Home Blog Page 1786

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 აგვისტომდე

სინოპტიკოსების ცნობით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში”, 2008 წელსაც მათი დავალებით მოქმედებდა და ახლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასშტაბური კოორდინაცია მიმდინარეობს.

“საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.

საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ.

თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა.

მართალია, სააკაშვილმა ეს ამერიკელების დავალება უნიჭოდ და სერიოზული ხარვეზებით შეასრულა, მაგრამ ამერიკელებმა პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ, ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“ დანაშაული. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, სააკაშვილი მაშინ ზუსტად ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად, როგორც ზელენსკი ჰყავთ დღეს გამოცხადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ არაჟნების სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ.

ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. როდემდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია”, – განაცხადა ინჯიამ.

ინჯია მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა და ბათუმში აქციაზე სოჭიდან რუსი ტურისტებით შემოსული გემის გასაპროტესტებლად მისულებს “დაქირავებულები” უწოდა.

„მართლაც უხერხულია 150 კაცის გამოსვლა გაასაღო და მთელი ხალხის, მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს 150- მა დაქირავებულმა,”- განაცხადა ინჯიამ.

აბიტურიენტმა, რომელსაც დამატებით გამოცდაზე დაშვებაზე უარი ეთქვა, გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა

აბიტურიენტმა, რომელსაც დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა არგანაშვილი ავრცელებს.

„სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე.სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო სისტემას და კონსტიტუციურ უფლებებს ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანმა გაიფიქროს, “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ “ადამიანის უფლებების” ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ “ასე შევასრულებ განჩინებას”, “ისე ჩავატარებ გამოცდას”, მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, – წერს ანა ანა არგანაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ,ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელის ანა არგანაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. ამასთან, აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშნა, შიმშილობა დაიწყო.თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საპასუხოდ განმარტა, რომ სასამართლოს დროებითი განჩინება გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ იქნა წარმოდგენილი და შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.

ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია- რატი იონათამიშვილი

არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელი და ვხედავთ, რომ ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია, – ასე აფასებს   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი,

ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მძიმე საყურებელია ოპოზიცია.

„არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი და ვხედავთ, რომ ეს ადამიანები სრულ პანიკასა და ისტერიაში არიან. მათ უკვე აღიარებული აქვთ საკუთარი მარცხი და უპერსპექტივობა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მათ დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვთ, ისინი არიან პოპულისტი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ შურისძიება ამოძრავებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ” – ოლგა სკაბეევა

რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ – განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. იგი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ.” – განაცხადა ოლგა სკაბეევამ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის გამოჩენას საპროტესტო აქცია მოჰყვა. ლაინერი ნავსადგურში 31 ივლისს დილის 06:00 საათისთვის შევიდა. დღის განმავლობაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციის ნაწილიც აპროტესტებდა. დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ლაინერმა ქალაქი ხმაურის ფონზე დატოვა.

რუსმა სამხედროებმა ხერსონში წმინდა ეკატერინეს ეკლესია დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს, დაჭრილია სამი ადამიანი.

ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდ პროკუდინი ავრცელებს.

“დარტყმა წმინდა ეკატერინეს ეკლესიაზე განხორციელდა. დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა პროკუდინმა.

მისივე თქმით, პირველი დარტყმის შემდეგ მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს ეკლესია მეორედ დაიბომბა.

„მაშველებზე თავდასხმებს რუსი სამხედროები ომის პირველი დღიდან ახორციელებენ“, – დასძინა მან.

რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

რუსეთის მთავრობამ ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა და ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ფიზიკურ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების რაოდენობა შეზღუდა.

ინფორმაცია რუსეთის მთავრობის კაბინეტის საიტზე არის განთავსებული.

“რუსეთის მთავრობამ ნორვეგიის სამეფო იმ უცხო სახელმწიფოების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ არსებული რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ მიმართულ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ “, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნორვეგიის დიპლომატიური მისიისთვის დაქირავებული მუშაკთა ლიმიტი 27 ადამიანით განისაზღვრა.

მოსკოვთან ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს მოსკოვთან ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარეობს.

„დღეს კიევმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერაქტის განხორციელება სცადა. ყველა აპარატი ჩამოგდებულია, არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

“იდენტური მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები თანხვედრაშია”

“ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან. ამასთან, დაუშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია.

“ქართული ოცნება” დაკავებულია ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების ლანძღვა- გინებით და ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” და ამასთანავე რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. “ოცნება” გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო.

სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე “მესიჯბოქსით” გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები,” – განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ამჯერად, ამ კუთხით გამოირჩა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც არაპროფესიონალურად, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, მტკიცებულებების გარეშე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე მეკუთვნის ე.წ. ქოლცენტრი, სადაც ადამიანები ევროპელი პენსიონერების ფულის მითვისებით არიან დაკავებული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, „ფორმულასთვის“ ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ეს აბსურდული ტყუილი რეაგირების გარეშე დავტოვო. ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა” – პაატა მანჯგალაძე

კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალიძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას ბათუმში გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა “მესიჯები” მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შემთხვევითი არ არის.

“ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ “ქართულ ოცნებას” სასაუბრო “მესიჯბოქსებს”. შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და “ხალხის ძალის” ნარატივებისა და “მესიჯების” დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ “მესიჯბოქსს”, ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

ბარნოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს.

მათივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები.

„დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან“, – აცხადებენ მერიაში.