Home Blog Page 1796

,,საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც დააკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას”- საბერძნეთის პრემიერი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც დააკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, საბერძნეთმა გასული ათწლეულის განმავლობაში გაატარა რეფორმების სერია ქვეყანაში ლგბტ+ უფლებების გასაუმჯობესებლად, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების თანაბარ უფლებებს.

მიცოტაკისმა შეიმუშავა ეროვნული სტრატეგია ლგბტ+ უფლებების შესახებ, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს მემარცხენეების მხარდაჭერა, მაგრამ გააჩინოს წინააღმდეგობა უფრო კონსერვატიულ წრეებში.

“რასაც ჩვენ დავაკანონებთ არის ქორწინების თანასწორობა, რაც გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ეს არ არის რაღაც რევოლუციურად განსხვავებული, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებშია. საუბარია სამოქალაქო ქორწინებაზე და არა რელიგიურზე”, – დასძინა საბერძნეთის პრემიერმა.

“პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გამოფიტვას, მაგრამ არაფერი გამოუვა”- იენს სტოლტენბერგი

მაშინ, როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო კატეგორიულად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით.

“პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გამოფიტვას, მაგრამ არაფერი გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის მტკიცე განწყობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“მაშინ, როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერას”, – დასძინა მან.

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. მოულოდნელი შეხვედრა და ახალი ინფორმაცია გაიძულებთ, მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. პირად ურთიერთობებში ინტერესის დაკარგვა იგრძნობა? დაშორებას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო აიღეთ.

კურო

დროა, თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობის გაძლიერებას შეუდგეთ ან საბოლოოდ მოაგვაროთ პრობლემა, რასაც მუდმივად სამომავლოდ დებთ. არახელსაყრელი დღეა ახალი გეგმის განხორციელებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ტყუპები

ამ დღეს ერთი შეხედვით უინტერესო საქმეებში შეიძლება განვითარების პერსპექტივა დაინახოთ, თუმცა ჯერ გეგმების განხორციელების დრო არ დამდგარა. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი რისკები შეისწავლოთ. ფრთხილად იყავით, რომ ახლობელი ადამიანები უტაქტო შენიშვნებით არ შეურაცხყოთ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი იქნება. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის გადადოთ – სიტუაცია მალე შეიცვლება და თქვენც პრობლემის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლით. ცუდი დღეა რომანტიკული პაემნისთვის – გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი სკანდალში გადაიზარდოს, რაც ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება.

ლომი

მცირე ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ამ დღიდან დაიწყება, თავიდან თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მალე მათ უგულებელყოფას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, ამით ისარგებლოთ. თქვენი შრომისუნარიანობა მთლიანად განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ დადებითი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

ქალწული

მოერიდეთ მანიპულატორებს – ამ დღეს ისინი თქვენს გამოყენებას ეცდებიან. გირჩევთ, ოჯახის წევრებს თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ და მათი რჩევები ყურადღებით მოისმინოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს იპოვით პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით. თქვენ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დახმარების ხელს სიამოვნებით გამოგიწვდით. თქვენი ზოგი სურვილი შეიძლება მოულოდნელად, თქვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდეს. პირად ურთიერთობაში ეცადეთ, უფრო ყურადღებიანი იყოთ.

მორიელი

ნუ ეცდებით სიმართლის გარკვევას – არაფერი გამოგივათ, მხოლოდ დროს დაკარგავთ. უმჯობესია, ყურადღება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ. საყვარელი საქმის კეთება განწყობას აგიმაღლებთ. პატივი ეცით პარტნიორის აზრს და ეცადეთ, გაითვალისწინოთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

დაძაბულობა და ნეგატიური ფონი დილიდან განწყობას გაგიფუჭებთ. სტრესის შესამცირებლად საყვარელი საქმით უნდა დაკავდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთანაც კი ნაკლები იკონტაქტოთ, რათა ბრაზი მათზე არ იყაროთ. ნუ დანებდებით, თუნდაც ამ დღეს მოვლენები თქვენთვის საზიანოდ განვითარდეს.

მერწყული

ამ დღეს დაშვებულ შეცდომებს უსიამოვნო შედეგები მოჰყვება, ამიტომ ემოციებისგან გათავისუფლდით და კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დროა, გეგმებს და პრიორიტეტებს გადახედოთ. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ.

თევზები

შესაძლოა, დილით უსიამოვნო სიახლე შეიტყოთ და მთელი დღის განმავლობაში ამ პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ. ამ დღეს ყველა გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ და მოსალოდნელი შედეგები და რისკები კარგად აწონ-დაწონოთ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. დროა, ამას სათანადო პასუხი გასცეთ.

