” თქვენი აზრით, ჩინეთის ტვირთების გარეშე საქართველოს სატრანზიტო მოცულობების გაზრდა და ახალი პორტების სათანადოდ დატვირთვა შესაძლებელია?”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე.
“უნდა გამოვეხმაურო ჩინეთის თემაზე მოღლიცინეებს. ზოგი “კეთილი ზრახვებით” და “გულწრფელი წუხილით” შეიფუთა, ზოგიც ღია დაცინვას და ქილიკს არ მოერიდა, ზოგმა კი მენტორული ტონით დაგვმოძღვრა ყველა, ვისაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება პოზიტიურად შევაფასეთ.
ზოგს სტრატეგიული პარტნიორობა კურსის ცვლილება ჰგონია. ზოგი წერს მთავრობის მრჩევლებს რაღაც გამორჩათო და ა.შ.
დავიწყებ ნაცმოძრაობისთვის ფაქტების შეხსენებით.
სააკაშვილის ჩინეთის ჩინურად მოპასუხე პრეზიდენტ ჰუსთან რუსულად საუბრის ვიდეო ხომ გაგახსენეთ?! სტატიებიც შეგახსენეთ, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდით სააკაშვილის ჩინეთში ვიზიტს.
ახლა მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცმოძრაობის ფაქტობრივი თავმჯდომარის, ანუ არაფორმალური მმართველის დედა, დღემდე რჩება პრორუსულ-პროთურქული ორგანიზაციის “პლატფორმა ევრაზიული დიალოგის” თავმჯდომარედ.
ამ ორგანიზაციაში შედიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. თუ რა სინანულით საუბრობდა “საქართველოდან რუსული კულტურის ბოლო პლასტზე, რუსული ენის დავიწყებაზე”, ხომ გამოვაქვეყნე ადრე? არ იმჩნევთ. რატომ არ აუქმებს ორგანიზაციას? თქვენ ხართ პროევროპულები?
ისიც ბევრჯერ გაგახსენეთ, როგორ უძვრებოდა სააკაშვილი და მისი დავალებით საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი რუსეთს 2012 წლამდე. არ იმჩნევთ.
ახლაც რუსულ საქმეს აკეთებთ, როცა ეწინააღმდეგებით ჩინეთთან დაახლოებას. ბავშვიც მიხვდება, რომ შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, რუსეთის კონკურენტი მარშრუტია.
ამავე დროს, როგორ შეიძლება ერთი მხრივ ანაკლიის პროექტი გინდოდეს და მეორე მხრივ ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას ეწინააღმდეგებოდე?
თქვენი აზრით, ჩინეთის ტვირთების გარეშე საქართველოს სატრანზიტო მოცულობების გაზრდა და ახალი პორტების სათანადოდ დატვირთვა შესაძლებელია?
თუ ასე ფიქრობთ, იქნებ დაასაბუთოთ? თუ ფიქრობთ, რომ ჩინეთი მსხვილ ლოგისტიკურ მარშრუტს გაატარებს ისეთ ქვეყნებზე, რომლებთანაც არ ექნება მჭიდრო და საიმედო ურთიერთობები?
მოქილიკეთა შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითონ კითხულობენ ახალ ამბებს, აანალიზებენ და პრემიერი ან მისდამი დაქვემდებარებული უწყებები არა. არ იცით, რომ მთავრობის ხელმძღვანელისთვის საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადებას რამდენიმე უწყება ახორციელებს?
თურმე ჩვენი ქვეყნის (“ქართული ოცნების” კი არა, არამედ საქართველოს) ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაანაწყენებს პარტნიორებს და დაგვსჯიან. ანუ, ვისაც გულისხმობთ, თან პარტნიორებად თვლით და თან ფიქრობთ, რომ დაგვსჯიან? ამას რა ჰქვია?
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს სუვერენული უფლება აწარმოოს საგარეო პოლიტიკა მისი ინტერესებიდან გამომდინარე?
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კურსის ცვლილებას ნიშნავსო, ამბობენ.
