Home Blog Page 1795

,,ჩინეთში ღარიბაშვილის ვიზიტს რუსეთმა შეუწყო ხელი” – სამადაშვილი

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთის აზრი , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მედიასთან  განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირისთვის და დასავლეთისთვის არის „მესიჯი“ იმისა, რომ „მე ჩემი გზა მაქვს“. „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არც ერთი მოთხოვნა არ არის შესრულებული, ევროკავშირი მაინც ფიქრობს, თუ როგორ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და სურს, რომ ამ არჩევანს პატივი სცეს. მაგრამ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას ხელს უშლის, მათ შორის, იმით რომ არ ასრულებს მოთხოვნებს, ასევე, გზავნილი, რომ მე ახლა სტრატეგიულ ურთიერთობებს ვავითარებ ქვეყანასთან, რომელიც პოზიციონირებს დამოუკიდებელ მოთამაშედ, რომელიც ანტაგონისტურ ურთიერთობებშია დასავლეთთან. ეს არის იმის „მესიჯი“, რომ მე, ჩემი გზა მაქვს. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ, დასავლეთში ფრთხილი დამოკიდებულებაა. იმიტომ რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანა უკავშირდება მისი რეჟიმის ინტერესებს. ჩინეთი არის ერთპარტიული, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი განვითარების გზა მაქვს, რომელიც არ აღირებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დასავლეთია დაყრდნობილი“,- განაცხადა სამადაშვილმა. მისივე შეფასებით, მას არ უკვირს „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი, რადგან მისი თქმით, მმართველი პარტიის ბუნებრივი პარტნიორია ყველა ავტოკრატიული რეჟიმი. „საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ არჩეული აქვს ევროკავშირი და ნატო, ჩინეთს ეუბნება, რომ შენი პარტნიორი ვარ იმაში, რომ მსოფლიოში ჩინური განვითარების მოდელს ხელი შევუწყო. საერთოდ არ მიკვირს ამას „ქართული ოცნება“ რომ აკეთებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ბუნებრივი პარტნიორია ყველა ავტოკრატიული რეჟიმი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთის აზრი. ჩინეთი და რუსეთი ხშირად არიან კონკურენტები, მაგრამ საკითხი, როდესაც ეხება დასავლეთის ინტერესების შევიწროებას, ხშირად პარტნიორები არიან“,- განაცხადა სამადაშვილმა. გადაცემაში სამადაშვილმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება -„როცა შემოდის რუსეთიდან ადამიანი, დასდევს ჟურნალისტი და კითხვას უსვამს ამ თემაზე, უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხოს კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი“. სამადაშვილის თქმით, კოსოვოსთან პარალელის გავლება ქვეყნის ღალატად უნდა შეფასდეს.

,,ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს” – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის „მთავარი პროვოკაცია და ქაჯობა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „რუსული რეჟიმია“.

ამით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა“.

ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს.

„თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციული შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ – ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად. ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” გარშემო, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ “კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, გახარიას პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ხალხი მთელი საქართველოდან ჩაიყვანა და 150 კაცი ძლივს მოაგროვა – რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა”.

„ოპოზიციაში დოკუმენტებს კითხვა რომ არ იციან, ეს ახალი არ არის”-სამხარაძე

მნიშვნელოვანია ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ოპოზიციაში დოკუმენტებს კითხვა რომ არ იციან, ეს ახალი არ არის; ცოტა ხნის წინ თქვეს, რომ პარლამენტის დაუკითხავად მოახდინა მთავრობამ ჩინეთთან ურთიერთობების დონის ამაღლება, თუმცა, თუ გადახედავენ პარლამენტის 2020 წლის რეზოლუციას და წაიკითხავენ, დაინახავენ რომ იქ პირდაპირი დავალებაა პარლამენტის მთავრობისადმი, რომ ჩინეთთან და არა მარტო ჩინეთთან, მთავრობამ უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

,,საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს”- ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.

ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმნენტში საუბარია ევროკავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.

„ ევროკავშირის მოქმედება – საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის. 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობაზე და ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია ევროკავშირის ფინანსურ ჩართულობაზეც.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო – საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო). პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.

2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.

ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ამ სფეროში ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა კარგი მმართველობისთვის PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. საქართველოში განხორციელებული კომპონენტები სასამართლოსა და სასამართლოს ადმინისტრირების, სტატისტიკის შეგროვების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, უზენაესი სასამართლოს, დამოუკიდებელ ინსპექტორის და სხვების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა.

„ მრავალმხრივი კონტექსტი: საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა კომისარი სთხოვდა უმაღლეს კომისარს წარმოედგინა განახლებული ინფორმაცია (ზეპირი მოხსენების სახით) და წერილობითი ანგარიში ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებაში.

9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მე-15-ჯერ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა. საქართველოსთან ამ დიალოგების დროს გაეროს შესაბამისმა საკონვენციო ორგანოებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე სხვა გამოწვევებთან მიმართებაში COVID-19 პანდემიის კონტექსტში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რუსთავში 38 გველი დაიჭირეს, მათ შორის შხამიანიც

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ივლისის თვეში 48 გველი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 80 გამოძახება შევიდა, საიდანაც 48 დადასტურდა, მათ შორის ერთი შხამიან გველზე.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა – 16, ჩვ. ანკარა – 6, წითელმუცელა მცურავი – 7, წენგოსფერი მცურავი – 6, კატისთვალა – 1, გველხოკერა – 3, წყნარი ეირენისი – 5 გიურზა – 1, თითტიტველა გეკონი – 3.