„გადმოვიღებთ იმ რეგულაციებს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს”- გია ცაგარეიშვილი

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ რომ არ შექმნან, ვიღაცა ვიგინდარა ჭინკებმა, მე ვფიქრობ ამგვარი სტანდარტი აუცილებლად უნდა მოქმედებდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„გადმოვიღებთ იმ რეგულაციებს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს. არ გვინდა საქართველო ბნელი ბოლშევიზმის პირობებში დავაბრუნოთ. ეს შეეხება ყველა კონფესიასა და რელიგიას“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

,,საფრანგეთი სომხეთს ომისთვის ამზადებს”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სომხეთს ომისთვის ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც დღეს სომხეთს აიარაღებს, აიმედებს, ამზადებს სამხედრო პერსონალს და ამზადებს მათ შემდეგი ომისთვის. ამიტომ, როდესაც ვთქვი, რომ საფრანგეთის პოლიტიკა ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას კავკასიაში, სწორედ ამას ვგულისხმობდი”, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს

მარნეულში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცხოველის წამებას და არაფერი მოიმოქმედეს უმწეო ძაღლის გადასარჩენად, ჯერჯერობით, მოწმის სტატუსით იკითხებიან.

მუხლი, რომლითაც 50 წლის მამაკაცი გასამართლდება, სხვადასხვა ზომის სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საღამოს დაიწყო. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არიფ გოიშოვი საზოგადოებისთვის საშიშია და მისი პატიმრობა მოითხოვა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. თვითონ დაკავებული ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,” – აცხადებს ადვოკატი.

,,იარაღი, რომლის გადაცემა უკრაინისათვის იგეგმებოდა, ისრაელში იგზავნება”- თურქეთში უკრაინის ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით დახმარებაზე.

უკრაინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ზიანს აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის აღქმას.

“საერთაშორისო მედიამ ამ მიმართულებას [სრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი] მიაქცია ყურადღება, ამიტომ არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი დასრულდა”, – განაცხადა ვასილ ბოდნარმა.

ელჩის თქმით, იარაღი, რომლის გადაცემა უკრაინისათვის იგეგმებოდა, ისრაელში იგზავნება, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში შიდაპოლიტიკური დინამიკა ის ფაქტორია, რომელიც უკრაინის დახმარებაზე გავლენას ახდენს.

ასეთი დინამიკის მაგალითად მან მოიყვანა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობების პოზიცია, ასევე ფერმერების მიერ პოლონეთის საზღვარზე უკრაინული სატვირთო მანქანების ბლოკირება.

ბოლნისში ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

,,ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე”-  გიორგი ამილახვარი

ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე – საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი , – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერს ხედავს.

“დიდი ხანია ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და საფუძვლები… მორიგი მსგავსი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში. საზოგადოება არის ბრძენი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, ძალიან არაბუნებრივ, არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული”, – განაცხადა ამილახვარმა.

ინფორმაციისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

,,ასეთი კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც”- ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე: სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. ბოჟაძის თქმით, უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც. „გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი.

,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძოდა დედა ეკლესიას(გლდანში და ფერიას მთაზე ეკლესიების დანგრევა) და 2012 წლის მერე კი ოპოზიციიდან, საკუთარი განაყოფებით(ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე), მართვადი მედიის(მთავარი, ფორმულა, ტვ პირველი), სამოქალაქო სექტორის ნაწილით, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით, ვითომ პოეტებით, ვითომ მწერლებით, ვითომ ხელოვანებით, ვითომ ინტელექტუალებით, თითქოს ლიბერალებით და ამ დროს ნამდვილი ჩეკისტების, ბოლშევიკების ხელით აგრძელებს ჩვენი რწმენის და ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას. შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებული ,,დისკუსია”, ხატების წაბილწვასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც ვერც სახელმწიფოს და ვერც საზოგადოების მხრიდან ვერ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთი კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს.“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპრყობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

,,მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს”- ზელენსკი

მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველი დღე ამ ომის შემდეგ. ჩვენი დღე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ვერ გაძლებს თუ “მის ცემას გავაგრძელებთ.” როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა რომ დაცემულიყო და დამდგარიყო “დღე უკრაინის შემდეგ”, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს გაგრძელებულიყო.

“რათა დამდგარიყო დღე მოლდოვის შემდეგ, ხოლო მერე დღე ბალტიის შემდეგ, დღე პოლონეთის შემდეგ, ბევრი სხვას შემდეგ დღე… ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათი დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. მისი გულწრფელი სურვილია – ყველათი მანიპულირება. და ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა”, – განაცხადა ზელენსკიმ.