Home Blog Page 1793

“ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პარტია და უნდა გასამართლდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სახეა.

როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, შეუძლებელია, დღევანდელი დღე გახსოვდეს და კვლავ წარსულში დაბრუნება გსურდეს.

„7 ნოემბრის მესვეურებთან რამდენად შესაძლებელია დეპოლარიზაცია, უნდა ხვდებოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისიც ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ დემოკრატია არ არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, დამოუკიდებელი ტელევიზიისა და მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. როდესაც ამ რეჟიმის მაშინდელ მესვეურებსა და დღევანდელ ოპოზიციურ ლიდერებს ზოგიერთ ქვეყანაში, დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის აჯილდოებენ, საზოგადოებისთვის ამის ახსნა შეუძლებელია.

7 ნოემბერი არის სახე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა. ეს ტკივილი ერთხელ უკვე ნახა ქართველმა ხალხმა და მეორედ ამის სურვილი აღარავის აქვს. ამიტომ არის რადიკალიზმი ოპოზიციისთვის ბრძოლის მთავარი იარაღი, თუმცა უშედეგოდ. შეუძლებელია, დღევანდელი დღე გახსოვდეს და კვლავ წარსულში დაბრუნება გსურდეს. 11 წლის წინ ის სისხლიანი დღეები ჩვენ წარსულს დავუტოვეთ და პირობა მივეცით ხალხს, რომ აღარასდროს დავუშვებდით ამის განმეორებას. რეალურმა დემოკრატიამ სწორედ 2012 წლიდან დაიწყო შენება საქართველოში და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ყალბი ღირებულებებით შეფუთული ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი.

გუშინ მოვისმინეთ „ნაციონალების“ განცხადებები. როგორ ბედავენ ხმის ამოღებას იმ ყველა უბედურების შემდეგ, რაც მათ მოუტანეს და დამართეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს? იმიტომ ბედავენ ხმის ამოღებას, რომ სათანადოდ არ დაისაჯნენ და პასუხი არ აგეს ასეთ უბედურებაზე. ესენი ყველანი დამნაშავეები არიან, ეს პარტია არის დანაშაულებრივი პარტია და ყველა უნდა გასამართლდეს. ვიდრე პასუხს არ აგებენ, არაფერი არ ეშველება ჩვენს ქვეყანას“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

უცნაურად, უცაბედად, სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“-ნიკა მელია

უცნაურად, უცაბედად, სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ნიკა მელიას თქმით, სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას წესები აქვს.

„მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი, მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს. ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით. ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა და უცნაურად, უცაბედად, „ფეისბუქიდან“ ქრება მათთვის „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს. ამით კი, პირველ რიგში, მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს. სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს თავისი წესები, რომელსაც თუ არღვევ, სიმართლეს კარგავ. შანტაჟი „ოცნების“ ხელწერაა, მისი მიზანია, ისეთი ცუდი იყოს ოპოზიცია, რომ „ოცნება“ მუდამ იყოს ხელისუფლებაში. შანტაჟსა და კომპრომატებში „ოცნება“ აუცილებლად გაჯობებს, მით უმეტეს, როდესაც მერაბიშვილ-კეზერაშვილზეა საუბარი. მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად, თამამად ჩავხედავ მას თვალებში, მანამდე კი „ოცნებასთან“ ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით. ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმენტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს“, – წერს ნიკა მელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდიდან წაიშალა პოსტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქებდა.

საუბარია 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ ღრმა წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე. სააკაშვილი ამით მიმართავდა მათ, ვინც მისი ბოლო გამოსვლა ნიკა მელიასა და მისი გუნდის კრიტიკად აღიქვა.

 

“საქართველოს სჭირდება მტკიცე გზავნილები დასავლეთისგან”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს სჭირდება ძალიან მტკიცე გზავნილები დასავლეთისგან, რომ საქართველოს გვერდით დგას დასავლური სამყარო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მსგავსი ქვეყანა, მსგავსი გამოწვევებით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორებმა კარგად უნდა გაიგონ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ხდება საქართველოში ოკუპაციის პირობებში.

