“უკრაინის წინააღმდეგობამ მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები”- დავით ზარდიაშვილი

478
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რასაკვირველია, “გლობალური ომის პარტია” არ ელოდა უკრაინის ამგვარ უდიდეს, მართლაც გასაოცარ წინააღმდეგობას და როგორც ეს აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მილიმ ამერიკელ კონგრესმენებს ამ ომის დაწყებისას განუცხადა: “სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა 72 საათში დაეცესო” – სწორედ ამას ვარაუდობდნენ. ცხადია, მაშინ მათ არ მოუწევდათ არანაირი ხარჯის გაწევა და ერთადერთი სახარჯო რესურსი, რაც მათ სტრატეგიას ბოლომდე შეეწირებოდა, ეს სახარჯო ქვეყანა – უკრაინა იქნებოდა. უკრაინა დაკარგავდა სუვერენიტეტს და რაც უფრო მძაფრი, ამაზრზენი და აუტანელი იქნებოდა მსოფლიოსათვის ამ რუსული ბარბაროსობის ყველა საინფორმაციო არხით “ნონ სტოპ” რეჟიმში დემონსტრირება, მით უფრო მასშტაბური და “აბსოლუტური” იქნებოდა ამ ომის მთავარი სტრატეგიული შედეგის მიღწევა: რუსეთის მოქცევა სრულ საერთაშორისო ბლოკადაში, მისი, როგორც მთავარი სანედლეულო ბაზის “ლოკდაუნი”, მისგან ისევე იზოლირება, როგორც ეს კოვიდის ვირუსისგან “იზოლირების” საბაბის გამოყენებით გლობალური ურთიერთიზოლაციის მიღწევით მოხდა. რუსეთი უწმინდურებაა – ამიტომ, მისი არაფერი მოიხმაროთ, თორემ თქვენც გადაგედებათ ეს უწმინდურება – “პუტინიზმი” და მორჩა!

რატომ და რისთვის კეთდებოდა ეს? სრულიად ცხადია, რომ მინსკის პროცესის განახლებით, რაც მიზანმიმართულად იქნა ტორპედირებული “გლობალური ომის პარტიისა” და მისი ნების მორჩილი ზელენსკის მთავრობის მიერ, არც თუ დიდი ძალისხმევით, იოლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ომის თავიდან აცილება (ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, ასევე შეიძლებოდა კოვიდ პანდემიის თავიდან აცილებაც) . მაგრამ მაშინ ეს მიზანი – რუსეთის და მისი ბუნებრივი რესურსების “ლოკდაუნი” ვერ მიიღწეოდა.

რას ნიშნავს რუსეთის ბლოკირება, მათ შორის გლობალური ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ძალიან მარტივი დასანახია. თუმცა, ამას, ცხადია, ყველანაირად ჩქმალავენ, რადგან რუსულ ბარბაროსობაზე სანქცირების დაწესების სამართლიანობით ბოლომდე შეფუთეს ის, რისი მიღწევაცა სურთ: “ინკლუზიური” მოხმარების უკიდურესად შეზღუდვა და გლობალური ეკონომიკის გადაწყობა ექსკლუზიურ მოხმარებაზე, რომელსაც განაგებენ არა ცივილიზებული წესები და სახელმწიფოები, არამედ “რაღაც სხვა”. აბა, შეხედეთ:

რუსეთი ფლობს მსოფლიო ბუნებრივი რესურსების არანაკლებ 20%-ს. დღევანდელი მდგომარეობით ის აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ხორბლის ასევე 20%-ს, ბუნებრივი აირის – 30%-ს, ნავთობის 10%-ს, მინერალური სასუქების 25%-ს, ასევე წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე, როგორც პრაქტიკულად ყველა ნედლეულის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებელს. ეს არ არის არც ჩრდილოეთ კორეა და არც თუნდაც გაზითა და ნავთობით მდიდარი ირანი, რომლის ეკონომიკური იზოლაცია გლობალურ შედეგებს ვერ განაპირობებს. ჩანაფიქრიც ეს იყო: უკრაინის მხეცურად, ელვისებური ოკუპაცია გახდებოდა ტრიგერი, რათა დარღვეულიყო და მოშლილიყო “მიწოდების ჯაჭვი”, რაც უწინარეს ყოვლისა, მძლავრად დაარტყამდა ნედლეულის ინკლუზიურ მოხმარებას. და ეს გახლავთ მეორე დიდი ნაბიჯი კოვიდ პანდემიის შემდეგ, რაც “ინკლუზიური კაპიტალიზმისკენ” იქნებოდა გადადგმული.

ცინიზმია, მწარე დაცინვაა თავად ეს სახელიც: “ინკლუზიური კაპიტალიზმი”. რადგან იგი ჯერ არნახულ ექსკლუზიურობას გულისხმობს. ამის დანახვა კოვიდ-პანდემიის და ახლა უკვე “რუსული ვირუსის” ამ “ახალი პანდემიის” წინააღმდეგ ლოკდაუნებითაც იოლად შეიძლება. რა ხდება სინამდვილეში?

უკრაინის წინააღმდეგობამ და შესაძლოა, ეს – ანუ ომის გაჭიანურება პუტინის გეგმაც ყოფილიყო, მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები. მათ უწევთ ხარჯის გაღება და სახელმწიფოების მობილიზება, რათა რუსეთს გაეჯიბრონ – ვინ უფრო მეტ ხანს გაძლებს. რაც მთავარია, არ იციან რა ქნან – როგორ გააგრძელონ დიდი პარტია, თუკი უკრაინა ბოლომდე გაიხარჯება. მაგრამ: “მიწოდების ჯაჭვი” მაინც იშლება. რუსეთის ნედლეულით მსოფლიო ვაჭრობა ინაცვლებს ლეგალურიდან არალეგალურ, ჩრდილოვან ბიზნესში. აქ კი, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს სამთავიანი გველეშაპები: ერთი თავია სპეცსამსახურები, მეორე – კრიმინალი და მესამე, “ექსკლუზიური” კორპორაციები, რომლებიც ყველაფერ ამას თავიან მოგებად – “ფული-ძალაუფლება” კორპოროკრატიულ კაპიტალად, რაც საბოლოოდ ყველას და ყველაფერს, მათ შორის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, გააკოტრებს, აქცევენ.
არავინ და არასდროს არსად არ აქვეყნებს ამ მოგებას. ხოლო უკრაინა – სახარჯო ქვეყანაა. ის თავს წირავს ამ მოგების გაზრდას და იმას, რომ მოხმარება ექსკლუზიური გახდეს. ეს ხდება და თვალების ოდნავ გახელაა საჭირო, რომ დაინახოთ, ვინც ამას მაინც ვერ ხედავთ.