Home Blog Page 1802

“დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა!”

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანიას.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ იმ ძალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუთმო საქართველომ ცხინვალის რეგიონი რუსეთს, ვინც დღეს გამოდიან ლოზუნგებით, რომ რუს ოკუპანტს გინტურის მკვლელობა არ უნდა შერჩეს.

„არანაირი პრობლემა მოლოცვის თუ ერთობლივად ჩატარებულ ქორწილებსა თუ ქელეხებში მონაწილეობის, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზში გამგზავრების – 2004 წლის ზაფხულამდე არ იყო. მაისის ბოლოში ჩამოვიდა თბილისში სამი დღით გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო და მერე დაიწყო ის რაც დაიწყო.

ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს! დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა – იმდროინდელი ოპოზიციიდან დაწყებული გაერო-თი დამთავრებული აფრთხილებდნენ ნაცებს: მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთ. მაგრამ 2006 წლის „კოდორის პროვოკაცია“ მაინც განახორციელეს – და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და ნაცების ერთობლივ ინტერესებში!

2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში – ასევე შედიოდა რუსეთის და ნაცების ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ „დასავლეთის“ და „აღმოსავლეთის“ ფრონტებზე და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ – ეს რატომ და როგორ უნდა დავივიწყოთ?

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! მკვლელია ის რუსი ოკუპანტი – აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე – თამაზი გინტური! მაგრამ! მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა – ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკლავება. დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი “ნაც-რუსეთის” ტანდემი არ გაჩერდება!“ – წერს ქართველიშვილი.

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია – გია ცაგარეიშვილი

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა.

„სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა და განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული ოპოზიცია, მთლიანად ხალხი დაეთრგუნათ, მოესპოთ და გაენადგურებინათ. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

“ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში”

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი განვიხილეთ, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობ, შეხვედრას ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ პროგრესის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც გააჩნია. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, ევროკავშირის ყველა მოთხოვნას უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.

„ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით გააჩნია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადების საკითხებს – ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, ისე როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი ასევე, კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას გაუსვა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით, რასაც შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. მათ შორის, განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები.

„ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

თიბისის სერვისები ემიგრანტებისთვის

დღეიდან, თიბისი ბანკის სერვისები ხელმისაწვდომი ხდება ემიგრანტებისთვის.

მხოლოდ ვიდეო ბანკით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შეძლებთ გახდეთ თიბისის ბანკის მომხმარებელი – გახსნათ ანგარიში, ისარგებლოთ პირადი კონსულტანტის მომსახურებით და მართოთ თქვენი ფინანსები დისტანციურად.

სურვილის შემთხვევაში, ემიგრანტებმა ვიდეო ბანკით სარგებლობისთვის უნდა მოგვწერონ თიბისი ბანკის facebook-ის ოფიციალური გვერდის მესენჯერში ან დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე  032 227 27 27. მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს ჩაგინიშნავთ ონლაინ შეხვედრას და გამოგიგზავნით ზარის ბმულს.

იმისათვის რომ გახდეთ თიბისი ბანკის მომხმარებელი დაგჭირდებათ მხოლოდ მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

ვიდეო ბანკის მეშვეობით,  მარტივად შეძლებთ გახდეთ თიბისის მომხმარებელი და თავად მართოთ ფინანსები დისტანციურად.

R

“ქართული ოცნების” ე.წ. პოლიტიკა კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს მოქალაქეებს” – თეონა აქუბარდია

„ქართული ოცნების“ ე.წ. პოლიტიკა კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს მოქალაქეებს – სუს- ის განცხადება ბმაშია „ქართული ოცნების” კაპიტულანტურ პოლიტიკასთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” მშვიდობის მანტიას ირგებს, თუმცა, ქვეყანაში არ არის მშვიდობა. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოკუპაციის კუთხით “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან წინა ხელისუფლებისკენ “თითის გაშვერა” მიუთითებს, რომ ისინი არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ოკუპაციასა და მის შედეგებთან გამკლავების თვალსაზრისით.

