Home Blog Page 1799

“ნაც-ლიბერალებისგან და მათი მედიებისგან ტყუილი აღარ გვიკვირს” – ვატო შაქარიშვილი

აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამერიკული კანონი თარგმანში გახდა – რუსული, ხოლო პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი და თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული საკრუიზო გემი – რუსულ ლაინერად გადაიქცა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ საკრუიზო ლაინერით შემოსული რუსი ტურისტი უფრო სახიფათოა, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გზით შემოსული.

შაქარიშვილი ტურისტების მაღალი მხარჯველ უნარიანობის გარდა, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გემის ოპერატორი კომპანია საკმაოდ დიდ თანხებს იხდის საპორტო მომსახურებისთვის, საკრუიზო მარშრუტში მოხვედრა კი, პორტისა და ქალაქისთვის პრესტიჟის საკითხია.
იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმატების ზრდის პარალელურად გაიზრდება რადიკალების მიერ ვითარების არევის მცდელობები.

„აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამერიკული კანონი თარგმანში გახდა – რუსული, ხოლო პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი და თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული საკრუიზო გემი – რუსულ ლაინერად გადაიქცა!
ნაც-ლიბერალებისგან და მათი მედიებისგან ორმაგი სტანდარტები, ტყუილი, მავნებლობა, ფარისევლობა აღარ გვიკვირს, მაგრამ კრუიზის გარშემო ატეხილი ისტერია, მათივე რეკორდებსაც კი ხსნის! ნაც-ლებერალებისთვის არ არსებობს მორალურ-ინტელექტუალური ფსკერი, რომელსაც ვერ გადალახავენ.

მხოლოდ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხარდამჭერი შეიძლება იყოს საკუთარი სიბეცით და მავნებლობით ასე აჟიტირებული, სიგიჟემდე გახარებული და ამაყი.

ნაც-მედიები და უტიფარი პოლიტიკოსები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ გემით შემოსული ტურისტი არის განსაკუთრებულად “სახიფათო,” უფრო მეტად რუსი და უფრო მეტად პუტინისტი, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გზებით შემოსული. სწორედ ზღვით შემოსვლაში ყოფილა მთელი საიდუმლო, რომელიც ასე ეხება მათ უფაქიზეს პატრიოტულ გრძნობებს.

მადლობა ღმერთს, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის გაბითურება შეძლეს, მაგრამ ამ უკიდურესად მდაბიო, წარმოუდგენელ სიყალბეზე აგებული პროვოკაციით ის მაინც მოახერხეს, რომ კომპანიამ საკრუიზო მარშრუტიდან ბათუმის გაჩერება ამოიღო.

კრუიზის შემადგენლობა, რომელიც სამი ქვეყნის, ათამდე პორტში ჩერდება, ცხადია ინტერნაციონალურია. აღნიშნულ გემზე იმყოფებოდნენ – თურქეთის, რუსეთის, ისრაელის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. სინამდვილეში, კრუიზით შემოსული ტურისტი მართლაც განსხვავებულია, პოზიტიური გაგებით! ის 10-12 საათს ატარებს კონკრეტულ ქალაქში, მაგრამ მხარჯველ უნარიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტს ხარჯავს ამ მოკლე დროში, ვიდრე სხვა გზით შემოსული ტურისტი ხარჯავს უფრო ხანგრძლივ პერიოდში. გარდა ამისა, გაჟღერდა, რომ გემის ოპერატორი კომპანია საკმაოდ დიდ თანხებს იხდის საპორტო მომსახურებისთვის, რაც დამატებითი შემოსავალია ბიუჯეტში. ამასთან, საკრუიზო მარშრუტში მოხვედრა პორტისთვის და მთლიანად ქალაქისთვის პრესტიჟის საკითხია და საშუალებას იძლევა უფრო მეტი კომპანია და ქვეყანა დავაინტერესოთ ამ მიმართულებით.

