Home Blog Page 1799

“პირველი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტი თანხა – 218 300 ლარი „ლელოს“ შესწირეს”

2023 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 453,336 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი თანხა შესწირეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 218,300 ლარი, მეორე ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა 108,000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 90,790 ლარით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, შემოწირულებების რაოდენობაში, გასული კვარტლის მსგავსად, კვლავ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შესწირეს თანხა. პარტიის შემოწირულებების უმრავლესობა ამჯერადაც მცირე თანხებს შეადგენდა (საშუალოდ 109 ლარი).

„საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი დონორი ჰყავდა, რომელთაც პარტიას ჯამში 108,000 ლარი შესწირეს. სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009”, ამავე პერიოდში, 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო.

ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი შესწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60,000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული.

ამასთან, აპრილი-ივნისის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკური პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი 28 პირს დაუდასტურდა, ხოლო 4 პირს არ დაუდასტურდა.

ამ ოთხ პირზე აუდიტის სამსახურმა კომერციული ბანკებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. მათგან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი — „კონსერვატიული მოძრაობის“- ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 8 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა ა/მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი. ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით, გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს.

გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ 6 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „watsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან” – კარასინი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

რუსი სენატორი გრიგორი კარასინი საკრუიზო გემის ჩასვლის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. შემდეგ ის იშლება. საინტერესოა, რას მიაღწიეს „მყვირალა სააკაშვილებმა“ ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ზოგადად ნათელია. მაგრამ მაინც”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

ცნობისთვის, გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს, ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. გემის ჩამოსვლის წინააღმდეგ აქციას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანიც.

გემმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა. Astoria Grande-მ ბათუმი რეისები მარშრუტებიდან უკვე ამოიღო. რუსული საკრუიზო ლაინერის შემდგომ რეისებზე ბათუმი გათვალისწინებული აღარ არის.

” გიორგი ვაშაძე თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ მისი ერთგვარი მინი ვერსიაა”-ირაკლი კობახიძე

გიორგი ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია, თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ სააკაშვილის ერთგვარი მინი ვერსიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ „გიორგი ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია, ამზადებენ“.

„ამერიკულ ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი ძალიან ლოგიკურად ჟღერს. მათ შორის ისიც, რომ ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის ერთგვარი მისი მინი ვერსია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, ეს უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“. დღეს ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია. გაერთიანდა ორი პარტია, „ნაცმოძრაობა“ და ვაშაძე. სინამდვილეში, ორივე „ნაცმოძრაობაა“ და დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, იგივე „ლელო“, გახარია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“. კიდევ შეიძლება, სხვებიც არიან, ეს ოთხი პარტიაა არსებითად, სინამდვილეში, ეს 5-6 ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუ ისინი გავლენ ერთიანი სიით. ამ შემთხვევაში, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმარტივდება არჩევანი. ისედაც არ გაუჭირდება საზოგადოებას არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება, ამაში დავეთანხმები ექსპერტს“, – აღნიშნა კობახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ მენტალიტეტში“, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანა ბუჩუკური „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, არამედ ის, რომ დღესაც არ აქვს გადაფასებული და შეფასებული თავისი დანაშაულები.

„ოღონდ, ეს იყო სისტემური დანაშაულები და არა – ერთეული შემთხვევები. სისტემური დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც ერთი ადამიანის ტრაგედია არ იყო, აქ იყო ასახული ის, სისტემამ ადამიანი ჯერ როგორ მოკლა და რა არ გააკეთა დამნაშავეების დასჯისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმით არის მძიმე და უნიკალური, რომ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე და არა ინდივიდვალურ გადაცდომებთან. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს ეძახის. მათი მმართველობიდან 11 წელია გასული და მათ წარსულის გადაფასება არ გაუკეთებიათ, რასაც „ნაცური მენტალიტეტი“ დავარქვით. მათ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ათ წელზე მეტია ხელისუფლებაში არიან და როცა ახლა ახსენდებათ, რომ თურმე, ვიღაცეები დასასჯელები არიან, ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთისთვის ლეგიტიმაციის წყარო არიან – ერთი ჯოხის ორი ბოლო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

“ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე” – ირაკლი კობახიძე

ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მითუმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩის განცხადება გაუგებარი იყო.

„ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა. ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე და როდესაც ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, აქ არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო.

ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მითუმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს. ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია.

შეგახსენებთ, რომ არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო კვერცხების სროლა და ა.შ. 7-8 მარტი იყო ძალადობა, გუშინდელი აქციაც ძალადობა იყო. ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, 7-8 მარტს იყო უხეში ძალადობა, გუშინ შედარებით რბილი, მაგრამ ძალადობა ძალადობაა. ლისზე 3000 კაცი იყო შეკრებილი, შეიძლება მეტიც და არ იყვნენ არც ერთი პარტიის აქტივის წარმომადგენლები და ხალხის პროტესტი არ დაურქმევია არავის ამისთვის, მაგრამ როცა 150 კოლექტიური „ნაციონალი“ იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს – აქ ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“.

”რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს”

რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იხილეთ განცხადებები, რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

“როგორ შეიძლება ერთი მხრივ ანაკლიის პროექტი გინდოდეს და მეორე მხრივ ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას ეწინააღმდეგებოდე? – ამირან სალუქვაძე

” თქვენი აზრით, ჩინეთის ტვირთების გარეშე საქართველოს სატრანზიტო მოცულობების გაზრდა და ახალი პორტების სათანადოდ დატვირთვა შესაძლებელია?”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე.

“უნდა გამოვეხმაურო ჩინეთის თემაზე მოღლიცინეებს. ზოგი “კეთილი ზრახვებით” და “გულწრფელი წუხილით” შეიფუთა, ზოგიც ღია დაცინვას და ქილიკს არ მოერიდა, ზოგმა კი მენტორული ტონით დაგვმოძღვრა ყველა, ვისაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება პოზიტიურად შევაფასეთ.

ზოგს სტრატეგიული პარტნიორობა კურსის ცვლილება ჰგონია. ზოგი წერს მთავრობის მრჩევლებს რაღაც გამორჩათო და ა.შ.
დავიწყებ ნაცმოძრაობისთვის ფაქტების შეხსენებით.

სააკაშვილის ჩინეთის ჩინურად მოპასუხე პრეზიდენტ ჰუსთან რუსულად საუბრის ვიდეო ხომ გაგახსენეთ?! სტატიებიც შეგახსენეთ, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდით სააკაშვილის ჩინეთში ვიზიტს.
ახლა მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცმოძრაობის ფაქტობრივი თავმჯდომარის, ანუ არაფორმალური მმართველის დედა, დღემდე რჩება პრორუსულ-პროთურქული ორგანიზაციის “პლატფორმა ევრაზიული დიალოგის” თავმჯდომარედ.

ამ ორგანიზაციაში შედიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. თუ რა სინანულით საუბრობდა “საქართველოდან რუსული კულტურის ბოლო პლასტზე, რუსული ენის დავიწყებაზე”, ხომ გამოვაქვეყნე ადრე? არ იმჩნევთ. რატომ არ აუქმებს ორგანიზაციას? თქვენ ხართ პროევროპულები?

ისიც ბევრჯერ გაგახსენეთ, როგორ უძვრებოდა სააკაშვილი და მისი დავალებით საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი რუსეთს 2012 წლამდე. არ იმჩნევთ.

ახლაც რუსულ საქმეს აკეთებთ, როცა ეწინააღმდეგებით ჩინეთთან დაახლოებას. ბავშვიც მიხვდება, რომ შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, რუსეთის კონკურენტი მარშრუტია.

ამავე დროს, როგორ შეიძლება ერთი მხრივ ანაკლიის პროექტი გინდოდეს და მეორე მხრივ ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას ეწინააღმდეგებოდე?

