

“ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

მან ამერიკისა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დემოკრატიულ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “აშშ და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი უარს იტყვის უიმედობაზე”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ელჩის რანგში მისი ბოლო მიღებაა საქართველოში.

“მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე.

წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში.

ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.

4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს , რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია.

4 ივლისი, ასევე, არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ, მშვენიერ ,მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემა , რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენას და უმრავლესობის ტირანიას.

ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს, და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად.

ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან , იმიტომ რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად-ისევე როგორც, დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.

ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა.

საქართველოს ლიბერალურ -დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში , თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას-მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა „ რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე “

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა , როგორც აყვავებული , უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.

ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.

ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“

მერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”, – თქვა კელი დეგნანმა.

„ქართული ოცნება” ევროპის სოციალისტური პარტიიდან გარიცხეს

„ქართული  ოცნება” ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES) გარიცხეს.

 

გადაწყვეტილება თავმჯდომარეებმა ერთსულოვნად მიიღეს.

ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ “ქართული ოცნების” წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებისგან ძალიან შორს არის.

“პრეზიდიუმმა განიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, გაიმეორეს წინა შეხვედრაზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების საჯარო განცხადებების შესახებ.

პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებისგან შორსაა”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კობა კობალაძემ და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტში, დაესწრო ვიზიტის შემაჯამებელ სიმპოზიუმს: “ვეტერანებზე ზრუნვის კონცეფციები და მათი განხორციელების გზები”.

ჰოლანდიელმა მასპინძლებმა _ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, პოლ ჰოფსლოტმა, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ, ინსტიტუტის მკვლევარმა, ჰიელტ ალჰრამ და პროფესორმა, ფსიქიატრმა, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიულმა მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ერიკ ვერმეტენმა პატივისცემა გამოხატეს კობა კობალაძის, საქართველოს ვეტერანებისა და ქართული დელეგაციის მიმართ და ხაზი გაუსვეს საქართველოს ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

სესილია ჯოანა ვან პესკიმ, თავის მოხსენებაში გაიხსენა ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის და ხელმძღვანელი პირების შარშანდელი ვიზიტი საქართველოში_ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში; აღნიშნა, რომ ქართულ და ჰოლანდიურ უწყებებს შორის დამყარებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე; თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, შორენა ლორთქიფანიძემ ისაუბრა ორგანიზაციის გეგმებსა და ამოცანებზე, საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევაში, საზოგადოების კონსოლიდაციის, ვეტერანთა პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე;

გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა: ” ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის კარი ყოველთვის ღიაა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანებისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს თანადგომას საქართველოს ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა აუცილებლად გაღრმავდება; გაგრძელდება საპასუხო, ორმხრივი ვიზიტები თემატური ჯგუფების მონაწილეობით, რათა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა უფრო პროდუქტიული იყოს”,_აღნიშნა თავის გამოსვლაში პოლ ჰოფსლოტმა.

კობა კობალაძემ, ჰოლანდიელ მასპინძლებს, გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის მადლობა გადაუხადა; აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების გზაზე; კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოს ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დასავლელი მეგობრების თანადგომის მნიშვნელობას. სიმპოზიუმის დასასრულ, ქართულ და ჰოლანდიურ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, ხელი პოლ ჰოფსლოტმა და კობა კობალაძემ მოაწერეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში დასრულდა.

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, რომელიც უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი კიევის ოლქის ქალაქებში მოშჩუნშიბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რომლებიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და სადაც რუსეთის სამხედროების მიერ სასტიკი დანაშაულები იქნა ჩადენილი.

„მჯერა, რომ ამერიკა არის თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი. აქ ჩემი, როგორც კერძო მოქალაქის ჩამოსვლამ, უკრაინელი სამხედროების გმირობის საკუთარი თვალით ხილვამ, ირპენში ადგილობრივი მოსახლეობის გმირობის დანახვამ, რომლებმაც შეაკავეს რუსეთის არმია, მათ ოჯახებთან შეხვედრამ, რომელთა სახლებიც დაიბომბა რუსეთის უგუნური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დროს, მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, გავაგრძელო უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერის მოწოდებით გამოსვლა“ , – განაცხადა მაიკ პენსმა NBC-სთან საუბარში.