„გუშინ ოკუპანტებმა მოგვიკლეს ყოფილი სამხედრო და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსულ ოკუპაციას, რომელიც არ არის დასრულებული შედეგი. პარლამენტში გვაქვს მიღებული შესაბამისი დადგენილება, ისევე როგორც არსებობს 2018 წელს მიღებული მთავრობის დადგენილება, ტატუნაშვილი – ოთხოზორიას სია და მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები თითს იშვერენ წინა ხელისუფლებისკენ, ისინი არ აღიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქვს რუსულ ოკუპაციასა და მის შედეგებთან გასამკლავებლად. წლის დასაწყისში ოკუპირებული ცხინვალის ახალგორის ე.წ. პროკურორად დაინიშნა ტატუნაშვილის მკვლელების სიაში მყოფი პირი – გურწიევი, მაშინ ხელისუფლებას მოვუწოდე რეაგირება გაეკეთებინა მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თუმცა ამაზე ხმა არ ამოუღიათ, რაც ნიშნავს, რომ ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიაში მყოფი დამნაშავეების დაკავებაზე “ქართულ ოცნებას” არ უმუშავია და მათი ე.წ. პოლიტიკა კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ საფრთხეებს და კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს ჩვენს მოქალაქეებს. რუსეთთან მიმართებით ახორციელებს არასწორ პოლიტიკას, თითქოს მშვიდობის დამცველის მანტიის მორგება, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობა არ გვაქვს ქვეყანაში და არ გვექნება მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი დგას ჩვენს მიწაზე,”- განაცხადა აქუბარდიამ.

ის ასევე გამოეხმაურა სუს- ის განცხადებას და აღნიშნა, რომ სუს- მა თავდაპირველად, მკვლელობას უწოდა გარდაცვალება, ხოლო ადგილზე მყოფ მესამე მოქალაქეზე, რომელმაც გაქცევით უშველა თავს და გორის პოლიციაში კითხავდნენ, საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდა.

„სუს- ის ორი განცხადება ორი საათის ინტერვალით, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო იმ საჯარო პოზიციით, რასაც ჩვენი მოქალაქეები გამოხატავდნენ. მათ თქვეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა ეს ფაქტი და მე არ მესმის, რატომ იყო ხაზგასმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ მკვლელობას უწოდეს გარდაცვალება და ორი საათის შემდეგ გადააკეთეს გარდაცვალება მკვლელობის ფაქტად, მაგრამ არ გვითხრეს საქართველოს მესამე მოქალაქეზე, რომელმაც თავი დააღწია გაქცევით და ის იკითხებოდა გორის პოლიციაში. ამის შესახებ არ მესმის რატომ უნდა ვიგებდეთ რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტისგან და რატომ არ გააკეთა ამაზე განცხადება სუს-მა. სუს- ის განცხადება ბმაშია „ქართული ოცნების” კაპიტულანტურ პოლიტიკასთან,”- განაცხადა აქუბარდიამ.

“რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ?” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ – მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?!- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც „ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან“.

„რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ – მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!

„ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა”,- აღნიშნავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”. შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

“ჩვენ გვაქვს „ჰამასის“ ტერორის ამოფრქვევა ისეთი მასშტაბით, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით”

ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ისრაელს განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა ხდება იმ დროს, როცა ის არ გვაქვს. როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა უსაფრთხოების შესახებ, ჩვენ გვაქვს „ჰამასის“ ტერორის ამოფრქვევა ისეთი მასშტაბით, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეთანხმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდებას ჰუმანიტარული პაუზების შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ეს იქნება „ჰამასთან“ ბრძოლაში დანებება.

„რაც შეეხება პრაქტიკულს, მცირე პაუზები – ერთი საათი აქ, ერთი საათი იქ, ჩვენ ისინი ადრეც გვქონდა. ჩვენ შევამოწმებთ გარემოებებს, რათა მივცეთ საშუალება ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ან ჩვენი მძევლების, ცალკეული მძევლების გამოსაყვანად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც NBC News აღნიშნავს, ამ განცხადებით ნეთანიაჰუ გახდა ისრაელის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც დაადასტურა, რომ იერუსალიმი დათანხმდა ბრძოლის დროებით შეჩერებას.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ გაათავისუფლებს დაახლოებით 240 მძევალს, რომლებიც ღაზაში არიან დაკავებული.