პირველივე დღესვე მქონდა ინტერვიუ და ვთქვი, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, ნატოს წევრებს აქვს მეთქი იგივე დონის შეთანხმება.
ეს დღეები უამრავი სიუჟეტი გაკეთდა და ჩამოთვალეს ყველა ქვეყანა, ვისაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ჩინეთთან. მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, მთლიანად ევროკავშირი და ა.შ.
თუ ჩვენი მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ნიშნავს ამერიკასთან დაშორებას, მაშინ ამერიკას რატომ აქვს ერთნაირი დონის ურთიერთობა ჩვენთან და ჩინეთთან?
ამერიკისთვის ჩვენ და ჩინეთი ერთნი ვართ? იგივე კითხვა შეიძლება სხვა ქვეყნების მიმართაც დავსვათ.
დღეს გამოვაქვეყნე საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტას და საფრანგეთში ჩინური ინვესტიციების მატების იმედი აქვს.
2022 წელს ჩინეთთან ამერიკის და ევროკავშირის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 1,6 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ციფრებია, თუმცა ყველა წყაროში მითითებულია, რომ სავაჭრო ბრუნვა, ანუ იმპორტ-ექსპორტი ჩინეთსა და აშშ-ევროკავშირს შორის, 2021 წელთან შედარებით, რამდენიმე პროცენტითაა გაზრდილი. წელსაც თუ არ გაიზრდება, არ შემცირდება.
იტალიას სურს “სარტყელი და გზის” ინიციატივიდან გამოსვლა, რადგან ჩინეთიდან იმპორტი გაიზარდა, მაგრამ იტალიიდან ექსპორტი არ იზრდებაო. ეს იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებაა. მაგრამ იქვე ამბობს, არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჩინეთი არ გავანაწყენოთ, რადგან ჩინეთი არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორიაო. პრემიერმა მელონიმ კი თქვა, რომ ფიქრობენ ამ საკითხზე და ახლო მომავალში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს.
ამ ბოლო თვეებში ვიხილეთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის და ფინანსთა მინისტრების ვიზიტები პეკინში. ასევე ვიზიტები განახორციელეს ევროპის ლიდერებმა მაკრონმა, ფონ დერ ლაიენმა, ბორელმა.
სანქციებს გარდა, საუბრები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო. ანუ, ყველა პარტნიორი ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას და პარტნიორობას.
მაშ, რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ტერმინის არსის არცოდნასთან. ბოლო ათწლეულებში დიპლომატიაში, სახელმწიფოთა ურთიერთობებში ბევრი ახალი ტერმინი გაჩნდა.
სახელმწიფოთა შორის შეიძლება იყოს პარტნიორობა, გაფართოებული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და არის კიდევ ურთიერთობების ყველაზე მაღალი დონე, ესაა სტრატეგიული მოკავშირეობა.
სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ორ სახელმწიფოს შორის სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება და სხვა), სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები მაქსიმალურადაა დაახლოებული, ან არ აქვთ წინააღმდეგობები, არსებობს თანამშრომლობის სურვილი სხვადასხვა სფეროებში და მსხვილ პროექტებში.
სტრატეგიული მოკავშირეობა უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს, ვიდრე პარტნიორობა, მათ შორის სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში.
ჩამომწკრივდნენ სამნიძე, სამადაშვილი და სხვები, კურსის ცვლილებაზე დაიწყეს საუბარი. მხარი აუბეს გარე მოკავშირეებმა, კრამონმა, კინზინგერმა. გუბაზ სანიკიძემ მთლად შეტოპა, არავითარი სავაჭრო, ესაა სამხედრო-პოლიტიკურია, სხვა არაფერი, სავაჭრო სხვა არისო. ან მავნებლობაა, ან უცოდინარობა, ან ორივე.
ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გავაფორმეთ, 2009 წელს. თავისუფალ ვაჭრობამდე, უვიზო მიმოსვლამდე ჯერ ვერ მივედით. პასუხი ამერიკისგან უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით მიმავალი ელჩისგან.
