“სასამართლოს ე.წ.კლანი და მისი კავშირები ხელისუფლებასთან მთავარ გამოწვევად რჩება” – ნაზი ჯანეზაშვილი

64
spot_img

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოს ე.წ.კლანი და მისი კავშირები ხელისუფლებასთან მთავარ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ უკვე არჩეულია სამი არამოსამართლე წევრი, თუმცა მათი არჩევის შემდგომ საბჭოს საქმიანობაში არაფერი შეცვლილა. ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოში გადაწყვეტილება კვლავ ერთხმად მიიღება, რაც გამოიხატება იმაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე ერთხმად დანიშნა. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ის პრინციპები, რითაც აქამდე იმართებოდა სასამართლო იგივე კორპორატივიზმით, ნეპოტიზმით, ე.წ. კლანური წესებით, გრძელდება და ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში განუცხადა, სადაც “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ლიდერობით 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ წარმოადგინა მათ მიერ შემუშავებული მეხუთე შეფასების დოკუმენტი საკითხზე, როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის 12 პრიორიტეტს.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ წარმოადგინეს ანგარიში, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული კუთხით სიტუაცია გაუარესებულიც კი, არის. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მოსაზრება და ძალიან ბევრ პრობლემაზეა საუბარი, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსამართლის როლზე, რომლებსაც მაგალითად, სისტემაში აქვთ მაღალი თანამდებობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიაში გაგზავნა უკვე მიღებულ კანონში ცვლილებები მოსაზრებებისთვის და ცხადია, ველოდებით იმას, თუ როგორი იქნება მათი რეკომენდაცია და შემდეგ უკვე ხელისუფლება როგორ მოახდენს რეაგირებას. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც პრაქტიკაში გამოიკვეთა, ეს არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება. საბჭომ მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება და საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი აირჩია იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე. ეს ადამიანი არის შოთა ქადაგიძე, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოს ე.წ.გავლენიან ჯგუფებთან და ცხადია, მისი დანიშვნა ამ მაღალ თანამდებობაზე, რომელიც მისმა წინამორბედმა ზურაბ აზარაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა, კითხვებს აჩენს და სისტემაში კორპორატივიზმს კიდევ უფრო აძლიერებს”. განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის და ევროკომისიის მთავარი რეკომენდაცია და მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.