Home Blog Page 1792

“სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის. ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ წამოწყებული საქმე “თავდაყირა დაყენებული მსოფლიოს” ნიშანია.

“ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულ სჩადის და ახლა ვიღაცა გამოდის ჰოლოკოსტის სახელით მათ დასაცავად. რა თავხედობაა.

სამხრეთ აფრიკის თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს. სად იყავი შენ, სამხრეთ აფრიკავ, როდესაც სირიასა და იემენში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული ან თავისი სახლებიდან გაყრილი, და ვის მიერ? „ჰამასის“ პარტნიორების მიერ…

ტყუილების უარყოფას გავაგრძელებთ, საკუთარი თავის დაცვისა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფის, ჩვენი სამართლიანი უფლების დაცვას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი “სრულ გამარჯვებამდე” გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაცია არ ხდება, მაგრამ უამრავი სახიფათო წერტილი არსებობს -ენტონი ბლინკენი

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი არ გადადის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს სახიფათო წერტილები.

“არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ხდება. [თუმცა] ბევრი სახიფათო წერტილია. ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ თითოეულ მათგანს”, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.

როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან “11 წელი ბევრია” და “განახლების დროა”

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – წერს კეკელიძე “ფეისბუქზე”.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდის აღმოსავლეთით – 24კმ-ში, სოფელ სამებაში იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

“დანიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი სტატია გამიზნული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ დანიის ელჩის პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, ხოლო დანიურმა მხარემ აღნიშნულის გამო წუხილი გამოთქვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანნე ტოფტ სორენსენთან. ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში Jyllandsposten გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იმყოფებოდა. ენ ტოფტ სორენსენმა უწყება უკომენტაროდ დატოვა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომ, რომელშიც ნათქვამია: „ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“.

“მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად” – ლევან ხაბეიშვილი

ცოტა აკლიათ ამათ, მართლა გეუბნებით, მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო საქართველოში დანიის ელჩის უწყებაში დაბარების ფაქტს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების „ისტერიკა და გამოხტომები“ მათ სახეს კარგად აჩვენებს.

„გვახსოვს, პრეზიდენტ სააკაშვილს რომ ჯილდო გადასცეს, მაშინაც დაიბარეს კონკრეტული ელჩი. ოლიგარქია ივანიშვილი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გადახედეთ მთავრობას: მისი პირადი თანაშემწე – პრემიერ-მინისტრია; თავდაცვის მინისტრი – „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი; შსს მინისტრი – მისი პირადი დაცვის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი – „ქართუ“-ს თანამშრომელი. ფულის საშოვნელ დაზგად აქცია სამთავრობო მაგიდა. იქ რომ სხედან, ეს ადამიანები, მთავრობას კი არ წარმოადგენენ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენენ. ამ ფონზე კალაძის ისტერიკა და კონკრეტული ადამიანების გამოხტომები და თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე, კარგად აჩენს მათ სახეს. ამ ხალხს მიმართულებები აქვთ არეული და შეცვლილი, ქართველი ხალხი აუცილებლად გაუსწორებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ვერ ასცდება.

„ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა ხალხმა პირველად, როცა 7-8 მარტს, რუსული კანონი „დააღეჭინა“. პირდაპირი მნიშვნელობით აიღო ბიძინა ივანიშვილმა მისი კანონი, დაღეჭა და გადაყლაპა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიიღო საქართველომ და ეს იყო კიდევ ერთი სანქცია ბიძინა ივანიშვილისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს უყურებენ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება. დღეს იქება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს 11 თებერვლამდე აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი ავრცელებს.

„ფინეთისთვის ეროვნული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება“, – განაცხადა მარი რანტანენმა.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ფინეთში მცხოვრებ რუსებსა და ორი ქვეყნის პასპორტის მფლობელებზე უარყოფითად მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 ნოემბერს, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად დაკეტა.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საკვანძოა, რომ შევბოჭოთ “ქართული ოცნების” თავგასულობა არჩევნებზე”

რაკი საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას, ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით – საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო, რომ შევბოჭოთ “ქართული ოცნების” თავგასულობა არჩევნებზე , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციამ პოზიციასთან შეხვედრა გამართა.

“წლის განმავლობაში რეგულარულად იქნება დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები, იმიტომ, რომ რაკი ქვეყანა და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას, ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო, რომ შევბოჭოთ ქვეყნის შიგნიდანაც და ქვეყნის გარედანაც “ქართული ოცნების” თავგასულობა არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყოს.

“ჩვენ გვინდა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რაც შეიძლება ადრე ჩამოვიდნენ. უკვე გაზაფხულის დასაწყისიდანვე, რათა ყველა პრობლემას აღირიცხონ. ის თუ რა ხდება იანვარში, თებერვალში და მარტში, ასევე, ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს ოქტომბერში,” – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

“უნდა ესმოდეს “რუსულ პარტიას”, რომ ვერანაირი ხელოვნური ჩარევა და გაყალბება ამ არჩევნებზე ვერ უშველის”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას ეხება.

მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობასაც.

“მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, ყველას აბსოლუტურად, მივწერეთ კონკრეტული წერილები იმის შესახებ, რომ გვჭირდება დახმარება არჩევნების დაკვირვების მიმართულებით, მათ შორის, გრძელვადიანი. ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი, იმიტომ რომ არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალბდება. “რუსულ პარტიას” უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების მიმართულებით მუშაობა, ამიტომ ცხადია, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია. უნდა ესმოდეს საქართველოს მოსახლეობას, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, “გამარჯვების კოალიცია” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა იყოს დაცული. უნდა ესმოდეს “რუსულ პარტიას”, რომ ვერანაირი ხელოვნური ჩარევა, გაყალბება ამ არჩევნებზე ვერ უშველის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.a

“რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში შექმნეს კიდევაც – მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული. ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელებისა და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის და ეს არაა პირველი მცდელობა, გადაფარონ დღესასწაული. რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე. სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული – ეს ხალხი ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი სათანადოდ იქნება მხილებული“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქომ მიმართა წმინდა სამების ტაძრისთვის წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0012 ლარი შეადგინა.