ბოლნისში ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

47
spot_img

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.