Home Blog Page 1790

“მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის”- ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განაცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

როგორც ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს.

ამასთან, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარდაჭერისთვის საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს. შვიდი წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, მხარი დამიჭირეს თუ თავი შეიკავეს, ჩვენ, ყველას, ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება გვაერთიანებს, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავინდებურად ერთობლივად გააგრძელებს. დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა და, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, მე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ ტრადიციული და მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს.

ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს, რადგან, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სექტორი, იყო ეს პანდემია, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ისნის რაიონის გამგეობა ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ვაზისუბანში აგრძელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს.

ამჯერად, ვაზისუბანში, III მ/რ, II კვარტ, კორპ №10, IV მ/რ, II კვარტ, კორპ №11, ვაზისუბნის დასახლება, კორპ №20ა, ვაზისუბნის დასახლება, კორპ №21ა და მუჯირიშვილის №10-ის მიმდებარედ, ორ სადარბაზოში დასრულდ, ოთხში კი ექვსი ძველი ლიფტის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 454 960 ლარით დაფინანსდა.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

“საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული” – ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს – მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდი წევრი ჰყავს, საბჭოს წევრობისთვის კიდევ ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, თუმცა დიდი ალბათობით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ისინი მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს შვიდ წევრსაც შეუძლია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2022 წლის ივნისში შევიდა ეროვნული საბჭოში, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

“სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს” – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, – ასე ეხმაურება „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მაღაროელების შიმშილობას.

მათი ცნობით, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

„მე-15 დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ჭიათურის მაღაროელთა პროტესტი საბაზისო შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნით. მეოთხე დღეა, პროტესტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებას, ჰიგიენისა და კვების საკითხების მოგვარებას ეხება, რაც პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემოს ელემენტარული პირობები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მშრომელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ. როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს; ზოგიერთი, ჯანმრთელობის ქრონიკული დაზიანების საფრთხის წინაშეა; ერთ-ერთმა მოშიმშილემ გონებაც დაკარგა.

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, რის გამოც, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა და საკითხის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებები, ამ ადამიანების, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და მაღაროელთა შრომაზე ეკონომიკურად დამოკიდებული მთელი ქალაქის გაწირვის ფორმას იღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს; იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები.

მოვწოდებთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი; პროტესტის მიმდინარეობისას, უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით”, – ნათქვამია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ღია საზოგადოების ფონდი“, „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოლიდარობის ქსელი“, „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“, „გილდია“.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ეწოდება, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს

ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს. კომპანია Space X-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა დაწერა, რომ ცუკერბერგთან ე.წ. გალიაში ჩხუბს ისურვებდა.

Facebook-ის შემქმნელმა პასუხად, ორთაბრძოლის ადგილმდებარეობა მოითხოვა. ილონ მასკმა ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.

მილიარდერების ეს განცხადებები სოციალურ ქსელში უკვე ვირუსულად გავრცელდა, Twitter-ის მომხმარებლები ფსონებს ჩამოდიან, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში, 52 წლის ილონ მასკი თუ 39 წლის მარკ ცუკერბერგი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ღირდა, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3287 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივნისს ამოქმედდება.

“მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს კადრების დევნა”

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სფეროში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანმა 2021-2022 წლებში რეპრესიული საკადრო პოლიტიკა გაატარა.

მათივე ცნობით, მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.

„თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა. მას შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. მხოლოდ 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათმა ნაწილმა სასამართლო დავის ფარგლებში გათავისუფლების უკანონობა უკვე დაამტკიცა. დანიშვნის დღეს მიცემული ინტერვიუს შინაარსიდან ნათელი იყო, რომ მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას გეგმავდა. მინისტრის განცხადებით, ის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა განსხვავებული აზრის წარმომავლობით დაინტერესდებოდა.