“მიხარია, რომ გვაქვს პატივი მიგიღოთ პარლამენტში” – პაპუაშვილი უკრაინელ ბავშვებს

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩამოსულ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოზარდების უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ გამოცადა, ამიტომ ქართველებს ყველაზე კარგად ესმით, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი.

„მიხარია, რომ გვაქვს პატივი, მიგიღოთ პარლამენტში, ვიყოთ თანაორგანიზატორი თქვენი საქართველოში ყოფნის და ამ რთულ პერიოდში, რასაც უკრაინა გადის, გაჩვენოთ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ ჩვენს ოჯახებში თქვენი მიღებით.

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საშუალება, გადმოგცეთ ჩვენი სიყვარული, მეგობრობა და ამით ყველამ ერთად ოპტიმიზმით გავიხედოთ წინ. ვინაიდან, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რაც საქართველომ გამოცადა და ალბათ, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი, რას გრძნობთ თქვენ, ბავშვები. ჩვენ გვინდა გაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა და მეგობრობა, რომ იმ იმედის სინათლეს, რომელიც თქვენში ასე ძლიერია, ჩვენი ენერგიაც შევმატოთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტში უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის ვიცე-სპიკერს, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ რამდენიმე ასეთი ჯგუფი გვყავდა და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ მხრივ უკრაინის პარლამენტთან. მეგობრობის ჯგუფებს შორის თბილი ურთიერთობაა, ჩემს კოლეგასთან, რუსლან სტეპანჩუკთან მაქვს ასევე ძალიან თბილი ურთიერთობა და ხშირი კონტაქტი და მიხარია, რომ თქვენც ამ მეგობრობის წრეში ჩვენთან ერთად ხართ. მინდა მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა პარლამენტის ვიცე-სპიკერს და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არჩილ თალაკვაძეს, სწორედ მისი და მისი უკრაინელი კოლეგის და ზოგადად, პარლამენტებს შორის თბილი ურთიერთობის წყალობით არის, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული უკრაინელი ბავშვების მიღებაში პარლამენტში”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინელ მოზარდებს სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ ყველას გვჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობა და მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება. ვიდრე თქვენს ქვეყანაში არის ომი, თავისუფლებისთვის, ომი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი ქვეყნის – საქართველოს კარი ყოველთვის ღიაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ მთავრობასთან ერთად შევძელით გვემასპინძლა უკრაინელი მეგობრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის არაერთხელ და ახლაც მოხარული ვართ, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ აქ მშვიდობიანი და ბედნიერი დღეები გაატარეთ და ყოველთვის დაგამახსოვრდებათ თუ როგორ დაგხვდათ საქართველო და თუ როგორ გაგიხსნათ გული ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს პარლამენტს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის, შრომის და პატრიოტიზმის ხანგრძლივი ისტორია და ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს უკრაინის ახალ თაობას ვმასპინძლობთ აქ, საქართველოს პარლამენტში, ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ზრუნავს თქვენზე, საქართველოს თქვენ უყვარხართ, ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ჩამოსვლა საქართველოში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, ახალგაზრდობის სააგენტოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის საელჩოს საქართველოში და საქართველოს ელჩს უკრაინაში პროექტის დაფინანსების, ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა მოზარდებს საინტერესო, შემოქმედებითად მრავალფეროვანი დღეები უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა და პარლამენტის წევრებმა უკრაინელ სტუმრებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მათთვის პარლამენტის სასახლეში ექსკურსია გაიმართა.

სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოში 22 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“მოლდოვა, უკრაინა და საქართველო იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს” – გიტანას ნაუსედა

ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ წარმატება იქნება მიღწეული აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო – ყველა მათგანი იმსახურებს პოზიტიურ შედეგს, პოზიტიურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვამ სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეძლო,  გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.

„მახსოვს ჩვენი გზა ევროკავშირის წევრობისკენ. თავდაპირველად, ალბათ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაცია იყო, თუმცა ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შევძელით, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრები სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა ლატვიასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან, მალტასთან და კვიპროსთან ერთად.