„ამ შემთხვევაში მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ველოდებით ამას. ეს აქამდე არ მომხდარა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელს აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან მძევლები, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია პირთა ჯგუფი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოს და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 357 791 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც 164 375 ლარი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად, ხოლო დარჩენილი თანხა – 193 416 ლარი დაიბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 185-ე და 193-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის სახმელეთო ოპერაციები, მუდმივი დაბომბვა ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობას -ანტონიო გუტერეში

მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უმთავრესი უნდა იყოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციები და მუდმივი დაბომბვა ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, ლტოლვილთა ბანაკებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და გაერო-ს ობიექტებს, თავშესაფრების ჩათვლით, არავინ არის დაცული. ამავდროულად, „ჰამასი“ მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს და განაგრძობს განურჩევლად რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით. მე ვიმეორებ ჩემს პოზიციას და ვგმობ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ამაზრზენ ტერორისტული აქტებს ისრაელის მიმართ და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ, უპირობოდ და უსაფრთხოდ გაათავისუფლონ ღაზაში მყოფი მძევლები“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშის თქმით, 89 ადამიანი, რომელიც მუშაობდა გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოსთან, დაიღუპა ღაზაში, რაც გაერო-ს დამხმარე მუშაკების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „ორგანიზაციის ისტორიის ნებისმიერ შესადარებელ პერიოდში“.

„ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ასობით გოგო და ბიჭი იღუპება ან ზიანდება. ოთხი კვირის განმავლობაში უფრო მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, ვიდრე ნებისმიერ კონფლიქტში, სულ მცირე, სამი ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტი გაერო-ს დამხმარე მუშაკი დაიღუპა, ვიდრე ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის ნებისმიერ შესადარებელ პერიოდში. მივესალმები ყველას, ვინც აგრძელებს სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას დიდი გამოწვევებისა და რისკების მიუხედავად. განვითარებული კატასტროფა ყოველი გასული საათის განმავლობაში უფრო აუცილებელს ხდის ცეცხლის ჰუმანიტარულ შეწყვეტას. კონფლიქტის მხარეებს და, მართლაც, საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრებათ დაუყოვნებელი და ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, შეაჩერონ არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება ხვალ გამოქვეყნდება

ევროკომისიის პასუხამდე ერთი დღე რჩება, ისტორიულ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები 15 დეკემბერს მიიღებენ.

როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს და იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს – მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს, ოპოზიციის ნაწილი პროგნოზირებს, რომ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით მოგვანიჭებენ, ნაწილი კი რეკომენდაციებს შეუსრულებლად მიიჩნევს.

ახლა არჩევნებისთვის მომზადების დრო არ არის, უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს -ზელენსკი

ახლა არჩევნებისთვის მომზადების დრო არ არის, უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ყველას გვესმის, რომ ახლა ომის დროა, როცა ბევრი გამოწვევაა. აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში ასე უაზროდ და თამაშით გავრცელება. ყველა შესაბამისი სტრუქტურისა და თანამდებობის პირისგან ველოდები კონკრეტულ პასუხებს იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს, რომელიც ახლა ობიექტურად ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ეს ეხება სამოქალაქო ხელისუფლებას, სახელმწიფოს სამხედრო ელემენტებს, უკრაინის უმაღლეს რადას, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ უწყებებს. მე მჯერა, რომ ახლა არ არის არჩევნების დრო. და თუ თქვენ გჭირდებათ, ბოლო მოუღოთ ამა თუ იმ პოლიტიკურ დავას და გააგრძელოთ მუშაობა ერთად, მაშინ სახელმწიფოში არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ, ბოლო მოუღონ ამას და მივცეთ საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი, რათა ადგილი არ დარჩეს კონფლიქტებისა და სხვისი თამაშისთვის უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.