ასე რომ, ამ ყველაფერზე თავდასხმა არის ქვეყნის ღალატი და მტრული საქმიანობა. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ამას თუნდაც ტაშს უკრავს სოცმედიაში, რომ ამით ისინი უდიდესი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან. უგუნურება, უცოდინარობა, პროპაგანდის გავლენა, არ ამსუბუქებს პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთი უკიდურესად მდაბიო, ფარისევლური ქმედებით შენ ერთნაირად ხელყოფ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ნაცების, ზოგადად დესტრუქციული ოპოზიციის და მათი პატრონების სურვილი ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, საქართველოს წარმატების პირდაპირპროპორციულად იზრდება. ეს უკანასკნელი პროვოკაციაც იყო პასუხი, საქართველო-ჩინეთს შორის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების გაფორმებაზე.

მტრები ყეფას გააძლიერებენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მყარად გააგრძელებს მშვიდობის, განვითარების და გაერთიანების გზაზე სვლას!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს

5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

ქალაქ თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

“ლავროვის შვილის ქორწილი რომ არ ჩაეშალა საზოგადოებას, ხვალ შოიგუს შვილის ქორწილი გაიმართებოდა და ზეგ კიდევ პრიგოჟინის”

პატარ-პატარა, მაგრამ შედეგის მომცემი ქმედებები, საბოლოო ჯამში, შლის რუსეთის ჰიბრიდული ომის გეგმებს – რუსული მოღალატური ინტერესების დამცველია დღეს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბათუმში სოჭიდან შემოსული გემის გამო გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა ბათუმში გამართულ აქციას, თუ ვინმე ყვავილებით შეხვდა და ამართლებდა რუსი ოკუპანტების და პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლას, ერთადერთი ეს იყო “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა.

“ბათუმში გამართულ აქციას, რომელსაც მოჰყვა რუსული გემის გაძევება და ვერ გაბედავენ მეორედ აქ შემოსვლას, მხარს უჭედა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და თუ ვინმე ყვავილებით შეხვდა და ამართლებდა რუსი ოკუპანტების და პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლას, ერთადერთი იყო “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა. “ქართული ოცნების” 99.9 პროცენტი დარწმუნებული ვარ, სოლიდარული იქნებოდა იმ მოვლენებისადმი, რაც გუშინ ბათუმში განვითარდა. მოწყვეტილია რეალობას “ქართული ოცნება”, პირდაპირ დგანან რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე.

ლავროვის შვილის ქორწილი რომ არ ჩაეშალა საზოგადოებას, ხვალ შოიგუს შვილის ქორწილი გაიმართებოდა და ზეგ კიდევ პრიგოჟინის. ასე რომ, ასეთი პატარ-პატარა, მაგრამ შედეგის მომცემი ქმედებები, საბოლოო ჯამში, შლის რუსეთის ჰიბრიდული ომის გეგმებს. ასე რომ ეს იყო სწორი, საერთო, სახალხო გულისწყრომა და თუკი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ მასში, გასაკვირი არ არის პოლიტიკური პარტია უნდა იყოს იქ, სადაც არის ხალხი,” – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა საია-ს განცხადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს „ანტიკონსტიტუციური ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ პოლიცია ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. გოცირიძე მიიჩნევს, რომ დაკავებები უკანონო იყო და ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს იცავს.

“ის დაკავებები, რაც მოხდა, არის უკანონო და არის ძალის გადამეტება, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში. მსგავსი ქმედებებისთვის, მათ შორის, ბევრჯერ პარლამენტიდან ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯება ყველა. ნუ ჰგონიათ დაუსჯელი დარჩებიან, არაფერი იმალება, ყველაფერს თავის დრო და ადგილი ექნება. რუსული მოღალატური ინტერესების დამცველია დღეს საქართველოს ხელისუფლება,” – განაცხადა გოცირიძემ.