თეა წულუკიანი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2020 წლამდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი საქმიანობა, მათ შორის ცნობილი იყო რეპრესიული საკადრო პოლიტიკით. მხოლოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს გათავისუფლებულ 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, რის შედეგადაც, უკანონო გათავისუფლებულების სასარგებლოდ სახელმწიფოს 332 172 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

რეპრესიები თეატრებში – მინისტრმა წულუკიანმა რეპრესიები თეატრებიდან დაიწყო. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 29 თეატრიდან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2021 წლის დეკემბერში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადა გაუვიდა. წულუკიანის გადაწყვეტილებით თეატრის ხელმძღვანელთა ნაწილი უკონკურსოდ დაინიშნა, მათ შორის, რობერტ სტურუა, რომელიც ხშირად ხელისუფლების მხარდამჭერ და პრორუსულ პოზიციებს აფიქსირებს, ნაწილი კი კონკურსის გზით დაინიშნა.

ლაშა ჩხვიმიანი 2017 წლიდან ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრს ხელმძღვანელობდა და 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოცხადებულ კონკურსში ერთადერთი მონაწილე იყო, თუმცა კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ხოლო თეატრის ხელმძღვანელად უკონკურსოდ გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. ჩხვიმიანი მისი არ დანიშვნის ერთ-ერთ მიზეზად დმანისის თეატრში დადგმულ სპექტაკლს – იბსენის “ხალხის მტერს” ასახლებდა, რომელიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ კრიტიკული იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, ასევე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დათო ჩხარტიშვილსაც.

მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.

რეპრესიები მუზეუმებში – მუზეუმებში რეპრესიები ხელმძღვანელი პირის ცვლილებითა და რეორგანიზაციით დაიწყო, რასაც საფუძვლად შიდა აუდიტის დასკვნა და მასალების საგამოძიებო უწყებაში გაგზავნა დაედო. ცვლილებების მიხედვით, თითქოსდა მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის მოტივით, 5 მუზეუმი და 1 გალერეა გაერთიანდა. მათ სამართავად თეა წულუკიანმა დირექტორატის ახალი სისტემა შექმნა, სადაც უმრავლესობა მის მიერ დანიშნულ დირექტორებს ჰქონდათ. შესაბამისად, სამუზეუმო სისტემა მთლიანად მინისტრის გავლენებს დაექვემდებარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერის იულონ გაგოშიძის ინტერესებს იცავს სასამართლოში. უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებამდე წულუკიანი იულონ გაგოშიძეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, მათ შორის უწოდებდა, „საბჭოთა მეცნიერს“ და „ბომბონერს“.

რეპრესიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში – 2022 წლის მანძილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სულ მცირე 20 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის, რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა სპეციალისტები. ამ შემთხვევაშიც სამინისტრომ საფუძვლად რეორგანიზაცია გამოიყენა.

რეპრესიები საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში – 2022 წლის 14 მარტს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც კინოცენტრის დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა. გათავისუფლება დროში დაემთხვა გაგა ჩხეიძის მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებას კინოცენტრის გვერდზე და ასევე მოწოდებას, რომ სახელმწიფოს შეეჩერებინა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლითაც ხდება ფილმების შესყიდვა და შემდეგ რესტავრაცია-აღდგენა.

თეა წულუკიანის რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად, გაგა ჩხეიძის ნაცვლად ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და ფინანსურ მენეჯერად კობა ხუბუნაია დაინიშნა. იგი იუსტიციის სამინისტროში, წულუკიანის მინისტრობის დროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ხუბუნაიამ ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ „პოს ტვ”-ის ტელეწამყვანი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.

ზემოაღნიშნული მოვლენები თეა წულუკიანის რეპრესიულ საკადრო პოლიტიკაზე მიანიშნებს. მოვუწოდებთ მინისტრს შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რუსეთი საქართველოს განიხილავს როგორც უკანა ეზოს, ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ” – ვასო ურუშაძე

რუსეთის ფედერაცია საქართველოს განიხილავს როგორც რუსეთის უკანა ეზოს, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით, რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებს, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს.

