Home Blog Page 1796

ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან – ჩიხლაძე

პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე 1 წელი, ეს იქნება ძალადობა და სიძულვილის ენა – ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერი სიძულვილით და აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

„პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა. მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი იყო განცხადება დეპოლარიზაციაზე, მან ნამდვილად შეიწყალა გვარამია და თავისი წვლილი შეიტანა, დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა. როგორც გუშინდელ ინტერვიუში, ასევე, მის ბოლო შეფასებებში დამაკლდა ის, თვლის თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ინსტიტუციები მიიტაცა. ამაზე უჭირს კომენტარის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გადავა თუ არა ამ წითელ ხაზს ბიძინა ივანიშვილთან.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, ეს იყო სიძულვილის და ზიზღის ენა, თავისივე ტექსტში რომ დეპოლარიზაცია ვერ ხდება მაგალითად მოიყვანა და განამტკიცა. რატომ ვერ ხდება ეს დეპოლარიზაცია? ყველაფერთან ერთად, ის სიძულვილით, აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

თქვენ, ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არა პრეზიდენტთან, მოსახლეობის უდიდეს ნაწილთანაა დაპირისპირებული. ნახეთ პრემიერი ღვარძლიანი განცხადებები, პლუს ჩვენ ვხედავთ ძალადობრივ ქმედებებს ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ. პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე 1 წელი, ეს იქნება ძალადობა, სიძულვილის ენა, რუსული პროპაგანდის წარმოება „ქართული ოცნების“ მხრიდან. პრეზიდენტთან იქნება თუ არა დაპირისპირებული ნაკლები გავლენა ექნება, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

ტამიშის ბრძოლიდან 30 წელი გავიდა

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 30-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

მოგვიანებით, ”შავნაბადას” ბატალიონის მეომრებმა, ელიას მთაზე, ტამიშის ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა და რუსული დესანტის მოგერიების დროს დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს.

ელიას მთაზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი 2016 წელს გაიხსნა. მონუმენტის ოთხივე მხარეს, 110 მებრძოლის_”შავნაბადელებისა” და არტილერისტების გვარ-სახელებია ამოტვიფრული და საქართველოს რუკა ამშვენებს. სხვადასხვა დროს, აღნიშნული ტერიტორია, წარმოადგენდა ”შავნაბადას” ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ობელისკი. დროთა განმავლობაში, დაზიანებული ობელისკი, ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა. ყოველი წლის 2 ივლისს, ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმის დღეს, ”შავნაბადელები”, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, იკრიბებიან მემორიალთან დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, 600 კაცის შემადგენლობით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ”შავნაბადას”, ”ავაზას” და დუშეთის ბატალიონებმა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს.

ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი უმწვავეს განცხადებებს აკეთებს”- წითლიძე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რუსული ოცნება და მათ მიერ არჩეული კურსი ამ ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი უმწვავეს განცხადებებს აკეთებს.

„ძალიან სწორი აქცენტებია და ცხადად ისაუბრა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირიქით. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ანტიევროპულ პროპაგანდაზე და იმაზე, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყოს სალანძღავი და ისეთი, როგორიც არის. ვფიქრობ, რომ გუშინ პრეზიდენტის განცხადებები იყო სწორი აქცენტებით, აბსოლუტურად ადეკვატური და შესაბამისი იმის, თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაც არის ქვეყანაში და რა პოლიტიკურ მდგომარეობაშიც „რუსულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს ქვეყანა. თუმცა ცხადია, რომ მაქვს მოლოდინი, მაშინ, როდესაც „რუსული ოცნება“ არის სრულიად არაადეკვატური, მათ კიდევ რამე სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრონ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები მათთვის ნამდვილად იქნებოდა დისკომფორტის შემქმნელი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

,,ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ტაშ-ფანდურა მიკვირს”- თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც გაიაშვილი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არ გაჰკვირვებია.

გაიაშვილის განცხადებით, „მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა“.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს“, – აცხადებს გაიაშვილი.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის თქმით, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.

„რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება“, – ნათქვამია თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

პრიგოჟინის ამბოხებამ აჩვენა, რომ დასავლეთს არ სურს პუტინის დამხობა – Politico

რუსეთში ბოლოდროინდელმა ამბოხების მცდელობამ დაამტკიცა, რომ რამდენადაც არ უნდა სძულდეს მსოფლიო ლიდერებს ვლადიმერ პუტინი, მათ არ სურთ რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელად გადაყენება, – ამის შესახებ  Politico წერს.

მედიის ცნობით, დასავლელ ლიდერებს ძალიან ეშინიათ რუსეთის ფედერაციაში შესაძლო არასტაბილურობის, რომელიც პუტინის დამხობას მოჰყვება.

ამასთან, დასავლეთს სძულს პუტინი, მაგრამ ურჩევნია ის დარჩეს ხელისუფლებაში.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა, მაგრამ ამავდროულად არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას არ აპირებს. როგორც ჟურნალისტებს ვაშინგტონში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, თეთრ სახლს ძალიან ეშინია, რომ პრიგოჟინის მსგავსი ფიგურა კრემლში პუტინის ადგილს დაიკავებს.

„რეჟიმის ცვლილება, რომელიც მოხდება ძალადობრივი პროცესით, ასევე, სავარაუდოდ, გამოიწვევს სხვა ავტორიტარულ ლიდერს, რომელიც შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე პუტინი“, – აღნიშნა ამერიკის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეა კენდალ-ტეილორმა.

დასავლეთისთვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის უზარმაზარი ბირთვული არსენალის შენარჩუნება არსებული რეჟიმის დაცემის შემთხვევაში. ასევე არსებობს შიში, რომ პუტინის ხელისუფლების დაშლამ შეიძლება გააძლიეროს სეპარატისტული მოძრაობები რუსეთის შიგნით.

გამოცემის თქმით, აშშ, ასევე, შიშობს, რომ მისი ღია მხარდაჭერა რუსეთში დიქტატურის დამხობის მომხრეების დისკრედიტაციას მოახდენს.

ევროპული ქვეყნების ლიდერები, ცხადია, იგივე პოზიციას იკავებენ. მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ცოტა ხნის წინ უარყო, რომ დასავლეთს რუსეთში ქაოსი სურს.

„პირიქით, არასტაბილურობა რუსეთში არასტაბილურობას ქმნის ევროპაში. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული“, – განაცხადა მან.

ისრაელის მეკარეს პენალტების მოგერიებაში მატჩამდე მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა (ფოტო)

ისრაელის მედიის ცნობით, მეკარე დანიელ პერეცს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან პენალტების სერიაში დაეხმარა წინასწარ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც სამწვრთნელო სტაფმა მიაწოდა – ინფორმაციას Sport5.co.il ავრცელებს.

„დინამო არენაზე“ გამართულ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში დანიშნული პენალტების სერიისას, ისრაელის ნაკრების მეკარე დარტყმამდე კარის უკან ფურცლებს ათვალიერებდა. მან გამოიცნო გიორგი გაგუას დარტყმის მიმართულება და ბურთი მოიგერია. მეხუთე პენალტზეც მიმართულებას მიხვდა, მაგრამ საბა ხვადაგიანმა ბურთი ძელს მოარტყა.

„მას ეს კიდევ ერთხელ გამოუვიდა – ნახეთ, რა დაეხმარა ისრაელის ნაკრების მეკარეს გადამწყვეტი პენალტის მოგერიებაში. დანიელ პერეცი პოპულარული გახდა მას შემდეგ, როდესაც ირლანდიასთან პენალტების სერია მოაგებინა ისრაელის ნაკრებს და ახალგაზრდულ ევროზე გაიყვანა. ამ თამაშის შემდეგ მან აჩვენა ჩანაწერი, სადაც მითითებული იყო, რომელი მიმართულებით უმიზნებდნენ მეტოქის პენალტების შემსრულებლები.

