Home Blog Page 1793

როგორ გაიყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება: მოლდოვა და საქართველო – პუტინის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

გერმანული ფედერალური ტელეარხის „ცე-დე-ეფ“-ის (2DF//ZDF – Zweites Deutsches Fernsehe) ეთერში ორ ივლისს გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი მოლდოვასა და საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტი ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით: „როგორ არის(ავტორი – სებასტიან ემი).

ვიდეოსიუჟეტი იწყება მოლდოვაში შექმნილი სიტუაციის მიმოხილვით:

„დღეს მოლდოვური საზოგადოება გაყოფილია ისე რადიკალურად, როგორც არასდროს: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს სურს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათ არაფერი საერთო არ უნდათ რუსეთთან, მაგრამ მეორე ნახევარი რუსეთთან ახლო ურთიერთობის მომხრეა. მოწინააღმდეგეები უფრო მეტად ქალაქებშია – ისინი შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის ერთად მოლდოვასაც თავს დაესხმება. სოფლებში კი პირიქით – მომხრეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრი სიკეთის მომტანია, მაგალითად, ენერგეტიკით (იაფფასიანი გაზით) უზრუნველყოფის სფეროში“, – აღნიშნავს კორესპონდენტი და მოლდოვას მოსახლეობის წარმომადგენლებს ესაუბრება – ქალაქისა და სოფლების მცხოვრებლებს.

რეპორტაჟი საქართველოდან:

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსაც სურს, მაგრამ რუსეთს ამის დაშვება არ უნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს – სამხრეთკავკასიური ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირება მოახდინა. რუსული ტანკები თბილისიდან – საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. ამიტომაც ბევრი ქართველი უკრაინის მომხრედ გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა დაპროგრამებულია… თუმცა, როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ათი ათასობით რუსი სწორედ საქართველოში გამოიქცა“, – აღნიშნავს ტელეჟურნალისტი სებასტიან ემი, რომელიც თბილისში იმყოფება და ქართული საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ წარმომადგენლებს ესაუბრება – გირჩის“ აქტივისტს ბადრი გრიგალაშვილს, „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ვიდეოსიუჟეტში რატომღაც ხელისუფლების – მმართველი პარტიის – მომხრეები არ ჩანან).

გერმანელი ჟურნალისტის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარისად აკრიტიკებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო და დასავლური ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებისაგან მეტწილად თავს იკავებს. გარდა ამისა, რუსების მოზღვავებამ საქართველოში ნეგატიური შედეგები მოიტანა – მკვეთრად გაიზარდა ფასები საცხოვრებელ ფართობზე. ვიდეოსიუჟეტის ავტორი ესაუბრება სტუდენტ გიორგის, რომელიც, საცხოვრებელი ბინის ქირავნობის მაღალი ფასების გამო ძალიან რუსების მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა აქვს.

„რასაკვირველია, რუსების საქართველოში მომრავლება ქართული საზოგადოების ანტირუსულ დამოკიდებულებას აძლიერებს. ეკატერინა, რომელიც ომის წინააღმდეგ არის განწყობილი და რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის რეჟიმს გასული წლის მარტში გამოექცა, ამბობს, რომ მას სამშობლოში მოღალატედ თვლიან, ხალხის მტრად და უცხოელ აგენტად.

„ემიგრაცია სასიამოვნო და კარგი არ არის. რაც არ უნდა იყოს, საქართველო ჩემთვის მაინც უცხო ქვეყანას წარმოადგენს, უცხო ხალხს, ახალ ცხოვრებას, რომლის მიჩვევას ხშირად ხანგრძლივი დრო ჭირდება“, – ამბობს კატერინა. კიდევ ერთი რუსი მიგრანტი – ალექსანდრე, გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ იგი აშკარად გრძნობს ქართველების ანტირუსულ დამოკიდებულებას: „ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ რუსეთის არმია საქართველოში თავმოყრილი რუსების უფლებების დაცვის მოტივით ისევ შემოიჭრება“.

მოკლედ, ქართველებს მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსების მიერ გამოწვეული ფასების ზრდის გამო ზარალდებიან, რუსები კი საქართველოში თავს ბედნიერად არ თვლიან და გრძნობენ, რომ მათ მიმართ დაძაბული განწყობაა შექმნილი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთ ომში გამარჯვებული არ ჩანს“, – ასკვნის გერმანელი ჟურნალისტი ვიდეოსიუჟეტის დასასრულს.

წყარო

პოლონეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონური მარკეტინგული კომპანიის „Malinova” ერთობლივი ორგანიზებით, ქართული ღვინის ფესტივალი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა.

„ღონისძიების ჩატარების მიზანს, პოლონეთის ბაზარზე არსებულ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. შესაბამისად, ფესტივალის აუდიტორია და მონაწილე კომპანიები აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით განისაზღვრა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ქსელური მარკეტებისა და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Makro Cash&Carry; Biedronka; Vininnova; Zasada Group, Food&Wine, Dom Wina და სხვა. ფესტივალს, ჯამში, 120 ადამიანი დაესწრო.

წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, მათ შორის, მცირე მარნების პროდუქცია, რომლებიც სტუმრებს თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტი დაესწრო.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელსაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

” მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს”- თეონა აქუბარდია

სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე საქართველოში არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სპიკერი, მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან კიდევ ერთხელ შეაფასა ოპოზიციის რეაქცია პრიგოჟინის მიერ ბახმუტში ამბოხის მოწყობის მცდელობაზე.

„მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი აანალიზებს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, როგორც პუტინის რეჟიმის სისუსტეს და ისინი პროგნოზირებენ, რომ ეს დამატებითი შესაძლებლობაა უკრაინის გამარჯვების, ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ისევ შიდა პროპაგანდით ცდილობს, რუსეთის სიძლიერის მითის გაძლიერებას და ოპოზიციისკენ ისრების გადატანას. სრული სიყალბეა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა ე.წ. მშვიდობის მითის შექმნა, რადგან მშვიდობას ქვეყნის შიგნით ერთიანობა სჭირდება, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ებრძვის. ვხედავთ, როგორ საზიანო პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის 1 არასრულწლოვანი.

პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.

პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

“უკრაინიდან რუსეთში თავშესაფარი 700 000 ბავშვმა იპოვა” – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინიდან რუსეთში 700 000-მა ბავშვიმა „შეაფარა თავი“.

“ბოლო წლებში 700 000 ბავშვმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან დაბომბვას გაექცა, თავშესაფარი ჩვენთან იპოვა. ბევრმა მშობლებთან ერთად და ბავშვთა სახლების ბავშვებმა აღსაზრდელებთან ერთად”, – განაცხადა კარასინმა.

მოსკოვი ირწმუნება, რომ ბავშვების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეყვანის პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონაში მიტოვებული ობლებისა და ბავშვების დაცვას.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას ახორციელებს. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უკანონოდ დეპორტირებულად 19 492 უკრაინელი ბავშვი ითვლება.

“კობახიძის პროპაგანდით ებრძვიან ქარის წისქვილებს, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“ – ხატია დეკანოიძე

საქართველოს მოქალაქეებისგან ქვეყანა როცა იცლება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოგონილი თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებაში ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დასუსტებას არ გულშემატკივრობს.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის და პუტინის დასუსტებაა. „ქართული ოცნება“ რომ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, კობახიძის განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. კობახიძის მიერ გავრცელებული პროპაგანდით ქარის წისქვილებს ებრძვიან – „სამ გოჭს“ და „წითელქუდას მაშინ“, როცა ქვეყანას სერიოზული გამოწვევები და პრობლემები აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.

“ჯარის ბანაკის“ პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას” – პრემიერი

„ჯარის ბანაკის“ პროექტი ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომვალ თაობას დააინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია.

„დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის“ პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომვალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო თავიდანვე, როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ეს ბანაკი წელს პირველად იმართება. ბანაკში, ჯამში, 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას – თითო როტაციაში დაახლოებით 100 მოსწავლე. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ჯარის მნიშვნელობა და, ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლიდან. ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს, რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, თავად გაიგონ, როგორ იმართება ჯარი. თავად ექნებათ ეს უნიკალური შანსი, გაეცნონ სამხედრო საქმიანობას, მიიღონ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს. არა მხოლოდ წარსულში მომხდარ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, სულ რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდური არის ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, საქართველო არის გლობალიზაციის ნაწილი, ამიტომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლებში, რაც, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითი დღე იზრდება ინტერესი. ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა.

როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ. მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებენ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება ახალგაზრდებში, მეტი ინფორმაცია არის საჭირო ამისთვის. მიმაჩნია, რომ, ზოგადად, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების აღზრდაში, სწორი ორიენტირების განსაზღვრაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები შემცირდა – “საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, “საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში

ამასთან, რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე.

„სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულში, სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილის ცხედარი ჩამოშლილი მთის მასიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და კინოლოგები.

მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასა ჩავიდა ლიანდაგებზეც, რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.

