Home Blog Page 1802

აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო -ზურაბ აზარაშვილი

ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო. ამ ცვლილებებით, შევეცადეთ, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გაგვესწორებინა, რომ უფრო ცხადად და მკაფიოდ ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიანი მომსახურება , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შედის.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი კლინიკების დაფინანსების ნაწილში და სახელმწიფო მზადაა, პაციენტების ხარისხიან მკურნალობისთვის ადეკვატური ტარიფები გადაიხადოს.

„მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის მიმართული თითოეული ცვლილება და ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს, ჯანდაცვის პოლიცია იქმნება, სრულიად შეუსაბამოა. ამაში თავადაც დარწმუნდებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება – საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება.

რეგულირების სააგენტოს, ასევე, ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ინსპექტირების დაწყების პარალელურად, რეგულირების სააგენტო, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს – ინსპექტირება და სასამართლოსთვის შეტყობინება იქნება პარალელური პროცესი.

კანონში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც გაჩნდა, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ. ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი – ლევან ხაბეიშვილი

სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, ანაკლიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის იდეაზე – ქალაქ ლაზიკის დაარსებაზე ისაუბრა.

„ყველამ კარგად იცის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა, ძალიან დიდი იდეა – ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არც ერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად. ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება არის, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ.

საუბარია ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ, ან მონები იყავით, ან გაიქეცით , ” -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი.

„მთავარი დაპირება, რაც მინდა, გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის. სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კრივოი როგში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა – დაშავებულია 75 ადმიანი

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი, გადაარჩინეს სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის ბავშვი“, – წერს კლიმენკო საკუთარ ტელეგრამარხზე.

ამავდროულად, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის არის მოზარდი.

„ამ დროისთვის მხოლოდ ხერსონში 17 დაჭრილი და სამი დაღუპულია. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლისაა. გოგონა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დაღუპული და ექვსი დაშავებული კომუნალური სამსახურის თანამშრომელია, კიდევ ხუთი – მოხალისე“, – წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური ხმაურის ფონზე დატოვა

ბათუმის პორტში შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ქალაქი ხმაურის ფონზე დატოვა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. მათ საკრუიზო ლაინერი შეძახილებით გააცილეს.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, დილიდან აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები ადგილზე წუხელ, გვიან ღამიდან იმყოფებოდნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 23 პირი დააკავა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოსული პალაუს დროშით მცურავი საკრუიზო გემის მფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited-ი, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციაში არ ფიქსირდება.

მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

“რუსეთს ახლა არ აქვს უკრაინის პორტების ოკუპაციის შესაძლებლობა”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ახლა არ აქვს უკრაინის პორტების ოკუპაციის შესაძლებლობა, ამიტომ მათზე თავდასხმები აბსოლუტურად ტერორისტული ქმედებაა.

„არის თუ არა ადეკვატური, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ. მას [პუტინი] არ შეუძლია ამ პორტების დაკავება. ანუ ეს არ არის სამხედრო ქმედება. ომზეც კი არ არის საუბარი. ანუ, ჩვენს პორტებში ვერ შევა. შეუძლებელია. მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მის მთელ ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. და ეს მან კარგად იცის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს” -მიხეილ სააკაშვილი

ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნისაფონოვიტრიფონოვი და ა.შ.

„ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი. ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნისაფონოვიტრიფონოვი და ა.შ. მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/822887499206849?ref=embed_post

“ვაგნერის” ბელარუსში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”- ლიეტუვის პრეზიდენტი

„ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ინფორმაცია იმის შესახებ,რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება შეიძლება ბელარუსში განლაგდეს, მე მაშინვე განვაცხადე საფრთხის შესახებ“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისივე თქმით, „ვაგნერელების“ მხრიდან პროვოკაციების სერიოზული საფრთხე არსებობს ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის წინააღმდეგ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ აჯანყების მცდელობის შემდეგ ლიეტუვამ დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო. ნაუსედას თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პროვოკაციების შემთხვევაში ლიეტუვის შეიარაღებული ძალები მესაზღვრეებს დაეხმარებიან.

„ამჟამად მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი და სადაზვერვო ოპერაციების გაძლიერება. ამასთან ერთად, მინდა, აღვნიშნო, რომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ლიეტუვის არმია მესაზღვრეების დასახმარებლად მივიდეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

“არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადეც იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა” – ზურაბ ქადაგიძე

სანამ, თარგამაძისნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰო და ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება.

„ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას ხომ გახსოვთ? ჰოდა ახლა, დანდობა არ იქნებაო, თან პოლიციელებს ემუქრება ეს არამზადა. აი, სად იგეგმება ეს აბსურდი, სადაც ტურისტებს დასდევენ და გემებს აპროტესტებენ. ეგზალტირებული სექტა ჰყავთ მოქოქილი და ამ სიგიჟეებს აკეთებინებენ, მერე თვითონ გამოდიან ასეთი განცხადებებით და იმუქრებიან. არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადე იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა და 2024 წელს ეს მოძალადე ნაძირალები, სამუდამოდ უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან. სანამ, თარგამაძის ნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰოდა ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს

სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს. „როიტერის“ ცნობით, დანიის დედაქალაქში ყურანი დაწვეს საუდის არაბეთის საელჩოს წინ, ხოლო შვედეთის დედაქალაქში ანალოგიური აქცია პარლამენტთან გაიმართა.

შვედეთში ყურანის დაწვის ორგანიზატორები იმიგრანტები იყვნენ. პარალელურად, სტოკჰოლში შედგა მცირერიცხოვანი დემონსტრაცია, სადაც რელიგიური წიგნების დაწვა გააპროტესტეს.

ცნობისთვის, დღეს 57 მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენლები მართავენ ვიდეოკონფერენციას, სადაც სკანდინავიურ ქვეყნებში ყურანის დაწვის ფაქტებზე რეაგირების გზებზე მსჯელობენ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ოფიციალური წერილი გადაუგზავნა მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს, სადაც დაგმო ისლამოფობიის გამოვლინებები და განმარტა შვედური კანონმდებლობა, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„როიტერის“ ცნობით, უახლოეს ხანში ყურანის დაწვის აქციები კიდევ არის დაგეგმილი.

შვედეთისა და დანიის მთავრობა უკვე განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც რელიგიური წიგნების დაწვა აიკრძალება.

“საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარებაში დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს”- ადამ კინზინგერი

აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ გზას ირჩევს და საკუთარ ხალხს უღალატა.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იმის მოლოდინი, რომ ქართველები მისალმებოდნენ იმ ადამიანებს, რომლის ქვეყნის საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არ გამართლდა.

„ქართველებმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს“, – განაცხადა დეგნანმა.

“სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს” – პოდოლიაკი

„სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

„ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი რიჰი. რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია“, – წერს პოდოლიაკი.

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 4 მოხალისე და არასრულწლოვანი ბიჭი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა აქვეყნებს.

ხერსონის პროკურატურის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი მიკრორაიონი.

„დაიბომბა საოლქო ცენტრი, შედეგად 10-მდე სამოქალაქო პირი არის დაშავებული. დაბომბვები ახლაც გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.