Home Blog Page 1785

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.

“გვახსოვს, ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს-მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

“მთავარი რამ აკლია ამ ოპოზიციურ „ერთობას“ თუ „გაერთიანებას“, სინამდვილეში, აკლიათ საზოგადოების მხარდაჭერა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს, ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს, მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია.

„ამავე დროს ხდება გამომზეურება საოცარი უპრინციპობისა, რომელსაც იქ გაერთიანებული პოლიტიკოსები იჩენენ. გვახსოვს, მაგალითად ვაშაძე როგორ ლანძღავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვაშაძეს. მიუხედავად ამისა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ერთი და იგივე პოლიტიკური კონგლომერატია, რასაც ვამბობდით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფდნენ აღმოჩნდა, რომ ეს ლანძღვა ყოფილა ფარსი და სინამდვილეში ისინი არიან ერთნი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ვ.ლ.-ს, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.

„გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.

ამასთან, იგივე ანგარიშის და აქტის თანახმად, ბრალდებულმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების ჩატარების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოსდა სამუშაოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა და საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი; ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დირექტორს და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ.

ვ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის ვ.ლ.-ს მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება, დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”- კალაძე

გადაწყვეტილება მიღებულია, ისევ და ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის თავის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და თუ საჭიროა, ხარვეზების გამოსწორებისთვის, თუმცა ის არასოდეს მიიღებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იყოს, თუმცა, თანამშრომლობას რაც შეეხება, ყოველთვის მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თუ არის რაიმე ხარვეზი, ასევე, მზად ვართ, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება, დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ავიღოთ პოლონეთის მაგალითი – ქვეყანას, რომელიც უერთდება სანქციებს, ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით, ხედავთ, რა პოზიცია აქვს. პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ ისინი გაატარებენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს და ხორბლის შეტანაზე გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ასევე იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. სანქციების პაკეტი შედგება ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ აღნიშნულ პაკეტს ვერ შევუერთდებოდით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ესეც თანამშრომლობის მაგალითია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები არა ემოციებით, არამედ ანალიზის შედეგად და აუცილებლად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.

„გადაწყვეტილებები ემოციებით არ უნდა მივიღოთ. ამას სჭირდება ანალიზი, სწორი დასკვნების გაკეთება. თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული არასწორი ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანა ათეული წლებით უკან დახია. შეიძლება იყოს შემოტევა, ზეწოლა, აგერ ოპოზიცია თანხებს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მოხვდეს სანქციების ქვეშ. ჩვენ იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა გვაქვს და ვალდებული ვართ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას აკეთებს პოლონეთი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

უკრაინაში დაღუპული არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

არჩილ დევრისაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს გავრცელდა. ის ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. არჩილ დევრისაშვილი რუსეთ – უკრაინის ომში დაღუპული 49-ე ქართველია.

“თუ წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია თანხებს ხარჯავდა იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებულიყო.

კალაძემ შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთსა და ბელარუსში, აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების საქართველოდან ექსპორტი იკრძალება. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.

„რაც შეეხება ზოგადად სანქციებს, ჩვენ „ფარას“ დოკუმენტში კიდევ ერთხელ ვიხილეთ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს ყველაფერი იყო ბლეფი. ამ ყველაფერში ოპოზიცია თანხებს ხარჯავდა იმისთვის, რომ ქვეყანა დასანქცირებულიყო. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს, როდესაც ფულს ხარჯავ იმისთვის, რომ შენი საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სამშობლო დასანქცირებული იყოს. ეს არის ძალიან დიდი უბედურება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოველთვის თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან. რაც შეეხება სანქციების მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემური იყოს. თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს. თანამშრომლობას რაც შეეხება, აბსოლუტურად მზად ვართ. ასევე, თუ არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს. თუნდაც პოლონეთის მაგალითი ვნახოთ: ქვეყანას, რომელიც სანქციებს უერთდება, ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით ხედავთ რა პოზიცია აქვს, პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ თავისი ქვეყნის, მოსახლეობის ინტერესებს გაატარებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასევე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვდივართ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავიდანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტს ვერ და არ შეუერთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა პარტნიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობს.

„ესეც თანამშრომლობის მაგალითია, რომ სამომავლოდ რაიმე პრობლემა არ იყოს. რადგან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა ემოციებით, არამედ ანალიზის შედეგად უნდა იყოს მიღებული.

„როდესაც რაღაც გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ეს გადაწყვეტილება ემოციებით არ უნდა მივიღოთ. მას სჭირდება ანალიზის გაკეთება, სწორი დასკვნების გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რამდენ შეცდომა გვაქვს დაშვებული ჩვენი არასწორი ნაბიჯებით, არასწორი გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანა ათეული წლებით დახია უკან, თუნდაც ეკონომიკური განვითარებით, განათლებით, წინსვლითა და ყველაფრით. ამიტომ, არ უნდა გადაიდგას ასეთი ნაბიჯები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ზეწოლა, შემოტევა. ხედავთ ოპოზიცია თანხებს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი სანქციების ქვეშ მოხდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა გვაქვს და ვალდებულები ვართ, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლონეთი აკეთებს“, – განაცხადა კალაძემ.

“იციან, რომ მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ”- ნიკა სამხარაძე

ოპოზიცია ხიბლშია ჩავარდნილი, იციან, რომ ისინი მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დისკრედიტირებულია.

„ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში საკუთარი სტატუსი და ფასი რაღაცნაირად ასწიონ, თუმცა ამას ჩრდილოვანი კაბინეტი ვერ უშველის, რადგან ეს ადამიანები სრულიად დისკრედიტირებული არიან, მათ შორის იმის გამო, რომ როგორც აღმოჩნდა, ისინი ლობისტებს ქირაობენ, რათა საქართველო დაასანქცირონ და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.

“ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია, თავიანთ ქვეყანას რაიმე სასიკეთო გაუკეთონ”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რეალურად, ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები.

„გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ წინა წლების მსგავსად, 2024 წლის არჩევნებშიც მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გადახედეთ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე, 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის გამოცდებში პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის გამოცდებში პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

„პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

“დღეს ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, პირადი მასაჟი ან შვილის სწავლა”- კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის შემოსავლებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, თუნდაც, საკუთარი შვილების სწავლას.

„პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით – დღეს საქართველოში, ვერ ცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღოს ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 აგვისტომდე

სინოპტიკოსების ცნობით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში”, 2008 წელსაც მათი დავალებით მოქმედებდა და ახლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასშტაბური კოორდინაცია მიმდინარეობს.

“საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.

საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ.

თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა.

მართალია, სააკაშვილმა ეს ამერიკელების დავალება უნიჭოდ და სერიოზული ხარვეზებით შეასრულა, მაგრამ ამერიკელებმა პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ, ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“ დანაშაული. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, სააკაშვილი მაშინ ზუსტად ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად, როგორც ზელენსკი ჰყავთ დღეს გამოცხადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ არაჟნების სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ.

ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. როდემდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია”, – განაცხადა ინჯიამ.

ინჯია მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა და ბათუმში აქციაზე სოჭიდან რუსი ტურისტებით შემოსული გემის გასაპროტესტებლად მისულებს “დაქირავებულები” უწოდა.

„მართლაც უხერხულია 150 კაცის გამოსვლა გაასაღო და მთელი ხალხის, მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს 150- მა დაქირავებულმა,”- განაცხადა ინჯიამ.