17:00 საათიდან მოძრაობა განახლდება – „საქართველოს რკინიგზა“ ინფორმაციას ავრცელებს

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05

#807 ბათუმი-თბილისი 17:15

#801 ბათუმი-თბილისი 18:20

#812 თბილისი-ბათუმი 0:35

#811 ბათუმი-თბილისი 0:45

#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25

#874 თბილისი-ფოთი 17:30“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო წინაპირობა, რომ საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა”

ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო იმის წინაპირობა, საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა ან მოგონილი, ნოუ ჰაუ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს არის ის პროცესი, რომელსაც მუდმივად მხარს უჭერს რადიკალური ოპოზიცია და ამის არაერთი მრავალი მაგალითი არსებობს.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული დამოუკიდებლობის გარდა, იყო მავნებლური პოლიტიკის გამეორება.

„ოპოზიციის მხრიდან აღტაცება ნამდვილად ვიხილეთ, პროცესები ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა. რასაკვირველია, მოგონილი არაფერია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო იმის წინაპირობა, საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა ან მოგონილი, ნოუ ჰაუ. ეს არის ის პროცესი, რომელსაც მუდმივად მხარს უჭერს ე.წ. ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია. ამის არაერთი მრავალი მაგალითი არსებობს. ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული დამოუკიდებლობის გარდა, იყო მავნებლური პოლიტიკის გამეორება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს!” – მეუფე საბა

გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ ჰგონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! – პირობას ვდებ, არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი სოციალურ ქსელში სასულიერო პირების შეცდომაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „ხანდახან ზედმეტებიც მოსდით“, მისივე თქმით, „ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს“.

„მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი. ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება.

ამავე დროს ჩვენ აქ გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ გონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით, საკუთარი მაგალითის მიცემით! რადგან ჩვენ ვართ ნათელი ამა სოფლისა! და ჩვენ მოვალე ვართ მივცეთ მაგალითი სხვებს, ვუჩვენოთ სიყვარული სხვებს, ვუჩვენოთ საკუთარი სიწმინდით და ეკლესიის ტრადიციათა დაცვით საკუთარი სარწმუნოება, აი, სწორედ მაშინ ვიქნებით ნათელი ამა სოფლისა, რომელიც დიახ, სხვებს და ყველას გაუნათებს გზას! და არა ისე, როგორც მავანთ სწადიათ, რომ თითქოს მართლმადიდებლური სარწმუნოება შეიძლება დაცული იყოს სიძულვილის ენით ან სხვათა შეურაცხყოფით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ადამიანი!

აი, ამას ვერ იტანენ ჩემგან, ეს არ მოსწონთ ჩემში და ყველა სხვაში, ვინც ამბობს: „შეიძულე ცოდვა და არა ადამიანი!” აი, მათ კი პირიქით, სძულთ ადამიანი და ადამიანები! აი, ჩვენ, კი არ გვძულს ცოდვილი ადამიანები, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სინანულისკენ! ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ყველას მოვუწოდებთ გულწრფელი სინანულისკენ, ყველასთვის ღიაა ეკლესიის კარი. ყველას ელოდება ღმერთი, ვინც გამოთქვამს სინანულს. მე პირობას ვდებ, მე არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი, რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს და ვისაც ასე უნდა, ამ ქვის სროლა, მაშინ მას მოუწევს არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა! ასე რომ მან ისროლოს ქვა ვინც უცოდველია!

სამწუხაროდ, ასე იქცევა ზოგი ქრისტიანი და ჩვენ ვუსმენთ მათ, მათ სიძულვილის ენას და ეს სამწუხაროა!

ჩვენც გვეშლება სასულიერო პირებს, ხანდახან სოციალურ ქსელში ზედმეტიც მოგვდის, ესეც ხდება, ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს! ჩვენც ადამიანები ვართ და ამისთვის შენდობას ვითხოვთ, მაგრამ მე არასდროს არ ვითხოვ შენდობას იმისთვის, რასაც მოძალადეებს ვეუბნები, რომ მათ არ აქვთ უფლება იძალადონ! მათ არ აქვთ უფლება შეურაცხყონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ძალადობით რაიმე ცოდვას, არამედ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ხელშია ერთადერთი იარაღი – საკუთარი ცხოვრება – სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით! აი, ეს არის ქრისტიანობა! ქრისტემ ხომ მაგალითებით გვასწავლა… მან ხომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა?! მან ხომ მასზე მოწეულ ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?! არამედ, ჯვარს ეცვა და მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა მას ხვდა წილად! მოვა უფალი და განგვიკითხავს ჩვენ!” – წერს მეუფე საბა.