„მას შემდეგ, რაც ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელმა პუტინმა ე.წ პარალელური იმპორტი დაუშვა, ამ საფრთხეზე ვსაუბრობთ, რომ რუსეთი საქართველოს დახმარებით, თავის ტერიტორიაზე სანქცირებული პროდუქციის შეტანას ახერხებს და ეს უკვე დადასტურდა საერთაშორისო კვლევებით, დასტურდება რუსი პროპაგანდისტი სპიკერების განცხადებებითაც. ისინი განგვიხილავენ როგორც რუსეთის უკანა ეზოს, როგორც რუსეთის გუბერნიას, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი ახერხებს სანქციებისთვის გვერდის ავლას. მონაწილეობს სომხეთი ყაზახეთი ბელორუსი და ყირგიზეთი, მაგრამ მთავარი არის საქართველო. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, ვერ მოხდებოდა ეს. მათ აქვთ გარანტიები ივანიშვილისგან, რომ არ შეეშლებათ ხელი ამ სქემაში. სქემა კი შემდეგია – რომ შემოდის პროდუქტები საქართველოში, საქართველოდან კი გადის ევრაზიული კავშირის ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის პარტნიორი იყოს და არ მისცეს რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“ლიბერალური ფაშიზმი” სამთავიანი ურჩხული- ბიო-ეკო-ტექნო “მესიანიზმია” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“ლიბერალური ფაშიზმი” სამთავიანი ურჩხული- ბიო-ეკო-ტექნო “მესიანიზმია” და არა “რასობრივი მესიანიზმი” – ნაციზმი, ანდა კლასობრივი, როგორც ეს მარქსისზ-ლენინიზმ-ტროცკიზმ-მაოიზმშია;

ლიბერალიზმი, კომუნიზმი და ფაშიზმი, როგორც თავის დროზე მსოფლიო რელიგიები იყო, წარმოადგენენ განმანათლებლობიდან ამოზრდილ მსოფლიო “მესიანისტურ იდეოლოგიებს”. მათი ცრუ-მესიანიზმი – კაცობრიობის გამოხსნაა, რამაც ისტორია უნდა დაასრულოს; ახლა, ამ სამი იდეოლოგიის პოსტ-მოდერნული სინთეზი მოხდა, რამაც დაბადა ბიო-ეკო-ტექნო, ანუ ბეტ- ფაშიზმი; რაც კლასიკური ლიბერალიზმის, ტროცკიზმ-მაოიზმის (ოღონდ კლასების “მესიანიზმის” გარეშე) და კლასიკური ნაციზმის (ოღონდ ნაციებისა და რასების “მესიანიზმის” გარეშე) ფანტასტიკურ ნაზავს წარმოადგენს.

ნამდვილი მიზანი არის იგივე: ზე-პრივილეგირებული ელიტის მსოფლიო ბატონობა: კომუნიზმისას – ეს ელიტა პროლეტარიატის ავანგარდი გახლდათ, მათი კომპარტიისა და ბელადების სახით, ნაციზმისას – “ფიურერი” და მის გარშემო დარაზმული რჩეული ერის, “სუფთა რასის” ელიტა; ბეტ-ფაშიზმისას – ეს უკვე ის სუპერ-ელიტაა, რომელიც ტექნოლოგიურად, ბიოლოგიურად და ეკოლოგიურადაც, უკვე ახალი სახეობაა – არა ადამიანია, არა ჰომო საპიენსია, არამედ ტრანს-ადამიანი, რასაც მაგ. ჰარარი “ჰომო დეუსს” ანუ ადამიან-ღმერთს უწოდებს.

ძალიან საინტერესოა, რომ დავოსის ბოლო ფორუმის დროს გაიხსნა ახალი პანელი, სადაც წარიმართა დისკუსია ადამიანის რაობისა და მისი ახალი დეფინიციის შესახებ. განისჯებოდა ეს საკითხი: რომელია ადამიანი – ჰომო საპიენსი, რაც აქამდე ვიცოდით, თუ ეს, რასაც “ჰომო დეუსს” უწოდებენ და რაც უკვე ანთროპოლოგიურად განხეთქილებაშია “გონიერ ადამიანთან”.