საქართველოს წინააღმდეგ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში, დანიელ პერეცმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და რამდენიმე წუთში ჩანაწერი ისევ გამოჩნდა. მესამე ქართველის (გიორგი გაგუას) პენალტზე პერეცი მარჯვენა მხარეს გადახტა. ფურცელზე ზუსტად ასე ეწერა“ – წერს ისრაელის გამოცემა Sport5.co.il.

 

რა ხდება სადგურ მარელისთან, სადაც რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერი ჩამოწვა – ფოტოები

სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე“ – ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

,,ელემენტარული პრინციპია, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრების მიწვევა და შემდეგ, თხოვნა არ მისვლის შესახებ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უპატივცემულობაა.

„საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ჩემთვის ეს არის ელემენტარული და გამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც, ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი – პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. როდესაც ეს პრინციპი დარღვეულა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართაც, ყოველთვის გვქონდა და გვექნება რეაქცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ – რამაზ სვანაძე

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ თაობის იმედი უნდა გქონდეს.

„მიჭირს საუბარი, წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა. მათი მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი მაიმედებს. თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე ევრო 2023-ზე გატარებული თითოეული დღისთვის.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს, ხვალინდელ თამაშზე ვართ დამოკიდებული. დღეს შეტევაში მეტი სითამამე და დამაგვირგვინებელი მოქმედებები დაგვაკლდა.

მაგრამ მეოერცაა, დაღლილები ვიყავით ფიზიკურად, ბიჭებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. მათ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, ჩვენს სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“, – აღნიშნა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალია დაამარცხა, შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. კურსი, რომელიც  მოქმედებდა, 2.6177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8342 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.8591 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ მანიპულაციური ქმედებისგან და ეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია, თუ სათქმელი. სწორად დასვით კითხვები, შეეცადეთ, კომპრომისით და დიპლომატიით იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან.

კურო

საყიდლებთან დაკავშირებით, აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და იყავით უფრო ყაირათიანი.

ტყუპები

შეგიძლიათ, განმარტოვდეთ და გააანალიზოთ შექმნილი ვითარება. საჭიროა, მეტი იაქტიუროთ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები და ინტერესები. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ დრო და საკუთარი ძალები.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა გაქვთ, საქმეებსაც დროულად ასრულებთ, ივარჯიშეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მხიარული განწყობა და ღიმილი უნდა იყოს დღეს თქვენი მეგზური, ახლა თქვენთვის წარმატებული პერიოდია!

ლომი

მეტი ურთიერთობებია საჭირო მეგობრებთან და ახლობლებთან, რათა შესაძლოა, მათგან მიიღოთ ღირებული რჩევა,  თუ როგორ გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები.

ქალწული

დღეს, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანით იქნებით დაკავებული, ახლა თქვენი შესაძლებლობები  განსხვავებული და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. ემოციები გააკონტროლეთ.

სასწორი

დღეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ატმოსფეროა თქვენს ირგვლივ. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

მორიელი

ეცადეთ, ირგვლივ კომფორტული გარემო შექმნათ, გათავისუფლდით ყოველივე ზედმეტი და ძველისგან, ამგვარი ქმედება გაათავისუფლებს საჭირო ადგილს სიახლეებისთვის, აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას.

მშვილდოსანი

ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. არ გადადოთ შეხვედრები, ნუ დაიზარებთ მოლაპარაკებების გამართვას, თუ ეს თქვენს მომავალს ეხება. საღამოს, სწორი არჩევანი იქნება, მეგობრებთან დასვენება.

თხის რქა

მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ახლა ახლობლებთან ურთიერთობები და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ნუ აჰყვებით ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.

მერწყული

პირად ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ, ოპტიმისტური განწყობით უფრო წინ წახვალთ. მოერიდეთ დიდ ფინანსურ დანახარჯს.

თევზები

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და თქვენი ცხოვრებაც უფრო ნათელი ხდება. აქტიურობა, დიპლომატია და კომპრომისები, დღეს, წარმატების მომტანია.

საქართველოს საპატრიარქო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი.

„ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებულ „ლგბტ კვირეული“, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.

ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.

ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებითვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.