კომპანია “პროსერვისი“ 2023 წლის Golden Brand Award-ის გამარჯვებული ჰოსტინგ პროვაიდერია

კომპანია „პროსერვისი“ 2023 წლის Golden Brand-ის გამარჯვებულია. კომპანიამ ჯილდო ჰოსტინგ პროვაიდერის ნომინაციაში მოიპოვა. პროსერვისი ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს, და დღეს ქვეყანაში არსებული ჰოსტინგის ბაზრის 31 % ფარავს. ყოველ წლიურად მომხმარებლების რიცხვი იზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას უჩენს კომპანიის მფლობელებს და თანამშრომლებს.

„პროსერვისი“ 24/7 ზე გამართული, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი TR3 სტანდარტის დატა ცენტრის საშუალებით საუკეთესო სტანდარტებს და მოქნილ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მრავალფეროვანი შეთავაზება, უწყვეტი ტექნიკური დახმარება და პროფესიონალთა გუნდი მუდმივ რეჟიმში წყვეტს ყველა გამოწვევას, რაც წარმოიქმნება კომპანიებში, რომლებიც სარგებლობენ ჰოსტინგის მომსახურებით.

კომპანიას დღეის მდგომარეობით 15000 კორპორატიული მომხმარებელი ჰყავს და 17000 ზე მეტ დარეგისტირებულ დომენს უწევს ჰოსტინგ მომსახურებას.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა გამოკითხვის საფუძველზეც ჩვენი კომპანია დასახელდა No 1 ბრენდად. მიღებული ჯილდო დამატებითი მოტივაციაა ჩვენი გუნდისათვის მეტი ძალისხმევა მივმართოთ მომსახურების გაუმჯობესების და ახალი სერვისების შეთავაზების კუთხით“- ამბობს რევაზ ნატროშვილი, კომპანია „პროსერვისის“ დამფუძნებელი.

ნომინაციის შესახებ: Golden Brand -ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

კომპანია “პროსერვისის” შესახებ: კომპანია “პროსერვისი” წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას. Pro-Service 1999 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. კომპანია არ ღალატობს მის ძირითად პრინციპებს: პროფესიონალიზმს , პასუხისმგებლობას და საქმის ერთგულებას .

“სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი” – ალეკო ელისაშვილი

სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“.

„წელიწად-ნახევარი ის და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია. მთელი მედია ამას იყო აყოლილი და წელიწად-ნახევარი სხვა არაფერი არ იყო, რომ თურმე კოსმოსიდან ასხივებდნენ, ასე უშვრებოდნენ, ისე უშვრებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი თაღლითია. ამ სიტუაციიდან ვინ მოიგო? ქართულმა ოცნებამ. იმიტომ, რომ მეტი სალაპარაკო არ იყო. წელიდად-ნახევარი იყო სააკაშვილი, სააკაშვილი. კარგი დიეტოლოგივით დამდევდნენ ჟურნისტები, რომ რა სჭირს. მე რა ვიცოდი, სააკაშვილს რა სჭირდა. მსაყვედურობდნენ, რატომ არ შედიხარ, რომ მომენახულებინა, რა დიაგნოზი უნდა დამესვა? ჩამოვიდა ჯგუფი სტრასბურგიდან, შეისწავლეს და ნახეს, რომ არაფერი არ სჭირს ამ კაცს და მშვენიერ პირობებშია. კიდევ ერთხელ დასტურია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერი როგორი მავნებლები არიან ამ ქვეყნის მიმართ. ეს ქვეყანა როგორ ფეხებზე ჰკიდიათ. ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ოღონდ თავისუფლებაზე გამოვიდეს სააკაშვილი, ქვა-ქვაზე არ დარჩენილა საქართველოში. წელიწად-ნახევარი ვერაფერზე ვერ ვილაპარაკეთ იმის გარდა, ვაიმე, რა სჭირს სააკაშვილს, ჯანდაბა სჭირდა და დოზანა, ახია. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც სააკაშვილმა, ორგზის პრეზიდენტმა და ორგზის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ქართული პასპორტი გადახია, დაიხურა ქუდი და დაიწყო აფერისტობა უკრაინის ჰიმნზე, რომ მღეროდა და ცრემლები რომ მოსდიოდა. ასეთი რაღაც როგორ შეიძლება, ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ახლა დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს E60 Shipping Line-ის მიერ პირველი რეისის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია E60 Shipping Line ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ ექვსი საათი დასჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის – E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან. ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის. E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები“, – ნათქვამია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.