იშხნელის ინფორმაციით, გასულ თქვეს ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე – 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე – 28 74 75.

,,საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია”-ყაზახეთის პრემიერი

მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით და მოგესალმებით ყაზახეთში, ალმატიში. კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და ძალიან კარგი ატმოსფეროსთვის ივნისში, თბილისში ჩემი ვიზიტის დროს. ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის, –  ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

სამუშაო შეხვედრაზე ალიხან სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.

„სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი შეხვედრების ინტენსივობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ მზადყოფნას ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისა. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.

ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიური განვითარება ყველა სფეროში”, –  აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

,,სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია”-აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.

„აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

სპარსეთის ყურეში ამერიკული ძალების დაგროვება აშშ-ირანის კონფლიქტის გამწვავების სიგნალია – Associated Press

ათასობით ამერიკელი საზღვაო ქვეითი, გამანადგურებელი თვითმფრინავები და ხომალდები, სპარსეთის ყურეში თავიანთ პოზიციებს ნელ-ნელა აძლიერებენ. ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ომები რეგიონში შეიძლება დასრულდეს, კონფლიქტი ირანთან, მისი ბირთვული პროგრამის წინსვლის გამო გაუარესდება. ამის შესახებ Associated Press წერს.

ამ გემებმა 10 ივლისს ვირჯინიის შტატი ნორფოლკი დატოვეს მისიით, რომელიც პენტაგონმა აღწერა, როგორც „ირანის ბოლო მცდელობების საპასუხოდ, დაემუქროს თავისუფალი ვაჭრობის ნაკადს ჰორმუზის სრუტეში და მის მიმდებარე წყლებში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ბოლო კვირებში განაახლა შევიწროება და დაკავება გემების, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობენ, სადაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20%-ის ტრანზიტი ხორციელდება.

შეერთებული შტატებისთვის, ჰორმუზის სრუტის გახსნა საზღვაო გადაზიდვებისთვის პრიორიტეტად რჩება, რათა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური ენერგეტიკული ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.

სპარსეთის ყურეში ამერიკული ძალების დაგროვებასთან დაკავშირებით, ირანის არმიის უფროსმა, გენერალმა აბდოლრაჰიმ მუსავმა თქვა, რომ აშშ-ის განლაგება რეგიონს მხოლოდ „დაუცველობასა და ზიანს მოუტანს”.

„წლებია, ამერიკელები ოცნებებით შედიოდნენ და გადიოდნენ რეგიონში, მაგრამ რეგიონის უსაფრთხოება მხოლოდ რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით გაგრძელდება“, – თქვა მუსავმა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

როგორც AP წერს, რუსეთის ომმა უკრაინაში, ამერიკული ფოკუსების გარკვეული ნაწილი ისევ ევროპაში გადაიტანა. ჩინეთი აგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ ჩინეთის ზღვის მეტი კონტროლისთვის და აშშ-ს საზღვაო ძალებმა უპასუხეს გაზრდილი პატრულით.

“რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?”-ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს

“რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?” – ასე ეხმაურება ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე, გაკეთებულ განცხადებას:ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როდესაც აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას

“რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება”, – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

შეგახსენებთ,საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა:“არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს”.

“მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის facebook-პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება. მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!“, – წერს ქადაგიძე facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“.

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო კოლეგებო.
ძვირფასო მეგობრებო, მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. თქვენ ივნისში იმყოფებოდით თბილისში და რამდენიმე კვირის შემდეგ მე ვარ თქვენი სტუმარი, როგორც დაგპირდით, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ ვარ თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ალმატიში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისა და სტუმარ-მასპინძლობისთვის.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, – როგორც ყაზახეთისთვის, ისე საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ, და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც არის ახლა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში. მადლობა!”, – განაცხადა პრემიერმა.

სამუშაო შეხვედრაზე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით და მოგესალმებით ყაზახეთში, ალმატიში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და ძალიან კარგი ატმოსფეროსთვის ივნისში, თბილისში ჩემი ვიზიტის დროს. ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის.

ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა. სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი შეხვედრების ინტენსივობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისთვის ორმხრივ მზადყოფნას. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე. და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.

ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში”, – აღნიშნა ალიხან სმაილოვმა.

კვარიათში , კაფე „რაკუშკები“ დახურეს

კვარიათში , კაფე „რაკუშკები“, რომელმაც 21-ე სეზონი ერთი თვის წინ გახსნა, შრომის ინსპექციამ დახურა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად ხორცის მანქანის პასპორტის არარსებობა დასახელდა. „რაკუშკების“ დამფუძნებელი ნათია ბოლქვაძე ამბობს, რომ კაფე მართლაც დახურეს და დახურვის მთავარი მიზეზი მართლაც ხორცის მანქანის პასპორტის არ ქონა იყო და მეორე მიზეზი ის იყო, რომ შრომის ინსპექტორი უნდა ჰყოლოდათ ერთ-ერთი კადრი. „სპეციალურად დაგვხურეს, მაგრამ ეს დროებითია. ვიბრძოლებთ და მალე გავიხსნებით. მორიგი ბიზნესის ხელის შეშლაა. გაფრთხილების და დოკუმენტაციის მოწესრიგების შესაძლებლობის გარეშე, პირდაპირ დახურვა არასწორია. პარასკევი საღამო შეარჩიეს იმიტომ, რომ შაბათს და კვირას დოკუმენტაციის შეკრება ვერ მოვახერხო. იმედია, მალე მოვაგვარებთ“, – აცხადებს მედიასთან საუბრისას ნათია ბოლქვაძე