,,ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს” – ხაბეიშვილი

48
spot_img

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის „მთავარი პროვოკაცია და ქაჯობა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „რუსული რეჟიმია“.

ამით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა“.

ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს.

„თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციული შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ – ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად. ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” გარშემო, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ “კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, გახარიას პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ხალხი მთელი საქართველოდან ჩაიყვანა და 150 კაცი ძლივს მოაგროვა – რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა”.