აი, სწორედ ეს არის წმინდა ფაშიზმი თავისი იდეალური ფორმით: ანთროპოლოგიური და არა უკვე მხოლოდ კლასობრივი ანდა რასობრივი განხეთქილება.

ბეტ-ფაშიზმის დროს უნდა იბატონოს ახალმა ბიოლოგიურმა სახეობამ – ტრანს-ადამიანმა, რომელსაც ექნება “ღმერთის” ტიტული და ყოვლისშემძლეობის სტატუსი: მას ექნება შეუზღუდავი და სრული თავისუფლება, ანუ – აბსოლუტური ძალაუფლება; ხოლო ჩვენ, “ჰომო საპიენსებს” სასტიკი ხვედრი მოგვისაჯეს: საკონცენტრაციო ბანაკი და ამჯერად არა გაზის კამერები, არამედ სოციალური ქსელები, სადაც ბიო-მასას არა ფიზიკურად, არამედ უკვე მენტალურად გადაამუშავებენ.

აი, ამ იდეების გავრცელებას უწყობს ხელს ფრანკლინის კლუბი. ის ზრდის ისეთივე ახალგაზრდა კაპოებს, უფრო სწორედ – ნიუ-დოქსოპულოებს, როგორიც სჭირდებოდა გესტაპოს შეფსა ანდა ენკავედეს ნაჩალნიკს. მათ დედა არ უნდა ჰყავდეთ, რადგან ადამიანები ადამიანობისგან უნდა გაათავისუფლონ. არც სააკაშვილს არ ჰყავს დედა.

“ავიაკომპანია Red Wings-ის რეისები საქართველოსკენ „გაიჭედა“ – რას წერს „იზვესტია“

რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეორე ვერ გაეშვა: ავიაკომპანია — Red Wings-ის რეისები საქართველოსკენ „გაიჭედა“ (ავტორი – ანასტასია ლვოვა), რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რატომ ვერ დაიწყო საქართველოში ფრენები რუსეთის მეორე ავიაკომპანიამ Red Wing-მა („აზიმუტის“ შემდეგ), რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს ამ საკითხში.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, Red Wing-მა საქართველოში ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, მაგრამ პრაქტიკულად ავიამიმოსვლა ჯერაც განუხორციელებელი რჩება. ფრენების დაწყება გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს ნებართვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსაგან. Red Wing-ის გეგმებში შედიოდა ფრენები როგორც მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ქუთაისში, ასევე ჟუკოვს-თბილისის და სოჭი-თბილისის ავიარეისების გაშვებაც.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა უკავშირდება რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის პარიტეტის დაცვის აუცილებლობას.

როგორ განისაზღვრება პარიტეტი ფრენებში?

დღეს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისში ყოველდღიურად დაფრინავენ ორი ავიაკომპანიის – რუსული „აზიმუტისა“ და ქართული Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავები. როგორც რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინი ამბობს, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ არ არსებობს სამთავრობოთაშორისო შეთანხმება ფრენების პარიტეტული რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, ფრენების გაზრდის ერთადერთი ვარიანტია ცალკეული ნებართვების გაცემა ცალკეული ჩარტერული ავიარეისების განხორციელებისათვის.

თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში Red Wing-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, პარიტეტი უნდა განისაზღვროს არა რეისების რაოდენობით, არამედ გადაყვანილი მგზავრების რიცხვით. ქართული მხარისაგან რუსეთში თითქმის 200-ადგილიანი „ბოინგები“ დაფრინავენ, რუსეთიდან საქართველოში კი – 100-ადგილიანი „სუხოი-სუპერჯეტები“. გარდა ამისა, საქართველომ მთლიანად შეათანხმა რუსულ მხარესთან სასურველი ჩარტერული რეისების რაოდენობა.

მაგრამ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი ხაზს უსვამს, რომ პარიტეტი უფრო მეტად განისაზღვრება ნებადართული ავიარეისების შესრულებით ყოველი მხარის მიერ. ეს იმიტომ ხდება, რომ ავიაკომპანიებს პერსპექტივაში შესაძლებლობა ჰქონდეთ საჰაერო ხომალდის ტიპი (ტევადობის მხრივ) საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალონ.

