Home Blog Page 1787

“იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!” -ხაინდრავა თამარ ჩერგოლეიშვილზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება.

„მე ფასეულობების ომში ვარ. ამ ომში ვუპირისპირდები: სიბნელეს, ბოროტებას, ჩამორჩენილობას, თვალთმაქცობას, ცილისწამებას, ძალადობას, გაუნათლებლობას. ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება!

იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

თიბისისთან პარტნიორობით ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ვეტერინალური კლინიკა გაიხსნა

გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ ბათუმში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვეტერინალური კლინიკა „ჩემი მეგობარი“ გახსნეს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევენ ოთხფეხა მეგობრებს. ბიზნესი 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, სპონტანურად, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ახლა უკვე „ჩემი მეგობარი“ ბათუმში 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. კლინიკის თანადამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ჩვენი დაინტერესება ვეტერინარიით ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. ვმუშაობდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, მე გახლდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თემო დირექტორი. ერთხელ, უცხოეთიდან დაბრუნებულებს თანამშრომლებმა საჩუქრად ორი ლაბრადორის ლეკვი დაგვახვედრეს. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ორივესთვის, გაჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომელთა შესაბამისი მომსახურება ჩვენს ქალაქში არ იყო.

გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ხალისით მოემსახურებიან შინაურ ცხოველებს და მათ პატრონებს. ვფიქრობდით ცხოველების სასტუმროზეც, თუმცა საბოლოოდ ვეტერინარული კლინიკის გაკეთება გადაწყდა.  არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ სფეროში, მე განათლებით რეჟისორი ვარ, ჩემი მეგობარი კი ფინანსისტია. თუმცა ამას არ დავუბრკოლებივართ, ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში.

მინიმალური საწყისი კაპიტალით და ერთი პატარა კაბინეტით დავიწყეთ, სადაც ხარისხიან მომსახურებას ვუწევდით მომხმარებლებს. წელს კი თიბისის მხარდაჭერით, გავხსენით კლინიკა და სამი მაღაზია, სადაც შეიძლება შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, წამლები თუ სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძელით ისეთი სამედიცინო ტექნიკის შემოტანა, როგორიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა ხელმისაწვდომი, რენტგენის აპარატით დაწყებული დამთავრებული ექოსკოპიის, ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით.

ასე იქცა ეს პატარა ვეტერინალური მომსახურების კაბინეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრად, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. პირადად მე შევიცვალე პროფესია და შევისწავლე ანესთეზიოლოგია და დღეს უკვე ანესთეზიოლოგად ვმუშაობ.  გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერინარი და ქირურგი ირაკლი თეჯოიანი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, საქართველოში პირველად, დავნერგოთ კატარაქტის ოპერაცია.

ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველებისადმი, შეფარებული გვყავს რამდენიმე მათგანი და კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს უსასყიდლოდ ვუტარებთ.

მთელ სულს და გულს ვდებთ ამ საქმეში და სამომავლოდ გვინდა ისეთი სერვისები შემოვიტანოთ საქართველოში, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ვეტერინარიაში.“

 

R

“მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების ფაქტები”-ხატია დეკანოიძე

ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ აქვე სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე, ამაზე საჯარო გზავნილიც იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ვიზიტი, ის გზავნილები, რომლებიც იყო საჯარო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა იყო სერიოზული გზავნილები. ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში. ამაზე იყო ძირითადად აგებული ვიზიტის გზავნილის არქიტექტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, წამოჭრას ყველანაირი საკითხი, რომელიც არსებობს და შეიძლება იყოს საჭირბოროტო.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ისევე, როგორც, მაგალითად, ელჩ ო’ბრაიენისთვის, რომელიც საქართველოს ასახელებდა პრობლემური ქვეყნების გვერდით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები არ დადასტურდა. ამას ნამდვილად ღიად და გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ კვლავ უნდა გადაიდგას წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი არიან ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

“მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს” – ალუდა ღუდუშაური

მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს – ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მშვილდაძე „ქვეყნის ღირსებას ლანძღავს უშვერი სიტყვებით“, ამიტომ რისკები უნდა გაზომოს.

„რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

“2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა”

საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს პარლამენტის საქმიანობის განმავლობაში გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.

რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;

„გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო;

გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა.

რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი;

პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა;

მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა)“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ანგარიშში.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება;

მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

„მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა;

საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები;

ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;

ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება“,- ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა; გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს; ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის; ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს ეწვია. ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ბერგმანმა, სტუმრებს, ჰოსპიტლის შენობა დაათვალიერებინა, ისაუბრა სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებზე; განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანებისთვის იმ გამოწვევების დაძლევას, რომელთაც მათ წინაშე პოსტ-ომის სინდრომი აყენებს და ამ გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებზე, საზოგადოების მხრიდან გაწეული თანადგომის მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიელ სამხედრო ექიმებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

“საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა” – საქსტატი

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.

„გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;

სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;

ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 2022 წელს 18, 2021 წელს კი – 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).

საფრანგეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს 150 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 17 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით პროტესტი მეორე დღეა, გრძელდება.

ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც 150 ადამიანი დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დამწვარი ავტომობილები და დარბეული მაღაზიები.

პარიზში მომიტინგეები პოლიციის შენობებს პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილშიც.

„მოზარდი მოკლეს. ეს აუხსნელი და მიუტევებელია“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომხდარ შემთხვევას.

17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

“ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა”

ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საზღვარგარეთის სასამართლოებში Credit Suisse-ს ფინანსური დავები მოუგო, რაც მის ქონებაზე აისახა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული მსგავსი დეზინფორმაცია იმ კომიკური ტყუილების მსგავსია, რაც წლების მანძილზე ივანიშვილის ოჯახის მისამართით ვრცელდება.

„ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა.

საზღვარგარეთის სასამართლოებში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მოუგო მრავალმილიონიანი დავები, იბრუნებს მის პირად დანაზოგებს.

„ტვ პირველის” ამგვარი მავნებლური დეზინფორმაცია იმ ტრაგიკომიკური ტყუილების სერიიდანაა, რაც მათ ივანიშვილების ოჯახს აკადრეს – “აბასთუმანში ცა გადაკეტა”, “ქვემო ქართლის სათბურებიდან რუსეთს ბოსტნეულით ამარაგებს”, “შეკვეთილში ზღვა მიიტაცა” და ა.შ.

იმდენად შეელახათ „ფეიკ ნიუსერებს“ რეპუტაცია, რომ მათგან ამინდის პროგნოზის გაგებაც არადამაჯერებელია. სამარცხვინოა ამგვარ პროპაგანდისტებს ჟურნალისტები ერქვათ.“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

“ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული”

ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი – მოვუწოდებ ამ ადამიანებს [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს], რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ყოველთვის არ გაუმართლებთ და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში გადაიზარდა, რასაც გარკვეულწილად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ახალისებს.

„ძალიან სამწუხარო ტენდენციას ვხედავთ ჩვენ. საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტობრივად, ყოველ დღე, განურჩევლად სქესისას, ჩვენ გვესმის მოწოდებები ძალადობისაკენ და ეს ადამიანები განსაკუთრებით შეუწყნარებლები არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე გადაიზარდა ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში და ეს განცხადებები ცხადია, რომ არის წამახალისებელი. არათუ წამახალისებელი, რიგ შემთხვევებში ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით და დასაბუთებულია ეს ეჭვები, რომ ძალადობა არის, მათ შორის, არა თავისით ორგანიზებული, არამედ ხელისუფლების და სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი და ა.შ. ეს არის ძალიან საშიში. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და ყოველთვის არ გაუმართლებთ, რომ არ დასრულდეს ეს მძიმე შედეგით,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

“რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს” – ზახაროვა

რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან  სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის აღსადგენად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, აღნიშნული თემა ე.წ. რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის სამი ფაქტი გამოვლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით.

ჯამში ამოღებულია 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 52 968 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.