თქვენი აზრით, ჩინეთის ტვირთების გარეშე საქართველოს სატრანზიტო მოცულობების გაზრდა და ახალი პორტების სათანადოდ დატვირთვა შესაძლებელია?

თუ ასე ფიქრობთ, იქნებ დაასაბუთოთ? თუ ფიქრობთ, რომ ჩინეთი მსხვილ ლოგისტიკურ მარშრუტს გაატარებს ისეთ ქვეყნებზე, რომლებთანაც არ ექნება მჭიდრო და საიმედო ურთიერთობები?

მოქილიკეთა შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ კითხულობენ ახალ ამბებს, აანალიზებენ და პრემიერი ან მისდამი დაქვემდებარებული უწყებები არა. არ იცით, რომ მთავრობის ხელმძღვანელისთვის საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადებას რამდენიმე უწყება ახორციელებს?

თურმე ჩვენი ქვეყნის (“ქართული ოცნების” კი არა, არამედ საქართველოს) ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაანაწყენებს პარტნიორებს და დაგვსჯიან. ანუ, ვისაც გულისხმობთ, თან პარტნიორებად თვლით და თან ფიქრობთ, რომ დაგვსჯიან? ამას რა ჰქვია?

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს სუვერენული უფლება აწარმოოს საგარეო პოლიტიკა მისი ინტერესებიდან გამომდინარე?

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კურსის ცვლილებას ნიშნავსო, ამბობენ.

პირველივე დღესვე მქონდა ინტერვიუ და ვთქვი, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, ნატოს წევრებს აქვს მეთქი იგივე დონის შეთანხმება.

ეს დღეები უამრავი სიუჟეტი გაკეთდა და ჩამოთვალეს ყველა ქვეყანა, ვისაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ჩინეთთან. მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, მთლიანად ევროკავშირი და ა.შ.

თუ ჩვენი მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ნიშნავს ამერიკასთან დაშორებას, მაშინ ამერიკას რატომ აქვს ერთნაირი დონის ურთიერთობა ჩვენთან და ჩინეთთან?

ამერიკისთვის ჩვენ და ჩინეთი ერთნი ვართ? იგივე კითხვა შეიძლება სხვა ქვეყნების მიმართაც დავსვათ.

დღეს გამოვაქვეყნე საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტას და საფრანგეთში ჩინური ინვესტიციების მატების იმედი აქვს.

2022 წელს ჩინეთთან ამერიკის და ევროკავშირის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 1,6 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ციფრებია, თუმცა ყველა წყაროში მითითებულია, რომ სავაჭრო ბრუნვა, ანუ იმპორტ-ექსპორტი ჩინეთსა და აშშ-ევროკავშირს შორის, 2021 წელთან შედარებით, რამდენიმე პროცენტითაა გაზრდილი. წელსაც თუ არ გაიზრდება, არ შემცირდება.

იტალიას სურს “სარტყელი და გზის” ინიციატივიდან გამოსვლა, რადგან ჩინეთიდან იმპორტი გაიზარდა, მაგრამ იტალიიდან ექსპორტი არ იზრდებაო. ეს იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებაა. მაგრამ იქვე ამბობს, არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჩინეთი არ გავანაწყენოთ, რადგან ჩინეთი არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორიაო. პრემიერმა მელონიმ კი თქვა, რომ ფიქრობენ ამ საკითხზე და ახლო მომავალში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს.

ამ ბოლო თვეებში ვიხილეთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის და ფინანსთა მინისტრების ვიზიტები პეკინში. ასევე ვიზიტები განახორციელეს ევროპის ლიდერებმა მაკრონმა, ფონ დერ ლაიენმა, ბორელმა.

სანქციებს გარდა, საუბრები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო. ანუ, ყველა პარტნიორი ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას და პარტნიორობას.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ტერმინის არსის არცოდნასთან. ბოლო ათწლეულებში დიპლომატიაში, სახელმწიფოთა ურთიერთობებში ბევრი ახალი ტერმინი გაჩნდა.