რუსული საავიაციო სააგენტოს „ავიაპორტის“ აღმასრულებელი დირექტორის ოლეგ პანტელეევის თქმით, პარიტეტი შეიძლება განისაზღვროს სავარძლების რაოდენობით, დანიშნულების პუნქტებით და ერთი მიმართულებით ავიარეისების სიხშირის მიხედვით.

რუსეთის ტურსააგენტოების ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის ალექსან მკრტიჩიანის აზრით, ზაფხულში საქართველოში, რუსი ტურისტების გარდა, უამრავი სხვა უცხოელი ჩადის და აქედან გამომდინარე, რუსი ტურისტებისათვის უკეთესი იქნება მოგზაურობა სექტემბერ-ოქტომბერში. სწორედ ეს პერიოდი იქნება ყველაზე ოპტიმალური Red Wing-ის ავიარეისების გაშვებისათვის. რაც შეეხება ავიაფრენების პარიტეტს, ალექსან მკრტიჩიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართულებით პარიტეტზე ლაპარაკი უაზრობა იქნებოდა: რუსეთში სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავების ავიაპარკი, საქართველოსთან შედარებით, 80-ჯერ დიდია, ხოლო მგზავრებშიც ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ. ამიტომ პარიტეტი ასეთი კრიტერიუმებით არანაირად არ იქნება დაცული.

ავიაბილეთების ფასი

ამჟამად რუსული „აზიმუტის“ ბილეთების ფასები თბილისის რეისებზე ივნისის ბოლომდე, ტარიფის მიხედვით, 30-დან 80 ათას რუბლამდე მერყეობს (მხოლოდ ერთი მიმართულებით), თუ დღეს ივლისისთვის შეიძენთ, 38-42 ათასი, აგვისტოსათვის კი მხოლოდ 30-34 ათას რუბლს გადაიხდით.
ქართული „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ფასები: ივნისში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი), ივლისში – 419-536 დოლარი (35-45 ათასი რუბლი), აგვისტოში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი).

როგორც არტურ მურადიანი ამბობს, საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასები შედარებით ძვირი იმიტომაა, რომ არსებობს რეისების მწვავე დეფიციტი. ფასები არ დაიკლებს Red Wings-ის რეისების სავარაუდო გაშვების შემდეგაც, რადგან კვირაში დაახლოებით 100 რეისამდე მაინც უნდა სრულდებოდეს.
თავის მხრივ, ალექსან მკრტიჩიანი თვლის, რომ ავიბილეთების ფასი შეიძლება შემცირდეს, თუ კვირაში რეისების რაოდენობა 50-ს მაინც მიაღწევს. ამჟამად მხოლოდ 14 რეისი სრულდება.
„რასაკვირველია, შეთავაზების ზრდა გარდაუვლად იწვევს ფასების დაკლებას“, – ამბობს ოლეგ პანტელეევი, მაგრამ ქუთაისს (თუ იქ ფრენები დაიწყება) სულ სხვა დანიშნულება ექნება, ვიდრე თბილისს. არ არის გამორიცხული, რომ მგზავრთა რაოდენობა ქუთაისი მიმართულებით რეისებზე უფრო მეტი იყოს – იმიტომ, რომ უნგრული საბიუჯეტო ავიაკომპანია „ვიზ ეარ“-ის (Wizz Air) თვითმფრინავები ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავენ. ასე რომ, ქუთაისს, სატრანზიტო ჰაბის თვალსაზრისით, შეუძლია სტამბოლსაც და დუბაისაც კი კონკურენცია გაუწიოს: რუსებისათვის უფრო იოლი და მომგებიანია ახლო მანძილზე ქუთაისში ფრენა, ვიდრე სტამბოლში, ხოლო საბიუჯეტო Wizz Air-ით მგზავრობა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე Turkish Airlines-ის თვითმფრინავებით.

წყარო