“სასამართლოს ე.წ.კლანი და მისი კავშირები ხელისუფლებასთან მთავარ გამოწვევად რჩება” – ნაზი ჯანეზაშვილი

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოს ე.წ.კლანი და მისი კავშირები ხელისუფლებასთან მთავარ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ უკვე არჩეულია სამი არამოსამართლე წევრი, თუმცა მათი არჩევის შემდგომ საბჭოს საქმიანობაში არაფერი შეცვლილა. ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოში გადაწყვეტილება კვლავ ერთხმად მიიღება, რაც გამოიხატება იმაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე ერთხმად დანიშნა. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ის პრინციპები, რითაც აქამდე იმართებოდა სასამართლო იგივე კორპორატივიზმით, ნეპოტიზმით, ე.წ. კლანური წესებით, გრძელდება და ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში განუცხადა, სადაც “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ლიდერობით 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ წარმოადგინა მათ მიერ შემუშავებული მეხუთე შეფასების დოკუმენტი საკითხზე, როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის 12 პრიორიტეტს.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ წარმოადგინეს ანგარიში, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კუთხით სიტუაცია გაუარესებულიც კი, არის. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მოსაზრება და ძალიან ბევრ პრობლემაზეა საუბარი, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსამართლის როლზე, რომლებსაც მაგალითად, სისტემაში აქვთ მაღალი თანამდებობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიაში გაგზავნა უკვე მიღებულ კანონში ცვლილებები მოსაზრებებისთვის და ცხადია, ველოდებით იმას, თუ როგორი იქნება მათი რეკომენდაცია და შემდეგ უკვე ხელისუფლება როგორ მოახდენს რეაგირებას. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც პრაქტიკაში გამოიკვეთა, ეს არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება. საბჭომ მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება და საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი აირჩია იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე. ეს ადამიანი არის შოთა ქადაგიძე, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოს ე.წ.გავლენიან ჯგუფებთან და ცხადია, მისი დანიშვნა ამ მაღალ თანამდებობაზე, რომელიც მისმა წინამორბედმა ზურაბ აზარაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა, კითხვებს აჩენს და სისტემაში კორპორატივიზმს კიდევ უფრო აძლიერებს”. განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის და ევროკომისიის მთავარი რეკომენდაცია და მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

“სრულად შესრულებულია ევროკავშირის 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ შესრულებულია 7 და ჯერ კიდევ შესასრულებელია 2 პირობა”

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად შესრულებულია ევროკავშირის ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია), – ამის შესახებ ნათქვამია სტატუსმეტრში, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს.

ორგანიზაციების შეფასებით, სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმაც ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ ზეპირ შუალედურ შეფასებასთან.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 9 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რეგულარულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას. მათ მოამზადეს რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამასთან, დოკუმენტი გაგვაცნობს იმ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმაც ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ ზეპირ შუალედურ შეფასებასთან.

პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: „ღია საზოგადოების ფონდი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საფარი“.

ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

“რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია და საქართველოს კონსტიტუციით თუ რომელიმე პარტიაა ასაკრძალი, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, ძალიან კარგია, რომ სოზარ სუბარმა მოლდოვა ახსენა, სადაც პრორუსული და კრემლის მიერ მართული პარტია აიკრძალა, რომელთა ლოზუნგები „ხალხის ძალის“ პოზიციას პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა.

„როგორც მოლდოვაში აიკრძალა ეს პარტია, საქართველოშიც ასე უნდა აიკრძალოს „ხალხის ძალა“. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს კენჭი ორჯერ უყარეს და თუ არ ვცდები, 46 ხმა ჰქონდათ. ეს არის სისულელე, იაფფასიან პიარზე აგებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს პირდაპირ ემსახურებიან“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი დღეს გამოვიდა წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

“კრემლი ვეღარ იცავს რუსეთის მოსახლეობას” – ბრიტანული დაზვერვა

მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები უტევს, რუსებისთვის გაწვევის ასაკი გაიზარდა, „ვაგნერელები“ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბუნტს აწყობენ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ვეღარ იცავს მოსახლეობას უკრაინასთან ომისგან, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

როგორც რეზიუმეშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გაიწვიოს მეტი კაცი ჯარში. 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში სახელმწიფო დუმამ სამხედრო სამსახურისთვის გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27-იდან 30 წლამდე გაზარდა, ქვედა ზღვარი 18-მდე შეინარჩუნა.