სახელმწიფოთა შორის შეიძლება იყოს პარტნიორობა, გაფართოებული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და არის კიდევ ურთიერთობების ყველაზე მაღალი დონე, ესაა სტრატეგიული მოკავშირეობა.

სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ორ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება და სხვა), სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები მაქსიმალურადაა დაახლოებული, ან არ აქვთ წინააღმდეგობები, არსებობს თანამშრომლობის სურვილი სხვადასხვა სფეროებში და მსხვილ პროექტებში.

სტრატეგიული მოკავშირეობა უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს, ვიდრე პარტნიორობა, მათ შორის სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში.

ჩამომწკრივდნენ სამნიძე, სამადაშვილი და სხვები, კურსის ცვლილებაზე დაიწყეს საუბარი. მხარი აუბეს გარე მოკავშირეებმა, კრამონმა, კინზინგერმა. გუბაზ სანიკიძემ მთლად შეტოპა, არავითარი სავაჭრო, ესაა სამხედრო-პოლიტიკურია, სხვა არაფერი, სავაჭრო სხვა არისო. ან მავნებლობაა, ან უცოდინარობა, ან ორივე.

ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გავაფორმეთ, 2009 წელს. თავისუფალ ვაჭრობამდე, უვიზო მიმოსვლამდე ჯერ ვერ მივედით. პასუხი ამერიკისგან უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით მიმავალი ელჩისგან.

საქართველოს მხრიდან ამერიკასთან დასაახლოებლად ყველაფერი კეთდება. საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა ელჩად, რითაც ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას. მანამდეც მინისტრი იყო ელჩად.

2017 თუ 2019 წელს ამერიკასთან გავაფორმეთ ჩარჩო შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში, ხოლო შარშან, 2022 წელს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო შეთანხმებას თავდაცვის სფეროში. ნატოს კართან ვდგავართ. ევროპული მომავლის სტატუსი მივიღეთ. კანდიდატის სტატუსს ველოდებით. სად ხედავთ კურსის ცვლილებას, თუ ღიად არ მავნებლობთ?

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოს და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისთვის შეიძლება და ჩვენთვის არა? სადაური ლოგიკა ან სამართალია?
ვინც წაიკითხეთ საქართველო-ჩინეთის ერთობლივი განცხადება, სად ამოიკითხეთ ან თავდაცვის საკითხების სიჭარბე, ან კურსთან დაკავშირებული მინიშნებები მაინც?

ზოგმა დაბოღმილმა განცხადებაში მხოლოდ საქართველოს ვალდებულებებიაო. არადა იგივე ჩინეთსაც უწერია”ჩინეთი მიესალმება”, “ჩინეთი მხარს უჭერს”.

საქართველოსაც უწერია იგივე რამდენჯერმე. რა მერე. ძირითადში წერია “მხარეები მიესალმებიან”, “მხარეები გამოხატავენ”, “მხარეები გამოთქვამენ” და ა.შ. ერთადერთი პუნქტები 4.3, 4.4 და 4.5 ერთნაირად იწყება, რაც შესაძლოა ან თარგმანის, ან ტექნიკური წუნი იყოს, რაც შინაარსობრივად არაფერს ცვლის. ეს შენიშვნაც თითიდანაა გამოწოვილი, ანუ კრიტიკა კრიტიკისთვის.

რომ დავაჯამოთ. ყველაზე კრიტიკული ნაციონალებიც კი, მაგალითად რომან გოცირიძე, აღიარებენ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება კარგია. თუმცა მერე იწყებს კლიაუზობას.

შესაბამისად, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რომ კარგია, ყველა ობიექტური მოსაზრება ადასტურებს.
ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა ბიძგს და მწვანე შუქს მისცემს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას, ინვესტიციების მოზიდვას.

