Home Blog Page 1796

“პრეზიდენტის მოწოდება ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია”

ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და შეუძლია, გააკეთოს ის, რაც სურს. შეუძლია, ხალხს მოუწოდოს, შეუერთდეს ნებისმიერ მოწოდებას, რაც კანონის ჩარჩოში იქნება. თუ იქნება ევროინტეგრაციისთვის მოწოდება, კი ბატონო, შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამის გაკეთება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ კურსს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში და არის ევროპულ ოჯახში.

„მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი პროევროპულია. ასეთი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არ არის, ვინც ევროპული პოლიტიკისა და პროევროპულობის მომხრეა. ეს ყველაფერი ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია. თუ პრეზიდენტს ამის სურვილი აქვს, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, რამდენად საჭიროა და შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს. თუ ამას რაიმე სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს, ეს ცალკე თემაა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როცა ვაფასებთ წინგადადგმულ ნაბიჯებს”-ანა ფოტიგა

არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოტიგა აღნიშნავს, გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება.

„გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა.

“თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს” – გიორგი ვაშაძე

თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა

ვაშაძემ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა. ქართველ პატრიოტს, ყოფილ სამხედროს, თამაზ გინტურს რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მზაკვრულად დაესხნენ თავს და მოკლეს ჩვენი თანამემამულე. საშინელი უსამართლობაა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს. ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, ეს კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოებაა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველოს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ დიდ დანაშაულსა და უსამართლობას, თურმე ოკუპაციაში რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაიქართველებს, 1993 წელს რუსეთმა მოახდინა თუ არა სოხუმის ოკუპაცია, მანამდე ცხინვალის ოკუპაცია და თქვენი მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება? მაინტერესებს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით. ანუ ამბობთ, რომ საქართველო თავისი თავის მტერია და არა რუსეთი? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება არ უნდა დაკარგო. კობახიძე-ღარიბაშვილ-მდინარაძეს, კალაძეს ვეკითხები, ოკუპანტი ვინ არის, ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. შეიძლება, მტერს მტერი არ დაარქვა და ქვეყნის ოკუპაციაში შენს ქვეყანას ადანაშაულებდე?  იცით, რატომ არის თქვენი განცხადებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ? ხვალ და ზეგ ამას საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ მთავრობა გყავს, რომელიც ოკუპაციაში  წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა რუსეთს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა. როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები. ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და რუსული ნარატივებით საუბარს თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

“სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის”

სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს.

„ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს და მარტო მახსოვრობა არ არის საკმარისი. სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ მიერ ქუჩაში ჩადენილი მკვლელობებისთვის, ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში მათ მიერ ასობით და ათასობით ნაწამები ადამიანისთვის, კოდორის ხეობასა თუ ცხინვალის რეგიონში მათ მიერ მიტოვებული ადამიანებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“მამუკა ყურაშვილი – „ნაცების“ ღალატის და უტიფრობის სახე!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება მამუკა ყურაშვილის განცხადებებს, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

„მამუკა ყურაშვილი – „ნაცების“ ღალატის და უტიფრობის სახე! ეს ის გენერალია 2008-ში 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რომ გვამცნო! მისმა ბელადმა კი შეტევაზე
გადასვლა! რაც არ უნდა ეცადოთ ვერ მოიბანთ ქართველი ხალხის დაღვრილ სისხლს!“ – წერს ხაინდრავა.

პრეზიდენტი სოფელ კირბალში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრებს.

გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

“საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

„საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრიც ეხმაურება.

„ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნა“- აცხადებს ფრანგი დიპლომატი.

პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გასაღების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას” – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ერთი ადამიანის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმოამდგენელი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.

„რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, – წერს ბორელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

“მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას”

მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა ყველა დამნაშავე იყოს გამოაშკარავებული, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ამასთან, ფრიდონ ინჯიამ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„გუშინდელ შემზარავ ფაქტს ერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახსა და მთელ საქართველოს. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მომსპობი, ვინც არ უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ 2008 წლის მოვლენებთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დავაინიცირეთ – გამოკვლევა, ფაქტების დადება. გუშინ მოხდა ერთ-ერთი ფაქტი, მაგრამ ხვალ რა მოხდება, კაცმა არ იცის.

მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ ყველა დამნაშავე გამოაშკარავებული იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მათი უნიათო ქმედებით, ბევრ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედებით მოხდა ის, რაც მოხდა. თავიდან ვერ აიცილეს ვერც ომი და არც ისეთი ზომები მიიღეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ ამ რეგიონის ჩამოშორება არ მომხდარიყო და ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. ღმერთმა ქნას, მოიძებნოს გზები – იქნება ეს საუბარი, თუ სხვა მეთოდები, გარდა ძალისმიერისა, რომ საქართველოში მსგავსი უბედურება არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“ჩემს ბიჭს დაკავებამდე მიცვალებულის ტელეფონით დაარეკინეს 112-ში, დაჭრილი წაიყვანეთო”- ოკუპანტების მიერ გატაცებულის მამა

სოფელ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა აცხადებს, რომ პოლიციისგან აქვს ინფორმაცია, რომ მის შვილს დაზიანებები არ აქვს.

მისივე თქმით, გატაცებული ლევან დოთიაშვილი ე.წ ცხინვალის იზოლატორშია.

„ჩამოათრიეს რუსებმა თვითონ, ჩვენს საზღვარზე გადმოიტანეს და წაიღეთ, მოაშორეთ, წაიყვანეთ მანქანაო. აბა ვინ გამიშვა, გავრბოდი და დამიჭირეს და არ გამიშვეს რომ მენახა, თორემ შეიძლება ცოცხალიც იყო ის ბიჭი. ჩემი მეგობარი და ძმაკაცი იყო გარდაცვლილი. დარეკვით, ჩემ ბიჭს დაარეკვინეს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში , რომ დაჭრილი არის, წაიყვანეთ, მიხედეთო, ჩემმა ბიჭმა. ჩემ ბიჭს არაფერი დაზიანება არ აქვს“, – აცხადებს გატაცებულის მამა.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

10 ნოემბერს რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მესამედ გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები  ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 17 დღის განმავლობაში 12 დასი  ეწვევა, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოადგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.  კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც ჰონორარის სახით გადაეცემა სწავლის საფასურის სრული ერთი წლის თანხა, ამასთან ერთად, გამარჯვებულის სპექტაკლი დაიდგმება რუსთავის თეატრში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი რატი ლაბაძე, რომლის რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლიც ,,ყველაზე მართალი ადამიანი“ წელს კომედიის თეატრალური ფესტივალის რეპერტუარშია. ორი დღე დაეთმობა ვორქშოპს, რომელიც თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას შეეხება. მასზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება თეატრალური წრის მოზარდებისთვის.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023  ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და პირველ სპექტაკლს კვლავაც მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, რუსთავს ფესტივალის ფარგლებში – ზუგდიდის, მოზარდმაყურებელთა, გორის, ილიაუნის, მესხეთის, ბათუმის, თუმანიშვილის კინომსახიობთა, თავისუფალი თეატრის, ქალაქის თეატრის და რუსთაველის თეატრების დასები ესტუმრებიან.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.