გარდა ამისა, 24 ივლისს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც თანდათან ზრდის ასაკობრივ ზღვარს რეზერვში გაწვევის უფლების მქონე პირთათვის, ხოლო უფროსი ოფიცრების მობილიზება უკვე შესაძლებელია 70 წლამდე.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამან შეიძლება უზრუნველყოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის ხელმისაწვდომი ჯარების რაოდენობის სწრაფი ზრდა.

„იძულებითი ბრძოლა, დრონების თავდასხმები მოსკოვზე, რეპრესიების განსაკუთრებული დონე და „ვაგნერის“ ბოლო აჯანყება აერთიანებს რუსეთის სახელმწიფოს უუნარობას დაიცვას მოსახლეობა ომისგან“, – ნათქვამია ბრიტანეთის სამინისტროს განცხადებაში.

“პირველი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტი თანხა – 218 300 ლარი „ლელოს“ შესწირეს”

2023 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 453,336 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი თანხა შესწირეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 218,300 ლარი, მეორე ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა 108,000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 90,790 ლარით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, შემოწირულებების რაოდენობაში, გასული კვარტლის მსგავსად, კვლავ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შესწირეს თანხა. პარტიის შემოწირულებების უმრავლესობა ამჯერადაც მცირე თანხებს შეადგენდა (საშუალოდ 109 ლარი).

„საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი დონორი ჰყავდა, რომელთაც პარტიას ჯამში 108,000 ლარი შესწირეს. სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009”, ამავე პერიოდში, 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო.

ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი შესწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60,000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული.

ამასთან, აპრილი-ივნისის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკური პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი 28 პირს დაუდასტურდა, ხოლო 4 პირს არ დაუდასტურდა.

ამ ოთხ პირზე აუდიტის სამსახურმა კომერციული ბანკებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. მათგან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი — „კონსერვატიული მოძრაობის“- ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 8 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა ა/მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი. ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით, გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს.

გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ 6 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „watsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან” – კარასინი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

რუსი სენატორი გრიგორი კარასინი საკრუიზო გემის ჩასვლის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. შემდეგ ის იშლება. საინტერესოა, რას მიაღწიეს „მყვირალა სააკაშვილებმა“ ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ზოგადად ნათელია. მაგრამ მაინც”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

ცნობისთვის, გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს, ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. გემის ჩამოსვლის წინააღმდეგ აქციას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანიც.

გემმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა. Astoria Grande-მ ბათუმი რეისები მარშრუტებიდან უკვე ამოიღო. რუსული საკრუიზო ლაინერის შემდგომ რეისებზე ბათუმი გათვალისწინებული აღარ არის.

” გიორგი ვაშაძე თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ მისი ერთგვარი მინი ვერსიაა”-ირაკლი კობახიძე

გიორგი ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია, თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ სააკაშვილის ერთგვარი მინი ვერსიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ „გიორგი ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია, ამზადებენ“.

„ამერიკულ ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი ძალიან ლოგიკურად ჟღერს. მათ შორის ისიც, რომ ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის ერთგვარი მისი მინი ვერსია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, ეს უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“. დღეს ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია. გაერთიანდა ორი პარტია, „ნაცმოძრაობა“ და ვაშაძე. სინამდვილეში, ორივე „ნაცმოძრაობაა“ და დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, იგივე „ლელო“, გახარია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“. კიდევ შეიძლება, სხვებიც არიან, ეს ოთხი პარტიაა არსებითად, სინამდვილეში, ეს 5-6 ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუ ისინი გავლენ ერთიანი სიით. ამ შემთხვევაში, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმარტივდება არჩევანი. ისედაც არ გაუჭირდება საზოგადოებას არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება, ამაში დავეთანხმები ექსპერტს“, – აღნიშნა კობახიძემ.