“ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია, თავიანთ ქვეყანას რაიმე სასიკეთო გაუკეთონ”- კალაძე

48
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რეალურად, ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები.

„გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ წინა წლების მსგავსად, 2024 წლის არჩევნებშიც მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გადახედეთ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე, 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.