საქართველოს მხრიდან ამერიკასთან დასაახლოებლად ყველაფერი კეთდება. საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა ელჩად, რითაც ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას. მანამდეც მინისტრი იყო ელჩად.
2017 თუ 2019 წელს ამერიკასთან გავაფორმეთ ჩარჩო შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში, ხოლო შარშან, 2022 წელს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო შეთანხმებას თავდაცვის სფეროში. ნატოს კართან ვდგავართ. ევროპული მომავლის სტატუსი მივიღეთ. კანდიდატის სტატუსს ველოდებით. სად ხედავთ კურსის ცვლილებას, თუ ღიად არ მავნებლობთ?
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოს და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისთვის შეიძლება და ჩვენთვის არა? სადაური ლოგიკა ან სამართალია?
ვინც წაიკითხეთ საქართველო-ჩინეთის ერთობლივი განცხადება, სად ამოიკითხეთ ან თავდაცვის საკითხების სიჭარბე, ან კურსთან დაკავშირებული მინიშნებები მაინც?
ზოგმა დაბოღმილმა განცხადებაში მხოლოდ საქართველოს ვალდებულებებიაო. არადა იგივე ჩინეთსაც უწერია”ჩინეთი მიესალმება”, “ჩინეთი მხარს უჭერს”.
საქართველოსაც უწერია იგივე რამდენჯერმე. რა მერე. ძირითადში წერია “მხარეები მიესალმებიან”, “მხარეები გამოხატავენ”, “მხარეები გამოთქვამენ” და ა.შ. ერთადერთი პუნქტები 4.3, 4.4 და 4.5 ერთნაირად იწყება, რაც შესაძლოა ან თარგმანის, ან ტექნიკური წუნი იყოს, რაც შინაარსობრივად არაფერს ცვლის. ეს შენიშვნაც თითიდანაა გამოწოვილი, ანუ კრიტიკა კრიტიკისთვის.
რომ დავაჯამოთ. ყველაზე კრიტიკული ნაციონალებიც კი, მაგალითად რომან გოცირიძე, აღიარებენ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება კარგია. თუმცა მერე იწყებს კლიაუზობას.
შესაბამისად, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რომ კარგია, ყველა ობიექტური მოსაზრება ადასტურებს.
ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა ბიძგს და მწვანე შუქს მისცემს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას, ინვესტიციების მოზიდვას.
რა ზიანებიც არ უნდა ეძებოს ფსევდო ოპოზიციამ, ფაქტია, რომ მთავრობამ დიდი შრომა გასწია ამ შეხვედრის მოსამზადებლად და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეზე ასაყვანად. ასევე კარგად იმუშავა შესაბამისმა სამსახურებმა ვიზიტის კარგად გაშუქების და ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მიზნით.
არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ “ვივა მედიდან” მართული ამჟამინდელი ოპოზიცია გაიაზრებს სასწორის ერთ მხარეს არსებულ რეალობას, ვგულისხმობ მთავრობის მუშაობას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, და რაიმე ადეკვატურს შესთავაზებს საზოგადოებას საპირწონედ.
გააგრძელებენ ძიძგილაობას და რადიკალიზაციას.
ბოლოს. ერთ-ერთმა ოპომედიამ სახელმწიფო დეპარტამენტს კითხვა დაუსვა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესაფასებლად. ალბათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ვაშინგტონიდან ჭექა-ქუხილი მოჰყვებოდა. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოზომილი განცხადება მიიღეს.
აშშ არაა წინააღმდეგი საქართველოში ჩინური ინვესტიციები განხორციელდეს, მთავარია გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობა და დაფინანსების მიმღებთა ავტონომიურობის პატივისცემა, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობებიო.
აშშ თავად არ ერიდება პოლიტიკური პირობების დაყენებას. ამ დეტალებში არ შევალ. კიდევ ერთხელ დავწერ, რომ კარგი იქნება შეფასებებში და განცხადებებში აშშ-ის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი ვიგრძნოთ. დრო შეიცვალა.
წლების წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ახალი, უფრო მაღალი დონის შეთანხმებით უნდა გამყარდეს”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე ©