Home Blog Page 1792

“ტრამპს რა ბრალდებაც წარუდგინეს, ამ ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED-ის შემადგენლობას და USAID -ის წევრებს”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დონალდ ტრამპს, ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED – ის შემადგენლობას და USAID – ის წევრებს, რომლებმაც პვტ გააყალბეს, ასევე რადიკალური ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერს.

„დონალდ ტრამპს რა ბრალდებაც წარუდგინეს, ამ ამერიკული სტანდარტით, 2020 არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების გამო ბრალდება უნდა წარედგინოს ISFED – ის შემადგენლობას და USAID – ის წევრებს, რომლებმაც პვტ გააყალბეს, ასევე რადიკალური ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერს“, – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

ყირიმში, რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„დასახლება გვარდეისკოეში, რომელიც სიმფეროპოლის რაიონში მდებარეობს, რუსული ავიაბაზა არის განლაგებული. აეროდრომი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვემდებარება. ტერიტორიაზე 37-ე შერეული საავიაციო პოლკი არის დისლოცირებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, დილით ყირიმის ხიდიც იყო დაკეტილი, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.

“რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით – ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს” – ანდრეი ერმაკი

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტვიტერში” წერს.

მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი.

“ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელიც მუდმივად გაიზრდება და გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინდუსტრიაზე. ასევე, ყველას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს. ყველა ქვეყანას შეუძლია მეტის გაკეთება”, – აცხადებს ერმაკი.

მისი თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება მეტი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

“აუცილებელია რუსული ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანება, რუსეთის ფედერაციისთვის ჰაერიდან თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების წართმევა”, – წერს ერმაკი.

“რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს” – ჯოზეფ ბორელი

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად – ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ასევე, შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში“ რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს.

მისი თქმით, რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას აგრძელებს და კვლავ აძლიერებს „სოლიდარობის ხაზებს“.

“17 ივლისს, სტამბოლში ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა არ განეახლებინა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ (BSGI), რომელიც უკრაინას მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. როგორც ხაზგასმით აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ეს ინიციატივა იყო „იმედის შუქურა მსოფლიოში, რომელსაც ეს უკიდურესად სჭირდება“.

უკრაინა მსოფლიოში სურსათის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია და სანამ რუსეთი მის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა, მსოფლიოში ქერის მეხუთედი, ასევე სიმინდის მეექვსედი და ხორბლის მერვე ნაწილი უკრაინიდან მოდიოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარცვლეულის მინდვრებს და ელევატორებს თავს დაესხა და უკრაინის პორტები გადაკეტა, მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ დონემდე აიწია და ბევრი იმპორტიორი ქვეყნისთვის საჭირო საკვების მიწოდებას საფრთხე შეექმნა. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას და სურსათზე გლობალური ფასების შემცირებას ისახავდა მიზნად.

მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მან თავის მთავარ მიზანს მიაღწია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 45 სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტმა უკრაინიდან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათზე გლობალური ფასების დაახლოებით 25%-ით შემცირებაში იმ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელზეც ფასები რუსეთის თავდასხმის შემდეგ მალევე ავარდა. როგორც აჩვენებს ღიად ხელმისაწვდომი მონაცემები ვაჭრობის შესახებ, მარცვლეულის ნახევარზე მეტი, მათ შორის ხორბლის ორი მესამედი, განვითარებად ქვეყნებში იგზავნებოდა.

გარდა ამისა, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ“ მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის (WFP) მარცვლეულის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. 2023 წელს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში (როგორიცაა ავღანეთი, ჯიბუტი, ეთიოპია, კენია, სომალი, სუდანი და იემენი) ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად შეძენილი ხორბლის 80% უკრაინის მიერ იყო მიწოდებული. შავი ზღვის მარშრუტის გარეშე, მსოფლიო სასურსათო პროგრამას მოუწევს საჭირო მარცვლეულის შეძენა სხვაგან უფრო მაღალი ფასებით და მიწოდების უფრო გრძელი ვადით, მაშინ, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სასურსათო კრიზისის წინაშეა.

რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო გაეროს გენერალური მდივნის განახლებული წინადადებების მიუხედავად, რომელიც პრობლემების გადასაწყვეტად მუშაობას ითვალისწინებდა. სხვებზე გადასაბრალებლად, რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი სოფლის მეურნეობის ექსპორტი არ იყო საკმარისად გამარტივებული. ეს არ დასტურდება ღიად ხელმისაწვდომი მონაცემებით ვაჭრობის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტი ძალიან წარმატებულია. რუსეთმა ასევე მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით გაეროსთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ პარალელურად გაფორმდა. გაერო დაუღალავად მუშაობდა მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოების დასაზუსტებლად და კერძო სექტორთან თანამშრომლობდა საბანკო და სადაზღვევო სექტორების სფეროებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ეს ძალისხმევა ევროკავშირთან და მის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუის საპირისპიროდ, ევროკავშირმა ნამდვილად მოახდინა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენს სანქციებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოეხდინა. არ არსებობს სანქციები რუსეთის სურსათის და სასუქების ექსპორტზე მესამე ქვეყნებში და ევროკავშირმა ეკონომიკურ ოპერატორებს ვრცელი მითითებები მიაწოდა და განმარტა, რომ ეს მიწოდება მესამე ქვეყნებში დაშვებულია. ასევე შესაბამისი გადახდების დასაშვებად გაეროსთან ვიმუშავეთ.

ამ კარგად ცნობილი და გადამოწმებული ფაქტების მიუხედავად, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან“ გასვლა გადაწყვიტა, სურსათი იარაღად გამოიყენა და საფრთხე სურსათის გლობალურ მიწოდებას შეუქმნა. ინიციატივიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთმა ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ასევე უკრაინის მარცვლეულის შესანახი ობიექტების და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო, არა მხოლოდ თავად შავ ზღვაში, არამედ მდინარე დუნაიზეც. საპასუხოდ, ხორბლისა და სიმინდის საბითუმო ფასები მყისიერად მკვეთრად გაიზარდა და ეს იყო მაქსიმალური ზრდა, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მოხდა. სურსათის ფასების გაზრდილი მერყეობა, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე მიზანმიმართულ ზეწოლას, რაც ცხოვრების გაძვირების კრიზისს მსოფლიოში კიდევ უფრო ამძაფრებს და ყველაზე მწვავედ აისახება ადამიანებზე ვინც სასურსათოდ დაუცველ, იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში ცხოვრობს. ეს მიუღებელია და მტკიცედ დაგმობილი უნდა იყოს.

როდესაც მსოფლიოში შეფერხებულია მიწოდება და ფასები იზრდება, რუსეთი მიმართავს მოწყვლად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკაში, ორმხრივი შეთავაზებებით მარცვლეულის შეზღუდული მიწოდების შესახებ და თავისივე შექმნილი პრობლემის მოგვარების შთაბეჭდილებას ქმნის. ეს საკვების იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა.

რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს. პირველი, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მეორე, კვლავ გავაძლიერებთ ჩვენს „სოლიდარობის ხაზებს“, როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ. მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავუზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში“ რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, რომლის განცხადებაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ბექა ლილუაშვილი

ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მიესალმება, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ამასთან ლილუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს შეთანხმებებს სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტის თანხმობაც სჭირდება.

“მთავრობა არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებს ანაცვლებს ჩინეთით, ალტერნატივის შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის?! ეს ძალიან დამაბნეველია და ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. ანაკლია უნდა აშენდეს, ჩვენი პოზიცია ცალსახა და მკაფიოა. ამ რეგიონში ევროპის, აშშ-ის ინტერესის გარეშე ჩინეთის ჩართულობა ანაკლიის პროექტში რამდენად იქნება ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, ამას სჭირდება მკაფიო შეფასება. პორტის მთავარი დანიშნულება არის ტვირთების გადაზიდვა და ეს არის სატრანზიტო ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ორ პარტნიორ მოვაჭრე მხარესთან შეთანხმების შედეგი. ბუნებრივად, ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში უნდა არსებობდეს ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს იყო ანაკლიის მშენებლობის მთავარი პრინციპი თავის დროზე. ახლა არ ვიცი, ქვეყნის საგარეო ორიენტირის ცვლილების მცდელობის, თუ სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლების გამო, ხელისუფლება ცდილობს ეს სივრცე ამოავსოს ამ პროექტის ეფექტიანობის შესაძლო დანაკარგების ხარჯზე. ჩინური კომპანიები მუშაობენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად, ჩართული არიან ავტობანის მშენებლობაში, მაგრამ როცა საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ეფექტის გარდა კარგად გვესმის, რომ არის სტრატეგიული პროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის. ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება,” – განაცხადა ლილუაშვილმა.

“ევროკავშირის ანგარიში არის კიდევ ერთი მყარი მტკიცებულება იმისა, რომ სამართლიანი განსჯის პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს”

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ანგარიშში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა როგორც ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, ასევე ბალკანეთის ქვეყნების თვალსაზრისით, ვისაც აქვს დღეს კანდიდატის სტატუსი.

„შესაბამისად, ეს ანგარიში არის კიდევ ერთი მყარი მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ სამართლიანი განსჯის პირობებში საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

“ამ ხელისუფლების პირობებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყოფილიყო რაც შეიძლება მეტად გამართული”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ძალიან კარგი ამბავია, ფასდება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა როგორც გამართული. ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უზარმაზარი შრომის შედეგი, რომელიც გაიწია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყველაზე მეტად ჩავარდნილი სფერო იყო წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყოფილიყო რაც შეიძლება მეტად პრომოუტირებული, გაძლიერებული, სისტემა გამართული და რეალურად ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

“გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა” – გურამ მაჭარაშვილი

როდესაც წავიკითხე ბრალდება, რომელსაც ტრამპს უყენებენ, მეგონა, რომ ეს იყო ISFED-ის და იმ „ენჯეოების“ თუ ნახევარი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ზუსტად ის გააკეთეს, რასაც ახლა ტრამპს ამერიკაში ედავებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმ ქმედებისთვის, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აქ ჩაიდინა – გააყალბა არჩევნები და შემდეგ აღიარა – შესაბამისად, საელჩოც საქმის კურსში იყო, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა, ხოლო საელჩომ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ იცოდა და არაფერი თქვა. ასევე ნახევარი ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები არ იყო სწორი. ამ დროს აღმოჩნდა, რომ გაყალბებული იყო პარალელური დათვლის შედეგები, და არა ცესკოს შედეგები“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

სიონის საკათედრო ტაძარში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას პატრიარქი აღავლენს

სიონის საკათედრო ტაძარში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

“ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს კაპიტოლიუმზე შტურმის გამო” – ამირან სალუქვაძე

ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო, – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ აშშ-ის ამ პრეცედენტს გავითვალისწინებთ, საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო, მთელი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერია. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟს ISFED-მაც შეუწყო ხელი, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

სალუქვაძის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო, 900-ზე მეტი პირია დაკავებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის განმახორციელებელი პირებიდან, დასავლეთმა ზოგს გირაო გადაუხადა, ზოგი კი პრეზიდენტს შეაწყალებინეს.

„ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო.

ამ პრეცედენტით 2020 წლის განსაკუთრებით, თუმცა სხვა არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი.

ეს განსაკუთრებით ეხება ISFED-ს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. მას შემდეგ, როცა ოცნებამ ბრიფინგებზე გაუშიფრა მცდარი მონაცემები, ISFED-ის დირექტორი გადააყენეს და ამით ამოწურეს. ორგანიზაციას ისევ აქვს დაფინანსება და აგრძელებს საქმიანობას.

ოპოლიდერებიც, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ არცერთ არჩევნებს, იციან რა, რომ არ გაყალბებულა, ისევ აგრძელებენ რყევებს.

კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირია დაკავებული. ჩვენთან პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები შეაწყალებინეს, ზოგს გირაო გადაუხადეს.

ჩვენს პოლიციას შენიშვნა უთხრეს, „ბრბო“ რატომ ვერ შეაჩერაო?! ძალადობის და დარბევების მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ასე საჯაროდ ბრბო ვერ უნდა აკადრონ.

ჰოდა, შევატრიალებ კითხვას, ოღონდ ბრბოს არ ვაკადრებ. რატომ ვერ შეაჩერა ამერიკის პოლიციამ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები? თანაც ერთი მოქალაქე ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლით პოლიციამ მოკლა. ეს ისე, თემამ მოიტანა.

მოკლედ, ტრამპს 400 წელი უკვე ჰქონდა, კიდევ 50 წელს დაუმატებენ.

2024 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ მშვიდად უნდა მიიღოთ. ცესკო 30-60 წუთში ქვითარს ამოარტყამს და შეინახეთ. ISFED-ების ხმა არ გავიგო”- წერს ამირან სალუქვაძე

“უკრაინის წინააღმდეგობამ მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები”- დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რასაკვირველია, “გლობალური ომის პარტია” არ ელოდა უკრაინის ამგვარ უდიდეს, მართლაც გასაოცარ წინააღმდეგობას და როგორც ეს აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მილიმ ამერიკელ კონგრესმენებს ამ ომის დაწყებისას განუცხადა: “სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა 72 საათში დაეცესო” – სწორედ ამას ვარაუდობდნენ. ცხადია, მაშინ მათ არ მოუწევდათ არანაირი ხარჯის გაწევა და ერთადერთი სახარჯო რესურსი, რაც მათ სტრატეგიას ბოლომდე შეეწირებოდა, ეს სახარჯო ქვეყანა – უკრაინა იქნებოდა. უკრაინა დაკარგავდა სუვერენიტეტს და რაც უფრო მძაფრი, ამაზრზენი და აუტანელი იქნებოდა მსოფლიოსათვის ამ რუსული ბარბაროსობის ყველა საინფორმაციო არხით “ნონ სტოპ” რეჟიმში დემონსტრირება, მით უფრო მასშტაბური და “აბსოლუტური” იქნებოდა ამ ომის მთავარი სტრატეგიული შედეგის მიღწევა: რუსეთის მოქცევა სრულ საერთაშორისო ბლოკადაში, მისი, როგორც მთავარი სანედლეულო ბაზის “ლოკდაუნი”, მისგან ისევე იზოლირება, როგორც ეს კოვიდის ვირუსისგან “იზოლირების” საბაბის გამოყენებით გლობალური ურთიერთიზოლაციის მიღწევით მოხდა. რუსეთი უწმინდურებაა – ამიტომ, მისი არაფერი მოიხმაროთ, თორემ თქვენც გადაგედებათ ეს უწმინდურება – “პუტინიზმი” და მორჩა!

რატომ და რისთვის კეთდებოდა ეს? სრულიად ცხადია, რომ მინსკის პროცესის განახლებით, რაც მიზანმიმართულად იქნა ტორპედირებული “გლობალური ომის პარტიისა” და მისი ნების მორჩილი ზელენსკის მთავრობის მიერ, არც თუ დიდი ძალისხმევით, იოლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ომის თავიდან აცილება (ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, ასევე შეიძლებოდა კოვიდ პანდემიის თავიდან აცილებაც) . მაგრამ მაშინ ეს მიზანი – რუსეთის და მისი ბუნებრივი რესურსების “ლოკდაუნი” ვერ მიიღწეოდა.

რას ნიშნავს რუსეთის ბლოკირება, მათ შორის გლობალური ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ძალიან მარტივი დასანახია. თუმცა, ამას, ცხადია, ყველანაირად ჩქმალავენ, რადგან რუსულ ბარბაროსობაზე სანქცირების დაწესების სამართლიანობით ბოლომდე შეფუთეს ის, რისი მიღწევაცა სურთ: “ინკლუზიური” მოხმარების უკიდურესად შეზღუდვა და გლობალური ეკონომიკის გადაწყობა ექსკლუზიურ მოხმარებაზე, რომელსაც განაგებენ არა ცივილიზებული წესები და სახელმწიფოები, არამედ “რაღაც სხვა”. აბა, შეხედეთ:

რუსეთი ფლობს მსოფლიო ბუნებრივი რესურსების არანაკლებ 20%-ს. დღევანდელი მდგომარეობით ის აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ხორბლის ასევე 20%-ს, ბუნებრივი აირის – 30%-ს, ნავთობის 10%-ს, მინერალური სასუქების 25%-ს, ასევე წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე, როგორც პრაქტიკულად ყველა ნედლეულის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებელს. ეს არ არის არც ჩრდილოეთ კორეა და არც თუნდაც გაზითა და ნავთობით მდიდარი ირანი, რომლის ეკონომიკური იზოლაცია გლობალურ შედეგებს ვერ განაპირობებს. ჩანაფიქრიც ეს იყო: უკრაინის მხეცურად, ელვისებური ოკუპაცია გახდებოდა ტრიგერი, რათა დარღვეულიყო და მოშლილიყო “მიწოდების ჯაჭვი”, რაც უწინარეს ყოვლისა, მძლავრად დაარტყამდა ნედლეულის ინკლუზიურ მოხმარებას. და ეს გახლავთ მეორე დიდი ნაბიჯი კოვიდ პანდემიის შემდეგ, რაც “ინკლუზიური კაპიტალიზმისკენ” იქნებოდა გადადგმული.

ცინიზმია, მწარე დაცინვაა თავად ეს სახელიც: “ინკლუზიური კაპიტალიზმი”. რადგან იგი ჯერ არნახულ ექსკლუზიურობას გულისხმობს. ამის დანახვა კოვიდ-პანდემიის და ახლა უკვე “რუსული ვირუსის” ამ “ახალი პანდემიის” წინააღმდეგ ლოკდაუნებითაც იოლად შეიძლება. რა ხდება სინამდვილეში?

უკრაინის წინააღმდეგობამ და შესაძლოა, ეს – ანუ ომის გაჭიანურება პუტინის გეგმაც ყოფილიყო, მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები. მათ უწევთ ხარჯის გაღება და სახელმწიფოების მობილიზება, რათა რუსეთს გაეჯიბრონ – ვინ უფრო მეტ ხანს გაძლებს. რაც მთავარია, არ იციან რა ქნან – როგორ გააგრძელონ დიდი პარტია, თუკი უკრაინა ბოლომდე გაიხარჯება. მაგრამ: “მიწოდების ჯაჭვი” მაინც იშლება. რუსეთის ნედლეულით მსოფლიო ვაჭრობა ინაცვლებს ლეგალურიდან არალეგალურ, ჩრდილოვან ბიზნესში. აქ კი, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს სამთავიანი გველეშაპები: ერთი თავია სპეცსამსახურები, მეორე – კრიმინალი და მესამე, “ექსკლუზიური” კორპორაციები, რომლებიც ყველაფერ ამას თავიან მოგებად – “ფული-ძალაუფლება” კორპოროკრატიულ კაპიტალად, რაც საბოლოოდ ყველას და ყველაფერს, მათ შორის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, გააკოტრებს, აქცევენ.
არავინ და არასდროს არსად არ აქვეყნებს ამ მოგებას. ხოლო უკრაინა – სახარჯო ქვეყანაა. ის თავს წირავს ამ მოგების გაზრდას და იმას, რომ მოხმარება ექსკლუზიური გახდეს. ეს ხდება და თვალების ოდნავ გახელაა საჭირო, რომ დაინახოთ, ვინც ამას მაინც ვერ ხედავთ.

რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს – რა ხდება უკრაინაში ომის 525-ე დღეს

ომის 525-ე დღეს, რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

“ყველა საჰაერო სამიზნე – 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს”, – აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. “დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. არანაირი სერიოზული დაზიანება არ ყოდილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, – აღნიშნა პოპკომ.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საოკუპაციო კონტინგენტსა და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა მკვეთრად არის გაზრდილი.

„სისტემატური ხასიათი აქვს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს. ორგანიზატორები და შემსრულებლები სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი “ტელეგრამში” წერს.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.