„როდესაც ქვეყნა არის ოკუპირებული და აქვს ასეთი უსაფრთხოების გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ხარჯზე, ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვსურს, ვიყოთ დასავლური ორგანიზაციების, ნატო-ს, ევროკავშირის ნაწილი, ჩვენ გვჭირდება ცალსახა გზავნილები ევროკავშირისგან. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი მოქმედებები და არა გაურკვევლობა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, თუნდაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს საკითხი გარკვეულწილად გადაწყდება პოზიტიურად და საქართველო უკვე კანდიდატის სტატუსით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას. ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყოს უფრო კარგად გაგებული, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ხდება საქართველოში ოკუპაციის პირობებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისთვის 4 საათი მისც

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეგვიპტიდან ღაზას სექტორში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 70 სატვირთო შევიდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისა და სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათი მისცა.

პალესტინელებს ჰუმანიტარული კორიდორით სარგებლობა ადგილობრივი დროით 10:00-დან 14:00-მდე შეუძლიათ.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

“ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ” – გია ვოლსკი

(საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ შემოგვაპარა – დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა (სააკაშვილმა), – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთს ოკუპაციის საშუალება მისცა და „საოკუპაციო ხაზი გაუვლო”, როცა 2007 წელს ადმინისტრაციული საზღვრები დაადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივთა უსაფრთხოების მიზნით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბლოკ- პოსტების განთავსების საკითხს, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ქართველმა პოლიციელმა “შეიძლება, თავი ვერ შეიკავოს,” თუ ოკუპანტი ძალას გამოიყენებს საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ.

„მძიმე ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. მოქალაქე მოგვიკლეს. ოკუპაცია იყო დაშვებული და თვითონ საოკუპაციო ხაზები გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ეს ეკლესია აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზს იქით და სულ ახლახან ახალი პროვოკაცია ვიხილეთ მლეთის მისადგომებთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმართებით.

ის რესურსი გაგვაჩნია, რომ რუსეთზე იყოს საკმაოდ გაძლიერებული შეტევა, რომელიც ისედაც საკმარისია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რაც შეეხება ბლოკ პოსტებს, სადაც იდგება ქართველი პოლიციელი, რასაკვირველია შეიძლება თავი ვერ შეიკავოს, როცა უკანონოდ მყოფი რუსი ოკუპანტი შეიძლება გამოჩნდეს და გაეკიდოს, ან ძალა იხმაროს ქართველის მიმართ. ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომელსაც ელოდება ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შიგნითაც და გარეთაც.

საერთოდ, (საოკუპაციო) ხაზის გადმოწევა მოგონილი თემაა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” შემოგვაპარა და ზოგიერთ საერთაშორისო განცხადებებშიც გავიგეთ. არის ტერიტორია შემოხაზული ბელად სააკაშვილის მიერ, სადაც დანიშნულია ადმინისტრაცია, ვისაც უნდა ემართა ეს ტერიტორია. მოხდა ომი და დაიპყრეს ზუსტად ის ტერიტორია, რომელიც შემოუხაზა ბელადმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით. დღეს ამ ხაზს მიყვებიან და აკეთებენ საოკუპაციო ხაზს. საოკუპაციო ხაზი არის დანაშაული თვითონ რასაკვირველია, მაგრამ ამ დანაშაულებამდე ქვეყანა მივიდა მაშინ, როცა უარი თქვეს საერთაშორისო ლიდერობით წაყვანილ პროცესზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა პოლიტიკურ გადაწყვეტას ამ პრობლემის. 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის ივლისამდე სააკაშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მუდმივად იმ ფორმატების დაშლას, რომელიც მოსალაპარაკებლად ჰქონდათ შექმნილი ევროკავშირს, აშშ- ს.

ყველამ იცის, რომ საფრთხეს ქმნის საოკუპაციო ჯარი და საოკუპაციო პატრული, რომელიც იქ დადის. ასეთი მდგომარეობა იქმნება, როცა საფიქრალი გვაქვს, ქართველი პოლიციელი რომ იქ ყოფილიყო, აუცილებლად გამოექომაგებოდა ქართველს თუ არ გამოექომაგებოდა. ეს თემაა საფიქრალი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, “მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გადასული ადამიანი მოკლეს, მაგრამ სპეციალურად წაყვანილი, წამებით მოკლულები, ათობით სამოქალაქო პირი ჩააბარეს და მოაკვლევინეს ოკუპანტს (წინა ხელისუფლებამ) და ამ თემაზე არასდროს არავის ხმა არ ამოუღია”.

“დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე, აი ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ერთი ტანის ორი ხელია,”- განაცხადა ვოლსკი

“პრეზიდენტის მოწოდება ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია”

ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და შეუძლია, გააკეთოს ის, რაც სურს. შეუძლია, ხალხს მოუწოდოს, შეუერთდეს ნებისმიერ მოწოდებას, რაც კანონის ჩარჩოში იქნება. თუ იქნება ევროინტეგრაციისთვის მოწოდება, კი ბატონო, შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამის გაკეთება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ კურსს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში და არის ევროპულ ოჯახში.

„მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი პროევროპულია. ასეთი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არ არის, ვინც ევროპული პოლიტიკისა და პროევროპულობის მომხრეა. ეს ყველაფერი ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია. თუ პრეზიდენტს ამის სურვილი აქვს, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, რამდენად საჭიროა და შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს. თუ ამას რაიმე სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს, ეს ცალკე თემაა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როცა ვაფასებთ წინგადადგმულ ნაბიჯებს”-ანა ფოტიგა

არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოტიგა აღნიშნავს, გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება.

„გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა.

“თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს” – გიორგი ვაშაძე

თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა

ვაშაძემ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა. ქართველ პატრიოტს, ყოფილ სამხედროს, თამაზ გინტურს რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მზაკვრულად დაესხნენ თავს და მოკლეს ჩვენი თანამემამულე. საშინელი უსამართლობაა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს. ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, ეს კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოებაა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველოს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ დიდ დანაშაულსა და უსამართლობას, თურმე ოკუპაციაში რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაიქართველებს, 1993 წელს რუსეთმა მოახდინა თუ არა სოხუმის ოკუპაცია, მანამდე ცხინვალის ოკუპაცია და თქვენი მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება? მაინტერესებს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით. ანუ ამბობთ, რომ საქართველო თავისი თავის მტერია და არა რუსეთი? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება არ უნდა დაკარგო. კობახიძე-ღარიბაშვილ-მდინარაძეს, კალაძეს ვეკითხები, ოკუპანტი ვინ არის, ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. შეიძლება, მტერს მტერი არ დაარქვა და ქვეყნის ოკუპაციაში შენს ქვეყანას ადანაშაულებდე?  იცით, რატომ არის თქვენი განცხადებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ? ხვალ და ზეგ ამას საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ მთავრობა გყავს, რომელიც ოკუპაციაში  წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა რუსეთს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა. როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები. ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და რუსული ნარატივებით საუბარს თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

“სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის”

სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს.

„ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს და მარტო მახსოვრობა არ არის საკმარისი. სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ მიერ ქუჩაში ჩადენილი მკვლელობებისთვის, ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში მათ მიერ ასობით და ათასობით ნაწამები ადამიანისთვის, კოდორის ხეობასა თუ ცხინვალის რეგიონში მათ მიერ მიტოვებული ადამიანებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“მამუკა ყურაშვილი – „ნაცების“ ღალატის და უტიფრობის სახე!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება მამუკა ყურაშვილის განცხადებებს, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

„მამუკა ყურაშვილი – „ნაცების“ ღალატის და უტიფრობის სახე! ეს ის გენერალია 2008-ში 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რომ გვამცნო! მისმა ბელადმა კი შეტევაზე
გადასვლა! რაც არ უნდა ეცადოთ ვერ მოიბანთ ქართველი ხალხის დაღვრილ სისხლს!“ – წერს ხაინდრავა.

პრეზიდენტი სოფელ კირბალში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრებს.

გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

“საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

„საქართველოს შეუძლია რუსეთის საზიანო ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრიც ეხმაურება.

„ვგმობ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო ყოფნა“- აცხადებს ფრანგი დიპლომატი.