რა ზიანებიც არ უნდა ეძებოს ფსევდო ოპოზიციამ, ფაქტია, რომ მთავრობამ დიდი შრომა გასწია ამ შეხვედრის მოსამზადებლად და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეზე ასაყვანად. ასევე კარგად იმუშავა შესაბამისმა სამსახურებმა ვიზიტის კარგად გაშუქების და ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მიზნით.

არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ “ვივა მედიდან” მართული ამჟამინდელი ოპოზიცია გაიაზრებს სასწორის ერთ მხარეს არსებულ რეალობას, ვგულისხმობ მთავრობის მუშაობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, და რაიმე ადეკვატურს შესთავაზებს საზოგადოებას საპირწონედ.

გააგრძელებენ ძიძგილაობას და რადიკალიზაციას.
ბოლოს. ერთ-ერთმა ოპომედიამ სახელმწიფო დეპარტამენტს კითხვა დაუსვა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესაფასებლად. ალბათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ვაშინგტონიდან ჭექა-ქუხილი მოჰყვებოდა. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოზომილი განცხადება მიიღეს.

აშშ არაა წინააღმდეგი საქართველოში ჩინური ინვესტიციები განხორციელდეს, მთავარია გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობა და დაფინანსების მიმღებთა ავტონომიურობის პატივისცემა, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობებიო.

აშშ თავად არ ერიდება პოლიტიკური პირობების დაყენებას. ამ დეტალებში არ შევალ. კიდევ ერთხელ დავწერ, რომ კარგი იქნება შეფასებებში და განცხადებებში აშშ-ის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი ვიგრძნოთ. დრო შეიცვალა.

წლების წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ახალი, უფრო მაღალი დონის შეთანხმებით უნდა გამყარდეს”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე ©

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid02jsgzBsTxjuvagqEDqembeczNwUA4YtDoZWYmJUapfyHAZWNceB6sL8ZsWRv9CDhYl

“ყველა ერთად რომ დააჯგუფო, მათ შორის – ბესელია, გახარია, ხუხაშვილი, – ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ”

ყველა ერთად, რომ დააჯგუფო, მათ შორის, საუბარი იყო ბესელიაზე, გახარიაზე, ხუხაშვილზე და ა.შ. ყველა ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიიდან გასული წევრების გაერთიანებაზე კითხვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს.

„მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

“ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ არაკეთილმოსურნეები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა” – ირაკლი კობახიძე

გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა, ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სულ რაღაც სამ წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად – მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადაცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სექტორი. ამა წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 58 პროცენტით, ანუ 662 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად.

ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები – ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი. თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, ლელოს, გახარიას პარტიის, გირჩის და ევროპული საქართველოს რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა.

რაც შეეხება უშუალოდ კრუიზს. როგორც მოგეხსენებათ, გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა.

ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისათვის. პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები. საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ომისა და ღალატის პარტიის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გამოუტანოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

2024 წლის არჩევნებში აშშ-ის „რესპუბლიკელების“ კანდიდატად დონალდ ტრამპის დასახელებას მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს

აშშ-ში “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერის დაწყებამდე, სადაც გამოვლინდება თუ ვინ იქნება „რესპუბლიკელების“ კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, New York Times-მა და Siena College-მა გამოკითხვა ჩაატარეს.

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რონ დესანტისს კი, 17%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაიკ პენსს, ტიმ სკოტსა და ნიკი ჰეილის, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა 3%-ს არ აღემატება. მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების ფონზე, მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა

უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავმა რადიოელექტრონული საშუალებების ზემოქმედებით კონტროლი დაკარგა და „მასკვა სითის“ ტერიტორიაზე დაეცა.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი კომპლექსის ერთ-ერთ კოშკს შეეჯახა და მინები დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა უკრაინის სამი საზღვაო უპილოტო აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

უკრაინის სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდები, „სერგეი კოტოვი“ და „ვასილი ბიკოვი“ აკონტროლებენ გემებს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 340 კილომეტრში.